საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XIX კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

5 ოქტომბერი
sultmofenobidan-xix-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

24 სექტემბერი (7 ოქტომბერი), 2018

სულთმოფენობიდან მე-19 კვირიაკე

წირვაზე – 2 კორ. 11:31-12:9; ლკ. 5:1-11.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 11:31-12:9

ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.

რას უკავშირდება ნათქვამის ასეთი სახით დამოწმება? – ღმერთს ვიმოწმებ, ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ, რომ არ ვცრუობ. რას ამტკიცებს ამით, უკვე ნათქვამის ჭეშმარიტებას თუ რაც ახლა უნდა თქვას? მაგრამ რაც აქამდე თქვა,  თითქმის ყველაფერი ეს იცოდნენ კორინთელებმა, საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი და, ამდენად, არც საბაბი ჰქონდათ, რომ ეჭვი შეჰპარვოდათ იმ ამბის ჭეშმარიტებაში, რაც არ ენახათ. მაშასადამე, ეს მის შემდგომ ნათქვამს უნდა მივაკუთვნოთ. მაშ, რას უკავშირდება? ყოველ შემთხვევაში, არა იმას, რაც დამასკოში მოხდა, რადგან იქ განვითარებული მოვლენები (არეტასგან დევნა) არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი და დაუჯერებელი, რომ მის დასადასტურებლად ღმერთის დამოწმება გამხდარიყო საჭირო. ეს ნათქვამი უფრო პავლეს მესამე ცამდე ატაცებას უნდა დავუკავშიროთ, რადგან ეს მოვლენა ჩვეულებრივ მოვლენათა რიგში ვერაფრით თავსდება. რაც შეეხება დამასკოში წმინდა პავლეს დევნას, ეს ამბავი აქ იმიტომ ხომ არაა ჩართული, რომ აღნიშნული მოვლენა რაღაცნაირად ეხება ცაზე პავლე მოციქულის ატაცებას? ამიტომ ხომ არ დგას აქ, როგორც შესავალი?

ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ. ღმერთმა და უფლის მამამ. მაგრამ უფალიც ღვთაებრივი სახელია, ამიტომ ეს ნათქვამი იგივეა, რაც ღმერთის მამამ;  შესაბამისად, უფალი იესო ქრისტე არის ღმერთი ღმერთისგან, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე. გული, რომელსაც ღმერთი უყვარს და მას მოწიწებით შესცქერის, თავს ვერ შეიკავებს, რომ  ღმერთის მიმართ თავისი აღტაცება არ გამოხატოს მოკრძალებული და მოსიყვარულე სიტყვებით. სწორედ ამას აკეთებს პავლე მოციქული აქ და მრავალ სხვა ადგილასაც.

იცის, რომ არ ვცრუობ. მთელი მისი აზრები, გრძნობები, განწყობა და საქმეები უფლის წინაშე გაშიშვლებული იყო,  რადგან იგი ღვთის წინაშე ვიდოდა. პავლეს ცნობიერება ღვთის წინაშე მის არანაირ ბრალდებაზე არ მიუთითებდა. ამიტომ იგი კადნიერად იმოწმებს ღმერთს თავისი სიტყვების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და ამბობს, რომ ეს მოვლენა ღმერთისგან იყო მოწონებული, მოწყობილი და ხელშეწყობილი.

წმინდა თეოფანე დაყუდებული

დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.

მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.

შეხედე, როგორ ებრძოდნენ პავლეს – მის გამო მეფის მთავარი მთელ ქალაქს თვალყურს ადევნებდა. რა თქმა უნდა, ის პავლეს წინააღმდეგ ამდენ ძალებს არ გამოიყენებდა, მოციქულის მოშურნეობას რომ ხალხის გულში რწმენის ცეცხლი არ აეგიზგიზებინა. არეტა ჰეროდეს სიმამრი იყო.

სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.  მან შეასრულა უფლის რჯული და გაიქცა: უფალიც გადადიოდა ადგილიდან ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ განგებ არ უნდა ჩავიგდოთ თავი განსაცდელში. სადაც უბედურება გარდაუვალია, იქ მხოლოდ ღმერთს უნდა მიენდო და მისგან ელოდო გამოსავალს, ხოლო როდესაც განსაცდელი არ გბორკავს, მაშინ თვითონ ეძებე მისგან თავის დასაძვრენი გზები, თუმცა, აქაც ყველაფერი ღმერთს უნდა დაუკავშირო, როგორც ის, რომ მოციქული გოდრის მეშვეობით გადარჩა. მართალია, მას ძალიან უნდოდა ქრისტესთან ყოფნა [და სიკვდილი მისთვის მონაგები იქნებოდა – ფილიპ. 1:21], მაგრამ ადამიანთა ხსნაც ძვირფასი საქმე იყო და იგი აქ საკუთარ თავს სწორედ მომავალი სამქადაგებლო მისიის გამო გაუფრთხილდა.

სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები.

წმინდა პავლე ახლა სხვა სახის სასიქადულო ამბავზე გადადის, რომელმაც ის თავადაც სახელოვანი გახადა, კერძოდ, საუბრობს გამოცხადებაზე და ამბობს: არ არის ჩემთვის სასარგებლო ამის გახსენება იმიტომ, რომ შეიძლება ამპარტავნებამდე მიმიყვანოს. რა შეიძლება შეიცვალოს შენში იმით, რომ ხმამაღლა გამოთქვა ის, რაც შინაგანად იცი? საქმე ისაა, რომ სხვადასხვა შემთხვევაში ჩვენი აზროვნება სხვადასხვანაირია. იმ შემთხვევებში, როცა რაღაც ვიცით საკუთარი თავის შესახებ, ჩვენ სხვანაირად ვაზროვნებთ, ვიდრე მაშინ, როცა ამ ინფორმაციას სხვებს გადავცემთ. თუმცა, ამას მოციქული იმიტომ კი არ ამბობს, რომ მას თავად ემუქრებოდა ხიფათი, არამედ – ესწავლებინა ჩვენთვის დუმილი ამგვარ საქმეებთან დაკავშირებით. თუმცა, სხვა აზრითაც არ არის ეს სასარგებლო, რადგან ვინმემ შეიძლება იმაზე უკეთესად ჩამთვალოს, ვიდრე მხედავს, –ასე გამოთქვამს კიდეც მოციქული ამავე აზრს ქვემოთ. ცრუმოციქულებს თუმც არაფერი ეხილათ, მაგრამ მაინც ყვებოდნენ ამბებს; მას კი მრავალი ხილვა და უფლის გამოცხადება ჰქონდა, მაგრამ იხსენებს მხოლოდ ერთს, იმასაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. მაშ, იცოდე, რომ გამოცხადება უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე ხილვა; ეს უკანასკნელი მხოლოდ ხედვის უნარს გვანიჭებს, გამოცხადება კი ხილულზე  უფრო მეტად  ამაღლებულს გვივლენს.

ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;

და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის).

ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ.  მას ყველა გამოცხადება არ გაუხსენებია (ეს ძნელი იქნებოდა, რადგან ბევრი გამოცხადება ჰქონდა) და არც ყველა მათგანზე დადუმებულა. მოციქული ამ ერთის შესახებაც დიდი თავდაჭერით საუბრობს, თითქოსდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და ამბობს: „ქრისტეში“, რათა ცრუმოციქულებს არ ეთქვათ, რომ იგი დემონებმა აიტაცეს, როგორც სიმონი. დროც უსაფუძვლოდ არ უხსენებია. ეს იმიტომ გაააკეთა, რომ შენ იცოდე საჭიროების გარეშე როდი  მოჰყვა ამ ამბავს ახლა, თოთხმეტწლიანი დუმილის შემდეგ. და თუ თოთხმეტი წლის წინ ასეთი გამოცხადების ღირსი გახდა, მაშინ როგორი იქნებოდა ის ახლა, ქრისტესათვის მრვალწლიანი ხიფათით სავსე ცხოვრების შემდეგ?

(არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. ყურადღება მიაქციე: მოციქული აღიარებს, რომ არ იცის, სხეულით იყო თუ უსხეულოდ, როცა მიწიდან აიტაცეს. მესამე ცა კი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: წმინდა წერილი ცად მოიხსენიებს ჰაერს, როგორც, მაგალითად, გამოთქმაში: „ცის ფრინველს“ ან „ცვარი ცისა“ (დაბ. 7:3; 27:28). ეს არის პირველი ცა. წმინდა წერილი მყარსაც ცას უწოდებს: „მყარს ღმერთმა უწოდა ცა“ (დაბ.1:8). ეს მეორე ცაა, მაგრამ ცას იმასაც უწოდებს, რაც მიწასთან ერთადაა შექმნილი: „თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (1:1). ეს არის მესამე ცა.

რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს.

მესამე ციდან, – ამბობს ის, – კვლავ იქნა ატაცებული, ამჯერად  სამოთხეში. ეს იმიტომ, რომ ამ მხრივაც არ ყოფილიყო იმ მოციქულებთან შედარებით დამცრობილი, ვინც უწინ ქრისტესთან ერთად  ცხოვრობდნენ. გამოთქმას – „სამოთხე“ ის  იმიტომ იყენებს, რომ ამ ადგილის სახელი საქვეყნოდ იყო ცნობილი. თავად უფალმა აღუთქვა ის ავაზაკს. მოციქულმა ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომლებსაც ადამიანურად განმბრძნობილი და სულიერების არმქონე არსება ვერაფრით გაიმეორებს. აქედან ცხადია, რომ ე. წ. „პავლეს გამოცხადება“ არის ყალბი თხზულება. რადგან სხვაგვარად როგორ გავიგებთ, თუკი ხსენებული სიტყვები გამოუთქმელი იყო? ამდენად, სიტყვასიტყვითი გაგებით, მესამე ცა და სამოთხე სხვადასხვაა; გადატანითი მნიშვნელობით კი ეს სიტყვები შეიძლება ერთსა და იმავეს ნიშნავდეს, შეიძლება – არა. თუმცა, გადატანითი მნიშვნელობის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს გამოვთქვამთ, რომლებიც გასაგებად უფრო ადვილია. პირველი ცა  ზნეობის საზღვრები და სასრულია, როცა ვინმემ სწორად ჩამოიყალიბა საკუთარი ზნე-ჩვეულება., მეორე ცას ფილოსოფია შეადგენს, როდესაც ვინმე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იხვეჭს ცოდნას საგნების ბუნების შესახებ. დაბოლოს, მესამე ცა არის საღვთისმეტყველო ცოდნა, როდესაც ვინმე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მჭვრეტელობის გზით იხვეჭს უნარს, აღიქვას ღვთაებრივი და ადამიანურ ცნობიერებაზე აღმატებული ჭეშმარიტებანი. ასე რომ, ყოველ შემთხვევაში, პავლე ატაცებულ იქნა წმიდა სამებასთან ახლო სანახებში, ანუ ყოველივე არსებულზე მაღლა. თანაც ამ დროს იგი უსხეულში არ იმყოფებოდა, რადგან მისი გონება ჯერ კიდევ უძრავი იყო. ღვთაებრივ ჭეშმარიტებებთან მიმართებით ყველა გონება უძრავია იმ დროს, როდესაც ადამიანი აიტაცება და მას ღმერთი გარემოიცავს, ისე, რომ მისგან აღიძვრება და მისგან მოქმედებს. ხოლო რადგანაც სფეროებს შორის ხარისხობრივი განსხვავება არსებობს, ამიტომ ღმრთაების უიდუმალეს საიდუმლოებებში შესვლისას სამოთხეშიც კი აღწევს. ეს საიდუმლოებები შესაცნობად მიუღწევადი და გამოუთქმელია, ამიტომ მას ვერასდროს ვერავინ გაიგებს, თუ არ ამაღლდება ადამიანურ უძლურებაზე.

სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?

სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი. ყურადღება მიაპყარ მოციქულის სიმდაბლეს: იგი თითქოს სხვაზე ყვება, მაგრამ თუკი სხვა იქნა ცაში ატაცებული, მაშინ შენ რატომღა იქადი?  ასე რომ, აშკარაა, ის საკუთარ თავზე საუბრობს.  ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი. ამას ან იმიტომ ამბობს, რომ აჩვენოს, აუცილებლობის გარეშე ამ ამბავს არ მოყვებოდა, ან იმიტომ, რომ (როგორც შეიძლება ვივარაუდოთ) შეფარვით ცდილობს სათქმელის გადმოცემას. საკუთარი უძლურების გარდა,  ანუ  მწუხარების, დევნის გარეშე.

ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის.

 ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი. მოციქულმა ზემოთ თქვა, რომ ქადილი უგუნურებაა, ახლა კი ამბობს: თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები. ეს ნიშნავს: არ ვიქნები უგუნური არა ქადილთან, არამედ იმასთან მიმართებით, რომ არ ვცრუობ, ვინაიდან დასძენს: რადგანაც სიმართლეს ვიტყვი. ამრიგად, ნათქვამის აზრი შემდეგია: უგუნური არა ვარ, რამეთუ სიმართლეს ვამბობ. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის, – რათა ადამიანებს არ გაეღმერთებინათ იგი. აი, ჭეშმარიტი მიზეზი, რომლის გამოც იგი ყოველთვის დუმს საკუთარ ღვაწლზე; ხოლო როცა იძულებული ხდება, ილაპარაკოს, მაშინ მოციქული შეფარვით საუბრობს, რათა არ ჩათვალონ ის იმაზე მეტად, ვიდრე იმსახურებს. თუკი მისი სასწაულების გამო მისთვის ხარების შეწირვას აპირებდნენ (საქ. 14:13), მაშინ რაღას არ გააკეთებდნენ, მას რომ თავისი გამოცხადება გაემჟღავნებინა?!

თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.

სატანის ანგელოზსა და ნესტარში ზოგიერთები ეშმაკისგან მიყენებულ თავის ტკივილებს მოიაზრებენ. მაგრამ ეს სწორი არ არის, რადგან პავლეს სხეული არ ყოფილა ეშმაკის ხელში გადაცემული, პირიქით, წმინდა მოციქული თავად უბრძანებდა ეშმაკს და საზღვრებს უწესებდა, როდესაც მას მრუში გადასცა „ხორცით სატანჯველად“ (1 კორ. 5:5) და, მართლაც, ეშმაკი არ გადასულა დადგენილ საზღვრებს. რას ნიშნავს სატანა?  იგი  ბერძნულ ენაზე „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. ამდენად, სატანის ანგელოზებია ყველა მოწინააღმდეგე – ალექსანდრე მჭედელი, ჰიმენეოსი, ფილეტოსი და, საერთოდ, ყველა, ვინც კი პავლეს წინააღმდეგ მოქმედებდა. ამიტომ მისი სიტყვების აზრი შემდეგია: ღმერთმა არ დაუშვა, რომ ჩემს ქადაგებას წარმატება ჰქონოდა ხიფათისა და გარჯის გარეშე, რათა არ მეამაყა იმით, რომ მრავალი გამოცხადების ღირსი გამხადა უფალმა. რატომ ამბობს იგი, რომ მიეცა სატანის ანგელოზი და არა ანგელოზები? ალბათ, იმიტომ, რომ ყველგან იმყოფებოდა ერთი მოწინააღმდეგე და ხალხის აღმაშფოთებელი, დანარჩენები კი მას მიჰყვებოდნენ, როგორც წინამძღვარს. ან, რაც უფრო სარწმუნოა, იგულისხმება თვით მოვლენები: ქადაგებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, დევნა, ყოველდღიური სასიკვდილო საშიშროება – ყოველივე ამას უწოდა სატანის ანგელოზი. ვისგან მიეცა ის? ღმერთმა დაუშვა, – ამბობს ის, – რადგან სწორედ ასეთი მნიშვნელობის შემცველია სიტყვა „მომეცა“. მომეცა არა იმისათვის, რომ ერთხელ მომიწყოს ბოროტი ხრიკი, არამედ გამუდმებით. რაც შეეხება სიტყვებს – „რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა“- ზოგიერთთა მოსაზრებით, ეს ნიშნავს: „რათა არ განმადიდოს ხალხმა“. მართალია, პავლემ რაღაც მსგავსი კი თქვა სხვა ადგილას, მაგრამ აქ სხვა რამეს ამბობს, კერძოდ: „რათა მე არ გავაამპარტავნდე“, რამეთუ ისიც კაცი იყო.

სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.

სამგზის ვევედრე – ნაცვლად: „მრავალჯერ ვევედრე“. ეს, ასევე, ნიშანია მისი სიმდაბლისა: ეშმაკის ხრიკები და მანქანება გაუსაძლის ტანჯვას აყენებდა მას და ამიტომ უფლის შეწევნას ითხოვდა.

მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“.  ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

მომიგო (უფალმა): „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც“. და მითხრა, – ამბობს ის, – საკმარისია შენთვის ისიც, რომ მოგეცი მკვდრების აღდგენისა და სასწაულების აღსრულების მადლი. ნუღარ მთხოვ, რომ შენმა ქადაგებამ წარმატება მოიპოვოს განსაცდელების გარეშე – ეს უკვე ზედმეტია, ხოლო რაც საჭირო და საკმარისია, ის შენ უკვე მიიღე.

რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში. პავლე, შენ იმიტომ იტანჯები, რომ არ მოგეჩვენოს, თითქოს სახარების გავრცელებაში დაბრკოლებებს ჩემი უძლურების მიზეზით გიქმნიან. მიდი, ივაჟკაცე! რამეთუ ჩემი ძალა უფრო სრულად მაშინ ვლინდება, როდესაც თქვენ, დევნილები, მდევნელებს ამარცხებთ. გულისხმაჰყავ: თავად პავლეს უწყებით, ის განსაცდელებს იმიტომ მიეცა, რომ არ გაამპარტავნდეს; ღმერთი კი სულ სხვა მიზეზს ასახელებს. მაინც, რას? სახელდობრ, იმას, რომ  მისი ძალა სრულად მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც მოციქულებს უძლურება შეიპყრობთ, ანუ  დევნას დაუწყებენ  და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. რაკი გავიგონე, – ამბობს მოციქული, – რომ ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება, ამიტომ ამიერიდან დავიქადი ჩემს უძლურებას, რადგან რაც უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი იქნება ის, მით უფრო უხვ ძალას მივიღებ ღმერთისგან. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე წუხილით ვლაპარაკობდე ნესტარზე – არა! მე უფრო ვხარობ და ვიქადი, ვინაიდან მწუხარებათა გამრავლებით ღვთის დიდი ძალა მოიწევა ჩემს თავზე.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 5:1-11

ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.

იესო ქრისტე გენესარეთის ტბასთან ახლოს ასწავლიდა ხალხს ღვთის სიტყვას. იმდენად დიდი იყო ზეციური სწავლების ინტერესი, იმდენად ბევრი ადამიანი შეიკრიბა უფლის მოსასმენად, რომ მას ყოველი მხრიდან აწყდებოდნენ და ავიწროებდნენ. ამავე ტბის პირას  მან ორი ნავი დაინახა; ერთი პეტრესი იყო, მეორე – ზებედეს ძეთა. დაინახა მებადურნიც, რომლებიც ნავებიდან გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.

შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

ქადაგებაში რომ ხელი არ შეშლოდა და ხალხს კარგად მოესმინა, ანუ ღვთის საქმეს ამაოდ რომ არ ჩაევლო, იესო ქრისტე პეტრეს ნავში შევიდა და სთხოვა, ცოტათი ნაპირს განშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.  ღვთაებრივ სიტყვას მოწყურებულ ადამიანებს ის თავისი სწავლების მაცხოვნებელი ნაკადით არწყულებდა.

ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.

სულიერი საქმის აღსრულების შემდეგ უფალი მსმენელთა სხეულზე იწყებს ზრუნვას. ღრმად შედი, – ეუბნება ის პეტრეს, – ე. ი. უფრო დაშორდი ნაპირს, ნავი ღრმა ადგილზე გააჩერე და ბადე ისროლე თევზის დასაჭერად. ეს მაგალითი შენ, ქრისტიანო, გასწავლის და შეგაგონებს, რომ არასდროს მიატოვო საღვთო საქმე ხორციელი საზრუნავების მომიზეზებით: ჯერ საღვთო საქმეზე იზრუნე და მერე შენი სხეულის საჭიროებაზე.

მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.

სიტყვა „მოძღვარი“ აქ ნიშნავს განმკარგულებელსა და საქმის წარმმართველს. პეტრეს სურს, პატივი მიაგოს ქრისტეს და ამიტომ უწოდებს მას მოძღვარს. მთელი ღამე ვიშრომეთ, – ეუბნება ის მას, – მაგრამ ერთი თევზიც ვერ დავიჭირეთ, თუმცა, სათევზაოდ ყველაზე კარგი დრო სწორედ ღამეა. მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს, ვინაიდან მჯერა შენი. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ჯერ კიდევ არ იყო უფლის მიმდევარი, მის მიმართ მოკრძალება და მორჩილება მაინც გამოავლინა, რადგან იცნობდა მას იმ დროიდან, როცა მასთან თავისმა ძმამ, ანდრიამ, მიიყვანა და მისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე)“ (ინ. 1:42). პეტრემ მეგობრები დაიხმარა და სათევზაო ბადე წყალში ისროლა.

ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.

ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.

როდესაც დაინახეს, რომ თევზის სიმრავლისგან ბადე ეხეოდათ, სხვა ნავში მყოფ მეგობრებს სთხოვეს დახმარება. კერძოდ, ზებედეს ძეებს, რომ მიახლოებოდნენ და თევზით სავსე ბადის ამოღებაში დახმარებოდნენ. ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, – პეტრესი და ზებედეს ძეთა, – რომ ლამის ჩაიძირნენ.

პირველი, რაც აქ ჩანს, ეს არის წმინდა მორჩილება. ასევე, უნდა იცოდე, რომ როდესაც იესო ჩვენთან არ იმყოფება, მაშინ ჩვენი შრომა ამაოა და სულ ტყუილად ვირჯებით; ხოლო როდესაც უფალი ჩვენთან მოდის, მაშინ ჩვენი შრომა ფრიად ნაყოფიერია და კარგ მოსავალსაც ვიმკით.

 

ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.

თუ პეტრესა და ასისთავის აღიარებებს ერთმანეთს შევადარებთ (ასისთავი:   არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე“ – მთ. 8:8), ვნახავთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ასისთავის სიტყვები გამოხატავს სიმდაბლეს, უდიდეს მოკრძალებასა და პატივისცემას; ხოლო შენს ჭერქვეშ უკვე შემოსულს უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ, ეს ნიშნავს სულიერ ძრწოლას, გაუბედაობასა და შიშს. მაინც რამ შეაშინა და შეაძრწუნა პეტრე? ამის პასუხს შემდგომ მუხლში ვხედავთ:

რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ; ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

უჩვეულო საქმეები შიშსა და ძრწოლას იწვევს.  მეთევზეებს არასოდეს ენახათ, რომ ერთ სროლაზე ბადეში ამდენი თევზი მოხვედრილიყო. ამიტომ განცვიფრთდნენ და თავზარი დაეცათ პეტრეს, იაკობს, იოანეს და ყველა მათთან მყოფს, როცა თევზების ასეთი სიმრავლე იხილეს.

პეტრეს რომ არ შეშინებოდა, მაშინ არ ეტყოდა მას იესო: ნუ გეშინია. რისი შეეშინდა მას? წესით და რიგით ეს გაოცებას გულისხმობდეს: იხილა უჩეულო რამ და გაოცდა! შიშის მიზეზი კი რა უნდა ყოფილიყო? შეშინდა, თავზარი დაეცა, რადგან ცოდვილი იყო. ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. ცოდვა კი, რა თქმა უნდა, შიშს წარმოშობს. რისი უნდა შეშინებოდა, თუ არა სასჯელისა ცოდვის გამო? თევზჭერასთან დაკავშირებით აღსრულებული სასწაულით ის მიხვდა იესო ქრისტეს ყოვლადძლიერებას; ამიტომ როცა იგი თავის წინაშე დაინახა, შეძრწუნდა, სასჯელის შეეშინდა. გამშორდი, უფალო. ამასვე ვხედავთ  ღადარინელთა შემთხვევაშიც. მათ დაარღვიეს რჯულის კანონი და ღორებს საჭმელად ზრდიდდნენ (ლევ. 11:7; 2 რჯ. 14:8), ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ იესო ქრისტემ ეშმაკეულნი განკურნა, ღორები კი ზღვაში ჩაძირა, შეეშინდათ, რომ ცოდვების გამო არ დასჯილიყვნენ და უფალს  შეევედრნენ, იქაურობას გასცლოდა (მარკ. 5:15, 17). რაც შეეხება პეტრეს შიშს, ის უფალმა თავისი ყოვლადძლიერი სიტყვით განდევნა: ნუ გეშინია. შემდეგ კი მას ღვთის განგება განუცხადა მისი მოციქულად გამორჩევის თაობაზე: ამიერიდან კაცთა მებადური იქნები. ჩემი მართლმსაჯულების სასჯელის ნუ შეგეშინდება, – ეუბნება ის მას, – ელოდე ჩემს გულმოწყალებას. ამიერიდან და დასასრულამდე ზღვაში თევზებს კი აღარ დაიჭერ, არამედ ადამიანებს ამოიყვან ურწმუნოების უფსკრულიდან.

როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

ვინ იყვნენ ის პირველი მოციქულები, რომლებმაც გაიგონეს თუ არა უფლის სიტყვები: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები, მაშინვე ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას? ესენი იყვნენ პეტრე, მისი ძმა ანდრია და ზებედეს ძენი – იაკობი და იოანე. ეს ვიცით მათე და მარკოზ მახარებლებისგან, რომლებიც ერთნაირად გადმოგვცემენ, რომ ქრისტემ ისინი გალილეის ზღვის პირას იპოვა, მოუწოდა მათ და უთხრა:  გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას“ (მთ. 4:19-20; მარკ. 1:17-18). მაგრამ აქ სირთულეებს ვაწყდებით მახარებლების გადმოცემებს შორის რიგი შეუთანხმობლობის გამო. პირველი, ეს არის ადგილების სახელწოდება: მათე და მარკოზი უფლისა და მოციქულების შეხვედრის ადგილად გალილეის ზღვას ასახელებენ, ლუკა მახარებელი – გენესარეთის ტბას. მათე და მარკოზი ამბობენ, რომ უფალმა ისინი დაინახა, როცა ზღვაში ბადეს ისროდნენ, ლუკა მახარებლის თანახმად კი – როცა ნავიდან გადმოსულები ბადეს რეცხავდნენ. მესამე გაურკვველობა ისაა, რომ მათე და მარკოზ მახარებლები არ ახსენებენ ლუკა მახარებლის მიერ აღწერილ თევზისჭერის ამ სასწაულს. პირველი სირთულის გადაწყვეტა ადვილია: გალილეის ზღვა, რომელსაც გაივლის მდინარე იორდანე, არის, ასევე, გენესარეთის ტბა. მას ორი სახელწოდება აქვს. მეორე გაურკვევლობასაც გადაწყვეტ, თუ დააკვირდები, რომ პეტრესა და ზებედეს ძეებს თან ახლდათ დაქირავებული მუშები, ზოგი მათგანი ბადეებს რეცხავდა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ დღისით დაიჭერდნენ თევზს, თუმცა მთელი ღამე ამაოდ დაშვრნენ. მესამე გაურკვველობას ზოგადი გადაწყვეტა აქვს: ცნობილია, რომ ბევრი რამ, რაც გამოტოვებული აქვთ მათესა და მარკოზს, გვხვდება ლუკასა და იოანესთან. მოციქულთა ღვთაებრივ მოწოდებასა და მათი მხრიდან მოშურნე მორჩილებაზე საუბრობენ მათე და მარკოზ მახარებლები. და მართლაც, დიდი მოშურნეობა ჰქონდათ მათ გულებში, წინასწარმეტყველ ელისეზე მეტიც კი: როდესაც ელისეს ელიამ მოუწოდა, მან მიუგო: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები“ (3 მეფ. 19:20). ღვთაებრივმა მოციქულებმა კი მყისვე მიატოვეს ყველაფერი: ნავი, სათევზაო ბადე, მეგობრები, ნათესავები, მამა – ზებედე და ქრისტეს გაჰყვნენ.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი