საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან 33-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

13 იანვარი
sultmofenobidan-33-e-kviriakes-sakitxavi

სულთმოფენობიდან 33-ე კვირიაკე

წირვაზე – გალ. 1:11-19. მთ. 2:13-23.

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ – 1:11-19

გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი

პავლე მოციქულს სურს, გალატელებს აჩვენოს, რომ მან ნამდვილად გადაუხვია რჯულის კანონს და ამ მიზნით იხსენებს თავის პირვანდელ ცხოვრებას,  შემდეგ მის მკვეთრ ცვლილებას და ეუბნება, რომ იუდეველობისგან ქრისტეს რწმენაზე არ გადმოვიდოდა, შესაბამისი საღვთო მოწმობა რომ არ ჰქონოდა. სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი. მასწავლებლად ადამიანი კი არ მყოლია, – ამბობს იგი, – არამედ თავად ქრისტეს მოწაფე ვარ.

ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

ცილისმწამებლები ხმებს ავრცელებდნენ, რომ რადგანაც ის სხვა მოწაფეებივით ქრისტეს უშუალო მსმენელი არ ყოფილა, ამიტომ უფლის სწავლება ადამიანებისგან მიიღოო. ამ ხმების გასაბათილებლად ამბობს წმინდა პავლე, რომ სახარება მას სწორედ იმან გამოუცხადა, ვინც პეტრესა და სხვებს ასწავლა.

თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.

თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში. საიდან ჩანს, რომ საღვთო გამოცხადებით მივიღე სახარება? ჩანს ჩემი ძველი ცხოვრებიდან. მე ხომ ქრისტეს მიმდევართა სასტიკი მდევნელი ვიყავი, მაშ, როგორ შეიძლებოდა ასე უცებ შევცვლილიყავი, საღვთო გამოცხადებას რომ არ გამოვეყვანე ცდომილებიდან? ხოლო მოშურნე მდევნელი რომ ვიყავი, იქიდანაც ჩანს, რომ ამის შესახებ თქვენც, გალატელებს, გსმენიათ,  ესოდენ შორს რომ ცხოვრობთ იუდეიდან.

 

რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. დააკვირდი, როგორ მძაფრად გამოთქვამს პავლე მოციქული;  ის კი არ ამბობს: „ვდევნიდი“, არამედ: „სასტიკად ვდევნიდი“, უფრო მეტიც – „ვარბევდი“, ანუ იგი ცდილობდა, საფუძვლამდე დაენგრია და აღმოეფხვრა ეკლესია, – სწორედ ესაა დარბევის მიზანი.

ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლ-სწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.

ყველა ჩემს თანატოლს გარდავამეტე მგზნებარებით, – ამბობს მოციქული, – და ეკლესიასთან ბრძოლაშიც ვპირველობდი; სხვაგვარად: იუდეველებთან პატივში ვიყავი. მაგრამ ამას პატივმოყვარეობით ან რისხვით კი არ ვაკეთებდი, არამედ – მოშურნეობით. ასე რომ, თუკი ეკლესიის წინააღმდეგ ადამიანური ანგარიშებით კი არა, არამედ ღვთისადმი მოშურნეობით ვიბრძოდი, – თუმცა ვაღიარებ, რომ ვცდებოდი, – მაშინ ახლა, როდესაც ჭეშმარიტება შევიცანი, როგორ ვიქადაგებდი ადამიანური დიდებისმოყვარეობისათვის სხვა რამეს და არა იმას, რასაც ჭეშმარიტება მოითხოვს და რაც ქრისტემ მასწავლა?!

ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო

ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია. თუკი იგი დედის საშოდანვე განსაზღვრული და გამორჩეული იყო ღმერთისგან სახარების საქადაგებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით იგი გარკვეული დროით იუდეველობაში რჩებოდა, უეჭველია, იმიტომ, რომ მასში ესოდენ მკვეთრ ცვლილებას სხვებიც მიეზიდა რწმენისკენ და მასში განემტკიცებინა. ღმერთს იგი წილისყრით კი არ აურჩევია, არამედ მისი ღირსების წინასწარგანჭვრეტით.

და თავისი მადლით მიხმო. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პავლე ღმერთისგან სათნოების გამო იყო ხმობილი, რადგან  ნათქვამია: ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი“ (საქ. 9:15), ის მაინც თავმდაბლობით ამბობს, რომ ღვთის მადლის წყალობითაა მოწოდებული და არა თავისი ღირსების დამსახურებით.

კეთილ ინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.

კეთილ ინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში. მოციქულს არ უთქვამს: გამოეცხადებინა „ჩემთვის“, არამედ: „ჩემში“, რითაც აჩვენებს, რომ მარტო სიტყვიერი დარიგება არ მიუღია, არამედ  მისი გულიც აივსო სულიწმიდის მადლით, რადგან ეს ცოდნა მის შინაგან კაცში ჩაიბეჭდა და ქრისტე მასში საუბრობდა.

რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი. ღმერთს ჩემთვის ძე მხოლოდ იმიტომ კი არ განუცხადებია, რომ იგი შემეცნო, არამედ, ასევე, სხვებისთვისაც მექადაგა (იმიტომ, რომ უფლისგან იყო როგორც მისი რწმენა, ისე მისი მქადაგებლად გამორჩევაც). მაშ, ამის შემდეგ როგორ ამბობთ, რომ ადამიანებმა მასწავლეს? და არა უბრალოდ მეხარებინა იგი, არამედ წარმართებისთვის მექადაგებინა. მაშ, ყოველივე ამის შემდეგ, როგორ მექადაგა წარმართებისთვის წინადაცვეთის აუცილებლობა?

მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. ე. ი. არ წასულა მოციქულებთან სათათბიროდ. იგი  სწორედ მათ უწოდებს ბუნებითად სისხლსა და ხორცს. ან კიდევ ამას ამბობს ყველა ადამიანთან დაკავშირებით, რადგან სარწმუნოების საქმეში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა მისი მასწავლებელი.

არც იერუსალიმს ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.

არც იერუსალიმს ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან. როგორ უნდა ეთქვა ეს მოციქულს? ნუთუ იმდენად გაამპარტავნდა, რომ თვითკმარად მიაჩნდა თავი და ფიქრობდა, რომ მრჩეველს საერთოდ აღარ საჭიროებდა? ნუთუ არ სმენოდა გამოთქმა: „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ“ (იგავ. 3:7) და კიდევ: ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!“ (ეს. 5:21)? არანაირად! მაგრამ რადგანაც ცილისმწამებლები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მოციქულებისთვის უნდა ესმინათ და არა მისთვის, ამიტომ იძულებულია, ეს თქვას, რათა მაცდუნებელთ პირი აუკრას. ზოგადად, უგუნურება იქნებოდა, რომ ღმერთისგან განსწავლულს ადამიანებისათვის მიემართა რჩევა-დარიგების მისაღებად. ასე რომ, ქედმაღლობით კი არ ამბობს იგი ყოველივე ამას, არამედ თავისი ქადაგების ღირსების წარმოსაჩენად. მართალია, წმინდა პავლე იერუსალიმშიც ავიდა, მაგრამ არა იმისათვის, რომ ესწავლა, არამედ დაერწმუნებინა სხვები, რომ იერუსალიმის მცხოვრებნიც მსგავსადვე ფიქრობდნენ. თანაც, ის მაშინვე კი არ ასულა იერუსალიმში ანუ ქადაგების დასაწყისში, არამედ შემდგომ  და მაშინაც სხვების დასარწმუნებლად.

არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. იგი დადიოდა დაუმუშავებელ და ველურ ადგილებში, რადგან თუკი მოციქულთა შორის დარჩებოდა, მაშინ მისი ქადაგება წინააღმდეგობას წააწყდებოდა და ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. ამიტომ იგი ყველაზე ველურ ხალხთან წავიდა. ყურადღება მიაპყარი მის სიმდაბლეს: ქალაქების ჩამოთვლისას არსად უთქვამს, თუ რამდენი ადამიანი მოაქცია რწმენაზე. დამასკოში კი იუდეველები ისე ააღელვა, რომ ეთნარქმა დევნა დაუწყო. ამდენად, თუკი გვეჩვენება, რომ პავლე მოციქული საკუთარ თავზე ბევრს საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას პატივმოყვარეობა კი არ ალაპარაკებს, არამედ თავისი ქადაგების წარმატება ადარდებს, რადგან უბრალო ადამიანს და მოწაფეთა მოწაფეს ხალხი არ დაუჯერებდა.

სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.

სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს. ეს სიტყვებიც მის სიმდაბლეს ამტკიცებს: ამდენი საქმის შემდეგ ის პეტრესთან მიემართება, თუმცა არა პირადი სარგებლის მისაღებად, არამედ უბრალო შეხვედრისათვის, რათა პატივი მიეგო როგორც წინამორბედისთვის (უწინარესისთვის). ამიტომაც არ უთქვამს: „პეტრეს ნახვა მინდოდა“, არამედ: „პეტრეს სანახავად ავედი“,  როგორც გამოთქვამენ ხოლმე დიდი და მშვენიერი ქალაქის დამთვალიერებელნი; მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ მივდივართ ხოლმე წმინდა მამებთან, მაგრამ ჩვენ უფრო სარგებლის მისაღებად მივდივართ, ის კი – პატივის მისაგებად.

და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. სანახავად მისვლა პატივისცემის გამოხატულებაა, მასთან ყოფნა და დარჩენა კი მეგობრობისა და მხურვალე სიყვარულის ნიშანია. მას კი არ უთქვამს, რომ სწავლობდა, არამედ – „დავყავი მასთან“, ნაცვლად – „ვიყავი მასთან ერთად“.

სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.

პავლე მოციქული, მართალია, პეტრეს სანახავად ავიდა იერუსალიმში, – იმდენად უყვარდა და პატივს სცემდა მას, – თუმცა იაკობსაც შეხვდა, რომელსაც ასევე პატივით მოიხსენიებს – უფლის ძმას უწოდებს. ასე შორს იყო იგი შურისგან! და მართლაც, თუკი უბრალოდ მისი გამორჩევა სურდა, მაშინ მას კლეოპას ძეს უწოდებდა. ის ხომ უფლის ხორციელი ძმა არ ყოფილა, არამედ მხოლოდ ითვლებოდა ასეთად; ხოლო თუ რატომ ითვლებოდა, ამის შესახებ მოისმინე: კლეოპა და იოსები ძმები იყვნენ; როდესაც კლეოპა უშვილოდ მოკვდა, იოსებმა მას თესლი აღუდგინა და შვა იაკობი და მისი ძმები, და მარიამი, რომელიც თუმც კლეოპას ასული იყო, – აღნიშნული მიზეზით, – მაგრამ სახარება უფლის დედის დად მოიხსენიებს, რადგან ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ იოსებს მხოლოდ მზრუნველი მამის დამოკიდებულება ჰქონდა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 2:13-23

ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.

ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეს.

ბოროტებაში დანთქმულ სოფელს არ უყვარს ჭეშმარიტი კეთილმსახურება და დევნის მას. ქრისტე, რომელიც თავად არის კეთილმსახურება და უდანაშაულობა, როგორც კი სოფელში გამოჩნდა, მაშინვე დევნა დაუწყეს. აქედან ვისწავლოთ: ვის გულშიც ქრისტე – ჭეშმარიტება სულიერად ჩაისახება, ის დევნისთვის უნდა განემზადოს, რამეთუ დევნა ჩრდილივით დასდევს ჭეშმარიტებას. სწორედ ამას გვიცხადებს წმინდა მოციქული საკუთარი გამოცდილებით: „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). ამიტომ ნუ შეგაძრწუნებს სოფლისგან მოწეული დევნა და სიძულვილი, რადგან ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა და კეთილმსახურება მისთვის შებრკოლების ქვა და საცთურის კლდეა. წუთისოფელი ვერ იტანს ყოველივე იმას, რაც მას უპირისპირდება და თვალში ეჩხირება, ამიტომ უარყოფს და დევნის თავისგან, მაგრამ ნეტარნი არიან მისგან დევნილნი, რამეთუ ასეთებს ღმერთი თავის წიაღში იღებს. აი, რა არის დევნილი და შეჭირვებული მორწმუნისათვის მძლავრი ნუგეში!

აქედან იმასაც ვსწავლობთ, რომ აშკარა საშიშროებას უნდა განვერიდოთ და კადნიერად წინ არ უნდა დავუდგეთ. ქრისტეს იქაც შეეძლო თავისი სიცოცხლე დაეცვა, სადაც იმყოფებოდა, მას ყველაფერი ძალუძდა, როგორც ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად ჩვილი იყო, მაგრამ მაინც განერიდა მკვლელებს და ამით მსგავსი შემთხვევებისათვის მისაბაძი მაგალითი მოგვცა.

ამრიგად, ვხედავთ, რომ მაცხოვარმა ჩვილობიდანვე იტვირთა ჩვენ გამო ჯვარი: როგორც ჩვენ გამო იშვა წუთისოფელში, ისე ჩვენ გამო დაითმინა დევნა. მაშ, ჩვენც ავიღოთ საკუთარი ჯვარი და მივყვეთ მას, რათა სიკვდილის შემდგომ მასთან ერთად დავემკვიდროთ მისსავე სასუფეველში.

წმინდა მღვდელთმთავარი ტიხონ ზადონელი

 

და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.

იუდეველები ამბობენ, რომ გამოთქმა: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს, მათ მოწოდებას უკავშირდება. ამის საწინააღმდეგოდ ვიტყვით, რომ წინასწარმეტყველების წესის თანახმად, ხშირად ბევრი რამ ერთზე ითქმის, მაგრამ სრულდება მეორეზე. მაგალითად, სვიმეონისა და ლევის შესახებ ნათქვამია: „დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში“ (დაბ. 49:7), მაგრამ აღსრულდა მათ შთამომავლებზე. მსგავსადვე, იაკობის მიმართ სიტყვები: „გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა“ (დაბ. 27:29), მის შთამომავლებზე და არა პირადად მასზე აღსრულდა, თვითონ შიშით  ძრწოდა და ბევრჯერ მოუდრეკია მუხლი  თავისი ძმის, ესავის, წინაშე. ასევე, ქანაანის შთამომავლებზე აღსრულდა ქანაანის შესახებ ნოეს ნათქვამი. აქაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ვის შეიძლება უფრო სამართლიანად ეწოდოს ძე ღვთისა? ის, ვინც ხბოს სცემდა თაყვანს, ბელფოგორს ემსახურებდა და დემონებს სწირავდა საკუთარ შვილებს თუ ვინც ბუნებითად არის ძე და თანასწორია თავისი მშობლისა?

სწავლული ბერი ზიღაბენი

მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.

რა მოიმოქმედა ამ დროს ქრისტემ? მან ხომ მომავალი წინასწარ იცოდა, ის ხომ განზრახვათა მსაჯულია, მოქმედებათა წინასწარმჭვრეტელია, რატომ მიატოვა ისინი, რომლებსაც იცოდა, რომ მის გამო  მოძებნიდნენ და მოკლავდნენ?  ახალშობილი მეფე და ზეციერი მეფე – რატომ უგულებელყო მან თავისი მხედრობა საკუთარი უსაფრთხოების გამო? რატომ უგულებელყო თავისი თანატოლების ჯარი? რატომ მიატოვა აკვნებიდან ამოყვანილი მცველები ისე, რომ მეფის საძიებლად გამოსულ მტერს მხოლოდ მისი ჯარი ჩაუვარდა ხელში? ძმებო, ქრისტემ კი არ მიატოვა თავისი მხედრები, არამედ აამაღლა, საშუალება მისცა, ეზეიმათ უფრო ადრე, ვიდრე ცხოვრებას დაიწყებდნენ; უბრძოლველად გაამარჯვებინა, გვირგვინებით უფრო ადრე შეამკო, ვიდრე სხეულის ნაწილებით. მისი ნებით განლიეს ცხოვრება ტანჯვის გზით, მაგრამ გვერდი აუარეს ყოელგვარ  ბიწიერებას, მოიპოვეს ზეციური მიწიერზე ადრე და ღვთააებრივს ისე შეურთდნენ, რომ ამქვეყნიურ ბოროტებას ოდნავადაც არ ზიარებიან. შესაბამისად, ქრისტეს თავისი მხედრები კი არ მიუტოვებია, არამედ თავის წინ წარგზავნა.

ნეტარი პეტრე ქრისოლოგი

მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.

რამა იყო ამაღლებული ადგილი პალესტინაში, ბენიამენის სამკვიდრო. ბენიამენი კი რაქელის ძე იყო, რომელიც იმ დღეს მოკვდა, როდესაც ბენიამენი შვა. მოკვდა იგი ბეთლემში და იქვე დაკრძალეს (დაბ. 35:19). ხოლო რაკი ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი ჩვილები ბენიამენის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ წინასწარმეტყველმა იერემიამ, როდესაც ჩვილთა ამოწყვეტას წინასწარმეტყველებდა, რაქელი ამ თაობის დედა-მთავრად წარმოადგინა ყველა იმ დედის ნაცვლად, ჰეროდეს ბრძანებით შვილები რომ მოუკლეს; ვინც გოდებდა და გლოვობდა საკუთარ შვილს. მახარებელმა „რამა“ იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა შემდეგი: უსაზღვროდ დამწუხრებული დედების გლოვა იმდენად დიდი იყო, რომ  რამას მაღლობზეც ისმოდა. რატომ იყვნენ უნუგეშონი ეს შვილმკვდარი დედები? არ სურს ნუგეში, – ნათქვამია, ე. ი. უძლურნი და მცირედმორწმუნენი იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ დაიღუპნენ მათი შვილები და არ სჯეროდათ, რომ მშობლების თვალსმოშორებულნი აბრაამის წიაღსა და ღვთის დიდებაში იყვნენ.  უნდა ვიცოდეთ, რომ არა ღვთის კეთილი ნებით, არა მისი სურვილით, არამედ ღვთის დაშვებითა და მიშვებით მოაწყო ჰეროდემ ასეთი ჩვილთაკვლა. ღმერთმა ის დაუტევა და მანაც გამოავლინა რა თავისი ნების სისასტიკე, სათანადო სასჯელი მიიღო.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში

ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებმა ანგელოზისგან ბრძანება მიიღო – ჩვილთან და მის დედასთან ერთად იუდეაში დაბრუნებულიყო. დაბრუნებისას, მან შეიტყო, რომ   გამეფებულიყო არქელაოსი, ჰეროდეს ძე, და შეეშინდა იქ წასვლისა, და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს, ქალაქ ნაზარეთს. იოსები მოციქულებს გამოხატავს, რომლებსაც ქრისტემ სახარების ქადაგება არწმუნა. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებს იუდეაში დაბრუნება ებრძანა, მსგავსადვე, მოციქულებს – იუდეველთათვის ანუ საბოლოოდ დაღუპული ერისთვის სახარების ქადაგება მას შემდეგ, რაც მან უფალი სატანჯველებისთვის გასწირა. მოციქულებიც ხომ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან იყვნენ წარგზავნილნი, მაგრამ შეეშინდათ იუდეველების ურწმუნოებისა და უკან დაიხიეს. მათაც ხილვისას ებრძანათ სულიწმიდისგან, რომ დაეტევებინათ იუდეველები და წარმართებისთვის ექადაგათ ქრისტე, რომელიც იუდეველებთან იყო წარმოგზავნილი, მაგრამ ცხოვრება და გადარჩენა წარმათებს ახარა.

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.

ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.

მაგრამ როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.

ახლა უკვე არ ეუბნება: „გაიქეცი“, არამედ – „წადი“. ხომ ხედავ, როგორ მოსდევს განსაცდელს განსვენება, განსვენებას კი – კვლავ განსაცდელი? დასრულდა მისი გადასახლება, დაბრუნდა თავის ქვეყანაში და შეიტყო ჩვილთა მკვლელის სიკვდილის ამბავი. თუმცა სამშობლოში დაბრუნებულს, მაინც დახვდა გარკვეული საშიშროება – სამეფო ტახტზე ტირანის მემკვიდრე იჯდა. მაგრამ როგორ შეიძლება იუდეაში არქელეოსს ემეფა, როდესაც პონტოელი პილატე ჰეგემონი იყო? საქმე ისაა, რომ ჰეროდე ახალი გარდაცვლილი იყო და სამეფო ჯერ არ იყო ნაწილებად გაყოფილი, ხოლო რადგანაც ჰეროდეს სიკვდილისთანავე ხელისუფლება მისმა შვილმა აიღო ხელში, მის ძმას კი ასევე ჰეროდე ერქვა, ამიტომ დაურთო მახარებელმა: მამამისის, ჰეროდეს ნაცვლადშეიძლება იფიქრო, თუკი იოსები არქელეოსის გამო შეშინდა, იუდეაში წასულიყო, მაშინ ჰეროდეს გამო გალილეაში წასვლისაც უნდა შეშინებოდა. არა! საცხოვრებელი ადგილის შეცვლით საქმე უკვე დაიფარა. მთელი დარტყმა ბეთლემსა და მის შემოგარენს მიადგა, ხოლო რადგანაც მასობრივმა მკვლელობამ ჩაიარა, ამიტომ ჰეროდეს ძე, არქელეოსი, დარწმუნებილი იყო, რომ ვისაც ეძებდნენ, ისიც მოკლულთა შორის იყო. ამასთან, შესაძლოა, როცა თავისი მამის საშინელი სიკვდილი იხილა, მას შეეშინდა და მასსავით სასტიკი მართვა აღარ განაგრძო. ამგვარად, იოსები მიდის ნაზარეთში, ერთი მხრივ, ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მეორე მხრივ, სამშობლოში ცხოვრების სურვილით. მეტი სიმხნევისათვის მას ეს ანგელოზისგანაც ეუწყა. თუმცა წმინდა ლუკა არ ამბობს, რომ იოსები ნაზარეთში ამ უწყების გამო წავიდა; მისი სიტყვებით, იოსები და მარიამი ნაზარეთში დაბრუნდნენ მას შემდეგ, როცა განწმედის წესი მთლიანად შეასრულეს. რა ვთქვათ ამაზე? ის, რომ რასაც წმინდა ლუკა ამბობს, ეს იმ დროს ეხება, სანამ ეგვიპტეში წავიდოდნენ. ანგელოზი, რა თქმა უნდა, არ წაიყვანდა მათ იქ განწმედამდე, რათა რჯული არანაირად არ  დარღვეულიყო; ის ელოდა, ვიდრე  განწმედა დასრულდებოდა და ნაზარეთში წავიდოდნენ, მანამდე კი ეგვიპტეში გაქცევა უბრძანა. შემდეგ კი, როცა იქიდან დაბრუნდნენ – ნაზარეთში გაგზავნა. პირველად იქ ისინი საკუთარი სურვილით სამშობლოს სიყვარულის გამო წავიდნენ. ვინაიდან ბეთლემში მათი წასვლა მხოლოდ მოსახლეობის აღწერას უკავშიდებოდა და იქ, საერთოდ, საცხოვრებელი ბინაც კი არ გააჩნდათ, ამიტომ, როდესაც საქმე დაასრულეს, უკან, ნაზარეთში დაბრუნდნენ. ამრიგად, ანგელოზი აბრუნებს მათ სახლში და გარკვეული დროით ამშვიდებს. ეს წინასწარმეტყველებით მოხდა და არა უბრალოდ, თავისთავად, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.

ნაზარეველად უფალი და მაცხოვარი ჩვენი წოდებულია როგორც ადგილის – ქალაქ ნაზარეთის – მიხედვით, ისე კანონის საიდუმლოდან გამომდინარე. ამ კანონის თანახმად, ნაზარეველს ისეთ ადამიანებს უწოდებდნენ, ვინც საკუთარ უბიწოებას ღმერთს სწირავდნენ და უჩვეულო აღთქმას დებდნენ, კერძოდ, თავზე თმას იზრდიდნენ, რათა შემდეგ, სამღვდელო წესისამებრ, ის მსხვერპლად შეეწირათ; ხოლო რადგანაც უფალი იესო ქრისტე არის ყოველგვარი სიწმინდისა და უბიწოების შემოქმედი და წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება:  „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“ (1 პეტ. 1:16; ლევ. 11:45), ამიტომ მას  საფუძვლიანად ეწოდება  ნაზარეველი, რადგან ისაა მამა ღმერთისთვის აღთქმული მსხვერპლი, რომელმაც შესწირა კიდეც თავისი სხეული ჩვენი ცხონებისათვის. სწორედ ამ მსხვერპლის შესახებ საუბრობს დავითი: ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა (ფს. 131:2). ასევე ცხადად აჩვენებს უფალი, რომ იგი ხორციელადაც უნდა იყოს ნაზარეველად წოდებული. 

წმინდა მღვდელთმთავარი ხრომატი აკვილელი