საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

11 აგვისტო
კატეგორია: პუბლიკაციები,
sultmofenobidan-xi-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 30 ივლისი (12 აგვისტო), 2018

სულთმოფენობიდან მე-11 კვირიაკე

წირვაზე – 1 კორ. 9:2-12; მთ. 18:23-35

 

 

 

 

 წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 9:2-12

 

სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.

სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ. არ ვამბობ, რომ მთელი მსოფლიოს მოძღვარი ვარ, მაგრამ ნუთუ თქვენი მოძღვარი არა ვარ? რატომ არაფერი ამიღია თქვენგან, თუმცა ამის სრული უფლება მქონდა? ასეთი დათმობით ის კიდევ უფრო ამყარებს თავის სიტყვას.

ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში,  ანუ მტკიცებულება. თუ ვინმე მოისურვებს დარწმუნდეს, ნამდვილად ვარ თუ არა მოციქული – თქვენზე მივუთითებ. თქვენ ჩემი მოციქულობის ბეჭედი და მტკიცებულება ხართ, რადგან თქვენ შორის ყველაფერი აღვასრულე, რაც მოციქულს უნდა აღესრულებინა.

 

აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე.

ყველას თქვენს თავს დავანახებ, ვინც კი მოისურვებს გაიგოს, თუ საიდან ჩანს, რომ მე მოციქული ვარ. იმის დამტკიცებით, რომ თქვენ ყველაფერი ჩემგან ისწავლეთ, ჩემს განმკითხველებს დავამარცხებ.

 

იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?

ანუ მოწაფეებისგან ავიღოთ, რაც ყოფითი ცხოვრებისათვის გვჭირდება. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ  ამის უფლება გვაქვს, ჩვენ მისით არ ვსარგებლობთ.

 

ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?

მდიდარი ქალებიც იყვნენ მოციქულების მიმდევრები, რომლებიც მატერიალურ საზრუნავს საკუთარ თავზე იღებდნენ, ოღონდაც მოციქულებს ქადაგებისას ხელი არ შეშლოდათ. ყურადღება მიაქციე: მოციქულთა თავი მან ბოლოში დააყენა, როგორც უმნიშვნელოვანესი, რითაც შემდეგი აზრი გამოხატა: დანარჩენებზე რაღა უნდა ვთქვა? _ თავად პეტრე აკეთებს ასე. უფლის ძმებს კი უწოდებს იაკობს – იერუსალიმის ეპისკოპოსს, იოსეს, სიმონსა და იუდას (მათე 13:55), რომლებიც იმის გამო იწოდებოდნენ უფლის ძმებად, რომ იოსები ღვთისმშობელთან იყო დაწინდული.

იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?

ეს ნიშნავს: ნუთუ ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ არ ვიმუშავოთ და მოწაფეების ხარჯზე ვიცხოვროთ? ამ საკითხთან დაკავშირებით მან ბარნაბაც მოიხსენია, რადგან იცოდა, რომ ისიც მისნაირადა იქცეოდა – საკუთარი შრომით ცხოვრობდა.

.
ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?

ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ყველა ჯარისკაცი საზოგადოების ხარჯზე ცხოვრობს. მან შესაფერისად დააყენა ჯარისკაცის მსახურება პირველ ადგილზე, რადგან ეს მსახურება მსგავსია სამოციქულო მსახურებისა, საშიშროებისა და აზრობრივ მტრებთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ვინ ჩაყრის ვაზს და მისი ნაყოფისგან კი არ ჭამს? ამ მაგალითით მან მიუთითა სიძნელეებზე, ხიფათსა და საზრუნავებზე. ამასთან, არ უთქვამს: „მთელ ნაყოფს“, არამედ – „მისი ნაყოფისგან“. ასევე, არ უთქვამს: „ვინ არ მდიდრდება ნაყოფისგან“, არამედ – „არ ჭამს“. ასე მუდმივად ის არწმუნებს მსმენელთ, რომ ეძებონ აუცილებელი და არა – ზედმეტი.

ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არ სვამს? არ უთქვამს: „ყიდის ცხვრებს“, ან: „ჭამს მათ“, ან: „მთელ რძეს“, არამედ – „რძეს“. ამით აჩვენებს, რომ მოძღვარი მცირედი ჯილდოთი და აუცილებლი სახმარი ნივთებით უნდა დაკმაყოფილდეს. სიტყვით: „მწყემსავს“, მიანიშნებს, რომ მოძღვარს დიდი მზრუნველობა მართებს დასამოძღვრავთა მიმართებით.

 

იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?

ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ ადამიანური მაგალითებით ვამტკიცებ ამას და წმინდა წერილის მოწმობა არ გამაჩნია? შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ ეს ღმერთისთვისაც სათნოა; ამასვე ბრძანებს რჯულისკანონიც, რომელიც ადამიანებისგან კი არა – ღმერთისგანაა.


რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?

 

რადგანაც მოსეს რჯულში წერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. აქ მასხარის მაგალითი მოჰყავს  და  კიდევ უფრო ამტკიცებს თავისი მსჯელობის სისწორეს.

ნუთუ ხარებზე ზრუნავს ღმერთ?  განა მათზე არ ზრუნავს? ზრუნავს, მაგრამ ისე არა, რომ მათ შესახებ კანონები შემოიღოს. ამიტომ პირუტყვებზე ზრუნვის აუცილებლობით სხვა რაღაცას შეაგონებს, კერძოდ, ასწავლის და აჩვევს იუდეველებს, იზრუნონ თავიანთ მოძღვრებზე. აქდან ვიგებთ, რომ ყველაფერი, რაც ძველ აღთქმაში პირუტყვების შესახებაა ნათქვამი, ემსახურება ადამიანების შეგონებას.


თუ
, რა თქმა უნდა, ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.

 

თუ, რა თქმა უნდა, ჩვენზე ამბობს ამას? გამოიყენა სიტყვა: „რა თქმა უნდა“ (конечно, πάντως), რომელსაც იყენებენ საყოველთაოდ ცნობილი ამბის გადმოცემისას, რათა მსმენელისთვის არ მიეცა შეპასუხების საბაბი.

მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს.ეს ნიშნავს, რომ მოძღვარმა ყანა გულმოდგინეთ უნდა  მოხნას – დაამუშავოს და იმის იმედით იშრომოს, რომ საზღაურსა და ჯილდოს მიიღებს.

და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. ხვნის შემდეგ ის ლეწვაზე გადადის, რათა ამითაც გამოხატოს, თუ რაოდენ დიდია მოციქულთა შრომა: ისინი კიდეც ხნავენ და კიდეც ლეწავენ. რადგანაც მხვნელი მხოლოდ იმედოვნებს, მლეწავი კი ნაწილობრივ უკვე ტკბება, ამიტომ თქვა, რომ მლეწავი იღებს, რისი მიღების იმედიც აქვს; ხოლო იმისათვის, რომ ვინმემ არ თქვას: „ნუთუ ასეთი დიდი სამოციქულო ღვაწლის საზღაუროდ მხოლოდ საკვები უნდა მიეცეს?“, დასძინა: „იმედით“, ანუ იგულისხმება მომავალი სიკეთეები. ასე რომ, ქრისტეს სწავლების მქადაგებელ მოძღვარს მომავალი სიკეთეების იმედიც უნდა ჰქონდეს და, გარდა ამისა, მოწაფეების ხარჯზე ჭამდეს და სვამდეს.

 

ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?

აქ ამტკიცებს თავისი სიტყვის სამართლიანობას. ამბობს: თქვენ ვერ იძლევით იმის საპირწონეს, რაც მიიღეთ, რადგან ჩვენ თქვენში სულიერი დავთესეთ, თქვენ კი ამისათვის მატერიალურს მოგვიზღავთ. განა შესაბამისი ნაცვალ-ბოძებაა?

 

თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.

თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ?  ის ზოგიერთ ცრუმოძღვარზე მიანიშნებს, რომელიც უსირცხვილოდ და თვითნებურად იღებდა მათგან საზღაურს. ამიტომაც არ თქვა: „თუკი ისინი იღებენ“, არამედ: „აქვთ თქვენზე ამის უფლება“, ანუ ხელმწიფობენ, ბატონობენ თქვენზე, ისე განაგებენ თქვენზე, როგორც მონებზე, და ასეთ შემთხვევაში, განა ჩვენ მით უფრო მეტი უფლება არა გვაქვს, როგორც ჭეშმარიტ მოციქულებს?

მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით. მართალია, გვაქვს იმის უფლება, რომ თქვენს ხარჯზე ვსვათ და ვჭამოთ, მაგრამ ეს უფლება არ გამოგვიყენებია, რათა თქვენ არ დაბრკოლებულიყავით. თქვენ კი კერპისთვის შეწირულისგანაც არ იკავებთ თავს, რომ ამით უძლური ძმები არ გეცდუნებინათ!

არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება. იმის გამო, რომ ვინმემ არ უთხრას: „არ გიჭირდა და იმიტომაც არ იღებდი“, ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან  გვიჭირს, მაინც ყველაფერს ვითმენთ –შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს, რათა არაფრით შევაფერხოთ და შევანელოთ სახარების ქადაგება და გავრცელება.

          ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

    

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებელსაგან საკითხავი – 18:23-35

 

ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.

როდესაც იმ საგნის ნაცვლად, რომლის შესახებაც საუბარი გვსურს, ლაპარაკს მის მსგავს საგნებზე ვიწყებთ, მაშინ ამ სიტყვას იგავი ან იგავური სიტყვა ეწოდება. ამიტომ არის იგავი მსგავსება ან გამოხატულება. იგავურად საუბრობდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე,  თავის შესახებ ნაწინასწარმეტყველებთან შესაბამისობაში: აღვაღო იგავით პირი ჩემი“ (ფს. 77:2). ის იწყებს საუბარს იგავით  და ამბობს, თუ რას გააკეთებს ღმერთი, როცა განსჯის ცათა სასუფლისათვის ღირსებსა და უღირსებს. ცათა სასუფეველი, – ამბობს ის, – იმ მეფეს ჰგავს, რომელმაც თავისი მონებისგან ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა. ამის შემდეგ აღწერს, თუ როგორ აწარმოებს მეფე ანგარიშისწორებას საკუთარ მონებთან.

 

და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.

როდესაც მეფემ ვალების შემოწმება დაიწყო, მოიყვანეს მასთან ერთი მონა, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართება. ეს დიდი თანხაა, თუმცა განგებაა გაზრდილი. მაგრამ რა მსგავსება შეიძლება არსებობდეს მასსა და ღმერთისგან განსჯილთა შორის? მეფე, რომელიც თავისი მონების ვალს ამოწმებს, მეფეთა მეფესა და ყოველთა მეუფეს აღნიშნავს: ის ხედავს ადამიანის გულის იდუმალებას და იკვლევს თითოეული მათგანის ცოდვებს; მოვალე კი, ამ შემთხვევაში, ცოდვილია: როგორც მოვალე ვალდებულია, ნასესხები ფული დააბრუნოს, ასევე,  უნდა მოიქცეს ცოდვილი და შეინანოს ჩადენილი ცოდვები. ხოლო ათი ათასი ტალანტი ნიშნავს ცოდვილის უამრავ და მძიმე ცოდვას.

და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.

რაკი მოვალეს გადახდის თავი არ ჰქონდა, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. მართლაც, ცოდვილს არაფერი გააჩნია ისეთი, რითაც საკუთარი ცოდვების მისატევებლად ღვთის გულმოწყალებას დაიმსახურებდა; ვერავინ ვერაფრით გამოისყიდის საკუთარ ცოდვებს, – ვერც მიწაზე და ვერც ზეცაში არსებულით.  და თვით ჩვენი მონანიებაც  არაფერია ჩადენილი ცოდვის სიმძიმესთან შედარებით. მხოლოდ ღვთის უსაზღვრო მრავალმოწყალებას შეუძლია, ჩვენი ცოდვები წარხოცოს.  მაგრამ რას ნიშნავს მოვალისა და მისი ცოლ-შვილის  და მთელი მისი სარჩო-საბადებლის გაყიდვა ვალის დასაფარად? გასაყიდი პირი მყიდველის მონა ხდება და განეშოება თავის ბატონს, რომელიც მას ყიდის (წმ. ოქროპირი). ჩვენს შემთხვევაში მოვალის გაყიდვა ნიშნავს ცოდვილის ღმერთისგან დაშორებას; ხოლო ცოლ-შვილისა და სარჩო-საბადებლის წართმევა – ცოდვილისათვის ყველა იმ ნიჭის ჩამოთმევას, რასაც ის ფლობდა, როცა სათნოების გზით ვიდოდა. ზოგადად კი ეს ყველა იმ უბედურებასა და მწუხარებას აღნიშნავს, რაც თავისი ცოდვებისათვის ცოდვილს ეწევა. მაგრამ როცა ასეთი სასჯელების საშუალებით მას სინანულის გრძნობა ეუფლება, მაშინ იგი საღმრთო მართლმსაჯულებას მოწყალებისათვის მოდრეკს და თავისუფლდება მომავალი მარადიული სატანჯველისგან,  ჩადენილი ცოდვების გამო რომ ელოდა. ეს მაცხოვარმა დაგვანახა იგავის შემდეგი სიტყვებით:

დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.

აი, როგორია ღვთის სასჯელის შიშის ნაყოფი: თაყვანისცემა მიწის პირამდე – დაემხო მონა, თაყვანი სცა, გულის სიღრმიდან შევედრება – შემიბრალე, მეფეო, და დიდი აღთქმა – მთელ ვალს გადაგიხდი.­ „უფალო, ჭირსა შინა მოგიხსენეთ შენ“, – ღაღადებს ესაია წინასწარმეტყველი (26:16). ხშირად, როდესაც ღმერთი მშვილდს მოზიდავს და ცოდვილს უბედურებების ისრებს დაუშენს, მაშინ ცოდვილი სინანულითა და ლოცვით  ღმერთისკენ ექცევა და გამოსწორებას აღუთქვამს. ეს მონანული ცოდვილისადმი ღვთისგან ნაბოძები უდიდესი მოწყალებაა!

შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

მონა ანუ ყოველი ცოდვილი, როდესაც ნანობს, ითხოვს ღვთის სულგრძელებას და აღუთქვამს ცოდვებისაგან განშორებას. ასეთ შემთხვევაში, კაცთმოყვარე ღმერთი არათუ მოწყალებას იჩენს მის მიმართ, არამედ ათავისუფლებს კიდეც მას ცოდვების ბორკილებისგან და პატიობს მთელ მის ურჯულოებას: და ვალიც აპატია.  ცოდვილის ეს საქციელი კეთილი და სასარგებლო იყო, მაგრამ ამის შემდეგ ყოვლადბოროტი და სულისათვის ფრიად საზიანო საქმე ჩაიდნა..

მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ მის თანა მონას შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.

ეს სიტყვები უმოწყალო ადამიანის ხასიათს გამოხატავს. მონა წავიდა, – ვკითხულობთ წმინდა წერილში. სანამ ადამიანი მოწყალე და მოსიყვარულეა და ღვთისათვის სათნოდ ცხოვრობს, მანამდე ის ღმერთშია და ღმერთი – მასში (1 ინ. 4:16); ხოლო, როცა თავის გულს ჩაირაზავს და უმოწყალო და სასტიკი გახდება, მაშინ შორდება ღმერთს და ღმერთის მადლიც ტოვებს მას. რატომაა ნათქვამი: ერთ მის თანა მონას შეხვდა?  ვინ არის მისი „თანა მონა?“. ჩვენ ყველანი, ადამიანები, ყოვლადმაღალი ღმერთის მონები ვართ; ამიტომაც ვიწოდებით თანამონებად, რადგან ვალდებულნი ვართ, ერთსა და იმავე უფალ ღმერთს ვემსახუროთ. თითქმის ყოველდღე გვესმის, როგორ უყვირიან და ითხოვენ უმოწყალო ადამიანები თავიანთი თანამონებისგან: „დამიბრუნე ჩემი ფული“; დამიბრუნე ჩემი საქონელი“; „მომეცი ჩემი წილი“. ზოგიერთი ყვირილსაც არ სჯერდება და მეტისმეტად ავიწროებს და ძალადობს თავის მოვალეზე. აქ ნიშანდობლივია თანხის რაოდენობაც – ასი დინარი. მათესთან და ლუკასთან ვხედავთ, რომ დინარი ფულის წვრილი ერთეული იყო და ხარკის გადასახდელ მონეტად ითვლებოდა (მთ. 22:19; ლკ. 20:24). ყოვლადბრძენმა ღმერთმა განზრახ დაუპირისპირა მისი მოვალის გადასახდელ დიდძალ თანხას – ათი ათას  ტალანტს ამ მოვალისათვის სხვა ადამიანის ვალი – ასი დინარი, რითაც გვიჩვენებს, რომ მის წინაშე ჩვენი ვალი შეუდარებლად დიდია, ვიდრე ადამიანური ვალი, ანუ რაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰმართებთ. რამდენიც არ უნდა ემართოს შენი სხვას, –  იქნება ეს პატივი, მსახურება, ფული თუ სხვა რამ, – ყველაფერი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ღმერთის მიმართ ვალად გადევს, რადგან ვერანაირად ვერ შეედრება ადამიანი ღმერთს. ადამიანური ვალის სიმცირე შემდეგი სიტყვებითაც დასტურდება: „ჩემი ვალი დამიბრუნე“. აქ წარმოდგენილია მასესხებელი, რომელსაც თანხის სიმცირის გამო, რცხვენია, თავის მოვალეს უთხრას: დამბრუნე ჩემი ვალი – ასი დინარი; და თანხის დაუსახელებლად ეუბნება, ჩემი ვალი დამიბრუნეო.

მოყვასი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.

მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი.

ღმერთი გვიჩვენებს, თუ რაოდენ გულმოწყალეა იგი ადამიანის – თავისი მონის – მიმართ, როცა ეს ადამიანი მას ცოდვების შენდობას სთხოვს, და როდენ გულსასტიკია ადამიანი  მოყვასის (თანამონის) მიმართ, როცა ეს უკანასკნელი მას შეურაცხყოფის მიტევებას სთხოვს. უფალი აქ დამნაშავეს წრმოგვიდგენს, რომელიც ადამიანისგან სულგრძელებას ითხოვს ისეთნაირადვე, როგორც ცოდვილი ითხოვს ღმერთისგან საკუთარი ურჯულოების მიტევებას. დაემხო ცოდვილი ღვთის წინაშე, ითხოვა მისგან სულგრძელება, ცოდვების მიტევება  და გამოსწორება აღუთქვა.

დაემხო მონა უფლის წინაშე და შეევედრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.

ამგვარადვე ჩაუვარდა მას ფეხებში მისი თანამონა და მსგავსადვე ითხოვა მისგან სუგრძელება: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. ყოველთა მეუფემ და უფალმა გულმოწყალება გამოიჩინა და ცოდვილს ურჯულოება მიუტევა: შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ადამიანმა კი, მისგან განსხვავებით, არ აპატია სხვა ადამიანს ­ – თანამოძმესა და თანამონას და ვალის გადახდამდე ციხეში ჩააგდებინა იგი. ვინ იქნება ის გულსასტიკი, რომელიც ამას მოისმენს და არ შერცხვება?

ყოვლისმპყრობელი ღმერთი მპატიობს უსასიზღრესი ურჯულოების უზომო სიმრავლეს იმის გამო, რომ შევთხოვ, ვინანიებ და გამოსწორებას აღვუთქვამ. მე კი, მიწის მატლი, ჩემს თანამონასა და თანამოძმეს უმცირეს შეცოდებასაც კი არ ვპატიობ, ან მცირე ვალს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მევედრება, ინანიებს და გადახდას მპირდება! მოისმინეთ, როგორი შედეგი ექნება ჩემს ასეთ გულქვაობას:

ეს რომ მისმა თანამონებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.

სამართლიანად შეწუხდნენ გულმოწყალე მეფის მონები, როცა დაინახეს ერთ-ერთი თანამონის სასტიკი ქმედება. ისინი ტანჯულისათვის დახმარების გაწევის მიზნით თავიანთ ბატონთან მიდიან და თანამსახურის ამბავს ატყობინებენ. თუ ჩვენ ყოველივე ამას ღმერთსა და გულსასტიკ ცოდვილს მივუსადაგებთ, მაშინ ვინ იქნებიან ის თანამსახურნი, რომლებიც ძალიან შეაწუხა უმოწყალო ცოდვილის სისასტიკემ და უფალს მოახსენეს თავიანთ თანამსახურზე ძალადობის ამბავი? ანგელოზებიც ადამიანების თანამსახურებად იწოდებიან, რადგან ისინიც და ადამიანებიც ერთსა და იმავე ღმერთს ემსახურებიან და ადიდებენ (წმ. ოქროპირი). ანგელოზები ვერ იტანენ ბოროტებასა და ღვარძლს. ამიტომ წუხან, როდესაც ვცოდავთ, და ხარობენ, როდესაც ვინანიებთ. ისინი არ ატყობინებენ ღმერთს გულსასტიკი ადამიანების დანაშაულებს, რადგან მის წინაშე ისედაც ყველაფერი გაცხადებულია, მაგრამ როდესაც თანამოძმისადმი ჩვენს უმოწყალობას ხედავენ, მაშინ სიბრალულით აღძრულნი, შუამდგომლობენ ღვთის წინაშე დაჩაგრული ადამიანის დასახმარებლად და გამოსაქომაგებლად (ლკ. 15:10). წმინდა ანგელოზების ეს შუამდგომლობა ღმერთკაცმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. გახსოვდეს, რომ იგავის ყველა სიტყვა არ უკავშირდება მასში გამოყვანილ პირს – ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იგავის შევსებას ემსახურება. ეს უფალმა თავად გვითხრა, როდესაც განგვიმატა იგავი ღვარძლის შესახებ. იქ მან მონებიც წარმოგვიდგინა, რომლებიც ყანის პატრონთან მივიდნენ და უთხრეს: „ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?“ (მთ. 13:27). იგავის განმარტებისას კი მან საერთოდ არ ახსენა მონები, რითაც აჩვენა, რომ ისინი იგავისთვის აზრის შესაძენად არიან წარმოდგენილნი და არა მისი არსის გადმოსაცემად.

ამასთან დაკავშირებით ღვთაებრივი ოქროპირი ამბობს: „როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, იგავი არ უნდა აღვიქვათ სიტყვასიტყვით, წინაააღმდეგ შემთხვევაში უამრავ შეუსაბამობას წავაწყდებით“ (მათეს სახარების მე-13 თავის განმარტებიდან). ამიტომაც ეს სიტყვები – წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა – დართულია იგავისთვის შინაარსის მისაცემად, კერძოდ, იმისათვის, რომ აჩვენოს, თუ საიდან შეიტყო მეფემ ყოველივე იმის შესახებ, რაც მისმა უმოწყალო მონამ ჩაიდინა და რომ, შესაბამისად, იგავში მოყვანილი სიტყვები გარკვეული მნიშვნელობის შემცველია. მაგრამ ვნახოთ, რა მოიმოქმედა მეფემ, რაც მის მიერ შეწყალებული მონის სისასტიკე შეიტყო?


მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე.

ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?

მაშინ, ანუ, როცა დაჯდება ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და მის წინაშე უმოწყალო მონას წარმოადგენენ, იგი მას ისეთი მხილებით ამხელს, რომელზედაც მას პასუხი რ ექნება. ბოროტო მონავ! – ეტყვის ის მას, – გავითვალისწინე შენი თხოვნა, როდესაც შეინანე და უამრავი ცოდვა გაპატიე. განა შენც არ უნდა შეგესმინა შენი თანამონის ვედრება და არ უნდა შეგეწყალა იგი, როგორც მე შეგიწყალე? მხილებას მოჰყვება რისხვა და მარადიული სატანჯველი.

განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს.

საშინელი სახილველი იქნება განრისხებული და გამძვინარებული ღმერთი! გადასცა მან უმოწყალო მონა უმოწყალო მტანჯველთა ხელს, ანუ  ეშმაკებს სატანჯველად. მაგრამ რა დროით? სანამ მთელ ვალს არ გადაიხდის.  რადგანაც ცოდვების მიტევება მხოლოდ მონანიებით ხდება, სიკვდლის შემდეგ კი მონანიება შეუძლებლია, ამიტომ აქედან ცხადია, რომ უმოწყალოთათვის ღვთისგან განჩინებული სამართლიანი სატანჯველი მარადიული იქნება (წმ. ოქროპირი). უფალი იგავს ამ სიტყვებით ასრულებს, და აქვე, დასკვნის სახით, თვით იგავის არსსაც გადმოგვცემს:

ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.

აი, იგავის მთელი არსი! ასევე მოგექცევათ, – ამბობს ის, – ჩემი ზეციერი მამა, რაც ნიშნავს: როგორც მეფემ დასაჯა უმოწყალო მონა, ასევე დაგსჯით თქვენ ღმერთიც, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს თანამოძმეთ თქვენ მიმართ ჩადენილ შეცოდებებს. რატომ არ ამბობს: „თქვენი მამა“, როგორც ამას სხვა ადგილებზე ხშირად ამბობს, არამედ – „ჩემი მამა“?   იმიტომ, რომ ზეციერი ღმერთი ასეთებისთვის მამა არ არის, არამედ მსაჯული და შურისმეგებლია. ამასაც მიაქციე ყურადღება: მთელი გულით. ეს იმათ ეხებათ, რომლებიც ენითა და ბაგეებით პატიობენ და გარეგნულად ურიგდებიან თავიანთ შეურაცხმყოფლებს, მაგრამ გულში სიძულვილს მალავენ და შესაფერის შემთხვევას ელოდებიან შურის საძიებლად და მათ მოსაწყლავად.  

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი