საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XVII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

23 სექტემბერი
კატეგორია: პუბლიკაციები,
sultmofenobidan-xvii-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 

 10 (23) სექტემბერი), 2018

სულთმოფენობიდან მე-17 კვირიაკე

წირვაზე – 2 კორ. 6:16-7:1; მთ. 15:21-28.

 

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 6:16-17:1

 

რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა. ურჯულონი კერპების ტაძრები არიან, თქვენ კი ღვთის ტაძრები ხართ, არა იმისი, ვის შესახებაც ისინი მეზღაპრეობენ, არამედ – ცოცხალი ღვთისა. ამრიგად, როგორი „შეთავსება“ ანუ მსგავსება შეიძლება არსებობდეს თქვენსა და მათ შორის?

 როგორც თქვა ღმერთმა: დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“. რომ არ იფიქრონ, პირფერობსო, მოციქული წმინდა წერილით ადასტურებს, რომ ისინი ღვთის ტაძრები არიან. ჩვენში ღმერთის მკვიდრობა განპირობებულია ცხოვრების სიწმინდით, ხოლო ჩვენ შორის „მისი სიარული“ ჩვენი მცდელობით მიიღწევა, რადგან ღმერთი მაშინ ცხოვრობს ადამიანში, როცა ის წმინდაა, ხოლო როცა უფალი მას რაიმე საქმისთვის აღძრავს, მაშინ იტყვიან, რომ იგი მასში დადის. ეს ნიშნავს შემდეგს: როდესაც ღმერთი მისია, მაშინ ის მამამთავართა პატივშია.

ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

ღმერთს არ უთქვამს: უწმინდურობას ნუ ჩაიდენთ, არამედ: ნუ შეეხებით მას. უწმინდურობა ორგვარია: სულიერი და ხორციელი. სულიერს მიეკუთვნება უწმინდური აზრები, შეხედულებანი, ბოროტისმახსოვრობა, სიცრუე და მისთანები; ხორციელი უწმინდურობანია: სიძვა, მრუშობა და ყოველგვარი ხორცთმოთნეობა. ამდენად, უფალს სურს, რომ ამ ორივე სახის უწმინდურობისგან გავთავისუფლდეთ. „გამოდით, გამოეყავით მათ საზოგადოებას“, ე.ი. იცხოვრეთ მათგან შორს და წმინდად და მაშინ მიგიღებთ თქვენ. ეს ნიშნავს: როცა ბიწიერებას განერიდებით, მაშინ შეუერთდებით ღმერთს.

 „მევიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

 ხედავ, წინასწარმეტყველმა დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა ახლანდელი აღორძინება და შვილობა, რაც ნათლისღების გზით აღესრულება.

ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან. კერძოდ, რომელი აღთქმანი იგულისხმება? ის, რომ ღვთის ტაძრები ვართ, ჩვენში მკვიდრობს და დადის თავად ღმერთი და მამა. განვიწმიდოთ უწმინდური საქმეებისგან, რადგან სწორედ ეს ნიშნავს „ხორცის მწიკვლს“, და ბიწიერი და ცოდვიანი აზრებისგან, ანუ „სულის მწიკვლისგან“.

 სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით. არ არის საკმარისი, – ამბობს მოციქული, – უწმინდურობისგან თავშეკავება, არამედ სიკეთის ქმნა. „სიწმინდე“, უბიწოება უნდა ვაკეთოთ. მოციქულმა იქვე დასძინა: „ღვთის მოშიშებით“, რადგან უბიწოება კაცთმოთნეობითაც შეიძლება  შეინარჩუნოს ადამიანმა და არამხოლოდ ღვთის მოშიშებით, ან იმიტომ, რომ გვაჩვენოს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ის: აუცილებლად ღვთის მოშიშებით, რადგან როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ხორციელი ძალა, თუ ღვთის შიში გვექნება, მის აღტყინებას მაინც ავლაგმავთ. სიწმინდეში იგულისხმე არა მხოლოდ უბიწოება, არამედ ყოველგვარი სიწმინდე.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 15:21-28

წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.

ეს ქანანელთა ქალაქებია. რატომ წავიდა უფალი თავად წარმართებთან, როცა თავის მოწაფეებს მცნებად მისცა, არ ევლოთ წარმართთა გზით (მთ. 10:5)? წავიდა არა საქადაგებლად, არამედ იმიტომ, რომ ცოტაოდენი დაესვენა. ამიტომ, როგორც მარკოზი ამბობს, შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა(7:24).

და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.

და აჰა, ერთი ქანანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას. მარკოზ მახარებელი ამბობს: ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი (7:26). ე.ი. ის წარმართი (ელინი) იყო რელიგიით, ასური – ენით, ფინიკიელი – წარმომომავლობით ანუ ეროვნებით. ქანანელები იწოდებოდნენ ფინიკიელებად მთავარი ქალაქის, ფინიკიის გამო. მას დიდი ხანია ესმოდა იესოს შესახებ და ახლა, როცა მისი მოსვლის ამბავი შეიტყო, გაჰყვა მას.

 ასუროფინიკიელია ყოველი სული, რომლის გონება ყოველგვარი მატერიალურისადმი სიყვარულითაა შეპყრობილი. ამიტომ, თითქოსდა, ის ეპილეფსიითაა დააავადებული, ისე აქვს გონება დაბინდული  და ეშმაკეულს ემსგავსება.

და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. უფალმა დატოვა ეშმაკეული ასული, როგორც ყოველგვარ გრძნობას მოკლებული, და  მასთან მივიდა, რადგან თანაგრძნობას საჭიროებდა, როგორც ავადმყოფობის და ტანჯვის განმცდელი. ის  მას დავითის ძეს უწოდებს, რადგან დავითი ყველასთვის ცნობილი  იყო და ის კი მისი შთამომავალი.  საშინლად  ანუ სასტიკად იტანჯება, ეუბნება ის მას.

 ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.

ხოლო მან ხმა არ გასცა. ქალი ხმამაღლა ყვირის, სურს, გულში ჩაბუდებული მწუხარება გამოამჟღავნოს, მაგრამ ქრისტე პასუხს არ სცემს, ელოდება, სანამ გამოვლინდება მისი რწმენა, სიმდაბლე და კეთილგონიერება, – ამას იგი, ჩეულებრივ, სხვადასხვა მეთოდით აკეთებს. მეორე მხრივ, იუდეველებს უნდა აჩვენოს, თუ როგორ არის მათდამი განწყობილი, როცა მათ ავადმყოფებს მაშინვე კურნავს: საკმარისია, ერთხელ სთხოვონ; ზოგჯერ კი უთხოვნელადაც კურნავს მაშინ, როდესაც წარმართებს სულ სხვანაირად ეპყრობა.

 მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. მარკოზი ამბობს, რომ ეს ქალიც ევედრებოდა უფალს, „გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან“ (7:26).

 ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.

დუმილიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ქანანელი დედაკაცი სასოწარკვეთილებას მოეცვა, ამ პასუხმა კი კიდევ უფრო წარუკვეთა იმედი, რადგან ქრისტემ უთხრა: არავის მოვვლენივარ იუდეველების გარდა, რომლებსაც მან ისრაელის სახლის დაღუპული ცხვრები უწოდა. მეათე თავში (მუხ. 6) ქრისტემ ასევე უთხრა იუდეველებს: მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს“. როგორ მოიქცა ამის შემდეგ შვილზე მზრუნველი დედა? მიუხედავად იმისა, რომ თავად თხოვნაზე უარი მიიღო  და მასთან ერთად მისთვის მთხოვნელმა იესოს მოწაფეებმაც,  იმედი მაინც არ გადაეწურა, რადგან დიდ რწმენასა და კეთილგონიერებას ფლობდა. ამიტომ შესაშური კადნიერება გამოავლინა, მიატოვა შორიდან ღაღადი და უფალთან ახლოს მივიდა. ჩვენ კი ასე არ ვიქცევით: როდესაც შევედრებულს ვერ ვიღებთ, მაშინვე ვცხრებით, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ უფალთან და მეტი სიმხურვალით შევევედროთ მათ.

ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!

ის მაცხოვართან მანამდე ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან თავს უღირსად თვლიდა.

ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.

 რაც უფრო მეტად ითხოვდა დედაკაცი, მით მეტად უარობდა ქრისტე. მარკოზი ამბობს, რომ უფალმა მას უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები“ (7:27). იესო მუდმივად ავლენს იუდეველებთან სიახლოვეს, მათდამი სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას. მათ უწოდებს შვილებს, როგორც თავისიანებს და საყვარლებს, ხოლო წარმართებს – ძაღლებს, როგორც უწმინდურებსა და დამნაშავეებს. ის „პურში“ გულისხმობს როგორც ხორციელ, ისე სულიერ კურნებას. ყურადღება მიაქციე დედაკაცის კეთილგონიერებას: ქრისტეს სიტყვებით შეძრწუნებული, როგორ გონივრულად უპასუხებს მას.

ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს.

დიახ, უფალო, – ეუბნება ის მას, – ჭეშმარიტია შენი სიტყვები: ისინი შენი შვილები არიან, მე კი ძაღლი ვარ, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო მეტად უნდა შემიბრალო. რაკი ძაღლი ვარ, ე.ი. უცხო არა ვარ და უარიც არ მეთქმის დაცვენილ ნასუფრალზე, როგორც ძაღლს. „დაცვენილ ნასუფრალში“ იგულისხმება შემთხვევით აღმოჩენილი კურნება. ის რომ არ დაცხრა და ვედრება განაგრძო, ეს რწმენის გამოხატულება იყო; საკუთარი თავი რომ ძაღლად აღიარა  – სიმდაბლის; ხოლო ქრისტეს სიტყვებზე რომ საკუთარი თავდაცვა ააგო – კეთილგონიერების. ამიტომაც გადადო ქრისტემ მისი ასულის განკურნება, რომ ამით მისი სიბრძნე გამოევლინა და იუდეველები შეერცხვინა, რომელნიც წარმართმა დედაკაცმა დაამარცხა რწმენით, სიმდაბლითა და კეთილგონიერებით. მეორე მხრივ, ამის შემხედვარე მოციქულებიც შემდგომში უფრო გაბედულად უნდა მოქცეულიყვნენ, როცა მათ უფალი წარმართებთან წარგზავნიდა. სწორედ ამიტომ განაცხადა უფალმა ამ ქალის რწმენის შესახებ.

მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

 მარკოზ მახარებელი ამბობს, რომ ქრისტემ მას უთხრა: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან(7:29), ანუ იმ სიტყვისათვის, რომელიც შენ კეთილგონივრულად გამოიყენე თავდაცვისათვის. ვინაიდან უფალმა შეაქო ამ დედაკაცის რწმენაც და კეთილგონიერებაც, ამიტომ მათემ მისი რწმენის ქება ჩაწერა, მარკოზმა კი – კეთილგონიერების. მიაქციე ყურადღება: მოციქულებმაც ითხოვეს მისთვის, მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რასაც ამ ქალმა თავად მიაღწია. აქედან ცხადია, რომ ღმერთისთვის უფრო სასურველია, თუკი თავად შევთხოვთ რამეს საკუთარი თავისთვის. მოწაფეებს მეტი კადნიერება ჰქონდათ, მაგრამ დედაკაცმა მეტი დაჟინება გამოიჩინა. და მართლაც, ბევრი რამ შეუძლია ლოცვაში მტკიცედ დადგრომას.

ალეგორიულად ქანანელი დედაკაცი წარმართებისგან შემდგარ ეკლესიას განასახიერებს, რომელსაც თავისი რელიგიის საზღვრებში ეშმაკეული ასული ჰყავდა, ანუ მათი საქმიანობა, რომელზედაც ეშმაკები ბატონობდნენ. მაგრამ როდესაც ის ამ საზღვრებიდან გამოვიდა, ე. ი. დაივიწყა თავისი ხალხი და მამისეული სახლი (შდრ. ფსალ. 44:11), მაშინ ქრისტესგან შესაწევნელი სიტყვის ღირსი შეიქმნა და ეშმაკთა ბატონობისგან გათავისუფლდა.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი