საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან VIII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

20 ივლისი
sultmofenobidan-viii-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

9 (22) ივლისი), 2018

სულთმოფენობიდან მე-8 კვირიაკე

წირვაზე – 1 კორ. 1:10-18; მთ. 14:14-22

 

 

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 1:10-18 

 

მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.

შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. წმინდა იოანე ოქროპირმა შენიშნა, რომ წინა ცხრა მუხლში უფალ იესო ქრისტეს უძვირფასესი და უტკბილესი სახელი ცხრაჯერაა მოხსენიებული, ამიტომაც ამბობს: „წმინდა პავლე არა უბრალოდ და არა უმიზნოდ აკეთებს ამას, არამედ ამ მაღალი სახელის ხშირი ხსენებით სურს, დაამხოს მათი ქედმაღლობა და აღმოფხვრას მათი ბოროტი მანკიერება“ (მე-8 მუხლის განმარტებიდან). ის კორინთელებს ქრისტე მაცხოვრის სახელით შეაგონებს  და უფლისადმი მათ სიყვარულს და მორჩილების ვალდებულებას საკუთარი სიტყვის გასაძლიერებლად იყენებს. ის ამბობს:  „უფლის სახელით შეგთხოვთ, რომელსაც თქვენ სიყვარულით მიეწებეთ, რომლისადმიც კეთილი კრძალვით ხართ განმსჭვალულნი და რომლის დაძახილზეც მზად ხართ, მყისვე მას მიჰყვეთ, სწორედ მისი სახელით შეგთხოვთ. რომელი გული გაუწევდა ასეთ შეგონებას წინააღმდეგობას“?! ამასთან, რაოდენ რბილიც არ უნდა იყოს ასეთი სიტყვა, მას არ შეიძლება, არ შეეხსენებინა, რომ მართალია, მოციქული კორინთელებს  შესთხოვს, მაგრამ ვინაიდან ქრისტეს სახელით შესთხოვს, ამიტომ ამით მკაცრადაც ავალდებულებს. ეს არის მამობრივი, გამოსაფხიზლებლი სიტყვა!

ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი. ენა იმას ამბობს, რაც ადამიანს გულსა და სულში აქვს. გააერთიანე აზრი და გრძნობა და სიტყვაც ერთი იქნება. მაგრამ სიტყვა სხვადასხვა აზრს წარმოშობს, ეს კი განყოფის ნაპრალებს აფართოებს. სწორედ ამის აღკვეთა სურს, უპირველესად, წმინდა პავლეს, რომელიც თითქოსდა ასე ამბობს: შეწყვიტეთ სხვადასხვანაირად ლაპარაკი, ყველამ ერთი სათქმელი თქვით, წინააღმდეგ შემთხვევაში განხეთქილება თქვენ შორის  კიდევ უფრო გაიზრდება. ამის კვალად მოციქული ეუბნება: ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება (σχισματα), ანუ პარტიებად დაყოფა [პარტია – ლათინურად: ნაწილი]. ასეთი განხეთქილება ჯერ სახეზე არ არის, მაგრამ მოციქული ფრთხილობს და თითქოსდა ასე მოუწოდებს მათ: შეწვიტეთ ძახილი: „მე ამისი ვარ, მე – იმისი“, რათა ამან განხეთქილება არ წარმოშვას გულში და პარტიები არ წარმოქმნას, არ გახლიჩოს მთელი საზოგადოება ნაწილებად. როცა სამოსელს ნაკუწებად დაფლეთ, მაშინ აღარც სამოსელი შემოგრჩება და ნაკუწებიც არაფერში გამოგადგება. ასე მოხდება თქვენთანაც. იმ ნაწილებს, რომლებადაც დაიყოფით, სიჯანსაღე არ ექნება და მთელიც განადგურდება (ამგვარადვე მსჯელობენ წმინდა ოქროპირიც და თეოფილაქტეც).

გაერთიანდით (განმტკიცდით, κατηρτισμενοι) ერთი გონებით და ერთი აზრით. ეს სიტყვა ნიშნავს ერთი ნაწილის მეორესთან შეერთებას ისე, რომ ყველა მათგანისგან ერთი მტკიცე და მყარი მთელი (ერთობა) შედგეს. მოციქულის ეს სიტყვები ასეთი შედარების ასოციაციას იწვევს: დურგალი ნაწილს ნაწილთან აერთებს და შედეგად  საჭირო და საიმედო ნივთს იღებს – მაგიდას ან სხვა რამეს. მაშ, თქვენც ასე იყავით, ყველაფერში ერთმანეთთან შეერთებული.

 წმინდა თეოფანე დაყუდებული

 

რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.

იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი – ქრისტესიო.

ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა. ამ სიტყვების აზრი შემდეგია: სახლეულთაგან, ანუ ქლოეს დაქვემდებარებულთაგან, რომელიც შეიძლება ვინმე კორინთელი დედაკაცი ყოფილიყო, როგორც, მაგალითად, არისტობულეს სახლეული, ასევე ნარცისის შინაურნი, ნიშნავს იმათ, ვინც ექვემდებარებიან არისტობულესა და ნარცისს (რომ. 16:10-11). კეფაში იგულისხმება პეტრეს ზოგიერთი მოწაფე, რადგან არ არის ცნობილი, რომ პეტრეს კორინთოში სახარება ექადაგოს. შეხედე, როგორ კეთილგონივრულად ამხელს პავლე კორინთელებს! თავიდან იგი მხილების სიმწარეს აზავებს ძმებად სახელდების სიტკბოთი: ძმანო ჩემნო, – ეუბნება ის მათ. შემდეგ ამსუბუქებს ცოდვის სიმძიმეს და მას „დავას“ უწოდებს. ამასთან, არ ასახელებს იმ კაცს, რომელმაც განუცხადა კორინთელთა შეცოდებები, რათა მათი რისხვის მსხვერპლი  არ გახდეს ამბის მაუწყებელი. თუმცა, იმისათვის, რომ მისი სიტყვა სარწმუნო იყოს, მთლად გაურკვევლადაც არ ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ერთგვარი მინიშნებით ამბობს, რომ ეუწყა ქლოეს სახლეულთაგან. მოძღვრების ჩამოთვლით კი მხილებას მეტ სიმძაფრეს სძენს, რადგან აჩვენებს, თუ რაოდენ მიუღებელია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში მათი აზრთა სხვადასხვაობა.

ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ კორინთელები არ უწოდებდნენ საკუთარ თავს არც პავლეს, არც აპოლოსის და არც კეფას მოწაფეებს, არამედ სულ სხვა მოძღვრებს ასახელებდნენ. პავლემ კი, როგორც თავად ამბობს, მიუსადაგა ეს საკუთარ თავს და აპოლოსს. ეს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არ შეერცხვინა ის მოძღვრები და, შესაბამისად, არ გაეღიზიანებინა, მეორეც, უფრო ძლიერად გამოეხატა კორინთელთა ცდომილება: თუკი ისინი სცოდავდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა საკუთარ თავს ჭეშმარიტი მოძღვრების –პავლეს, აპოლოსისა და კეფას – მოწაფეებად მოიხსენიებდნენ, მაშინ, რამდენად მეტი იქნებოდა მათი შეცოდება, როდესაც იმ ადამიანთა მოწაფეებად მოჰქონდათ თავი, რომელნიც არ იყვნენ მათთან ღმერთისგან წარმოგზავნილნი და არ ჰქონდათ სახარების ქადაგების ნიჭი მიმადლებული? ამავე მიზეზით იგი თავის თავს და სხვა ორს ქრისტეს სახელს უერთებს, რათა აჩვენოს, თუ რაოდენ დიდი ურჯულოება ჩაიდინეს იმით, რომ უფალი მონებს შეადარეს. მაგრამ თუ ჩვენ პავლეს ამ სიტყვებს ავიღებთ მათი საკუთრივი, პირდაპირი მნიშვნელობით, მაშინ არც ამით შევცოდავთ, რადგან ცნობილია, რომ კორინთოში სახარება პირველად პავლემ იქადაგა, მის შემდეგ კი აპოლოსმა (საქ. 18:1; 19:1), ხოლო უკვე აპოლოსის შემდეგ ან მასთან ერთად, შესაძლოა, პეტრეს ზოგიერთმა მოწაფემაც. ამიტომ პავლეს მიერ მოქცეულნი პავლეს მოწაფეებად აცხადებდნენ თავს; აპოლოსისის მიერ მოქცეულნი კი – აპოლოსის მოწაფეებად; ხოლო ვინც კეფას მოწაფეთაგან განისწავლნენ, კეფას მოწაფეებად იწოდებოდნენ. თუმცა ისეთებიც იყვნენ, ერთმანეთს რომ არ შორდებოდნენ, ერთაზროვნობით ცხოვრობდნენ და თავს ქრისტეს მოწაფეებად მიჩნევდნენ. ამ მოსაზრებას პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები ამყარებს: „ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თითოეულ მათგანს. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა“ (1 კორ. 3:5-6). პავლეს შემდგომი სიტყვები კი – „ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ“ (1 კორ. 4:6) – ნიშნავს, რომ მან არ ჩამოთვალა სხვა მოძღვრები, არამედ მხოლოდ იგულისხმა. თავისი სიტყვებით პავლე მოციქულმა საჩინო გახადა, თუ როგორი უწმინდური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ დავებსა და განხეთქილებებს.

 

ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?

შეკითხვას ხშირად მტკიცების ძალა აქვს. რატომ აქვს ამ შეკითხვას: „ნუთუ გაიყო ქრისტე?“ მტკიცების თანაბარი ძალა? კორინთელებო, – ეუბნება მოციქული, – ქრისტე თქვენი მხრიდან გაიყო. რას ნიშნავს ეს? ყველა მორწმუნე ერთობლივად ქრისტეს სხეულს შეადგენს, ცალკეულად კი – მის ასოს.  ხოლო რადგანაც კორინთელები გაიყვნენ, ერთმანეთს დაშორდნენ, ამით ქრისტეს სხეულსაც მოსწყდნენ და ამბობდნენ, რომ იყვნენ პავლეს, აპოლოსის ან კეფას მოწაფენი; სწორედ მათთვის გაიყო ქრისტე, უფრო სწორად, ქრისტეს სხეული ანუ ეკლესია. ამ მხილების შემდეგ ის აჩვენებს, თუ რაოდენ უგუნურებაა მათ შორის წარმოებული დავა. რადგანაც ისინი საკუთარ თავს პავლეს მიმდევრებად მოიხსენიებდნენ, ამიტომაც ეუბნება იგი მათ: იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? აქედან ცხადად ჩანს მათი ცდომილება, რამეთუ ქრისტე ჯვარს ეცვა როგორც მათთვის, ისე ყველასთვის. ქრისტეს სახელით მიიღეს მაცხონებელი ნათლობა, ამიტომაც იყვნენ მისი მონები, მიმდევრები, ძენი და სხეულის ასონი და, შესაბამისად, დიდი უგუნურება იყო, როცა პავლეს, აპოლოსის ან კეფას მოწაფეებად მიაჩნდათ თავი.

 

მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.

რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.

მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.

კრისპუსი იყო კორინთოში სინაგოგის წინამძღვარი, სადაც პავლემ იგი მთელი თავისი სახლეულითურთ მონათლა. წმინდა წერილში სამი გაიუსი  გვხვდება: პირველი მათგანი, მაკედონელი, პავლეს თანამგზავრი იყო ეფესოში (საქ. 19:29). მეორე, თესალონიკელი, აზიამდეც კი გაჰყვა პავლეს (საქ. 20:4). მესამე იყო მისი და მთელი ეკლესიის მწირთა შემწყნარებელი (რომ. 16:23). ვინაიდან აქ პავლე ამბობს: არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, ანუ არცერთი კორინთელი, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა, ამიტომ, ცხადია, აქ საუბარია არა მაკედონელსა და თესალონიკელზე, არამედ მწირთა შემწყნარებელზე,  რომელსაც პავლემ ეს სახელი იმიტომ უწოდა, რომ მას თავად უმასპინძლა კორინთოში, ისე, როგორც ყველა მორწმუნეს მასპინძლობდა, ვინც კი კორინთოში ჩადიოდა. სტეფანე დილეგის მცველი იყო; პავლემ იგი ქალაქ ფილიპეში მონათლა მთელ სახლეულთან ერთად (საქ. 16:33). აი, როგორ არწმუნებს პავლე კორინთელებს, რომ ისინი არ მონათლულან მისი სახელით, რომ მას არცერთი მათგანი არ მოუნათლავს, გარდა ზემოთ აღნიშნული სამი პირისა. მაგრამ საინტერესოა, რატომ აღუვლენს მადლობას ღმერთს იმისათვის, რომ სხვა არავინ მოუნათლავს? იგი თავად ასახელებს ამის მიზეზს. მადლობას ვწირავ ღმერთს, – ამბობს იგი, – რომ მან წინდახედულად მოაწყო ასე, რათა არცერთ მოდავეს არ შესძლებოდა ეთქვა, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. პავლემ აგრეთვე თქვა: არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. აქ შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ იგი იმდენად უმნიშვნელოდ თვლიდა ნათლისღებას, რომ არც კი ახსოვდა, მონათლა თუ არა კიდევ ვინმე. შემდგომში იგი განმარტავს, თუ, საერთოდ, რატომ ნათლავდა.

რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.

იესო ქრისტემ ყველა მოციქულს ერთნაირად დაავალა, ექადაგათ სახარება და მოენათლათ მორწმუნენი. „მაშ, წადით, – მოუწოდა უფალმა, – დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით“ (მთ. 28:19). პავლე ამბობს, რომ ქრისტემ იგი არა ნათლის ცემად, არამედ სახარებლად წარგზავნა. აქედან, ცხადია, რომ იგი განსაკუთრებით უფლის სიტყვის საქადაგებლად იყო ჩინებული. შესაძლოა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც უფალმა მას განუცხადა, რომ ბევრი ჭირის დათმენა მოუწევდა მისი სახელის ქადაგებისათვის, როგორც ამის შესახებ ანანიას უთხრა: „მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის“ (საქ. 9:16). ეს უძნელესი საქმე პავლეს იმიტომ დაეკისრა, რომ იგი რჩეული ჭურჭელი იყო, რომელსაც დიდი რუდუნებითა და თავდადებით უნდა შეეტანა ქრისტეს სახელი წარმართ ერებში, გაეცნო იგი მეფეებისა და ისრაელის ძეთათვის. ამრიგად, სახარების ქადაგება ჭეშმარიტად უფრო ძნელი იყო, ვიდრე ნათლისცემა, ვინაიდან მოციქული, რომელიც ურჯულოებს ქრისტეს მოძღვრებას უქადაგებდა, განიცდიდა დევნას, ტანჯვას და ყოველდღიურად სიკვდილის საშიშროების წინაშე იდგა, ხოლო ვინც რწმენაზე მოქცეულს ნათელს სცემდა, მას მსგავსი არაფერი ელოდა. მაშ, რატომ მონათლა პავლემ კრისპუსი, გაიუსი და სტეფანე თავისი სახლეულით, თუ ეს საქმე მას დავალებული არ ჰქონდა? იმიტომ, რომ ქადაგებასთან ერთად მას ნათლისცემის მადლიც ჰქონდა მინიჭებული, მსგავსად სხვა მოციქულებისა, მაგრამ რადგანაც ქადაგება მისთვის ქრისტესგან განსაკუთრებულად დაკისრებული მსახურებაა, ამიტომ ამბობს: ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად. ამიტომ ნათლავდა ის მხოლოდ მაშინ, როცა ამას მისგან შექმნილი ვითარება მოითხოვდა, ხოლო ქადაგებდა მუდმივად, რადგან სწორედ ამას  მიიჩნევდა თავისთვის აუცილებელ სამოღვაწეო საქმიანობად. სწორედ ამიტომ წერს იგი სხვა ადგილას:  „თუ ვახარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ“ (1 კორ. 9:16). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ იესო ქრისტემ თავად ასწავლა მას, თუ რა მეთოდით უნდა ექადაგა სახარება: არა სიბრძნის სიტყვით, ე. ი. არა სოფისტური ხელოვნებით, არა დაწერილი საერო სიბრძნით. რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი, – ანუ არ იქნეს უგულებელყოფილი ქრისტეს ძალა. მოციქულის სწავლებას რომ საერო სიბრძნის სილამაზე, მჭევრმეტყველება და ხიბლი ჰქონოდა, მაშინ ყველა იფიქრებდა, რომ სწავლის ხელოვნების ძალამ მიიზიდა და მოაქცია ხალხი ქრისტეს რწმენაზე და არა ჯვარცმული ქრისტეს ძალამ; შესაბამისად, ჯვრის ძალასა და მადლს ყველანი არარად ჩათვლიდნენ. ხოლო როდესაც უბრალო ქადაგებას მოისმენდნენ და მორწმუნეთა გამრავლებას დაინახავდნენ, ამით აღიარებდნენ, რომ ქრისტეს რწმენაზე მოქცევა ჯვარცმული ქრისტეს ძალის და მადლის დამსახურებაა.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

ნუ გაგიკვირდება, მთელი მსოფლიო გამოსყიდული რომ არის, რადგან ის, ვინც მისთვის მოკვდა, უბრალო კაცი კი არა, მხოლოდშობილი ძე ღმრთისა იყო. ერთი კაცის ცოდვამ შეძლო, მთელი მსოფლიოსათვის სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ თუკი ერთი კაცის „შეცოდებით“ (რომ. 5:17) სამყაროში სიკვდილი გაბატონდა, მაშინ განა უფრო სამართლიანი არ იქნება ღმერთკაცის სიმართლით სიცოცხლის გამეფება? და თუ მაშინ ხის ნაყოფის შეჭმის გამო ადამიანები გამოძევებულ იქნენ სამოთხიდან, ახლა განა უფრო იოლად არ შევლენ მორწმუნენი სამოთხეში ხის ჯვარზე გაკრული ქრისტეს მეშვეობით? თუკი მიწიდან პირველქმნილმა მთელს მსოფლიოში სიკვდილი შემოიტანა, ნუთუ მიწიდან მის შემქმნელს მარადიული ცხოვრების ბოძება არ ძალუძს, როცა თავადაა ცხოვრება? თუკი ფინეზმა  გარყვნილებაში მხილებული კაცის მოკვლით ღვთის რისხვა შეაჩერა (რიცხ. 25;8), ნუთუ იესოს, რომელმაც სხვა კი არ მოკლა, არამედ საკუთარი თავი შესწირა გამოსასყიდად, არ შეუძლია ადამიანთა მიმართ ღვთის რისხვის დაცხრომა (1 ტიმ. 2:6)? და ნუ შეგვრცხვება მაცხოვრის ჯვრისა, პირიქით – ვიქადოთ, ვინაიდან ჯვრის სიტყვა საცდურია იუდეველთათვის, სიშლეგეა წარმართათვის (1 კორ. 1:23), ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა, რამეთუ ჩენთვის მომკვდარი არ იყო უბრალო ადამიანი, როგორც ნათქვამია, არამედ – ძე ღმრთისა და ხორცშესხმული ღმერთი. გარდა ამისა, თუკი მოსეს დროს შესაწირ ტარიგს შეეძლო, შემმუსვრელი ანგელოზის განრიდება (გამოს. 12:23), მაშინ ღვთის ტარიგს, ამა ქვეყნის ცოდვების მტვირთველს, განა უფრო მეტად არ შეუძლია ცოდვებისგან გათავისუფლება (ინ. 1:29)? თუკი უტყვი კრავის სისხლს გადარჩენა მოჰქონდა, ნუთუ მხოლოდშობილის სისხლი უფრო მეტად არ გვიხსნის? თუ ვინმეს არ სწამს ჯვარცმულის ძალისა, მაშინ ჰკითხოს ბოროტ სულებს; ვისაც არ სწამს სიტყვებისა, იწამოს თვალით ხილული: ამქვეყნად ბევრი ყოფილა ჯვარცმული, მაგრამ ბოროტ სულებს არცერთი მათგანის შიში არ ჰქონიათ, რადგან ისინი საკუთარი ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ, იესო კი სხვისი ცოდვებისთვის ევნო, რამეთუ არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა.., ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ჯვარზე (1 პეტ. 2:22-24).

          წმინდა მღვდელთმთავარი კირილე იერუსალიმელი        

    

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 14:14-22

 

გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.

სახარებაში ასონიშანთან ყოველთვის სულია შეერთებული. და რაც ერთი შეხედვით, თითქოსდა, ცივი გვეჩვენება, შეხებისთანავე  მხურვალე აღმოჩნდება ხოლმე. უფალი უდაბნოში იყო; მას ხალხის სიმრავლე მიჰყვებოდა – ადამიანები საკუთარ სახლს ტოვებდნენ, ე. ი. ძველ ზნე-ჩვეულებებსა და სწავლებებს. იესო კი თავისი გამოსვლით აჩვენებს, რომ ხალხს თუმც ჰქონდა მისკენ სვლის სურვილი, მაგრამ ბოლომდე მისვლის ძალა არ გააჩნდა. ამიტომ მაცხოვარი თავად გამოდის და გზაში ეგებება, როგორც მამა „უძღები შვილის“ შესახებ იგავში თავის მონანულ ძეს. იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი, – სრულყოფილ რწმენას ყოველთვის ჯილდო მოჰყვება.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

 

ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.

მოდით, ყურადღებით გამოვიკვლიოთ, რას ნიშნავს: გაუშვი? ქრისტეს ეშმაკეულები და ავადმყოფები მისდევდნენ; პირველები, ბოროტი სულებით შეპყრობილნი, გათავისუფლებას შესთხოვდნენ, მეორენი – ავადმყოფობისგან განკურნებას. ამრიგად, რადგანაც მოწაფეებმა იცოდნენ, რომ უფალს მყისიერად შეეძლო ამ გამწარებულ მთხოვნელთა სურვილი შეესრულებინა, ეუბნებიან მას: გაუშვი. ეს იქ შეკრებილი ადამიანებისადმი ზრუნვითაა ნათქვამი, რადგან მალე უნდა დაღამებულიყო. ისინი თითქოსდა, უკვე სამწყემსო მეცნიერებაში იწვრთნებოდნენ და ხალხზე ზრუნვას იწყებდნენ.

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი

 

მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.

ვისწავლოთ ეს სიტყვები და ყოველ ჯერზე, როგორც კი მტერი დაგვიწყებს შთაგონებას, რომ მთხოვნელი უარით გავისტუმროთ, საკუთარ თავს უფლის სახელით ვუთხრათ:  არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი, და მივცეთ, რისი საშუალებაც გვექნება. მტერი ბევრს ცდილობს, ქველმოქმედების სურვილი მოგვისპოს; შთაგვაგონებს, რომ იქნებ არ ღირდეს ამა თუ იმ პირისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ აი, უფალი არ განასხვავებს მასთან მისულთა ღირსებებს – ყველას ერთნაირად აპურებს; თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შორის ყველა არ იყო ერთნაირად მისი ერთგული. შესაძლოა, ზოგი მათგანი შემდგომში ყვიროდა კიდეც: „ჯვარს აცვი იგი“. ასეთია ჩვენთან მიმართებით ღვთის ზოგადი განგებულება: თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც (მთ. 5:45).

მაშ, ვილოცოთ, რომ უფალი დაგვეხმაროს, რათა ჩვენც გავხდეთ თანდათან ისეთი გულმოწყალენი, როგორიც ჩვენი ზეციერი მამაა.

წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული

 

ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?

ნუთუ იესომ არ იცოდა, რომ არაფერი გააჩნდათ? ნუთუ, ვინც მათ აზრებს კითხულობდა, არ იცოდა, რომ მოწაფეებს მხოლოდ მცირეოდენი საჭმელი ჰქონდათ? ამის ახსნა ჩვენ სახე-ნიმუშების) საშუალებით გვმართებს. მოციქულებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ იმის მადლი მიცემული, რომ მიეღოთ და დაერიგებინათ ზეციური პური მარადიული ცხოვრების ტრაპეზისათვის, მაგრამ მათი პასუხი მაინც სულიერ განმარტებას მოითხოვს. ამრიგად, მოციქულებმა უფალს უპასუხეს, რომ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდათ, რაც ნიშნავს, რომ აქამდე ისინი ხუთ პურზე იყვნენ დამოკიდებულნი – რჯულის ხუთ წიგნზე, და ორი თევზით იკვებებოდნენ – ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა და იოანე ნათლისმცემლის ქადაგებებით; რჯულის საქმეები ცხოვრებას იძლეოდა, როგორც პური; ხოლო იოანესა და წინასწარმეტყველების ქადაგებებმა წყლის ძალით აღადგინა მარადიული ცხოვრების იმედი. სწორედ ეს შესთავაზეს მოციქულებმა თავიდან, რადგან მაშინ მათ ასე ესმოდათ. აქ ნაჩვენებია, თუ როგორ იწყებენ ისინი სახარების ქადაგებას, როგორ იქცევა თავიდან მცირე მომავალში უზარმაზარ ძალად.

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.

და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.

მომიტანეთ აქ პურები ­ – თუმცა გვიანია, მაგრამ მე დროის შემოქმედი ვარ; თუმცა ადგილი უდაბნოა, მაგრამ მე ყველას მასაზრდოებელი ვარ. აქედან ვისწავლოთ, რომ თუნდაც ცოტაოდენს ვფლობდეთ, ის მაინც სტუმართმოყვარეობას უნდა მოვახმაროთ, რადგან მოციქულებმაც ის მცირედი, რაც ჰქონდათ, ხალხს უწილადეს; და  როგორც მაშინ მათი მცირედი საზრდო გამრავლდა, ისე შენიც გამრავლდება.

უფალი განალაგებს ხალხს მდელოზე, რითაც უბრალოებას გვასწავლის, რათა არც შენ განისვენო ძვირფას სარეცლებსა და ხალიჩებზე. ის ზეცად აღაპყრობს მზერას და აკურთხებს პურს, შესაძლოა, იმიტომ, რომ ირწმუნონ: ის არ არის ღვთის მოწინააღმდეგე, იგი მოვიდა მამისგან და მოვიდა ზეციდან; იგი იმისთვისაც  მოვიდა, რომ გვასწავლოს შემდეგი: ტრაპეზის წინ უნდა ვილოცოთ და ბოძებული საზრდელისთვის ღმერთს მადლობა აღვუვლინოთ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.

 

ყველამ ჭამა და გაძღა. მანამდე უფალმა ხალხი სულიერი საკვებით დაანაყრა, ანუ სწავლებით, – როგორც ნათქვამია, – და ღვთის სასუფეველზე საუბრით; ახლა კი ის მატ ხორციელადაც ანაყრებს. ამასთან, ბევრ სხვა რამესაც ასწავლის: დასხდომით – სიმდაბლეს; იმით, რომ პურისა და თევზის მეტი არაფერი შესთავაზა, – თავშეკავებას; ყველა იქ მყოფზე განაწილებით – თანასწორობას.

ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. ქრისტეს მიერ დატეხილი პურები მოწაფეების ხელში გამრავლდა. გაუგონარი სასწაულია! პური ყველას ეყო და უხვადაც დარჩა; ნარჩენებით თორმეტი კალათი გაავსეს, რათა თორმეტ მოციქულს ეს თორმეტი კალათი ქედზე შემოედგა და ასეთი სასწაულის მსახურები და მოწმეები არა მხოლოდ მათი ხელები, არამედ მხრებიც ყოფილიყო.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

 

ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.

ხუთიათასი – ეს ხუთი გრძნობაა, რომლებიც დაზიანებულ მდგომარეობაშია და ხუთი პურით იკურნება. ვინაიდან ხუთი გრძნობა იყო დაავადებული, ამიტომ რამდენი ჭრილობაცაა, სალბუნიც იმდენივეა. ორი თევზი – ეს მეთევზეთა სიტყვებია: ერთი თევზი სახარებას ნიშნავს, მეორე – მოციქულს. თუმცა ზოგიერთები ხუთ პურში მოსეს ხუთწიგნეულს მოიაზრებს, ესენია: შესაქმე, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული. თორმეტი კალათი აიღეს და წაიღეს მოციქულებმა. ე. ი. ის, რაც ჩვენ, უბრალო ადამიანებმა, ვერ შევძელით შეგვეჭამა ანუ გაგვეგო, ის იტყვირთეს და დაიტიეს მოციქულებმა.

ქალებისა და ბავშვების გარდა. ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს რამე ბავშვური ან დედაკაცური და არავაჟკაცური.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

მოწაფეებს არ სურდათ უფალთან განშორება, მაგრამ მან აიძულა ისინი, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა იმ საბაბით, რომ ხალხი მას თავად უნდა გაესტუმრებინა. სინამდვილეში კი იმიტომ, რომ მისგან მოშორებით მყოფ მოწაფეებს საშუალება მისცემოდათ, გულდასმით გამოეკვლიათ კალათებში ჩალაგებული პურის ნატეხები და დამოუკიდებლად დარწმუნებულიყვნენ, რომ სასწაული მოჩვენებითად კი არა, ნამდვილად აღსრულდა; ამიტომაც დარჩა დიდი რაოდენობის პური. მოწაფეები სხვებზე მეტად უნდა დარწმუნებულიყვნენ ამაში, როგორც ყოველთა მოძღვარნი, რომელთაც მთელი მსოფლიო უნდა მოევლოთ. ეს ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უბრძანა მათ, მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ქრისტეს სურდა, – როგორც ამას ახლა განვმარტავთ, – მარტო ასულიყო მთაზე. ამით გვასწავლის, რომ ყოველთვის არც ხალხთან ყოფნაა საჭირო, და არც – განშორება, ერთიც და მეორეც დროული და სარგებლის მომტანი უნდა იყოს. ამიტომ ზოგჯერ ჩვენც უნდა დავტოვოთ ქალაქი თავისი გასართობებით და გავყვეთ ქრისტეს უდაბნოში, ანუ სიწყნარესა და სიმყუდროვეში, და ვიყოთ იქ მასთან ერთად, ვისწავლოთ ყველაფერი, რაც ცხონებისთვის გვჭირდება და ვნებებისაგან განკრძალვით ღვთის მადლით აღვივსოთ.

სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი