საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან IV კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

23 ივნისი
sultmofenobidan-iv-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 11 (24) ივნისი, 2018

სულთმოფენობიდან მე-4 კვირიაკე

წირვაზე – რომ. 6:18-23; მთ. 8:5-13.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 6:18-23

 

     ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ.

     თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.

     ორი დიდი სიკეთე გაგიკეთათ ღმერთმა, ­­– ეუბნება პავლე მოციქული რომაელებს, – გაგათავისუფლათ ესოდენ დიდი უპატიობისგან და სიმართლეს დაგამონათ, რაც თქვენთვის უდიდესი პატივია. ამის შემდეგ სურს, უთხრას, რომ ისე ემსახურონ ღმერთს, როგორც აქამდე ცოდვას ემსახურებოდნენ, ამიტომ წინასწარ შენიშნავს: როგორც მსჯელობენ კაცნი, ანუ შედარებისათვის გთავაზობთ თქვენი უძლურების შესაფერის მდარე მაგალითს, – რადგან სულ მალე უნდა ეჩვენებინა ღვთისმსახურების შეუდარებლად მაღალი ხარისხი, ვიდრე ცოდვის მსახურებაა, – და მისი თანაბარმსახურება მაინც წარმოიდგინეთ. ყურადღება მიაქციე, როგორ ნათლად დაანახა ჩვენი ნებაყოფლობითი მონობა შემდეგი სიტყვებით: როგორც დაუმონეთ თქვენი ასოები. თვითონვე იქეცით, – ეუბნება ის მათ, – ტყვეებად და დაემორჩილეთ უწმინდურებას: სიძვას, მრუშობას, სამარცხვინო საქმეებს; და არა მხოლოდ უწმინდურებას, საერთოდ, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ურჯულოებას, თანაც – ურჯულოებისათვის. ეს ნიშნავს: როცა რამე ცოდვას სჩადიოდით, მასზე კი არ ჩერდებოდით, არამედ მასში პოულობდით მიზეზს შემდგომი ურჯულოების ჩასადენად. ასე რომ, ახლა იმავე საზომით დაუმონეთ თქვენი ასოები სიმართლეს ყოველგვარ სათნოებას, რათა უბიწოებასა და სიწმინდეში იცხოვროთ და არა ძველებურად უწმინდურებაში.

     ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.

    კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.

   როდესაც ბიწიერებაში ცხოვრობდით, – ეუბნება ის მათ, – მაშინ სიმართლისგან გაუცხოებული იყავით და არ ემორჩილებოდით მას; ოდნავადაც არ გსურდათ მისი მსახურება და საკუთარ თავს თვითონვე ათავისუფლებდით მისგან. ამიტომ ახლა, როდესაც მის სამსახურში დგებით, ცოდვას ნუღარ დაემორჩილებით;  რას იმკიდით უწმინდური ცხოვრებიდან? არაფერს, გარდა უპატიობისა, და განა მარტო უპატიობას? არამედ, ასევე, მის დასასრულს – სიკვდილს, თანაც ძალიან ხშირად ხორციელ სიკვდილს,  ხოლო სულიერს – ყოველთვის. ახლა კი ქრისტეს მადლით ხართ სიკვდილისგან გამოხსნილნი და არც თქვენი სირცხვილია ამჯერად უსარგებლო, რადგან საკუთარი ცოდვების გრცხვენიათ.

     ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი – საუკუნო სიცოცხლე.

     ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 

     ცოდვების ნაყოფი სირცხვილია; სიმართლის ნაყოფი – კურთხევა, სიწმინდე, უბიწოება. ცოდვების დასასრული სიკვდილია; სიმართლის – მარადიული ცხოვრება. ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. საზღაური ეწოდება მეფისგან მხედრებისთვის გაცემულ გასამრჯელოს. ასევე თქვენც, – ეუბნება ის მათ, – ცოდვის საზღაურს იმკიდით, რაც ნიშნავს, რომ მონობის საზღაური სიკვდილია. ღვთის მადლი. მაცხოვარი კი არ ეუბნება, რომ მოგეცემათ „საზღაური ღვთისგან“, არამედ – „ღვთის მადლი“, რადგან საუკუნო სიცოცხლე მისგან ჯილდოდ ან საზღაურად  არ მიგიღიათ საკუთარი შრომისთვის! ყველაფერი ეს ქრისტეს მადლის წყალობით მოხდა, რამეთუ ყველაფერი მის მიერ აღესრულა.

    

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 8:5-13.

 

    

     ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა:

     უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება.

 ასისთავი უცხოტომელი იყო, სამხედრო პირი, იგი ას ჯარისკაცს მეთაურობდა; ის კერპთაყვანისმცემელი იყო, თუმცა იუდეველ ხალხთან მეგობრობდა და მათ სინაგოგაც კი აუშენა (ლკ. 7:5). მისი მონა მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა და სიკვდილის მოლოდინში სახლში უძრავად იწვა. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ზებუნებრივი სასწაულების ამბავმა ასისთავის ყურამდეც მიაღწია და როცა შეიტყო, რომ ის კაპერნაუმში იყო მისული, ჯერ იუდეველი უხუცესები გაგზავნა მასთან, – როგორც ღვთაებრივი ლუკა მოგვითხრობს, – შემდეგ მეგობრები მიაგზავნა საშუამდგომლოდ, ბოლოს კი თავად ეახლა და თავისი მონის ავადმყოფობის შესახებ  შესჩივლა: უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება. ამის თქმა კი მოასწრო ასისთავმა, მაგრამ სანამ განკურნებას შესთხოვდა, მანამდე იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.

     ხედავ, როგორი განსხვავებაა ღვთისა და კაცის კეთილ ქმედებებს შორის? მცირე წყალობაც კი რომ მიიღო კაცისგან, რამდენჯერ უნდა დაუკრა მას მიწამდე თავი? რამდენჯერ უნდა შეევედრო? რამდენჯერ უნდა აღუთქვა საზღაური და სამადლობელი? და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ეღირსო მისგან ყურადღებასა და წყალობას. ადამიანი შენის თხოვნის შესრულებას ახანგრძლივებს და მის შესრულებაზე ფიქრს იწყებს, რათა თავის სიკეთეს მეტი ფასი შესძინოს; აჭიანურებს დროს, რომ კიდევ უფრო მეტი გალოდინოს, ბევრ ქომაგს იწვევს, რომ ერთი კეთილი საქმის აღსრულებისთვის მრავალი მოვალე გაიხადოს. ბოლოსდაბოლოს დახმარების ხელს გამოგიწვდის, როცა დარწმუნდება, რომ სამაგიეროს  აუცილებლად მიიღებს.

    ღვთის კეთილმოქმედებაში მსგავსს ვერაფერს დაინახავ. ღმერთკაცმა როგორც კი

ასისთავის გასაჭირი გაიგონა, დაუყოვნებლივ განკურნა მისი მონა. ყურადღება  მიაქციე

ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს გამოუთქმელ სიბრძნეს, ის  სხვადასხვა საშუალებით ეხმარება ადამიანს. ქანაანელი დედაკაცის რწმენა უფალმა მისთვის წყალობაზე უარის თქმით გამოავლინა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური“ (მთ. 15:26),– უთხრა მას; ხოლო ასისთავის რწმენა – მისი თხოვნის შესრულების მზადყოფნით: მოვალ და განვკურნავ მას.

 უარყოფილი ქანაანელი დედაკაცი რწმენის ურყევობასა და უდიდეს სიმდაბლეს ამჟღავნებს: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს (მთ. 15:27). მან ასისთავი  თხოვნამდე შეისმინა, მისი სიტყვა კი დიდ სურვილსა და სრულ კეთლკრძალულებას ამტკიცებს:

     ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.

     ასისთავის კეთილკრძალულება მოსე წინასწარმეტყველის კეთილკრძალულებას ჰგავს, რომელმაც როგორც კი ღვთის ხმა გაიგონა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი, სახე დაიფარა, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა“ (გამოს. 3:6).  ასისთავმა როგორც კი მოისმინა: მოვალ და განვკურნავ მას, დიდი მოკრძალებით მიუგო: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ის საკუთარ თავს არ თვლიდა ისეთი პატივისა და წყალობის ღირსად, რომ თავის სახლში ძე ღვთისა მიეღო. იხილე მისი რწმენის სრულყოფილებაც: მხოლოდ სიტყვა ბრძანე, –თქვა მან, –  საკმარისია შენი ერთი მბრძანებლური სიტყვა ჩემი მონის განსაკურნებლად. ვის ძალუძს, ერთი სიტყვით განდევნოს ხორციელი სნეულება და კაცი გამოაჯანმრთელოს, თუ არა ყოველთა ღმერთს? ასისთავს სწამდა, რომ იესო ქრისტე იყო ჭეშმარიტი, ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე ღმერთი. თავის რწმენას იგი ცხადად წარმოაჩენს შემდეგი მაგალითით:

     ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.

     ღმერთის ხელშია სიცოცხლე და სიკვდილი, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, ბედნიერება და უბედურება. უფალ ძალთა არს სახელი მისი. რამეთუ ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, და სიმაღლე მთათაჲ მისი არს. მისი არს ზღუაჲ, მან შექმნა იგი, და ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს“ (იერ. 48:15; ფს. 94:4-5); როგორც მეფე აგზავნის მეომრებს, – ზოგს საგუშაგოდ, ზოგს მოქალაქეთა დასამორჩილებლად, ისე ღმერთიც – ზოგს ცხოვრებას უგზავნის: „ცხორებაჲ არს ნებითა მისითა“ (ფს. 29:5), ზოგს – სიკვდილს: „მივავლინო მათ ზედა სიყმილი და სიკუდილი“ (იერ. 24:10); და როგორც ბატონები გზავნიან საკუთარ მონებს ნებისმიერი სამსახურის აღსასრულებლად, ისე უგზავნის ღმერთი ჯანმრთელობას ან ავადმყოფობას, ბედნიერებას ან უბედურებას თითოეულ ადამიანს თავისი ყოვლადბრძნული სურვილის მიხედვით. რამეთუ სასუმელი ჴელთა უფლისათა ღჳნითა ურწყოჲთა სავსეა სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ“ (ფს. 74:9). ასეთი რწმენა ჰქონდა ასისთავს ქრისტესი; მისი სიტყვების აზრი შემდეგია: უფალო! სიცოცხლე და სიკვდილი შენი მეომრებია; ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, ბედნიერება და უბედურება კი – შენი მონები. თუკი მე, სხვაზე დაქვემდებარებულ ადამიანს, ჩემი ხელქვეითი მეომრები მემორჩილებიან – ჩემი მონა ჩემს სურვილებს ასრულებს, მაშინ რაოდენ უფრო შენ, ყოვლისშემძლესა და ყოვლადძლიერს, მოგისმენენ შენი ხელქვეითები: მოუხმობ – მოვა სიცოცხლე ან სიკვდილი, გაუშვებ – წავა. მხოლოდ სიტყვით თქვი და განა ეს საკმარისი არ იქნება, რომ ჩემი მონა ავადმყოფობამ დატოვოს და მას ჯანმრთელობა დაუბრუნდეს? აი, ეს თქვა ასისთავმა.

     ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.

     გაკვირვების მშობელი უმეცრებაა, რადგან უკვირთ ის მოვლენები, რომელთა მიზეზიც არ იციან. აქედან აშკარაა, რომ ჩვენს უფალს, იესო ქრისტე,ს ოდნავადაც არ გაჰკვირვებია, რამეთუ მან, არა მხოლოდ როგორც ღმერთმა, არამედ კაცმაც, ბუნებათა ჰიპოსტასური შეერთებით ადამიანის იდუმალი აზრებიც იცოდა და ყველა მოვლენის მიზეზიც. მახარებელმა კი იმიტომ დაწერა: გაუკვირდა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, თუ რაოდენ გასაკვირი და სასწაულებივია ეს საქმე – აღმოაჩინო ესოდენ სრულყოფილი და სავსე რწმენა ისეთ წარმართ ადამიანში, როგორიც ასისთავი იყო. ამიტომაც უთხრა უფალმა თავის მიმდევართ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას! ყურადღება მიაქციე იმას, რომ უფალს არ უთქვამს: მთელს ისრაელში არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას, არამედ – ისრაელშიც. ეს იმიტომ, რომ ურწმუნოთაგან გამოერიცხა პატრიარქები (მამამთავრები) და წინასწარმეტყველები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, მოციქულები და ყველა წმინდანი ისრაელის ტომიდან, და წარმოეჩინა, რომ ასისთავის რწმენა იმ ისრაელთა რწმენაზე უსრუყოფილესია, რომლებიც თუმც განსწავლულნი იყვნენ წინასწარმეტყველებისგან მისი განხორციელების შესახებ და თავადაც უამრავი სასწაული იხილეს და მისგან სიკეთეც მიიღეს, მაინც არ იწამეს იგი. ამის გამო დასძენს:

     ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;

     წმინდა ესაიამ იწინასწარმეტყველა ქრისტესადმი რწმენა და წარმართების მოქცევა: მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი (ეს. 2:2); აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა (ეს. 49:6), ასევე, მალაქიამ: რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის (1:11). ამიტომ ღმერთკაცმა იესომაც დასამოწმებლად წარმართი ასისთავის რწმენა მოიყვანა და თავის მიმდევრებს წარმართების მოქცევის დაწყება და ცათა სასუფეველში მათი შესვლა აუწყა. მაგრამ ნახეთ, ამას როგორ ოსტატურად და ბრძნულად აკეთებს! იმისათვის, რომ იუდეველები არ დააბრკოლოს და თავადაც არ გამოჩნდეს ისე, თითქოს უგულებელყოფს რჯულით ღვთის სათნომყოფელებს, ამბობს: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და არა: „ბევრი წარმართი იწამებს და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს“. ის შემდეგ ახსენებს აბრაამს, ისააკსა და იაკობს, და ამბობს, რომ ისინი ცათა სასუფევლით ტკბებიან, და რომ მათთან მსხდომი წარმართებიც ღვთის დიდების თანაზიარნი გახდებიან. ასე წინასწარ განაწყო უფალმა მსმენელნი და მოუსპო მათ ბრალდების ყოველგვარი საბაბი. აქვე დაურთო თავისი წინასწარმეტყველების დანარჩენი ნაწილიც:

     ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

     ის წარმართები, ვინც ძე ღმერთის განხორციელების საიდუმლოს ირწმუნებენ, ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ; მათგან განსხვავებით, ურწმუნო ისრაელიტები გარესკნელის ბნელში გაიყრებიან. სასუფევლის ძეებად ისრაელიტებს მოიხსენიებს, რადგან  მათშვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე(რომ. 9:4-5). მათ შესახებ უთხრა ღმერთმა მოსეს: უთხარი ფარაონს, ასე ამბობსთქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი (გამოს. 4:23); ხოლო ესაიას პირით აცხადებს: „შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ“ (ეს. 1:2). რწმენის უარმყოფელი ისრაელიტების ადგილი რწმენაში მოქცეულმა წარმართებმა დაიკავეს. ეს არის სასწაულებრივი აღდგინება, რომლის შესახებაც ოსე წინასწარმეტყველი საუბრობს: „შევიწყალებ არაშესაწყალისს, ვეტყვი არა ჩემს ერს ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო“ (ოს. 2:25). ღვთისმეტყველი მოციქული კი იუდეველების დაცემას წარმართების ხსნას უწოდებს: „ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ“ (რომ. 11:20). ყურადღება მიაქციე იმას, რომ  აქ უფალი ახსენებს გარესკნელის ბნელს, სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭიალი, ე. ი. არსებობს სხვა ბნელიც, მართალია, ისიც – მარადიული, მაგრამ უფრო მსუბუქი და შინაგანი. მსგავსად იმისა, როგორც ღმერთისა და მამის სახლში მრავალი სავანეა, ანუ ცათა სასუფეველში მრავალნაირი ხარისხის დიდება და ნეტარებაა, ასევე ჯოჯოხეთშიც მრავალგვარია ტანჯვა და სასჯელი. აქედან ვისწავლოთ, რომ არც ცხონებულნი ტკბებიან ერთნაირი დიდებით და არც წარწყმედილნი იტანჯებიან თანაბარი სასჯელით, არამედ ღმერთი განუსაზღვავს თითოეულს დიდებისა და სატანჯველის საზომს, მათი რწმენისა და საქმეების შესაბამისად. ამის მინიშნებას ასისთავისადმი უფლის შემდგომ სიტყვებშიც ვხედავთ:

     და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

     დიდია რწმენა, დიდია ჯილდოც! შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. რაკი ირწმუნე, რომ შემიძლია ერთი სიტყვით განვკურნო შენი მონა, ამიტომ ვამბობ ამ სიტყვას: „მოგეგოს“, და ვკურნავ ამ დავრდომილს. როგორც ირწმუნე, ისე მოგეგო შენ; მაშ, მიიღე შენი რწმენის შესაფერისი ჯილდო! და იმავე წამს, როგორც კი უფალმა ეს სიტყვა წარმოთქვა, განიკურნა ასისთავის მონა. შენ კი, ქრისტიანო, ჩასწვდი არა მხოლოდ ყოვლადძლიერ სიტყვასა და განკურნების სისწრაფეს, არამედ ამ სიტყვებსაც: შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ, ანუ იყოს შენი რწმენისამებრ. სიტყვით: იყოს, ღმერთმა შექმნა ნათელი: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ (დაბ. 1:3). ამავე სიტყვით – იყოს – მან გაფანტა ეშმაკისეული სიბნელე. ეჰა, ქალო! – უთხრა ქანაანელ დედაკაცს – შენი სურვილისამებრ (იყოს) მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს“ (მთ. 15:28). სიტყვით -„იყოს“, უფალმა შექმნა მყარი: თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი… და ეგრეც იქმნა“ (დაბ. 1:6). სიტყვით – „იყოს“, მან განკურნა დავრდომილი მონის სხეული: შენი რწმენისამებრ (იყოს) მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

     უფლის ბაგეებით გამოთქმული სიტყვა: „იყოს“ არის შემოქმედებითიც და სასწაულთმოქმედიც, რამეთუ ერთი და იგივე ღმერთი შემოქმედიც არის და სასწაულთმოქმედიც. მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს“ (ფს. 148:5); (ფს. 134:6); ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა“ (ფს. 134:6).

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი