საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XVI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

15 სექტემბერი
კატეგორია: პუბლიკაციები,
sultmofenobidan-xvi-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

  3 (16) სექტემბერი), 2018

სულთმოფენობიდან მე-16 კვირიაკე

წირვაზე – 2 კორ. 6:1-10; მთ. 25:14-30.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 6:1-10

ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.

ჩვენ, – ამბობს მოციქული, – თანაშემწენი ვართ თქვენიც და ღმერთისაც: თქვენ გეხმარებით, რათა ცხონდეთ; ღმერთს კი – რათა მისი ნება აღვასრულოთ თქვენს ცხონებასთან მიმართებით. შეგაგონებთ ქრისტეს ნაცვლად, მის მეორედ მოსვლამდე და იქამდე, ვიდრე ამ ცხოვრებაში ვართ, რათა ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი, რადგან რა სარგებელია იმისგან, რომ ღვთის მადლმა ცოდვებისგან გაგათავისუფლოთ, შემდეგ კი კვლავ აივსოთ ცოდვით თქვენი დაუდევრობის გამო? ასეთ შემთხვევაში კვლავ იწყება მტრობა და ჩვენთვის ბოძებული მადლი ამაო ხდება. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მარტო რწმენას შეეძლოს ღმერთთან შერიგება – ცხოვრებაც შესაბამისი უნდა იყოს.

 

რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.

რომელია ეს „შეწყალების ჟამი“? ჟამი მადლისა, როდესაც ხდება ცოდვების მიტევება და გამართლების მინიჭება. შეწყალების ჟამი არის ის დრო, როდესაც ღმერთი გვიწყნარებს, გვისმენს და გვაცხონებს. სამსჯავროს დროს კი ის არც მოგვისმენს, არც დაგვეხმარება და არც გადაგვარჩენს. ამდენად, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ მადლის ჟამს, რადგან ჯილდოს მიღება ამ დროს ადვილია.

 

ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.

ვლოცულობთ, – უთხრა მან, –  და გეხმარებით. რანაირად? უბიწო ცხოვრებით. თვით თხრობის წარმართვით მოციქული ურჩევს მათ, რომ სწორედ ამას მიაქციონ ყურადღება. ეუბნება, ისე ვცხოვრობ, რომ არავის მივცე საბაბი არათუ ბრალდების, არამედ ჩვეულებრივი საყვედურისაც, მით უფრო ცდუნებისა, რათა არავინ გაკიცხოს ჩვენი მსახურება. და კვლავ, არ უთქვამს: რათა ბრალდების ქვეშ არ აღმოვჩნდეთ, არამედ ჩემი საქმე და ჩემი მსახურება არ დაიგმოს. ზოგიერთები ამას ასე ხსნიან: რათა გმობა არ გადასულიყო ქადაგებაზე, რადგან სწორედ ქადაგებას უწოდებს ის თავის მსახურებას. როდესაც უჯეროდ ვცხოვრობ, მაშინ ჩემი ქადაგებაც იგმობა. მოციქული შეუმჩნევლად მათაც მიანიშნებს, რომლებიც არასათანადოდ ცხოვრობენ, მაშინ გმობა ქრისტესა და მის სარწმუნოებას მიემართება.

 

არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,

არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს. ეს გაცილებით მეტია: არა მხოლოდ წმინდად შეინარჩუნო თავი ბრალდებებისა და საყვედურებისგან, არამედ აჩვენო კიდეც ისეთი ცხოვრება, საიდანაც გამოვლინდება, რომ ღვთისმსახური ხარ. მას არ უთქვამს: „ვაჩვენებთ თავს“, არამედ: „ვავლენთ თავს“, ანუ საქმით ვაჩვენებთ თავს ასეთებად.

მრავლის თმენაში. მოციქული საუბრობს იმ მეთოდზე, რომლითაც ასეთები ხდებიან – ეს არის თმენა, და არა უბრალოდ თმენა, არამედ – მრავლის თმენა, რადგან არ არის საკმარისი რომელიმე ერთი ან ორი შეჭირვება დაითმინო, არამედ ყველაფრის ბოლომდე დათმენა გმართებს.

ჭირში, სიმძიმილში. მწუხარების უმაღლესი ხარისხი ისაა, როცა ადამიანს თრგუნავს გამოუვალი უბედური მდგომარეობა.

ვიწროებაში. ამ სიტყვით აღინიშნება შიმშილი ან, უბრალოდ, განსაცდელი.

გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,

 

გვემაში, დილეგში. შეხედე, რამდენი ბოროტება შეამთხვიეს.

დევნაში. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანს გასაჩერებელი ადგილიც არა აქვს და დევნის გამო მუდმივად ადგილიდან ადგილზე უწევს გადასვლა.

გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში. მისგან დამოუკიდებელი გასაჭირების ჩამოთვლის შემდეგ მოციქული საკუთარზე საუბრობს, რომელსაც ის ნებაყოფლობით დაექვემდებარა: ირჯებოდა, საკუთარი ხელსაქმით  თავსაც ირჩენდა და სხვებსაც კვებავდა.  ამასთან, ფხიზლობდა და მარხულობდა.

 

 

სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელბაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

 

სიწმიდეში. ასე უწოდებს უბიწოებას ანუ სიწმინდეს ყველაფერში, და უანგარო ქადაგებას.

შემეცნებაში. ე.ი. ღვთაებრივ სიბრძნეში, რომელიც ჭეშმარიტი მეცნიერებაა და არა გარეგანი ცოდნა, როგორც ეს ცრუმოციქულებს აქვთ.

 სულგრძელბაში, სიწრფელეში. ეს შეუმუსრავი სულის ნიშანია, როდესაც ვინმე, ყოველი მხრიდან შევიწროებული და მოწყლული, არათუ ითმენს, არამედ ქველმოქმედებასაც აღასრულებს.

სულიწმიდაში. მოციქული აქ გამოხატავს, თუ როგორ მიაღწია ყოველივე ამას – სწორედ, სულიწმიდით. როდესაც საკუთარი ღვაწლი აჩვენა, მაშინ უკვე გამოავლინა სულიწმიდის შეწევნა. აქ სულიერი ნიჭებიც იგულისხმება, რადგან მათით ვამტკიცებთ, რომ ღვთისმსახურები ვართ, რამეთუ სასწაულებს აღვასრულებთ. სხვაგვარად: ჩვენ არავინ დაგვიბრკოლებია „სულიწმიდაში“, ანუ სულიწმიდისგან მიღებული ნიჭებით. მოციქული ამას იმიტომ ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა ვინმე სხვა ენაზე ამეტყველების ნიჭს იღებდა, მაგრამ მას დანიშნულებისამებრ კი არ იყენებდა, არამედ მხოლოდ ქედმაღლობდა, პავლე კი  არ იყო ასეთი.

უპირფერო სიყვარულში. აი, წყარო ყოველივე სიკეთისა; აი, მიზეზი, თუ რატომ მკვიდრობდა მასში სულიწმიდა!

 

ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

 

ჭეშმარიტების სიტყვაში. ნიშნავს, რომ ის ღვთის სიტყვას არ ამახინჯებდა.

ღვთის ძალაში. მოციქული ამბობს რომ, არაფერია ჩემი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ღვთის ძალით აღესრულება, მისი სასწაულებით, მისი, როგორც დამსჯელი, ისე სიკეთისმომცემელი ძალით.

სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში. სიმართლის საჭურველი მარცხენა ხელში ნიშნავს ყველაფერ სამწუხაროს, ხოლო მარჯვენაში – ყველაფერ იმას, რაც გვიცავს და უსაფრთხო გარემოს გვიქმნის. ამდენად, პავლემ ერთშიც და მეორეშიც შეუბღალავად წარმოაჩინა საკუთარი თავი – ის არც მწუხარებაში დაცემულა სულით და არც სიხარულში გამედიდურებულა. ყველაფერ ამას იგი სიმართლის საჭურველით იქმოდა.

 

სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.

სახელსა თუ უსახელობაში. მოციქულმა განგვიმარტა, რომ საჭურველი მარჯვენა და მარცხენა ხელში ნიშნავს „სახელსა და უსახელობას“ (პატივსა და უპატიობას). როგორ უნდა იქცეს პატივი სიმართლის იარაღად? საქმე ისაა, რომ მოძღვრის პატივი და დიდება ადამიანებს კეთილმსახურებისათვის აღძრავს. მაშ, აქვს თუ არა პავლეს სათნოება?! რა თქმა უნდა, აქვს, რადგან იყო რა პატივში, არ ამპარტავნობდა, ხოლო უპატიობაში მყოფი თმენაში იწვრთნებოდა, რაც მის ქადაგებას წარმატებულს ხდიდა.

გმობასა თუ ქებაში. გმობის ატანაც უდიდესი ღვაწლია, რადგან გმობა დიდად აშფოთებს სულს. ამიტომაც უწოდებს უფალი ნეტარს იმას, ვინც გმობას ითმენს. წამებაში მყოფი სხეული სულთან ერთად იზიარებს და ინაწილებს ტანჯვას, გმობისას კი მთელი სიმძიმე სულზე გადადის. ამიტომ იობისთვის ის ყველა სხვა დარტყმაზე უფრო მძიმე გამოდგა.

თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. „მაცთურებად მივაჩნივართ“ გმობის მიზეზით, მაგრამ „ჩვენ მართალნი ვართ“, რაც ჩვენი ქებით დასტურდება.

 

თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;

თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი. ისინი ზოგთათვის ნაცნობი და პატივცემულნი იყვნენ, სხვებისთვის კი ნაცნობობასაც არ იმსახურებდნენ. ეს შეესაბამება ნათქვამს: „სახელსა თუ უსახელობაში“.

თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი. ანუ როგორც სიკვდილმისჯილნი, ჩვენ წინააღმდეგ ხრიკების მომწყობთათვის მკვდრები ვართ, მაგრამ ღვთის ძალით ვცოცხლობთ.

თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი. მოციქული ამბობს, რომ ღმერთი ამას შესაგონებლად უშვებს. ჯერ კიდევ მომავალი ჯილდოს მიღებამდე ახლანდელ ცხოვრებაშიც ბევრ სარგებელს ვიღებთ სასჯელის გზით. ეს სიტყვები აღებულია დავით წინასწარმეტყველისგან, რომელიც ამბობს: დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა  (ფსალ. 117:18).

 

თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი. თუმცა გარეგნულად მწუხარედ გამოვიყურებით, – ამბობს მოციქული, – მაგრმ სინამდვილეში სრული სიხარულით ვტკბებით, რადგან ისე არ არის, რომ ხან გვიხაროდეს, ხან არა, არამედ ყოველთვის გვიხარია.

თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; მოციქულმა ბევრი გაამდიდრა როგორც სულიერად, ისე გრძნობადი სიმდიდრით. მისთვის ყველა სახლი ღია იყო, ამიტომ უმდიდრესი იყო და შეეძლო, სხვებიც შეემოსა და გამოეკვება, როგორც, მაგალითად, წმინდანები იერუსალიმში. შემდგომშიც იმავეს ამბობს.

თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. ვინც აქაურ ცხოვრებაში არაფერზეა მიჯაჭვული, ის ყველაფერს ფლობს. „შესაძლებელი რომ ყოფილიყო,  – ამბობს ის, – თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით“ (გალ. 4:15). როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა მისთვის ქონება დაიშურონ? ყოველივე ეს იმ მიზნით ჩამოთვალა, რომ არ შეკრთნენ რამე ისეთით, რაც მწუხარებად მოეჩვენებათ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 25:14-30

რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.

ტალანტების შესახებ იგავი, ეს ერთგვარი ახსნაა იგავისა ათი ქალწულის შესახებ. ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიფხიზლოთ წუთისოფელში, როგორ მოვამზადოთ საკუთარი სული მარადიული ცხოვრებისათვის ცათა სასუფეველში. წარმოდგენილი იგავი, ასევე, გვიჩვენებს, თუ როგორ კარგავს სული ღმერთს, მასთან ერთად კი სიბრძნესაც; როგორი უგუნური ხდება და ჭკუიდან გადადის ის, როცა უფალს უარყოფს და ებრძვის მას, როგორც საკუთარ თავში, ისე ამ სოფელშიც თავის ირგვლივ.   ეს სამყარო ღმერთის სამფლობელოა, რადგან მის მიერაა შექმნილი. მოჰყავს რა ადამიანები უმყოფობიდან მყოფობაში, არარსებობიდან არსებობაში, იგი ამით მათ საკუთარ სიკეთეებს გადასცემს, ანუ სული და სხეული, რომლებსაც ღმერთი თითოეულ ადამიანს აძლევს, ღვთის სიკეთეებია, მისი ქონებაა, ასევე, ის სამყარო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ადამიანს თავისი არაფერი გააჩნია; რაც მას აქვს, ყველაფერი ღვთის საბოძვარია. ღმერთმა საკმარისი ღვთაებრივი ძალა მისცა მას იმისათვის, რომ მართოს ქვეყანა, იცხოვროს და ისარგებლოს ყველა მისი სიკეთით: გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. როგორც შესაქმის წიგნშია ნათქვამი, როცა ღმერთმა შექმნა  სამყარო და ყოველივე, რაც არის მასში, ადამიანებს მიაბარა და უთხრა: „…აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ…“ (დაბ. 1:28).

ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თითოეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.

ღმერთი ყველას ერთნაირად არ აძლევს ნიჭს; თავისი ყოვლისმხილველი და ყოვლისმჭვრეტელი სიბრძნით იგი ადამიანებს საკუთარ ავლადიდებას აბარებს. თითოეულს – მისი უნარის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი წინასწარ ჭვრეტს, თუ ვინ როგორ გამოიყენებს საკუთარ ნებასა და ძალებს და ამის შესაბამისად გასცემს მის რწმუნებაში თავის სიკეთეთა რაოდენობას, საკუთარ ავლადიდებას. მთავარი კი ისაა, რომ ყველაზე ცუდ და ზარმაც მონასაც არ ტოვებს გარკვეული სიკეთის გარეშე – მასაც აძლევს ერთ ტალანტს. კერძოდ, რას? ღვთისხატოვან სულს თავისი ღვთისხატოვანი თვისებებით: გონიერებით, შეგრძნებებით, სიყვარულით, ჭეშმარიტებით, სამართლიანობით, ლოცვით, თავისუფლებით. ხუთი ტალანტი ნიშნავს სიყვარულის, სიმართლის, ჭეშმარიტების და, საერთოდ, ყოველივე ღვთაებრივის უფრო ძლიერ შეგრძნებასა და გაცნობიერებას, ანუ ნათელ შეგრძნებასა და შემეცნებას ღვთისა და ყოველგვარი ღვთაებრივისა. ორი ტალანტი კი ყველაფერი იგივეა, ოღონდ ნაკლები ოდენობით.

ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ხუთი ტალანტის მფლობელი მონა მთელ თავის ცხოვრებას მიწაზე ატარებს, საკუთარ თავში ღვთის ქონებას ამრავლებს: უფლისგან ნაბოძებ ტალატებს მისივე საქმეებისთვის იყენებს. რაც ნიშნავს, რომ ცხოვრობს ღვთის ჭეშმარიტებით, სიყვარულით, სამართლიანობით, სიბრძნით, სიკეთით, სიწმინდით, მარადიულობით; ერთი სიტყვით: ცხოვრობს ღმერთით, ღმერთისთვის და ღმერთში. ამგვარად, ყველაფერ ღვთაებრივს იგი საკუთრად აქცევს: ამ ქვეყანასაც და მთელ ამ სამყაროსაც განიხილავს, როგორც საღვთო ქონებას და საღვთო საქმეს, რომელშიც იგი ღვთის იარაღებით აღასრულებს ღვთაებრივ საქმეს და ასე მოიგებს სხვა ხუთ ტალანტს. მთელ ქონებასა და ძალებს იგი ღვთაებრივ საქმეებს ახმარს.

ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ორი ტალანტის მქონე მონაც ზუსტად ასევე ხარჯავს მთელ თავის ძალებს ამქვეყნად – ღვთის ამ დიდ სახელოსნოში, სადაც მან ღვთისგან რწმუნებული ერთი საქმე უნდა აღასრულოს. რა საქმეა ეს? მან ღვთაებრივი ნიჭებით საკუთარ თავში უნდა მოიხვეჭოს რაც შეიძლება მეტი ღვთის სიყვარული, ჭეშმარიტება, სამართლიანობა, სიბრძნე, სიკეთე, მოწყალება, მარადიულობა და ამგვარად გააორმაგოს ღვთისგან მიღებული ტალანტები. ღვთაებრივისგან ბოძებულს იგი არაფერს ტოვებს გამოუყენებლად, ყველაფერს ისევ საღვთო საქმეს ახმარს და განუწყვეტლივ ცხოვრობს იმით, რაც მასში ღვთაებრივია, უკვდავია,  მარადიულია და ასე აორმაგებს მიბარებულ ქონებას: ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ყოველივე ღვთაებრივი, რაც კი მასში არსებობდა, მან ჭეშმარიტად ღვთაებრივი მნიშვნელობით გაიაზრა, შესაბამასი მიმართულება მისცა და საკუთარი ცხოვრებით განავითარა; გაცნობიერებულად შეერწყა საღვთო განგებულებას და წუთისოფელში თავისი საღვთო დანიშნულება პირნათლად შეასრულა.

ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.

ერთი ტალანტის მფლობელმა მონამ თავისი ბატონის ვერცხლი მიწაში დაფლა და დამალა; მან თავისი სხეულის მიწაში დაფლა ღვთისგან ბოძებული ტალანტი – ღვთისხატოვანი სული, რითაც, ფაქტიურად, განაცხადა, რომ მისი სხეული უსულო მიწაა, რომ ადამიანის სხეულში სული არ არის. ეს არის პირველი და ყველაზე საშინელი ცდომილება და ცოდვა! მსახური ღვთის ქონებას უმალავს საკუთარ თავსაც და თავის ირგვლივ სხვა ადამიანებსაც, ფლავს მას მიწაში, რომ იქ გაფუჭდეს, ჩაიჟანგოს, გამოუსადეგარი გახდეს. ყოველივე ღვთაებრივს, რაც კი აქვს, ის, თითქოსდა, საკუთარ თავში, ღვთისხატოვან სულში ეუბნება: არ მინდიხარ, არ მჭირდები, უშენოდაც იოლად გავალ;  შენ ჩემთვის არ არსებობ; ჩემი სხეულის გარდა არაფერი მჭირდება; ჩემი სხეული – ეს არის ჩემი „მე“, ჩემი არსი; არანაირი ღვთაებრივი, არანაირი ღვთისხატოვანი არ მაინტერესებს; ამის შესახებ ყოველგვარ გრძნობასა და ცოდნას  მიწაში ვფლავ, სამკვდროდ ვასაფლავებ, რომ ჩემგან შორს იყოს,  არასოდეს დავინახო, არასოდეს ვიგრძნო; მინდა, ღვთისა და ყოველგვარი ღვთაებრივი გარეშე ვიცხოვრო; ღვთაებრივი  არაფერი მჭირდება, ამიტომ მისი ადგილი, ქვევით – მიწაშია, საფლავშია და ღრმად და ღრმად, რაც შეიძლება, დიდ სიღრმეზე უნდა ჩავფლა იგი!  დიახ, დიახ, ბოროტმა მონამ დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ თავს დაუმალა ყოველგვარი ღვთაებრივი,  ყველაფერი, რაც შეახსენებდა ღმერთს, რაც გამოავლენდა მასში უფალს, რაც შეასწავლიდა მას შემოქმედს. ყოველივე ეს მან თავის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებსაც დაუმალა და ისინიც ამგვარი საქციელებისკენ მიდრიკა. ეს არის უღმერთო, უპირველესად, უსულო ადამიანის ტიპი, რადგან უღმერთო ადამიანი ჯერ უსულოა და ამის შემდეგ ხდება იგი უღმერთო: ის თავიდან სულის არსებობას უარყოფს, და შემდეგ ­– ღმერთის, სულის შემოქმედისას; ან, უფრო ზუსტად, ეს უარყოფის ერთდროული პროცესია: სულისა და ღმერთის უარყოფა, რადგან ვინც სულს უარყოფს, იმავდროულად ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სულის შემოქმედი.

დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ.

დიდხანს გაგრძელდება კაცობრიობის ისტორია; დიდხანს იცხოვრებს კაცობრიობა ამ ქვეყანაზე, ამ სამყაროში, ღვთის ამ მამულში, და დიდხანს არ მოვა ღმერთი – სამყაროსა და კაცობრიობის შემოქმედი  თითოეულისგან ანგარიშის მოსათხოვად.­ ამიტომ ბევრი ქარაფშუტა და უგუნური ადამიანი ფიქრობს და ამბობს: აი, არ არსებობს ღმერთი; რომ არსებობდეს, აქამდე მოვიდოდა, თუნდაც, იმ ბოროტების აღმოსაფხვრელად, ამ ქვეყანასა და კაცთა მთელ მოდგმას რომ მუსრავს, და ყველას გაუსწორდებოდა. ხოლო მაცხოვრის ბრძნული სიტყვის თანახმად, დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი (ანუ ქვეყნისა და ადამიანების) და ანგარიში მოსთხოვა მათ. „დიდი ხნის შემდეგ“, რათა ადამიანებს არ ეთქვათ: ჩვენ არ გვქონდა იმისი დრო, რომ გამოგვევლინა ჩვენი მოშურნეობა, ძალისხმევა და შესაძლებლობები. ადამიანებმა საკუთარი უნარისამებრ მიიღეს ქონება საკუთარი პატრონისგან (მუხ. 15) და – საკმარისი დროც იმისათვის, რომ ეს ქონება დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ.

ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე.

ანგარიში მარტივია, როგორც დავალება: ღმერთისგან ხუთი ტალანტის მიმღებმა მსახურმა საკუთარი შრომით და ამ ტალანტების დახმარებით სხვა ხუთი ტალანტი მოიხვეჭა; მაგრამ ამასაც თავისი სიმდაბლით, ღვთის სახიერებას, ღვთის ტალანტებს მიაწერს; ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე: საკუთარ თავში ღვთაებრივის მეშვეობით ამქვეყნად ვპოვე ღვთაებრივი ჩემ გარშემო. ჩემში არსებული ღვთისხატოვანი ჭეშმარიტება ღვთისხატოვან ჭეშმარიტებას ეძებდა ამქვეყნად ჩემ ირგვლივ და უხვადაც იპოვა; იპოვა ღვთისხატოვანი სიყვარულიც,  ღვთისხატოვანი სიკეთეც, ღვთისხატოვანი სიმართლეც და ღვთისხატოვანი სიმდაბლეც. როცა მათ საკუთარი თავისგან სოფელში ვაგზავნიდი, ისინი უკან მიბრუნდებოდნენ გაზრდილნი, გამრავლებულნი და  გამდიდრებულნი. მართლაც, ეს წუთისოფელი ღვთის სიკეთეთა საგანძურია. ღვთისკენ მოსწრაფე სული ყველგან პოულობს მასში ღმერთს და იმას, რაც ღვთაებრივია. ჭეშმარიტად, წუთისოფელი სიკეთეებით დათესილი ყანობია. ის მთლიანად ღვთის მამულია. უპირველეს ყოვლისა კი – ადამიანია, ხალხია. ღვთისხატოვანი სიყვარულით, ღვთისხატოვანი ჭეშამრიტებითა და ღვთისხატოვანი სამართლიანობით ანთებული ადამიანის სულის ლამპარი ადვილად პოულობს ადამიანებში ღვთის სიყვარულს, ღვთის ჭეშმარიტებას, ღვთის სამართლიანობას.   ყველაფერი ეს ღვთაებრივია: „შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი…“. აქ არაფერია ჩემი, შენი, მისი, გარდა სურვილებისა და ქრისტესკენ მოსწრაფე ლოცვისა: „დაე, ვიყო ყოველივე ამის მეშვეობით მარადიულად შენი, უფალო და მაცხოვარო ჩემო…“.

ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

ნამდვილად ღვთის შესაფერისი პასუხია: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ!  რამეთუ შენ მიხვდი, რომ ადამიანის მიწიერი ცხოვრება ღმერთისა და ღმრთაებრივის მსახურებაა, ღვთისმსახურებაა; კეთილი მონა ხარ, რადგან მიხვდი, რომ მიწაზე ადამიანის ცხოვრება – ეს არის ერთი უწყვეტი ღვაწლი ღვთისადმი ერთგულებისა სახარებისეული საიდუმლოებებისა და წმინდა სათნოებების მეშვეობით. მცირედში სანდო იყავ: მცირე მიწიერ სამყაროში, სადაც მცირე ზომით შეიძლება მოიცვა ღმერთი და ღვთაებრივი და მცირე ზომით იცხოვრო ღვთით და ღვთაებრივით. დიდს განდობ შენ: ჩემი მიწიერი სიკეთეებისა და ტალანტების უკან დგას უსასრულო და უზომო სრულყოფილება ჩემი ჭეშმარიტების, ჩემი სამართლიანობის, ჩემი წყალობისა და ჩემი სიბრძნის: ეს ყველაფერი სამარადისოდ იქნება შენი, და არასოდეს წაგერთმევა (ლკ. 10:42); ეს ის არის, რაც არასოდეს გადავა (1 კორ. 13:8), და რაშიც ადამიანური არსება სამარადისოდ რჩება, რჩება ცოცხალი. ხოლო ყველა ეს სრულყოფილებანი – ეს არის სიხარულზე აღმატებული სიხარული, დაუსრულებელი, უკვდავი სიყვარული: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. ეს ის მარადული სიხარულია, რომელსაც ვეღარავინ წაართმევს ქრისტეს მიმდევრებს ვერც ამ და ვერც იმ ქვეყნად (ინ. 16:22).

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე.

ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

თუმცა ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ პატივი თანაბარია, რადგან გულმოდგინება ერთნაირი ჰქონდათ. ორივე მათგანმა გააორმაგა ის, რაც მიეცათ. შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: ორივე ერთნაირი ქების ღირსია, ორივე სიხარულში შეიყვანება, მაგრამ ერთნაირად არ ჯილდოვდებან, არამედ თითოეული საკუთარი მონაგების შესაბამისად.

 

ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.

სასტიკი ანუ მკაცრი ხარ. მას ეგონა, რომ მომხვეჭელი ადამიანების გულმოდგინება ღმერთის შეწევნის გარეშეც ყველაფერს მიაღწევდა. სწორედ ასეთი თავისმართლებაა იგავში მოყვანილი, რათა დავინახოთ, რომ მსგავსი ადამიანები გონივრულ პასუხს ვერ გასცემენ მსაჯულს და, ყოველივე, რასაც თავის გასამართლებლად იტყვიან, მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდება. მოისმინე, რა მოხდა შემდეგ.

         

ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს.

ის ამბობს, რომ მან კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო: გაუფრთხილდა მისთვის რწმუნებულ ფულს, რადგან რამე საქმეში ჩადებით, შეიძლება სულ დაეკარგა.


ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.

 

ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.

 

უფალი (პატრონი) მონას ამას იმიტომ კი არ ეუბნება, რომ მან  თითქოს სიმართლე თქვა (მის გარეშე სიმართლე საერთოდ არ არსებობს), არამედ პირობითად საუბრობს და თითქოსდა ასე ეუბნება: „თუკი ამგვარი გგონივარ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეეფერება, მით უფრო უნდა მიგეცა ჩემი საბოძვარი იმათთვის, ვისაც შეუძლიათ განასხვავონ სიკეთე ბოროტებისგან (ამ იგავში უფალი მათ ვაჭრებს უწოდებს – მუხ. 27); უნდა გესწავლა მათგან, რჩევა გეკითხა, ყველაფერი გაგეკეთებინა, რაც შენზე იყო დამოკიდებული. სულ მცირე და ადვილი საქმე მაინც უნდა გაგეკეთებინა, ძნელი კი ჩემთვის მოგენდო“. „სესხი“ – ეს არის სწავლება; „მონაგები“ კი ასეთი „სესხისგან სათნოებათა გამრავლება.

 

მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.

ბრძანა, რომ მისთვის მასწავლელობის ნიჭი წაერთმიათ, რომელსაც აქ ზოგადად ტალანტი უწოდა და ეს პატივი, როგორც დამატებითი საჩუქარი, ათი ტალანტის მფლობელისთვის მიეცათ.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.

ცოდვილ ერს უფალი წაართმევს სიძლიერეს – სახსარსა და სასოებას (შდრ. ეს. 3:1), ხოლო სამართლიანად მცხოვრებს – გააძლიერებს. ამიტომ ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება.

წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

ნახე, სასჯელი წართმევით კი არ შემოფარგლა, არამედ დამატებით კიდევ ახალი სასჯელისთვის გაგზავნა. უფალი  მას უწოდებს „ურგებს“, ანუ გამოუსადეგარსა და უდიერს. შეხედე, რა საშინელი ამბავია: მონა ისჯება არა იმიტომ, რომ ბოროტება ჩაიდინა, არამედ – სიკეთე არ გააკეთა: მოიქეც ბოროტისაგან – ნათქვამია – და ქმენ კეთილი (ფს. 33:15).

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი