საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან IX კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

27 ივლისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
sultmofenobidan-ix-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

16 (29) ივლისი), 2018

სულთმოფენობიდან მე-9 კვირიაკე

წირვაზე – 1 კორ. 3:9-17; მთ. 14:22-34

 

წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 3:9-17  

ჩვენა ვართ ღვთის თანამუშაკნი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.

ჩვენა ვართ ღვთის თანამუშაკნი. ჩვენ, მოძღვრები, ღვთის თანამუშაკნი ვართ – მისი თანაშემწენი ადამიანთა ცხონების საქმეში და არა ცხონების მიზეზნი ან მბოძებელნი. ამიტომ არც სიძულვილით უნდა გვიყუროთ, რადგან ღვთის თანამშრომელნი ვართ, არც ჩვენით იქადოთ, რადგან ყველანი ღვთისანი ვართ.

თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ. ზემოთ თქვა: „მე დავრგე“; ახლა შედარებას განაგრძობს და მათ „ნამუშაკევს“ უწოდებს. თუ თქვენ ნამუშაკევნი და ნაშენნი ხართ, მაშინ მეუფის სახელით უნდა იწოდებოდეთ და არა მიწისმოქმედად ან მაშენებლად, და როგორც პურის ყანა ისე უნდა იყოთ ერთაზროვნების კედლით შემოზღუდულნი, ხოლო როგორც შენობი ნაწილებს  ერთმანეთთან ერთობა უნდა გქონდეთ და არა პირუკუ.


მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.

მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე. პავლე საკუთარ თავს ბრძენ ხუროთმოძღვარს უწოდებს, მაგრამ არა ქედმაღლობით, არამედ სურს, აჩვენოს, რომ ბრძენ ხუროთმოძღვარს ახასიათებს ასეთი საძირკვლის დადება, – რომელიც არის ქრისტე. ხოლო ეს რომ მართლაც ქედმაღლობით არ უთქვამს, შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, ე. ი. ჩემი სიბრძნე ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის მადლმოსილი საბოძვარია.

სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს. ზემოთ ის ერთობის შესახებ ესაუბრებოდა, ახლა ცხოვრების წესზე ლაპარაკობს და თითოეული ადამიანის საქმეს მშენებლობას უწოდებს.

რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.

ვერ დადებს, სანამ იგი ბრძენი მშენებელია; ხოლო ვინც ბრძენი არ არის, შეუძლია, სხვა საძირკევლი დადოს, რომლიდანაც წარმოიშობა სხადასხვა მწვალებლობა. თქვენ, კორინთელებო, ერთი საძირკველი გყავთ – ქრისტე, ამიტომ უნდა აშენოთ ამ საძირკველზე სათნოებანი და არა ის, რაც დავასა და შურს მოჰყვება.  


ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას

მას შემდეგ, რაც რწმენის საძირკველი მივიღეთ, თითოეული ჩვენგანი მასზე აშენებს: ერთნი კეთილ საქმეებს აშენებენ, ზოგი – მეტს, ზოგი – ნაკლებს. კეთილი საქმეები სხვადასხვაა. მაგალითად, ქალწულობა ოქროა, პატიოსანი ქორწინება – ვერცხლი, უპოვარება –ძვირფასი ქვები, წყალობის გაღება სიმდიდრისას – ეს უკვე ნაკლებფასიანი საქმეა. სხვები ცუდ საქმეებს აშენებენ, რომელნიც ასევე სხვადასხვა ხარისხისაა. ის საქმეები, ადვილად რომ შეიძლება დაიწვას, თივად და ჩალად იწოდებიან, ასეთებია: უწმინდურება, კერპთაყვანისმცემლობა, მომხვეჭელობა; ხოლო არც ისე ადვილად რომ არ იწვება  – შეშაა, ასეთებია: ლოთობა, ოხუნჯობა და მისთანები. თუმცა ზოგიერთებს პირიქით ესმით: პირველ საქმეებს შეშას უწოდებენ, უკანასკნელებს – თივასა და ჩალას.  

თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.

„დღეს“ უწოდებს სამსჯავროს დღეს. ცეცხლში, – ამბობს შემდეგ, –  მჟღავნდება, თუ როგორია საკუთრივ საქმეები, ოქროს თუ სხვა რამ შემადგენლობის.

ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.

თუ ვერცხლი ან ოქრო გაქვს, მაშინ შენი საქმე გადარჩება და ჯილდოს მიიღებ.

ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.

ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თუ შენ ჩალა და მისთანები გაქვს, მაშინ შენი საქმე ცეცხლის ძალას ვერ გაუძლებს და გამომჟღავნდება მისი სიცუდე. ვინმეს რომ ცეცხლოვანი მდინარე  ოქროს აღჭურვილობით გადაელახა, ნაპირზე უფრო ნათელი შესახედაობით გამოვიდოდა; მაგრამ იგივე გზა რომ ვინმე სხვას თივით ხელში გაევლო, იგი არათუ სარგებელს ვერ მიიღებდა, პირიქით, თავს დაიღუპავდა. ასევე მოუვა საქმეებსაც. შესაბამისად, კეთილი საქმეების გარეშე რწმენა სარგებელს ვერ მოიტანს და განისჯება, რადგან, მართალია, აქ საფუძველი ქრისტეა, მაგრამ ქრისტეს მიერ არ აღსრულებული საქმე ცეცხლში დაიფერფლება.

თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს. თვითონ ისე არ დაიღუპება, როგორც მისი საქმეები, ანუ არარაობად არ იქცევა, – გადარჩება, შეინარჩუნებს სიმრთელეს, რათა თავადაც დაიწვას მერე ცეცხლში. ხალხში იმ ხის შესახებ, რომელიც მალე არ იწვის და არ იფერფლება, ჩვეულებრივ, ამბობს, რომ ცეცხლში მთელი რჩება, რადგან ბოლომდე მის დასაწვავად საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ამრიგად, ცოდვილი ზარალდება იმიტომ, რომ ისეთ საქმეებზე ირჯებოდა, რომელთა გამოც იღუპება და მთელი თავისი ძალისხმევა იმას მოახმარა, რასაც ყოფიერება არ გააჩნია და არ არსებობს (ყოველგვარი ბოროტება ობიექტურად არარსებულია), მსგავსად იმისა,  როგორც ვინმეს რომ დიდი თანხის საფასურად ცოცხლის მაგივრად მკვდარი სხეული ეყიდა. თავად ცოდვილი კი გადარჩება, მაგრამ შენარჩუნდება სიმთელეში მარადიული ტანჯვისათვის.

ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

ამ  სიტყვით ის ცოდვილს მიმართავს.  ნახე, როგორი ძალისხმევით უღვიძებს მას სირცხვილის გრძნობას! კერძოდ, ჩვენთვის ბოძებული მადლით, ანუ ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრებით არცხვენს შემცოდებელს, თუმცა სააშკარაოზე არ გამოჰყავს იგი და მხოლოდ ზოგადად საუბრობს. ამასთან, თუკი ჩვენ ღვთის ტაძარნი ვართ, ვართ იმიტომ, რომ ჩვენში სული ცხოვრობს, მაშასადამე, სული ღმერთია.  

ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, ანუ დაღუპავს. ამ სიტყვებით წყევლა კი არა, მომავლის წინასწარმეტყველებაა გადმოცემული.  

რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ. შესაბამისად, მრუში ვერ იქნება წმინდა, რადგან მუშობის შემდეგ ის უკვე აღარ არის ღვთის ტაძარი, რამეთუ გამოაძევა საკუთარი თავისგან მისი განმწმედელი სული. ვინ შეადგენს ამ ტაძარს? თქვენ, თუ სიწმინდეში დაჰყოფთ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

    

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 14:22-34

და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

ამ მოვლენების აზრი რომ დავინახოთ, ამისათვის ისინი მომავალი გამოცხადების დროინდელ მოვლენებს უნდა შევადაროთ.  

საღამოს იესოს განმარტოებითი ყოფნა წინასახეა მისი მარტოობისა ვნების დროს, როცა შიშმა ყველა გაფანტა. ის სთხოვს მოწაფეებს, ჩასხდნენ ნავში და მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდნენ; ამ დროს უფალი თვითონ ხალხს ისტუმრებს და როდესაც ხალხი იშლება, მთაზე ადის. ეს უკვე ამქვეყნად და ეკლესიის შიგნით მისი ყოფნის გამომხატველია: ის ბრძანებს, გააცნონ მისი სახელი მთელს მსოფლიოს, სანამ თავად ბრწყინვალე დიდებით არ დაბრუნდება ისრაელის სახლში ყველა იქ დარჩენილთან, რათა მათ ხსნა და ცოდვების მიტევება მიჰმადლოს. ხალხის გაშვებით უფალი სიმბოლურად აძლევს ადამიანებს ცათა სასუფეველში შესვლის უფლებას. ის ჰმადლობს მამა ღმერთს. ეს წინასახეა მის მიერ თავისი ადგილის მოპოვებისა დიდებითა და ღირსებით.    

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.

მასთან რომ მოწაფეები – პეტრე, იაკობი და იოანე – ყოფილიყვნენ, რომლებმაც მისი ფერისცვალების დიდება იხილეს, მაშინ, შესაძლოა, ისინი მასთან ერთად ასულიყვნენ მთაზე. რაც შეეხება ბრბოს, მას შეუძლია უფალს სიმაღლეზე მხოლოდ მაშინ გაჰყვეს, როცა იგი მათ ზღვის ნაპირზე ასწავლის, ან როცა უდაბნოში აპურებს. სალოცავად მის მარტო წასვლას ნუ მიაწერ იმას, ვინც ღმრთეებრივად ხუთი პურით ხუთი ათასი კაცი დაანაყრა, გარდა ქალებისა და ბავშვებისა, არამედ იმას, ვინც კაცობრივად შეიტყო რა იოანეს სიკვდილი, უდაბნოში გავიდა; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვყოფთ უფლის პიროვნებას, არამედ იმას, რომ მისი საქმეები გაყოფილია ღმერთსა და კაცს შორის.   

ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.

სავსებით საფუძვლიანად მოციქულებმა ერთგვარი დანანებით დატოვეს უფალი, რათა მისი არყოფნის დროს ზღვაზე კატასტროფა არ განეცადათ. მართლაც, სანამ უფალი მთაზე ლოცულობდა, პირქარი ამოვარდა, ზღვა აღელდა და მოციქულები შეშინდნენ, ხოლო კატასტროფის მრისხანე აჩრდილი მათ იქამდე სდევდა, ვიდრე იესო არ გამოეცხადათ.  

და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.

სამხედრო გუშაგები სამსაათიანი მორიგეობით მონაცვლეობდნენ. ამგვარად, როდესაც მახარებელი ამბობს, რომ უფალი მათ ღამის მეოთხე გუშაგობისას გამოეცხადა, ამით აჩვენებს, რომ ისინი მთელი ღამე შიშის ქვეშ იყვნენ, რომ დახმარება ღამის უკანასკნელ მონაკვეთში აღმოეჩინებათ, სხვაგვარად – სამყაროს დასასრულს.  

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.

მოჩვენება არის ის, რაც, მიუხედავად მისი არ არსებობისა, ჭეშმარიტ და ყოფიერების მქონე საგნად გვეჩვენება. მოჩვენება წარმოდგენის ნაყოფია; იგი გრძნობებს აძრწუნებს და მწყობრიდან გამოჰყავს. ებრაელებმა საკუთარი ისტორიიდან იცოდნენ ფარაონის მოგვებისა და საულის მესულთნის (1 მეფ. თავ. 28) ამბავი, და სწამდათ, რომ ასეთი მოჩვენებები ზოგჯერ საზიანოდ ეცხადებიან ადამიანებს ეშმაკის მოქმედებით. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელებს, რომ თვით სატანაც ზოგჯერ ნათლის ანგელოზის სახეს იღებს (2 კორ. 11:14). მოწაფეები ხედავდნენ მაცხოვარს, მაგრამ ვერ იცნეს, – შეიძლება ღამის სიბნელის გამო, ან  აზვირთებული ტალღები ფარავდა მის სახეს, ანაც იმის გამო, რომ ამ უჩვეულო სანახაობისგან შეძრწუნებული სული რეალობას ზუსტად ვერ აღიქვამდა, – და იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავდნენ და ეს ეშმაკის მიერ მათ საზიანოდ და დასახრჩობად მოწყობილ ხრიკად ჩათვალეს. ამიტომ იყო, რომ შიშით შეჰყვირეს. თუმცა რა სიტყვებით შეჰყვირეს, ეს არცერთ მახარებელს არ აღუნიშნავს, მაგრამ ჩანს, რომ ამ ყვირილით ღმერთს უხმობდნენ საშველად; ჩვენც ასე ვიქცევით, როცა რაღაც გვაშინებს – ღმერთს ვუხმობთ.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი


მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

როგორ კი დაინახა, რომ შეშინებულმა მოწაფებმა იგი ვერ იცნეს, იესო  დაუყოვნებლივ გამოელაპარაკა მათ, რათა ხმით ეცნოთ: მე ვარ, ნუ გეშინიათ, – მე ვარ მარადიული ღმერთიც და თქვენთვის უკანასკნელ დროს განკაცებული ადამიანიც, რომელსაც ხედავენ, რომლისაც ესმით და რომლისთვისაც ყველაფერია შესაძლებელი. ამიტომ სხეულით დავდივარ ზღვის ტალღებზე და ამის ძალა, შემიძლია, სხვებსაც მივანიჭო. მართლაც, როდესაც მას პეტრემ უთხრა: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან, – უფალმა უბრძანა და მან ეს შეძლო.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.

მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.

უფლის ხმის გაგონებაზე პეტრეს, ერთი მხრივ, ეჭვი ეპარება, მეორე მხრივ, სწამს მისი და სხვა მოწაფეებზე მეტ სიყვარულს ავლენს. უფალო, – ეუბნება ის მას, – თუ მართლა შენა ხარ, – ეს უკვე ეჭვია; ის არ იყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად იესო ქრისტეს ხედავდა და უსმენდა. მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან, – ეს რწმენაა; მას სწამდა, რომ ქრისტეს ბრძანებით შეეძლო, ზღვაზე გაევლო. ეს, ამავე დროს, მის სიყვარულსაც ამტკიცებს: სურს, დააჩქაროს მასთან შეხვედრა, მიუახლოვდეს, ეამბოროს და თაყვანი სცეს. ასეთი საქმე სიყვარულის საქმეა: შეეგებოს, დაასწროს, მიეახლოს. როგორც კი ყოვლისშემძლემ უბრძანა, პეტრე მაშინვე გადავიდა ნავიდან და მისი მიმართულებით ზღვაზე სვლა დაიწყო. ერთ სასწაულს მეორე მოჰყვა – პირველზე უფრო გასაოცარი, რადგან არა მხოლოდ ზღვის შემოქმედი და უფალი, არამედ მონაც – მისი ბრძანების ძალით – ისე დადის ზღვაზე, როგორც ხმელეთზე.   

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!

„სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური“ (მთ. 26:41). პეტრეს სულის სიმხნევემ მისი გულიდან ყოველგვარი შიში განდევნა. ამიტომ უშიშრად გადმოვიდა ნავიდან, ზღვაზე ფეხი დაადგა და სვლა დაიწყო. მაგრამ როდესაც ქარი გაძლიერდა, ჩაძირვა დაიწყო, რადგან შეშინდა: ხორციელმა უძლურებამ სძლია სულიერ სიმხნევეს. ასეთია ადამიანის ბუნება, ხშირად დიდ საქმეს აკეთებს, მცირესი კი ეშინია და ეჭვობს. ზღვაზე დადის და არაფრის ეშინია, მაგრამ ქარის შეეშინდა. რაღაც ამის მსგავსი განიცადა ელიამ, რომელმაც მრავალი სასწაული უშიშრად აღასრულა, მაგრამ მერე იაზაბელის მუქარამ შეაშინა (3 მეფ. 19:3); ასევე – მოსემ: ეგვიპტელის მოკვლისა არ შეეშინდა, მაგრამ ებრაელის სიტყვებმა იგი შეაშინა (გამოს. 2:14); ასე ემართება ზოგიერთ ღვთისმოშიშ ადამიანსაც: დიდი მოშურნეობით, ისე, რომ არ ეშინია არანაირი განსაცდელისა და გაჭირვებისა, ადგება სათნოების გზას, გზას უფლისკენ, მაგრამ  საკმარისია, მცირე განსაცდელს ან რამე ხიფათს შეეყაროს, რომ მაშინვე გაურკვევლობა ეუფლება, შიში იპყრობს და უკან იხევს. თუმცა მსგავს ვითარებაში პეტრემ ნათელი მაგალითი გვიჩვენა – შეშინდა, დაეჭვდა, მაგრამ უკან არ დაუხევია, არც სასოწარკვეთილებას მისცემია, არამედ ხმამალა შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! ამიტომაც მიიღო ხსნა.

მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?

მსწრაფლშემწევნელია მრავალმოწყალე ღმერთი; ის არ აყოვნებს, მყისვე ხელს უწვდის პეტრეს და წყლიდან ამოყავს. ისიც კვლავ უშიშრად და დაუეჭვებლად იმართება წელში და ზღვაზე სიარულს განაგრძობს. ეს ჩვენთვის გაკვეთილია: თუკი ჩვენც, როცა რაიმე უბედურებაში აღმოვჩნდებით, მაშინვე ღმერთს მივმართავთ და პეტრესავით შევღაღადებთ: უფალო, მიხსენ მე! მაშინ ჩვენც გამოგვიწვდის კაცთმოყვარე ღმერთი თავის დამხმარე და მფარველ ხელს და ყოველგვარი გასაჭირისგან გამოგვიხსნის. ამის შემდეგ ჩვენც შევძლებთ ახოვნად და სულგრძელად ვიაროთ სათნოებათა გზაზე. მაგრამ ისმის კითხვა: რატომ არ შერისხა უფალმა ქარი, როგორც ეს სხვა დროს გააკეთა, არამედ პეტრე ამხილა? იმიტომ, რომ ეჩვენებინა: არა ქარმა, არამედ მცირედმორწმუნეობამ და ეჭვმა შეაშინა და ჩაძირა იგი (მთ. 8:26). სანამ პეტრეს მტკიცედ სწამდა, შიშიც გარბოდა მისგან და მის ფეხქვეშ წყალი მყარდებოდა; ხოლო როცა რწმენა მოაკლდა და ეჭვი შეეპარა, მაშინ შიშმაც მოიცვა და წყალმაც მის ფეხქვეშ სიმყარე დაკარგა. შენიშნე: უფალს პეტრესთვის არ უთქვამს: „ურწმუნო ხარ“, არამედ – „მცირედ მორწმუნე“, რადგან მას რწმენა კი არ დაუკარგავს, არამედ შეეჭვდა. რწმენა რომ დაეკარგა, მაშინ არ შეჰღაღადებდა: უფალო, მიხსენ მე!

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.

როგორც კი უფალი ნავზე ავიდა, ქარი მაშინვე ჩადგა და ზღვა დაწყნარდა: როგორც კი მარადიულობის ბრწყინვალება დაბრუნდება, მაშინვე დადგება ეკლესიაში მშვიდობა და განსვენება. ხოლო რადგანაც მისი მოსვლა მაშინ აშკარად გაცხადდება, ამიტომ ყველანი აღფრთოვანებით შესძახებენ: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ; ყველანი, აბსოლუტურად დარწმუნებულნი, ღიად განაცხადებენ, რომ ძე ღმრთისამ აღადგინა მშვიდობა ეკლესიაში,  აღადგინა არა საკუთარი თავის დამდაბლებით, არამედ ზეციური დიდებით.

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.

რატომ მოხდა, რომ როდესაც იესო ქრისტემ „შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი“ (მთ. 8:26-27), მოწაფეებს მხოლოდ გაუკვირდათ, მაგრამ არ აღიარეს იგი როგორც ძე ღვთისა, არ სცეს თაყვანი და ხმამაღლა არ შეჰღაღადეს, რომ იგი ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო? იმიტომ, რომ ეს იმ სასწაულს ბევრად აღემატება. ქარები და ზღვა ბუნებრივად წყნარდება, როდესაც ქარიშხალი გაივლის, ხოლო ორი კაცის სვლა – ქრისტესი და მისივე ბრძანებით – პავლესი, ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია. სწორედ აქედან შეიცნეს მოწაფეებმა, რომ იესო ქრისტე არის ის, რომლის შესახებაც დავითმა იწინასწარმეტყველა: ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა“ (ფს. 76:20), ანუ მათ შეიცნეს, რომ იესო ქრისტე არის ძე ცოცხალი ღმრთისა. ამის შემდეგ იესომ და მისმა მოწაფეემა გადაცურეს ზღვა და გენესარეთის მხარეს მიადგნენ.  

ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.

აქ, თითქოსდა, უთანხმოება ჩანს მახარებლებს შორის: მათე წერს, რომ მიადგნენ გენესარეთის მხარეს, მარკოზის თანახმად კი ქრისტემ აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას“ (მარკ. 6:45), ხოლო იოანესთან ვკითხულობთ: უნდოდათ (იესო) ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ(ინ. 6:21); მაგრამ ნახეთ, ღვთისმეტყველი მოციქულების სიტყვები როგორ არიან ერთმანეთთან თანხმობაში: ნავი, როდესაც მასზე იესო ავიდა და ქარი ჩადგა, ნაპირთან მიცურდა. რომელ ნაპირთან? „საითკენაც მიცურავდნენ“, – წერს იოანე, – ანუ იმ მხარეს, საითკენაც ისწრაფვოდნენ, და რომელიც იყო ბეთსაიდა, – როგორც მარკოზი ამბობს. ამის შემდეგ კი, – მათეს მონათხრობის თანახმად, – გზა განაგრძეს და გენესარეთის მხარეს მიაღწიეს.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი