საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან III კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

14 ივნისი
sultmofenobidan-iii-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 4 (17) ივნისი, 2018

სულთმოფენობიდან მე-3 კვირიაკე

წირვაზე – რომ. 5:1-10; მთ. 6:22-33.

 

 

 

 წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 5:1-10    

     ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

     პავლე მოციქული აქ რწმენით ცხოვრების შესახებ მსჯელობს, რათა მას შემდეგ, რაც ქება შეასხა რწმენას და დაამცირა საქმეები, უდიერებას არ მივეცეთ. ვინაიდან რწმენამ გაგვამართლა, ამიტომ აღარ შევცოდოთ და მშვიდობა ვიქონიოთ ღმერთთან მისთვის სათნო ცხოვრების გზით. როგორ აღვასრულოთ ეს? ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. რაკი მან გაგვამართლა, როდესაც ცოდვილები ვიყავით, ახლა დაგვეხმარება, რომ მის სიმართლეში დავყოთ, რადგან საღმრთო მადლთან წვდომა მისი მეშვეობით მივიღეთ; თუკი მან მისგან შორს მყოფნი მიგვიღო, მით უფრო შეგვიწყნარებს ახლომყოფთ.

     ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;

     მისი მეოხებით მივემთხვიეთ იმ მადლს. რა გზით? რწმენით, ანუ როცა რწმენით მივეახლეთ. რა არის ეს მადლი? ყველა ის სიკეთე, რაც ნათლისღებით გვეძლევა; მასში ვდგავართ მტკიცედ და ურყევად, რადგან ღვთაებრივი სიკეთენი არასოდეს განგვეშორება. მიღებული სიკეთენიც მტკიცედ გვიპყრია და სხვა სიკეთეების მიღებასაც ვსასოებთ. ვიქადით, – ამბობს ის, – მომავლის სიკეთეებით, რომლებიც ღვთის დიდებას უკავშირდებიან, და თუ ჩვენთვის არა, თავად ღმერთის განსადიდებლად მაინც აუცილებლად მოგვეცემა.

     და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,   მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება – სასოებას,

     სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული მოგვეფინ ჩვენს გულში სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

      არა მხოლოდ ამით, არამედ შეჭირვებითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება – სასოებას, სასოება კი არ გვარცხვენს. არა მხოლოდ მომავალი სიკეთეებით ვიქადით, – ამბობს ის, – არამედ ახლანდელი შეჭირვებითაც; ასეთი სიქადული კი უფრო ამაღლებული სათნოებაა.  ნუ შეძრწუნდებით იმით, რომ შეჭირვებულნი ხართ, რადგან სწორედ ეს არის ქრისტიანისთვის სასიქადულო.

     სასოება კი არ გვარცხვენს. ადამიანური იმედი ხშირად არ სრულდება და მოიმედეებს არცხვენს. ღვთაებრივი იმედი კი ასეთი არ არის. სიკეთის მომცემელი უკვდავი და სახიერია. ჩვენ, მართალია, მოვკვდებით, მაგრამ კვლავ აღვდგებით და შემდეგ  უკვე არაფერი შეუშლის ხელს ჩვენი იმედების განხორციელებას.

     რადგანაც ღვთის სიყვარული მოგვეფინა ჩვენს გულში სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. მოციქული მომავლის შესახებ იმ სიყვარულით გვარწმუნებს, რომელიც ღმერთმა უკვე გამოიჩინა ჩვენთან მიმართებით. იგი თითქოსდა ასე გვეუბნება: ნუ დაკარგავთ რწმენას; ღმერთის სიკეთეებზე დაიმედება ამაო არ არის, რადგან ვინც ისე შეგვიყვარა, რომ სულიწმიდის მეშვეობით თავის შვილებად მიგვიღო ჩვენი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, როგორ არ დაგვაჯილდოებს მას შემდეგ, რაც ძალისხმევას გამოვიჩენთ და ვიშრომებთ? მოგვეფინა, – ამბობს ის, – ღვთის სიყვარული ჩვენს გულში, ანუ უხვი და მდიდარია ის ჩვენში, ვისაც გულში ღვთის სული გვაქვს, რომელიც ღმერთმა მოგვცა.

     ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის.

     მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.

      მას შემდეგ, რაც გვითხრა, რომ ღვთის სიყვარული მოგვეფინა გულში სულიწმიდის მიერ, რომელიც ჩვენთვის ღმერთის საბოძვარია, ახლა მოციქული უკვე ამ სიყვარულის სიდიადეს გვიჩვენებს იმით, რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, ჩვენი უძლურებისას, ანუ მაშინ, როცა ცოდვილები ვიყავით,  რაც უფრო უარესია – უღვთოთათვის, თუმცა ძნელად თუ ვინმე მართლისათვისაც კი მოკვდება. ასე რომ, ეს ყოვლადაღმატებული სიყვარულია – მოკვდე ცოდვილებისა და უღვთოთათვის. სიტყვა დროულად ნიშნავს: შესაფერის და წინასწაგანსაზღვრულ დროს, რადგან უფალი მაშინ მოკვდა, როცა გარკვეული ჟამი დადგა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

     მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

     „ეს სიტყვები ნიშნავს: „თუკი ძნელად თუ ვინმე დათანხმდება, კეთილმოქმედი ადამიანისთვის მოკვდეს, მაშინ წარმოიდგინე შენი უფლის სიყვარული, როდესაც მას თავად ხედავ ჯვარცმულს არა ღვთისსათნო ადამიანებისთვის, არამედ ცოდვილებისა და მტრებისთვის“ (წმინდა ოქროპირი). „თავის ყოვლადნამეტნევ სიყვარულს ავლენს ღმერთი იმით, რომ ქრისტეს სიკვდილი აღსრულდა არა მართლების, არამედ ცოდვილებისთვის. ამჟამად მისდამი რწმენით ვართ გამართლებულნი, ხოლო როცა მან ჩენთვის სიკვდილი იტვირთა, მაშინ  ჯერ კიდევ ყოველგვარი ცოდვით ვიყავით დამძიმებულნი“ (ნეტარი თეოდორიტე).

     ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ამით ღმერთი ჩვენდამი სიყვარულს ავლენს, რადგან ქრისტე უფალი თანაარსია მამა ღმერთისა და მოკვდა სამჰიპოსტასოვანი ღვთის ნებით. „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (ინ. 3:16); ამიტომ ახლა „ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე“ აქვს (იხ. ინ. 6:40).

     მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.

     შეაჩერე ახლა შენი აზრი ამ ჭეშმარიტებაზე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, ცოდვილთათვის, და იხილე, როგორი ნუგეში გამომდინარეობს აქედან – ჩვენი იმედების გამყარებიდან. განკაცებული  უფალი მოკვდა ჩვენთვის, ცოდვილთათვის, რათა მისდამი რწმენით შევძლოთ გამართლება და ავირიდოთ მომავალი რისხვა ღვთის სამართლიანი მსჯავრისა და მარადიული სასჯელისა. აი, ჩვენ შევუდექით მას, განვიბანეთ მისი სისხლით, – გავმართლდით და თავი დავაღწიეთ ღვთის სამართლიან რისხვას. თუკი ცოდვილები ყოველივე ამის ღირსი ვიქმენით, მაშინ განა უფრო მყარად და ურყევად არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ გადავურჩებით რისხვას, რაკი ახლა გამართლებულები ვართ? ამ აზრში მერყეობა ნიშნავს რწმენის დაკარგვას, ქრისტეს სისხლის ფასის უმეცრებას და იმის არცოდნას, თუ რა მადლი იღვრება რწმენის მეშვეობით მორწმუნებზე. რაკი უფალი ჩვენდამი სიყვარულით მოკვდა და თავისი სიკვდილით გაგვამართლა, მაშინ ახლა მით უფრო დაგვიცავს გამართლებულთ რისხვისგან. როდესაც უფრო მეტი გვიბოძა: გამართლება, რისხვისგან როგორ არ დაგვიცავს? ხოლო რისხვისგან გადარჩენილთ სიკეთეებსაც გვიბოძებს თავისი დიდი სიყვარულით (ნეტარი თეოფილაქტე). „ცხადია, რომ თუკი უწმინდურებისა და ურჯულოებისათვის ასეთი სასირცხვილო სიკვდილი მიიღო, მაშინ მის მორწმუნეთ მომავალი სატანჯველებისგანაც გაათავისუფლებს, რადგან რისხვით მოციქული მომავალ სატანჯველებს მოიხსენიებს“ (ნეტარი თეოდორიტე).

     რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.

     აქ, თითქოსდა, მოციქული იმავეს ლაპარაკობს, მაგრამ შედარების გზით გამოტანილი დასკვნები განსხვავებულია. ზემოთ საუბრობს ჩვენს ცოდვებზე, შემდეგ კი, როცა ამბობს, რომ გამართლებულნი ვართ, შედარების გზით ასკვნის: ვინც თავისი სიკვდილით გაგვამართლა ჩვენ, ცოდვილები, ის მით უფრო იხსნის გამართლებულთ. ახლა კი, როცა ახსენებს ქრისტეს სიკვდილსა და სიცოცხლეს, კვლავ შედარების გზით ასკვნის: როდესაც ჩვენ შერიგებულები ვართ უფლის სისხლითა და სიკვდილით, როგორ არ გადავრჩებით მისი სიცოცხლით? ვინაიდან, ვინც საკუთარი ძეც არ დაინდო და სასიკვდილოდ განამწესა იგი ჩვენს შემოსარიგებლად, განა ახლა უფრო არ გადაგვარჩენს თავისი სიცოცხლით (ნეტარი თეოფილაქტე)? „ამრიგად, რა წინაღობა რჩება იმისათვის, რომ მომავალ სიკეთეებს ვეზიაროთ? არანაირი“ (წმინდა ოქროპირი).

წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 6:22-33.

     სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.

     ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?

ვისაც ქრისტეს მოწაფეობა სურს, ის ვნებებს უნდა გაექცეს, რადგან თუ მათ არ მოიკვეთს, მაშინ ვერ გახდება ღვთის სამკვიდრებელი; ვერ იხილავს ვერც მის საღმრთო სიტკბოებას, თუ არ დაუტევებს ვნებებს, რადგან უფალმა თავად ბრძანა: სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?“ (მთ. 6:22-23). ასე რომ, თუკი გონება ბოროტებისგან თავისუფალი არ იქნება, მაშინ ის ღვთაებრივ ნათელს ვერ იხილავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბოროტება გონებისთვის ბნელ კედლადაა აღმართული და სული ცარიელი რჩება, როგორც სახარებაში ვკითხულობთ: არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს“ (ლკ. 8:16). ამბობენ, რომ საწოლი აქ სოფლის უსამართლობას ნიშნავს. ამდენად, სანამ ჩვენი გონება არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მანამდე მასში ღვთაებრივი ნათელი ვერ გაანათებს. როდესაც გონება მაღალ სანთლად იქცევა, მაშინ ეფინება მას ღვთაებრივი ნათელი და იგი შეიცნობს სახლში მყოფთ, და ვისი გაგდებაც საჭიროა, იმას განაგდებს; ხოლო ვისთანაც მშვიდობით ცხოვრება ჰმართებს, მას ტოვებს. ამიტომაც განსწავლიდა უფალი იმათ, ვისი გონებაც საღმრთო მცნებებით განათლდა: ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ; აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ (ლკ. 6:27-30; შდრ. მთ. 5:42).

ღირსი ამბა ისაია განშორებული

     არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

     ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც, – უთხრა მაცხოვარმა დაცემულ კაცობრიობას, რითაც ადამიანებს ის მდგომარეობა დაანახვა, რომელშიც ისინი დაცემის შედეგად აღმოჩნდნენ. ასე უცხადებს მკურნალი ავადმყოფს მის ავადმყოფურ მდგომარეობას, რომელსაც თავად ავადმყოფი ვერ აცნობიერებს. სულიერი წესრიგის დარღვევის მიზეზით, ცხონებისათვის აუცილებლად გვჭირდება საკუთარი თავისა და სოფლის უარყოფა. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს.  ადამიანური გამოცდილება მუდმივად ამტკიცებს ადამიანის ზნეობრივი ავადმყოფობის შესახებ. იგი ხაზს უსვამს იმ შეხედულების სამართლიანობას, რომელიც ყოვლადწმიდა მკურნალმა ჩვენ მიერ მოყვანილ სიტყვებში გამოთქვა, სადაც ის სრულიად გარკვევით და გადაჭრით ამბობს: ამაო და ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებას ყოველთვის მოჰყვება მათით გატაცება; გატაცებას მოსდევს ტყვეობა და სიკვდილი ყოველი სულიერისათვის. ვინც დაუშვა, თავის სურვილებს აჰყოლოდა და ამის გამართლება დაიწყო, ის ამ სურვილების მონა გახდა, დაივიწყა ღმერთი და მარადიულობა, ამაოდ გაფლანგა მიწიერი ცხოვრება და სული სამუდამოდ წარიწყმიდა.

     შეუძლებელია, ერთდროულად შენი ნებაც შეასრულო და ღმერთისაც: პირველის შესრულებით მეორე იბილწება, ასეთი ადამიანი ურგები ხდება. ასე დაკარგავს თავის სურნელს ძვირფასი მირონი, თუკი მას შეერია  თუნდაც მცირედი მყრალი რამ ნივთიერება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, – გვეუბნება უფალი წინასწარმეტყველის პირით, – მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ“ (ეს. 1:19-20).

     ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეულიუფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?

     ამდენად, ჩვენ სრულიად ვთავისუფლდებით იმაზე ზრუნვისგან, რაც ბუნებამ ყველას მისცა და რაც საერთოა ცხოველების, გარეული მხეცებისა და ადამიანებისთვის. ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, რომ ზედმეტად არ ვიზრუნოთ და ვიწუხოთ იმაზე, თუ რა ვჭამოთ. პიროფლიანი ვშოულობთ არსებობის პურ. რა თქმა უნდა, შრომა გვმართებს, მაგრამ წუხილი უნდა დავუტევოთ. უფლის სიტყვები ხორციელ საჭმელთან და სამოსელთან მიმართებით უნდა გავიგოთ. რაც შეეხება სულიერ საჭმელსა და ჩასაცმელს, ამაზე პირიქით, უნდა ვზრუნავდეთ და ვწუხდეთ.

     განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული – უფრო მეტი,  ვიდრე სამოსელი? ეს სიტყვები შემდეგ აზრს შეიცავს: ვინც უფრო მეტზე ზრუნავს, ის, რა თქმა უნდა, ნაკლებზეც იზრუნებს.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

     შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?

უფალს არც ისრაელის ერი მოჰყავს მაგალითად, რომელსაც ღვთის განგებამ საჭმელად ციური მანანა და მწყერები მოუვლინა და არც ელია, რომელსაც ყვავის მეშვეობით კვებავდა, არამედ ცის ფრინველები, ჰაერში რომ დანავარდობენ, რომელთა შესახებაც დავით წინასწარმეტყველიც წერს: აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ (ფს. 144:6);  მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას (ფს.146:9). თავიდან მათზე ისაუბრა, რათა მცირედიდან უფრო დიდ მტკიცებულებაზე გადასულიყო და  მცირედმორწმუნე ადამიანების უგუნურება ემხილებინა. შეხედე, – ამბობს ის, – ცის ფრინველებს, არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, მაგრამ ზეციერი მამა მათ კვებავს. შენ ხომ მასზე გაცლებით მეტი ხარ: შენ მეტყველი ხარ, ისინი – უტყვნი; შენ უკვდავი ხარ, ისინი – მოკვდავნი; შენ ბატონი ხარ, ისინი – მონები; ისინი შენთვის არიან და არა შენ მათთვის. თუკი ღმერთი ფრინველებს კვებავს, მაშინ შენ, მათ ბატონს, ნუთუ უფრო უკეთ არ გამოგკვებავს? ამ მტკიცებულებას სხვასაც ურთავს, რომელიც ადამიანის უძლურებასა და მის ამაო მზრუნველობას ეხება.

     ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?

     ვის ხელეწიფება, თუნდაც დღედაღამ ეცადოს, ერთი ციდით მაინც მოიმატოს სიმაღლე? არავის. ხომ ხედავ, – ამბობს იგი, – რომ შენი მცდელობა, ოდნავ მაინც გაიზარდო სხეული, სრულიად უშედეგოა. ღმერთი ზრდის შენს სხეულს; შენ კი იმასაც ვერ სწვდები გონებით, ვინც გზრდის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვარაუდობ, რომ ღმერთს, რომელიც ასე სასწაულებრივად ზრდის შენს სხეულს, არ შეუძლია შენთვის საჭმელ-სასმლის მოცემა და ამიტომ მთელ შენს საზრუნავს მათ მოსაპოვებლად მიმართავ და ფიქრობ, რომ შენმა ზრუნვამ გამოგკვება და არა ღმერთმა.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

     ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.

     მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

     რა ზომითაც თითოეული ხდება სულიწმიდის ზიარი თავისი რწმენისა და გულმოდგინებისათვის, იმავე ზომით განდიდდება აღდგომის დღეს მისი სხეულიც. რაც ახლა სულმა დააგროვა თავის შინაგან საუნჯეში, ზუსტად ის გაცხადდება და გამოჩნდება სხეულს გარეთ. დააკვირდით ხეებს – ზამთრის გასვლის შემდეგ, მზისა და ქარის უხილავი ძალებისაგან გამთბარნი, შლიან ფოთლებს, ყვავილებს, ნაყოფს და ასე იმოსებიან; დააკვირდით, ამავე დროს, გაზაფხულზე როგორ ამოდიან მიწის წიაღიდან მინდვრის ყვავილები და მიწასა და ბალახებს ეფინებიან იმ შროშანთა მსგავსად, რომელთა შესახებაც უფალმა თქვა: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

   ყველაფერი ეს არის მაგალითი, ხატება და მსგავსება იმისა, თუ როგორი იქნება ქრისტიანი აღდგომის დღეს.

ღირსი მაკარი დიდი

      ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონე შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო?

     რა არის შროშანი? ველის ბალახი, – დღეს რომ ხედავ, ხვალ გახმება და თონეს შეუნთებ. ჰოი, მცირედ მორწმუნენო! – ამბობს უფალი, – თუკი ღმერთი ველის ბალახს ისე აცმევს, რომ მისი სილამაზე დიდებული სოლომონის სამოსელსაც კი აღემატება, განა თქვენს სამოსელზე უფრო მეტად არ იზრუნებს? თქვენ ღმერთის უკვდავი ქმნილებები და მისი საღმრთო დიდების მარადიული მგალობლები ხართ; თქვენ გამო კეთილ ინება ღმერთმა და რჯული  მოგეცათ, თქვენთვის აკურთხა წინასწარმეტყველები, ამქვეყნად წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, განგიმზადათ დაუსრულებელი სასუფეველი. როდესაც მინდორში შროშანს ხედავ, რომელიც დღეს არსებობს, ხვალ კი დაჭკნება, ხედავ, თუ როგორ ლამაზდება  ის ღვთის მზრუნველობით და წყალობით, ამის შემდეგ როგორ შეგიძლია ეჭვი შეიტანო ჩვენ მიმართ ღვთის მზრუნველ განგებულებაში? როგორ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, რომ იგი საჭირო საზრდოს და შესამოსელს არ მოგვცემს? ასეთი ეჭვი ნამდვილად მცირედმორწუნოების ნიშანია.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

     ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?

     ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

     მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.   

     უფალმა იცის, რომ ლოცვა ყველაფერს სიმტკიცეს სძენს და ამიტომ გვეუბნება: ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? … ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი,.. და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ამით იგი დიდი რწმენისკენ მოგვიწოდებს. ადამიანს, რომელმაც დროებით საჭიროებაზე ფიქრი დაუტევა და დაივიწყა, შეუძლებელია არ სწამდეს უფალი და არ ფიქრობდეს მარადიულ სიკეთეებზე! ქრისტე მაცხოვარმა პირდაპირ თქვა, რომ „მცირედში სანდო დიდშიც სანდოა“ (ლკ. 16:10). მან აქაც გამოავლინა თავისი კაცთმოყვარეობა; უფალმა იცის, რომ შენი სხეული ყოველდღიურად ზრუნვას საჭიროებს, – ეს მას არ უარყვია, რადგან შეუძლებელია, ხორციელმა ადამიანმა სრულიად უგულებელყოს ხორციელი საჭიროება, მაგრამ, ამასთან,  მხოლოდ დღევანდელ დღეზე ზრუნვისკენ მოგვიწოდა  და გვითხრა, რომ ხვალინდელ დღეზე არ არის საჭირო თავგამოდებული წუხილი. საზრუნავი შეგიძლია ლოცვითა და თავშეკავებით შეამცირო, თუმცა მისი სრული უგულებელყოფა შეუძლებელია.

     ვისაც სურს, სრულყოფილებას მიაღწიოს, მიაღწიოს „ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას“ (ეფ. 4:13), მან, წმინდა წერილის თანახმად, არ უნდა ამჯობინოს ლოცვას სხვა საქმიანობა, არც თავისი ნება-სურვილით იტვირთოს რაიმე მსახურება, რადგან ის ღვთის განგებითა და აუცილებლობით გვეძლევა, ხოლო როცა მოგვეცემა, მაშინ არ უნდა უარვყოთ და ზურგი არ ვაქციოთ იმის მომიზეზებით, რომ ახლა ლოცვის დროა. პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი მსახურება ლოცით არ შემოიფარგლება; ღვთის განგებულება დაეჭვების გარეშე  უნდა აღვასრულოთ. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის ეწინააღმდეგება  წმინდა წერილს. არ შეიძლება ერთი მცნების მეორესთან დაპირისპირება, არამედ უნდა ვიცოდეთ, რომ მცნებები ერთმანეთის განმაპირობებელი და შემცველია. როგორც წინასწარმეტყველი გვამცნობს, ყველა მცნება უნდა შევასრულოთ, როგორც ერთი საღმრთო განგებულების მოთხოვნა: „ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე“ (ფს. 118:128).

     ღვთის განგებულებით მოცემული აუცილებელი მსახურება სათანადოდ უნდა აღვასრულოთ, ხოლო არაჯეროვანი საქმიანობა უარვყოთ და მას ლოცვა ვამჯობინოთ, განსაკუთრებით, თუ ეს საქმიანობა დიდ ძალისხმევასა და შემოსავლის ზრდას უკავშირდება. უფალი გვიბრძანებს, რომ შევამციროთ ჩვენი საქმიანობა და დავუტევოთ მატერიალურზე ზრუნვა, რათა ჩვენი აზრები ოცნებისგან დავიცვათ. როცა ჩვენს აზრებს საზღვრებს ვუდებთ, მაშინ მათში წმინდა ლოცვებისთვის ადგილი თავისუფლდება და ქრისტესადმი რწმენა ვლინდება. თუ ვინმე მცირედმორწმუნეობის ან უძლურების მიზეზით ამას ვერ აკეთებს, მაშინ, შეძლებისამებრ, გულწრფელად უსაყვედუროს საკუთარ თავს და ამგვარად მოიპოვოს სათნოება თავისი ჯერაც სულიერი ჩვილობის მონანიებით. უმჯობესია, ღვთის წინაშე პასუხი უმოქმედობისათვის ვაგოთ, ვიდრე ცდომილებისა და ქედმაღლობისათვის.

     გარდა სხვა ყველაფრისა, ნათქვამია, რომ ჩვენ ღმერთისგან გვებოძა გამორჩევის ნიჭი; უნდა ვიცოდეთ, თუ როდის და რა საქმე დავაყენოთ ლოცვაზე წინ. ამ ნიჭის, უნარის გარეშე ადამიანი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და ჰგონია, რომ ჯეროვნად იღვწის  და ვერც კი აცნობიერებს, რომ ღვთისათვის სათნო ცხოვრებისათვის არ შეიძლება საგნებზე საკუთარი შეხედულებით იმსჯელო. სწორი მსჯელობა იმიტომ გვიძნელდება, რომ აუცილებელი მცნებები ერთდროულად ყველაფერს არ მიესადაგება და ყოველთვის ერთად არ გამოიყენება: რომელიმე კერძო შემთხვევაში ერთი მეორეს უნდა ამჯობინო, სხვა შემთხვევაში კი პირიქით მოიქცე, რადგან არც ერთი მსახურება არ სრულდება მუდმივად – თითოეულს თავისი გარკვეული დრო აქვს.

ღირსი მარკოზ განშორებული