საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XXIV კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

9 ნოემბერი
sultmofenobidan-xxiv-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 

29 ოტომბერი (11 ნოემბერი), 2018

სულთმოფენობიდან 24-ე კვირიაკე

წირვაზე – ეფეს. 2:14-22; ლკ. 8:26-39.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 2:14-22

 

რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი

 

იგია  მშვიდობა ჩვენი,  რადგან ებრაელებსა და წარმართებს შორის მშვიდობას ჩაუყარა საფუძველი, ორივე ერთი აღთქმის ქვეშ  გააერთიანა და თავისი ხორცით მათ შორის აღმართული მტრობა, ანუ კერპთაყვანისმცემლობის უგუნურება დაარღვია, რომლის საფარველქვეშაც ჭეშმარიტება იმალებოდა და ადამიანის გონებას უფლება მისცა, ცად ამაღლებულიყო.

რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი მოძღვრებით,        რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში

 

უფალმა მიწიერი მცნებების კანონები თავისი სულიერი ბრძანებებით გააუქმა, რათა ორისაგან  – ებრაელებისა და წარმართებისაგან – ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და ამგვარად დაემყარებინა მშვიდობა.

და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.

 

და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა, რომელიც ორივესთვის არის მომკვდარი, და თავისი ჯვრის მეშვეობით მოაკვდინა მტრობა, ანუ ჩვენსა და ღმერთს შორის მტრობა განაქარვა და აღმოფხვრა.

მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას – შორებელთაც და ახლობელთაც.

 

მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას – შორეულ წარმართებსაც და ახლობელ ებრაელებსაც.

რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.

 

იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ჩვენ ღმერთთან მისასვლელი გზა მოგვეცა. ადრე  ვერთიანდებოდით ან ვიყოფოდით საკუთარი კანონების თანახმად, ახლა კი  მისასვლელი გამოგვიჩნდა ყოველთა მამასთან ერთი სულით, ანუ იმ სულის მეშვეობით, რომელიც ნათლისღებით მივიღეთ. ასე რომ, მისი მიმღები უკვე არც ებრაელია და არც წარმართი,  რადგან ყველაში ყველაფერი ქრისტეა.

ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი

 

აღარც უცხონი ხართ  აღთქმისთვის და აღარც ხიზნები მემკვიდრეობისთვის, რომელიც გამზადებული და დაცულია თქვენთვის, არამედ, – გვეუბნება ის, – წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი ხართ.

 

მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,

მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე  ხართ დაფუძნებულნი, ცხადია, მათ ქადაგებებზე, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე , ამ სულიერი სწავლების დამაგვირგვინებელი და დამბეჭდველი.

რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში

 

მასზე აღიმართება მთელი ეკლესიის წეს-წყობა, ერთიანდება მწყობრად და იზრდება წმინდა ტაძრის შენობაში; გულისხმაჰყავ: ის წმინდა ტაძრის მსგავსად იზრდება  ღვთის სამკვიდრებელში.

და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.

ვინაიდან ეკლესიასთან ერთად თქვენც ეფუძნებით მას, რათა სულიწმიდის მეშვეობით ღვთის სავანედ იქცეთ.

ღირსი ეფრემ ასური

 

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 8:26-39

 

და მიადგნენ გადარინელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

 

რატომ ამბობს მათე მახარებელი: „გერგესელთა მხარეს“, ლუკა მახარებელი კი „გადარინელთა მხარეს“? და რატომ ახსენებს მათე ორ ეშმაკეულს, ხოლო ლუკა – ერთს? ასევე, რატომ ცხოვრობდნენ ეშმაკეულები სამარხებში და რას ნიშნავს სიტყვები: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო?  ამ კითხვებს ჩვენ ვუპასუხეთ მათეს სახარების შესაბამისი ადგილების განმარტებისას. აქ კი ყურადღებას მივაქცევთ ლუკა მახარებლის შემდეგ სიტყვებს: დიდი ხანია  და გევედრები, ნუ მტანჯავ მე. პირველი აჩვენებს, რომ ცოდვაში ხანგრძლივად ყოფნა კურნებას აძნელებს, ხოლო მეორე – თვით ეშმაკების ლოცვაც კი   აღწევს კაცთმოყვარე იესოს კეთილ წიაღში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სინანულის, მოქცევისა და ღვთისათვის შენდობის თხოვნის შემთხვევაში, ღმერთი ეშმაკების მიმართაც გამოიჩენდა გულმოწყალებას და მათ ლოცვებს შეისმენდა. შეჰყვირა და შეჰღაღადა ეშმაკმა, რადგან იესოს ყოვლადძლიერი ხმა გაიგონა და შეძრწუნდა.

რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.

 

ღმერთკაცმა იცოდა, რომ ეშმაკს დიდი ხანია შეპყრობილი ყავდა ეს საწყალობელი კაცი და უმოწყალოდ ტანჯავდა.  ამიტომ შეებრალა იგი და უკეთურ სულს მისგან გამოსვლა უბრძანა. ეშმაკი ამსხვრევდა ჯაჭვსა და ბორკილებს და ძალით მიჰყავდა კაცი უდაბნოში, სადაც განმარტოებით და ყოველგვარი ადამიანური დახმარებისგან მოშორებით საშინლად აწვალებდა მასაც და მის ახლობლებსაც – აიძულებდა მათ, ქალაქის მთელ შემოგარენში ერბინათ და სნეული ეძებნათ.

ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.

 

უმეცრებით კი არ უკითხავს ეს იესო ქრიტეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი იყო და როგორც მისი სახელი, ისე მასში ჩასახლებული ეშმაკების რიცხვიც იცოდა, არამედ იმიტომ ჰკითხა, რომ იქ მდგომთ გაეგოთ, ბევრ ეშმაკს რომ ჰყავდა იგი შეპყრობილი – ლეგიონი ექვსიათას მხედარს  ნიშნავს. გარდა ამისა, უფალმა ამით ისიც აჩვენა, რომ თუმც მასში ბევრი ეშმაკი შესულიყო, მაინც ყველა მათგანი ძრწოდა მისი ღვთაებრივი ძალაუფლების წინაშე და ამიტომაც

ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.

 

უფსკრული უძირო ადგილს ნიშნავს. ღვთაებრივმა პეტრემ მას წყვდიადი და ტარტაროზი უწოდა (2 პეტ. 2:4). სად არის ეს ადგილი, მიწის სიღრმეში თუ, საერთოდ, ამ ქვეყნის გარეთ, – ეს არავინ იცის, ვინაიდან ამის შესახებ წმინდა წერილი დუმს. ვიცით მხოლოდ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ისინი, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ღმერთმა გამოამწყვდია, რათა საშინელი სამსჯავროს დღეს განიკითხოს,  როგორც ამას მოციქული მოწმობს (იუდ. 1:6). ეშმაკები კი მას ევედრებოდნენ, რომ არ გაეშვა მათთვის განსაზღვრულ უფსკრულში..

იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.

 

გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.

 

ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.

 

მათე მახარებელმა დაწერა: „ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი“ (მთ. 8:30); ლუკა მახარებელმა კი დააზუსტა ეს ადგილი და თქვა: მთაზე. მათე მახარებელი ამბობს, რომ ღორების კოლტი ზღვაში ჩაიხრჩო, ლუკას სიტყვებით – ტბაში. ნუ იფიქრებ, რომ ამით მახარებლები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. საქმე ისაა, რომ გენესარეთის ტბას გალილეის ზღვაც ეწოდებოდა და ტიბერიის ზღვაც. ამიტომ მათემ ზღვად მოიხსენია, ლუკამ – ტბად.

გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.
ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
ადარინელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.

ხედავ, როგორ დაწვრილებით აღწერს ყოვლადქებული ლუკა იმას, რაც წმინდა მათემ ზოგადად აღწერა?! გამოვიდნენ, – ამბობს ის, – ამ საოცრების სახილველად ქალაქისა და სოფლების მცხოვრებლები. ვინაიდან ზემოთ თქვა, რომ ეშმაკებით შეპყრობილი ეს კაცი შიშველ-ტიტველი დარბოდა, ცხოვრობდა სამარხებში, ამსხვრევდა ჯაჭვსა და ბორკილებს და ეშმაკისგან დევნილი უდაბნოში გარბოდა,  ამიტომ ახლა ამბობს, რომ მეღორეების ნაამბობში დასარწმუნებლად მოსულებმა ეს კაცი იხილეს უკვე გათავისუფლებული ეშმაკების ძალაუფლებისგან და იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული, დამშვიდებული და გონს მოგებული. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ გადარჩა ეშმაკეული, რამაც მათ შიშისგან თავზარი დასცა. რამ შეაშინა ისინი? ეშმაკეულის განკურნება  თავისთავად შიშის შემცველი არ იყო, პირიქით, ამ მოვლენას მათში სიხარული, პატივისცემა და მადლიერება უნდა გამოეწვია მკურნალის მიმართ. როგორც ჩანს, ისინი ღორების დახრჩობამ შეაშინა. იუდეველთა კანონი ღორის ხორცის ჭამას კრძალავდა, მაგრამ ისინი მაინც ჭამდნენ (ლევ. 11:7), ამიტომ კანონის დარღვევის გამო ღორების დახრჩობით დაისაჯნენ (2 რჯ. 14:20). როდესაც მათ ზარალი იხილეს, შეშინდნენ, რადგნ იცოდნენ, რჯულის სხვა კანონების დარღვევისთვისაც დაისჯებოდნენ.  სწორედ ამ  მიზეზით სთხოვეს იესო ქრისტეს, რომ გასცლოდა მათ.

ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა, დატოვა გადარინელთა მხარე. განკურნებულს კი, პირიქით, მუდმივად მასთან ყოფნა სურდა.

ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი

ზოგიერთები ამბობენ, რომ განკურნებულ კაცს იმიტომ სურდა იესოსთან ყოფნა და იმიტომ სთხოვდა, თან წაეყვანა, რომ ეშინოდა, მისი წასვლის შემდეგ კვლავ ეშმაკებს არ ჩავარდნოდა ხელში, მაგრამ რადგანაც იესო ქრისტეს პასუხი შიშს საერთოდ არ ეხება, ამიტომ უფრო სარწმუნოა, რომ მას მადლიერების ნიშნად სურდა, იესო ქრისტეს მსახურად დადგომოდა.

და უთხრა: დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.

ღმერთკაცმა კი მისთვის მსახურებას მისი საქმეების ქადაგება არჩია; დააბრუნა ის თავის სახლში,  ის კი არ უთხრა: „უამბე შენიანებს, რა გიყავი მე“, არამედ: „უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა“. განკურნებულმა რწმენა და მადლიერება გამოავლინა. ის წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.

 

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი