საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან VI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

5 ივლისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
sultmofenobidan-vi-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 25 ივნისი (8 ივლისი), 2018

სულთმოფენობიდან მე-6 კვირიაკე

წირვაზე – რომ. 12:6-14; მთ. 9:1-8.

 

 

  

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 12:6-14 

 

     და რაკი ჩვენთვის მოცებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენის საზომისამებრ იწინასწარმეტყველე,

     მოციქულს არ უთქვამს: გვაქვს მეტი ან ნაკლები ნიჭი, არამედ თქვა – სხვადასხვა. ის ნიჭებს მადლის წყალობას უწოდებს და არა – სათნოებებს, რითაც თავმომწონეებს ამდაბლებს. ის, რაც მიიღე, – ეუბნება მათ, – შენი დამსახურება არ გეგონოს, ეს ღმერთის წყალობაა, მისი მადლით მოგეცა. ამრიგად, ის ქედმაღალთა დასამდაბლებლად ამბობს, რომ რაც ნიჭები აქვთ, ყველა ღმერთის ნაბოძებია და მისგანაა მიმადლებული; ხოლო, მეორე მხრივ, მცონარეთა აღსაძრავად აჩვენებს, რომ ნიჭების მისაღებად ჩვენც ვწირავთ რაღაცას და ეუბნება: რწმენის საზომისამებრ იწინასწარმეტყველე. თუმცა ეს მადლია, მაგრამ უზომოდ კი არა იღვრება, არამედ ისე, რამდენსაც მის მისაღებად გამზადებული რწმენის ჭურჭელი იტევს. რატომ ახსენებს თავიდან წინასწარმეტყველებას? შეიძლება რამე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ბევრი ამ ნიჭით იწონებდა თავს. მაგრამ ისმის კითხვა: თუკი თავს იწონებდა, მაშინ რატომ არ ჩამოართვა ღმერთმა თავის მიერვე მიმადლებული ნიჭი ადამიანთა სასარგებლოდ და ჩვენს შესაგონებლად, რათა არ განვიკითხოთ ნიჭების მფლობელნი მაშინაც კი, როდესაც ისინი სცოდავენ. თუკი მე, – ამბობს ღმერთი, – არ ვართმევ ჩემს მადლს, მაშინ შენ ვინ ხარ, რომელიც ნიჭის მფლობელს აკნინებ?

     თუ მსახურებისა – იმსახურე, თუ მოძღვრობისა – იმოძღვრე,

     თუ მსახურებისა – იმსახურე. ეკლესიაში არსებობს განსაკუთრებული მსახურება და ნიჭი, კერძოდ, შვიდი დიაკვნის მსახურება. თუმცა „მსახურებაში“ აქ ყოველგვარი სულიერი საქმიანობა უნდა ვიგულისხმოთ. რა მსახურებაზეც დაგადგინეს, – ამბობს ის, – ის შეასრულე, მასზე აღმატებულს ნუ ეძებ, სხვების წინაშე ნუ იმედიდურებ და კმაყოფილი იყავი იმით, რაც მოგეცა.

თუ მოძღვრობისა – იმოძღვრე. თუკი მსახურებას ზოგადი აზრით მივიღებთ, მაშინ შემდგომში ჩამოთვლილი მისი კერძო სახეებია; ხოლო თუ განსაკუთრებულ (დიაკონურ) მსახურებაზეა საუბარი, მაშინ უნდა შენიშნო, რომ მან თავიდან ახსენა დაბალი, მერე კი მაღალი მსახურება, ანუ მოძღვრება. ამით ის გვასწავლის, რომ არ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც აღმატებულად გვეჩვენება.

თუ შემგონებლისა – შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა – უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა – გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა – სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.

თუ შემგონებლისა – შეაგონე. შეგონებაც მოძღვრობის სახეა, რადგან მოძღვრობა ეწოდება, საერთოდ, მსჯელობას ყოველგვარ საგანზე, შეგონება კი საკუთრივ იმას, როცა ვინმე სიტყვით ამშვიდებს მწუხარებით ან რისხვით აღგზნებულ სულებს. ამრიგად, შემგონებელმა, – ამბობს იგი, – დაე შეაგონოს, აკეთოს თავისი საქმე და ნუ ამპარტავნობს სხვების წინაშე.

თუ მოწყალების გაცემისა – უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა – გულმოდგინედ იწინამძღვრე. მას შემდეგ, რაც დამოძღვრისა და შეგონების შესახებ ილაპარაკა, ანუ იმის შესახებ, რაც სულზე მზრუნველობას ეხება, ახლა მოციქული უკვე ხორციელის შესახებ საუბრობს, რაც საზრუნავის რიგითობით მეორე ადგილს იკავებს. ის „უშურველობას“ უწოდებს გულუხვობას; შესაბამისად, გულუხვად გაცემას ასწავლის, რადგან ვერცერთი სათნოება ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ სათნოებად, თუ ის უჯეროდ აღესრულება. ამიტომ  დარჩნენ ქალწულებიც სასუფევლის კარს მიღმა.  მათ თუმც ზეთი ჰქონდათ, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. ამიტომ  წინამძღვარმაც თავისი მსახურება გულმოდგინედ და თავდაუზოგავად უნდა შეასრულოს. წინამძღვრობა ნიშნავს, სიტყვითა და საქმით დაეხმარო იმას, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს. რადგანაც უკვე ითქვა ქონების დარიგებაზე, ქონებით მდიდარი კი ყველა არ არის, ამიტომ დასძენს: სხვა სახით იყავი წინამძღვარი და გაჭირვებულთ გულმოდგინედ დაეხმარე.

თუ ქველმოქმედისა – სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.

მოციქულმა ზემოთ თქვა, რომ უნდა გასცე უშურველად, ანუ გულუხვად. ბევრი თუმც ბევრს გასცემს, მაგრამ იძულებით და მწუხარებით, ამიტომ ასწავლის, რომ  ქველმოქმედება გულუხვად, სიამოვნებითა და სიხარულით უნდა აღსრულდეს. უნდა გიხაროდეს, რომ მცირე საფასურად ზეციურ მოქალაქეობას იღებ. მაშ, გააცნობიერე, თუ რა განსხვავებაა მოწყალების გამცემსა და ქველმოქმედს შორის. გასცემს ის, ვინც მოწყალებას სხვისგან მიღებულიდან არიგებს, ქველმოქმედი კი საკუთარი ქონებიდან.

დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.

ის აჩვენებს, როგორ დასრულდება ყველაფერი, რაც ადრე თქვა, და ამბობს: დაე, უორგულო იყოს სიყვარული. ასეთია ჭეშმარიტი სიყვარული, რომლითაც ყველაფერი სრულდება: ქვემოქმედი სიამოვნებით ასრულებსკეთილ საქმეებს,  ის სიხარულს ანიჭებს როგორც საკუთარ თავს, ისე მოყვასს; წინამძღვარი გულმოდგინებით წინამძღვრობს, რადგან მოყვასისათვის ისე იღვწის, როგორც საკუთარი თავისთვის და ა.შ.

განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. მან ზემოთ ისაუბრა სიყვარულზე, მაგრამ ვინაიდან სიყვარული ზოგჯერ საზიანოა, მაგალითად, როდესაც სიყვარულით შეერთებულნი ავაზაკობას ან სხვა უკეთურებას სჩადიან, ამიტომ დასძენს: განეშორეთ ბოროტს – გულით შეიძულეთ ბოროტება. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ბოროტებას არ სჩადის, თუმცა ამის სურვილი აქვს. ამიტომაც ამბობს მოციქული: მოვითხოვ, რომ ბოროტება  მთელი გულით შეიძულოთ, რათა გული გაიწმინდოს. განა იმიტომ განმიწესებია ერთმანეთის სიყვარული, – ამბობს ის, – რომ ურთიერთს ცუდ საქმეში შეეწიოთ? პირიქით, მსურს, რომ არა მხოლოდ განერიდოთ ცუდ და შავბნელ საქმეებს, არამედ მათდამი გულის განწყობაც კი არ გქონდეთ. საკმარისი არ არის, განეშორო ბოროტ საქმეებს. მის წილ კეთილ საქმეს უნდა მიეწებო, ე. ი. უნდა შეიყვარო იგი. სწორედ ამ აზრით თქვა ღმერთმა, როცა მამაკაცი და დედაკაცი შეაერთა: მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს (დაბ. 2:24).

ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.

ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული გასწავლეთ, – ეუბნება მოციქული მათ, – ამიტომ თქვენთვის ამ მცნების შესრულება სრულიად ბუნებრივია, რადგან ერთი დედის წიაღიდან – ნათლისღების საბანელიდან – შობილი ძმები ხართ. მაშასადამე, მარტო ამისთვისაც ვალდებულნი ხართ, ერთმანეთი გიყვარდეთ. ძმობის ნიშანი და გამოვლენა მეგობრობაა, მეგობრობა კი ძმური სიყვარულით იწყება და მტკიცდება.

ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. მოციქული ასწავლის, თუ როგორ შეინარჩუნონ ძმური სიყვარული, ეს ხდება ურთიერთპატივისცემით. ასწრებდეთ, ე. ი. კ ნუ ელოდებით, არამედ ეცადეთ, ერთმანეთს დაასწროთ პატივის მიგება.

 

     გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. 

    გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ. ზოგიერთებს, თითქოსდა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული აქვთ, მაგრამ დახმარების ხელს ერთმანეთს არ უწვდიან. ამიტომ იგი ერთმანეთზე ზრუნვასა და საქმით დახმარებას ასწავლის.

    სულით მდუღარენი იყავით. შეიძლება ვინმე შემოედავოს: როგორ შეგვიძლია გულმოდგინებამ არ  დაგვასუსტოს, არ გავზარმაცდეთ? შეძლებთ, – უპასუხებს ის მათ, – თუკი სულით მდუღარენი იქნებით, ანუ იქნებით გულმოდგინენი და მოშურნენი. ყურადღება მიაქციე:  „სულით მდუღარენი“ ნათქვამია მას შემდეგ, რაც მოციქულმა მრავალი სათნოება ჩამოთვალა. ეს ნიშნავს, რომ ვინც ზემოთ ჩამოთვლილი შეასრულა, ის სულიწმიდას იზიდავს და მისი ცეცხლით ხურდება.

    ჰმონებდეთ უფალს. როდესაც  ძმა გიყვარს და ამ სიყვარულთან ერთად სხვა სათნოებებიც გაქვს, რომელთა შესახებაც მოციქულმა მანამდე ისაუბრა, მაშინ ემსახურები უფალს, რადგან იგი საკუთარ მომსახურებად იღებს ყოველივე იმას, რასაც ძმას უკეთებ.

     გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას – მოუღლელნი.

    გიხაროდეთ სასოებით. რასაც მოციქული ითხოვს, ეს დიდი და ძნელი საქმეა, ამიტომ ასწავლის, თუ როგორ შეიძლება მისი ადვილად შესრულება; ის  სასოებისკენ მოუწოდებს. სასოება კი საშიშროების შემთხვევაში გულს ახოვანებასა და სიმამაცეს სძენს.

     მომთმენნი იყავით ჭირში. სასოება მომავალს ეხება, მაგრამ, – ეუბნება მათ, – ახლაც შეგიძლია მისგან დიდი სიკეთე მიიღო, რადგან მწუხარებისას ის მოთმინებითა და გამოცდილებით გამდიდრებს.

     ხოლო ლოცვისას – მოუღლელნი. ეს – ლოცვას ვგულისხმობ – უდიდესი დახმარებაა ყოველივე ზემოთქმულის შესასრულებლად. მას არ უთქვამს უბრალოდ: „ილოცეთ“, არამედ: „ლოცვაში მოუღლელნი იყავით“. თუ მაშინვე არაფერს მიიღებ, მაინც ილოცე მოუკლებლად და სასურველს აუცილებლად მოიპოვებ.

 

     ეზიარეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.

     ეზიარეთ წმიდათა გასაჭირს. ზემოთ თქვა: სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე, – საერთოდ, ყველას ხელი გაუშალე. ახლა კი მორწმუნეთა შეწევნას ასწავლის და მათ „წმინდანებს“ უწოდებს. მას არ უთქვამს: „დაეხმარეთ მათ გასაჭირში“, არამედ თქვა: „ეზიარეთ, მიიღეთ მონაწილეობა მათ გასაჭირში“. ამით ის აჩვენებს, რომ შეწევნა არის სყიდვა და საერთო სარგებელი, ვინაიდან შენ მათ ფულით ეხმარები, ისინი კი ზეციდან მოგაგებენ. არ უთქვამს, ასევე: „ეზიარეთ წმინდანთა კეთილდეობას“, არამედ – „წმინდანთა გასაჭირს“. როგორ არ არიან სასტიკნი და მხეცის მსგავსნი ისინი, ვინც წმინდანებს აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში არ ეხმარებიან?

     მოციქულს არ უთქვამს: „გიყვარდეთ სტუმრები“, არამედ: სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. ამით გვასწავლის, რომ არ უნდა დაველოდოთ, სანამ დახმარებისთვის ჩვენთან მოვლენ, არამედ თავად უნდა გავრბოდეთ მათკენ და ვეწეოდეთ მათ, როგორც აბრაამი და ლოთი.

 

     აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.

     ძმათმოყვარეობისა და თავისიანების სიყვარულის შემდეგ, იგი ბოლოსდაბოლოს გვთავაზობს შეგონებას იმის შესახებ, თუ როგორ მოვექცეთ მტრებს. მას არ უთქვამს: „წყენა არ დაიმახსოვროთ, შური არ იძიოთ“, არამედ, რაც უფრო აღმატებულია, ის თქვა: აკურთხეთ, და დასძინა: ნუკი სწყევლით, არამედ მხოლოდ აკურთხეთ. როცა ვინმეს ქრისტესთვის დევნიან, ის კი ამ დროს თავის მდევნელებს აკურთხებს, ამით ამჟღავნებს, რომ საყვარელი უფლისთვის ყოველივეს სიხარულით ითმენს; ხოლო ვინც წყევლის, ის აჩვენებს, რომ არ უხარია, რაც ნიშნავს, რომ არ უყვარს უფალი, ვისთვისაც მას სდევნიან.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 9:1-8.

 

     მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.

     ღმერთკაცმა დატოვა გერგესეველთა მხარე და კაპერნაუმში მივიდა. ამას მარკოზ მახარებელიც ადასტურებს, როცა ამბობს: რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში (მარკ. 2:1). წმინდა მათემ მას ქრისტეს ქალაქი უწოდა, თუმცა უფალი ბეთლემში იშვა და ნაზარეთში გაიზარდა, მაგრამ კაპერნაუმში დაემკვიდრა (მთ. 4:13).

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

   

და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.

     დავრდომილი წარმოადგენს მთელ წარმართულ სამყაროს, რომელიც განკურნებას საჭიროებს. დავაკვირდეთ, როგორი სიტყვებით აღესრულა დავრდომილის განკურნება. უფალს მისთვის არ უთქვამს: „იყავი ჯანმრთელი“ ან „ადექი და წადი“, არამედ: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები! ადამის ერთ შთამომავალში ცოდვები ყველა ადამიანს მიეტევება. ამრიგად, ნაჩვენებია, რომ იგი იკურნება მომსახურე  ანგელოზების მიერ და იწოდება შვილად,  რადგან არის ღვთის უმაღლესი ქმნილება და გულმოწყალედ მიეტევება პირველქმნილი ცოდვა. არ ვეთანხმებით აზრს, რომ თითქოს დავრდომილმა რამე შესცოდა; და მართლაც, სხვა ადგილას უფალი ამბობს, რომ ბრმადშობილობა არ ყოფილა პირადი ან მემკვიდრეობითი ცოდვის შედეგი.

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

    

ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.

     წინასწარმეტყველებთან ვკითხულობთ, რომ უფალი ამბობს: მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი“ (ეს. 43:25). ამგვარად, მწიგნობრები უფალს ბრალს სდებენ ღვთის გმობაში, რადგან ღვთის სიტყვა არ ესმოდათ და იგი ჩვეულებრივ კაცად მიაჩნდათ.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

    

ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?

    ის  აქ აჩვენებს თავისი ღმრთეებრიობისა და მამასთან თანასწორობის სხვა ეჭვშეურევნელ ნიშანს, კერძოდ: მათი გულის ზრახვების ცოდნას, რაც, ასევე, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისთვის იყო დამახასიათებელი, რამეთუ წმინდა წერილში ვკითხულობთ: მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული (2 ნეშ. 6:30), და კვლავ: მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი (გამოცხ. 2:23), და სხვა ადგილას: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფ. 16:7).  რადგანაც მათ ის ნიშანი არ მიიღეს, იმიტომ, რომ შეუძლებლად ეჩვენებოდათ, ახლა ეს უტყუარი  ნიშანი მისცა, რომლის მეშვეობით წინასაც ამტკიცებს. ის თითქოსდა ასე ამბობს: მართლაც, არავის ძალუძს ცოდვების მიტევება გარდა იმისა, ვინც ადამიანთა ზრახვებს ხედავს.

     რა უფრო ადვილია: ამის თქმამოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისააღდეგ და წადი?

     თქვენ ფიქრობთ, – ეუბნება ის მათ, – რომ მე ღმერთს ვგმობ, რადგან ცოდვებს მივუტევებ და ამით მის თანასწორად ვაცხადებ თავს, მაგრამ მითხარით, რომელი სიტყვები უფრო ადვილია შესასრულებელად – მოგეტევოს შენი ცოდვები  თუ აღდეგ და წადი?  ერთიც და მეორეც ღმერთისთვის იყო შესაძლებელი, ადამინისთვის კი – არა. ცოდვების მიტევებაც ღმერთის თვისებებს მიეკუთვნება, ისევე, როგორც მხოლოდ მის ხელმწიფებაშია დავრდომილის აღდგენა და განმტკიცება.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

    

ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ხელმწიფება აქვს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – ასე უთხრა დავრდომილს – აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

     ცოდვების მიტევება უხილავად ხდება, დავრდომილის განკურნება კი ყველამ საკუთარი თვალით იხილა. ყოვლადძლიერი იესო ამტკიცებს თავის ღმრთებრივ და უხილავ ხელმწიფებას: მას შეუძლია, მიუტეოს დავრდომილს ცოდვები ხილული და გრძნობადი განკურნებით. ხილული სასწაულის აღსრულებით იგი დავრდომილს უხილავ საბოძვარს უგზავნის. უფალმა თავი დაიმდაბლა და სიტყვა მესამე პირში გამოხატა, – მან    საკუთარ თავს ძე კაცისა უწოდა, რადგან იშვა წმინდა ქალწულისგან, ადამის ასულისგან. რათა იცოდეთ, – ამბობს იგი, – რომ ძეს კაცისას ხელმწიფება აქვს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – აი, როგორი მტკიცებულება წარმოვადგინე თქვენ თვალწინ! მაშინ მიმართა დავრდომილს: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. უპირველესად, ყურადღება მიაქციე იმას, რომ მას არ უთქვამს: „ხელმწიფება მიიღო“ ან „ხელმწიფება მიეცა“, არამედ: ხელმწიფება აქვს, რადგან მას ბუნებითად ჰქონდა ასეთი ხელმწიფება, როგორც ბუნებით ღმერთს, ერთარსს მამისას. გარდა ამისა, სიტყვები: ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, აჩვენებს, რომ მხოლოდ ამ ცხოვრებაში მიეტევება ადამიანს, და არა მომავალში – საშინელი სამსჯავროსა და მისაგებლის შემდეგ.  ნიშანდობლივია ისიც, რომ ის ადამიანების მხრიდან შექების თავიდან ასარიდებლად უბრძანებს განკურნებულს, რომ სახლში წავიდეს: აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

     ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.

    ასევეა დავრდომილი სულიც, თუკი აღდგება, თუკი თავის ძველებურ ძალას მიიღებს, მაშინ აიღებს საკუთარ სარეცელს, რომელზეც მანამდე განრღვეული იწვა და შეიტანს მას სათნოებების სახლში.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

     ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.

     უამრავი ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს; ყველანი განცვიფრდნენ და ღმერთი განადიდეს, მაგრამ არაჯეროვნად; მათ არ განადიდეს იესო ქრისტე როგორც ღმერთი და როგორც თავისი ღმრთეებრივი ძალით სასწაულის აღმსრულებელი. მათ განადიდეს ღმერთი, რომელმაც, მათი აზრით, მას სასწაულის ძალა მისცა; მათ უფალი იესო ქრისტე სასწაულთმოქმედ კაცად ჩათვალეს. ხალხი ადიდებდა ღმერთს, – წერს მახარებელი, – რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს, ანუ ადიდებდა იესო ქრისტეს, რათა დავრდომილი სარეცლიდან აღედგინა და განეკურნა. ასეთი რწმენა არასრულყოფილია. შესაძლოა, შემდგომში ამ რწმენამ უხელმძღვანელა მათ იმის რწმენისკენ, რომ იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი