საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან 32-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

5 იანვარი
sultmofenobidan-32-e-kviriakes-sakitxavi

 

სულთმოფენობიდან 32-ე კვირიაკე

 

წირვაზე – ებრ. 11:9-10; 17-23; 32-40. მთ. 1:1-25.

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 11:9-10; 17-23; 32-40

რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.

რწმენით განმტკიცებული სამუდამოდ გადასახლდა და დამკვიდრდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც ხიზანი (მწირი) სხვის სამფლობელოში, სადაც იგი კარვებში ცხოვრობდა ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად (იხ. დაბ. 12:1 და შემდგ.).

ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

აღთქმული სამემკვიდრეოდან, რომელიც მათ არ მიუღიათ (მაშინ), ცხადად ჩანდა, რომ ისინი იმ ქალაქს ელოდნენ, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

ღირსი ეფრემ ასური

 

რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

რა არის მოყვანილი მაგალითის აზრი, თუ არა ის, რასაც იგივე მოციქული სხვა ადგილას ამბობს: „ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი“ (რომ. 8:32)? ამიტომ, როგორც უფალს, მიჰქონდა თავისი ჯვარი (გოლგოთის გზაზე), რაზეც ის უნდა გაეკრათ, ისე მიჰქონდა სამსხვერპლო ადგილისკენ ისააკს შეშა,  რაზეც ის უნდა დაეწვათ; მაგრამ რაკი ისააკი გადარჩა იმის გამო, მამამისს აეკრძალა მასზე ხელს აღმართვა, ამიტომ ისმის კითხვა, ვინ იყო ის ზვარაკი, რომლის დაკვლითაც დასრულდა ეს მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა? აბრაამმა ვერძი იმ დროს დაინახა, როდესაც ის რქებით ბუჩქებში იყო გახლართული. ამგვარი სახით ვის წარმოადგენდა იგი, თუ არა იესოს, რომელსაც სიკვდილის წინ ებრაელებმა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე?

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

 

რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.

როგორ შეეძლო ისააკს, როცა თავად სხვის მიწაზე ცხოვრობდა, თავისი შვილებისთვის ამდენი სიკეთე აღეთქვა, რწმენა რომ არ ჰქონოდა იმისა, რომ ღმერთი აღთქმულს უბოძებდა? რას ნიშნავს: მომავლისათვის? – მომავალი საუკუნის სიკეთეებისთვის. მათ იცოდნენ მკვდრეთით აღდგომის შესახებ და ამიტომ გასაგები იყო მათთვის ეს კურთხევა; ან, შესაძლოა, ეს კურთხევა იმ მიწიერ სიკეთეებს ეხებოდეს, რომლებიც მათ თავად ან მათ შთამომავლებს, მომავალში უნდა მიეღოთ.

ისააკი ესავზე წინ იაკობს აყენებს, როგორც კეთილმოქმედს, როგორც პირმშოობის უფლებამიღებულს და ყველაფერში უპირატესობის ღირსს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა.

რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი. აქ მისი მთელი კურთხევა უნდა გადმოვცეთ, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს მისი რწმენაც და წინასწარმეტყველებაც. თაყვანი სცა, – ამბობს მოციქული, – თავის კვერთხზე დაყრდნობილმა. წმინდა პავლე აჩვენებს, რომ იაკობმა მხოლოდ სიტყვით კი არ გამოთქვა, არამედ იმდენად დიდი ჰქონდა მომავლის იმედი, რომ ეს საქმითაც გამოამჟღავნა. ვინაიდან ეფრემისგან სხვა მეფე უნდა აღმდგარიყო, ამიტომ ამბობს: თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა. მიუხედავად იმისა, რომ იაკობი მოხუცი იყო, მან თაყვანი სცა იოსებს, რითაც გამოხატა, რომ მომავალში იგი მთელი ერისგან იქნებოდა თაყვანცემული. ნაწილობრივ ეს აღსრულდა, როდესაც მას ძმებმა სცეს თაყვანი, მაგრამ სრულად უნდა აღსრულებულიყო ათი თაობის შემდეგ. ხედავ, როგორ იწინასწარმეტყველა მომავალი? ხედავ, როგორი რწმენა ჰქონდათ მამამთავრებს, როგორ სწამდათ მომავლის? აქ მოყვანილი მაგალითებიდან ზოგი მოთმინების ნიმუშია ტანჯვის დროს და სიკეთეების მოკლებისას, როგორც აბრაამისა და აბელის შემთხვევაში; ზოგიც – ღმერთისა და მისგან მისაგებელის რწმენის მაგალითია, როგორც ნოეს შემთხვევაში. სიტყვა „რწმენა“ მრავალი მნიშვნელობისაა – ხან ერთს გამოხატავს, ხან მეორეს. აქ იმ მნიშვნელობითაა ნათქვამი, რომ დადგება მისაგებლის ჟამი, რომ ყველას ერთი და იგივე ხვედრი არ ელის, რომ ჯილდოების მისაღებად ღვაწლია საჭირო.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.

რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა. იოსებს სწამდა, რომ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდოდნენ და აღთქმულ მიწას მიიღებდნენ, ამიტომ გაიხსენა მან თავისი აღსასრულისას მათი გამოსვლის ამბავი, როგორც ამას შესაქმის წიგნი გვამცნობს (დაბ. 50:24). და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. მან ანდერძად დაუბარა, რომ ეგვიპტიდან გასვლისას მისი ნეშტიც თან წაეღოთ. ამით იაკობმა რწმენა ჩანერგა მათში, რათა ისინიც ამ მოვლენის მოლოდინში ყოფილიყვნენ და ყოველთვის ხსომებოდათ, რომ თავისი ძვლების შესახებ. ასეთ ბრძანებას იაკობი ისე არ გასცემდა, მათ გასვლაში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო.

რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.

რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს. „გამოსვლის“ წიგნში ნათქვამია, რომ ფარაონმა ბებიაქალებს უბრძანა, ებრაელი ახალშობილი ვაჟები დაეხოცათ (გამოს. 1:16). როდესაც მოსე დაიბადა, მშობლებმა ნახეს, რომ ჩვილი ერთობ ლამაზი და მკვირცხლი იყო და ირწმუნეს, რომ რაკი ღმერთმა მას ასეთი მშვენიერება უწყალობა, ესე იგი, სიკვდილსაც აუცილებლად აარიდებდა. და თვით მოსეს მზერამაც მათში იმის რწმენა შთათესა, რომ ბუნების ჩვეულებრივი წესით კი არ იყო ბავშვი ასეთი ლამაზი დაბადებიდან, არამედ ღვთის განგებულების რაღაც განსაკუთრებული წინასწარგანსაზღვრებით. ამიტომ სჯეროდათ, რომ იგი გადარჩებოდა და სამი თვის განმავლობაში გარეშე თვალთაგან მალავდნენ. და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას, რადგან შიში რწმენამ დაამარცხა.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად.

მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა. რომელი დრო? ეს ან ჰიპერბოლური ნათქვამია, როგორც ჩვენთან იციან ხოლმე თქმა, ანაც ლაპარაკია ეპისტოლის დასაწერად გამოყოფილ დროზე.

გედეონის (მსაჯ. 6:11-26), ბარაკის (მსაჯ. 4:4-9), სამსონის (მსაჯ. 14-16), იეფთაეს (მსაჯ. 11-12), დავითის (1 მეფ. 16-31; 2 მეფ. 1-24 და სხვ.), სამუელისა (1 მეფ. 1-10) და (სხვა) წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,

ზოგიერთებს აინტერესებთ, რატომ ახსენებს აქ მოციქული იეფთაეს, სამსონსა და ბარაკს.  რას ამბობ? სადაც მეძავი ახსენა (რააბი – მუხ. 31), ესენი რატომ არ უნდა ეხსენებინა? არ არის ახლა საჭირო, მათი ცხოვრების სხვა მხარეებზე ვილაპარაკო; შენ კი იმაზე გაამახვილე ყურადღება, რომ ისინი რწმენით გაბრწყინდნენ, რადგან მოციქული აქ რწმენის წარმოჩენითაა დაკავებული და არა მათი ცხოვრების აღწერით.

რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,

რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს (შდრ. მსაჯ. 7) გედეონის თანამებრძოლნი.

აღასრულებდნენ სიმართლეს. ვინ? იგივენი და სამსონი. მათ საკუთარი ნათესავებისა და თანატომელთა მტრები მოიგერიეს, რითაც, ერთი მხრივ, თავისიანების მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, მეორე მხრივ, მჩაგვრელებზე გაილაშქრეს. სწორედ ესაა სიმართლის თვისება – თითოეულს დამსახურებისამებრ მიაგოს.

იღებდნენ აღთქმას როგორც, მაგალითად, დავითი, რამეთუ ნათქვამია: „შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე“ (ფს. 131:11). გრძნობითად ეს სოლომონზე აღსრულდა, სულიერად – უფალ იესოზე, ჭეშმარიტ სოლომონზე, მშვიდობიანზე, თავად მშვიდობაზე. ასე განმარტავენ სახელს „სოლომონი“ – მშვიდობიანი.  

პირს უკრავდნენ ლომებს. ვინ? დანიელი და სამსონი.


შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.

შრეტდნენ ცეცხლის ძალას. სამნი ყრმანი (დან. 3:10-22). არ უთქვამს: „შრეტდნენ ცეცხლს“, არამედ: „ცეცხლის ძალას“, რადგან ცეცხლი მათ მოიცავდა, მაგრამ მათი დაწვის ძალა არ გააჩნდა.

თავს აღწევდნენ მახვილის პირს  ასევე სამი ყრმა ან, უფრო ზუსტადელია – იეზაბელის მახვილს (3 მეფ. 18) და თავად დავითი – საულის მახვილს.

ძლიერდებოდნენ უძლურებისგან ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულნი, რადგან ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ მკვდრების ძვლებისგან, როგორც ეზიკიელთან არის ნათქვამი (ეზეკ. 37:11-14). თუმცა უძლურმა ეზეკიამაც მიიღო სიცოცხლის დღეთა შემატება (4 მეფ. 20:1-11).

მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. ეს ბაბილონიდან დაბრუნებულებსაც ეხებათ, რადგან მეზობელ ხალხებს შურდათ მათი და კიდევ უფრო ესხმოდნენ თავს. ისინი კი ღვთის ძალაზე ამყარებდნენ იმედს და მტრებს რწმენით ამარცხებდნენ (1 მაკაბ. 6:28-42; 2 მკაბ. 8:1-6), თუმცა ყველაზე მეტად ეს სამსონს მიესადაგება.

 

ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები. სერაფითელ ქვრივს – ელიას (3 მეფ. 17:20-23), ხოლო სომანიტელ დედაკაცს – ელისეს (4 მეფ. 4:32-37) მეშვეობით დაუბრუნდათ მკვდრები.

სხვები კი ეწამებოდნენ: იოანე ნათლისმცემელს თავი მახვილით მოჰკვეთეს (მთ. 14:3-11); იაკობიც, ზებედეს ძე, მახვილით განგმირეს (საქ. 12:2). თუმცა ზოგიერთები „წამებაში“ გაროზგვას გულისხმობენ.

უარს ამბობდნენ გამოხსნაზე. მათ შეეძლოთ, არ ემხილებინათ ისინი, ვისაც ამხელდნენ, და ამით სასჯელისგან თავი დაეღწიათ, მაგრამ ეს არ ისურვეს.

რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი, იმაზე უკეთესი, ვიდრე იმ ქალების შვილებმა მიიღეს; ან უკეთესი სხვა ადამიანებთან შედარებით, რადგან წმინდანები გაბრწყინებულნი აიტაცებიან ღრუბლებზე უფალთან შესახვედრად,  რასაც სხვა ადგილას მოციქული აღდგომას უწოდებს (ფილიპ. 3:11)  და, საერთოდ, მარადიულ ცხოვრებაში შეიყვანებიან. დანარჩენები კი ქვემოთ იქნებიან და მარადიული სასჯელისთვის აღდგებიან.

სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი.

სხვებმა დაითმინეს გმობა. მაგალითად, ელისემ, რომელიც ყრმათა დასაცინი შეიქნა (4 მეფ. 2:23), ან სამსონმა – თანატომელთა გამო, მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს (მსაჯ.  16:25).

და გვემა. ბევრი წინასწარმეტყველი იგვემა, მოგვიანებით კი – პეტრე და იოანე (საქ. 5:40-41).

სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. მაგალითად, იერემიამ (იერ. 33:1) და მიქიამ (3 მეფ. 22:26), შემდგომში კი – მოციქულებმა (მაგალითად, პეტრემ და იოანემ – საქ. 5:18 და სხვ.).

 

იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),

იყვნენ ჩაქოლილნი. მაგალითად,  ნაბუთე (3 მეფ. 21:1-15), შემდგომში – სტეფანე (საქ. 6:8-15; 7:1-60).

შუაზე გადახერხილნი. მაგალითად, მანასეს მიერ ესაია, რომელიც, როგორც ამბობენ, ხის ხერხით გადახერხეს, უფრო მეტი ტკივილი რომ განეცადა, თუმცა იგი ისედაც უზომოდ აწამეს.

ხმლით განგმირულნი. მაგალითად, მიქია და ზაქარია, იოანე ნათლისმცემელი და იაკობი.

შეხედე, ერთნი რწმენით გაურბოდნენ მახვილს, მეორენი რწმენითვე მახვილით კვდებოდნენ. ასეთია რწმენის თვისება: მას შეუძლია, დიდი გმირობა ჩაგადენინოს და დიდი წამება დაგათმენინოს ისე, რომ ოდნავადაც არ იფიქრებ, რომ იტანჯები. ასე რომ, რად წუწუნებთ თქვენ, როცა მსგავსი არაფერი შეგმთხვევიათ ცხოვრებაში?

ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი. მაგალითად, ელიას მოწაფენი. ისინი უკიდურესად უპოვარნი იყვნენ. ებრაელებს ჯერ არ ჰქონდათ ასეთი წარმოდგენა მოციქულებზე, ამიტომ მათი ხსენების შემდეგ მოციქული გადადის ცაში ატაცებულ დიდებულ წინასწარმეტყველზე. გამოთქმა მოარულნი, ნიშნავს, რომ მათ დევნიდნენ და ამიტომ ერთ ადგილზე არ ჩერდებოდნენ.

გაჭირვებულნი. მაგალითად, იგივე ელია და ელისე, რადგან მათ ქალები კვებავდნენ.

ურვილნი, ძვირხილულნი. არცთუ მცირე მწუხარება მიაყენა ელიას მისმა მდევნელმა იეზაბელმა.

რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. ვერ იტყვით, რომ ყველაფერი ეს ცოდვილებს გადახდათ თავს, არამედ – რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. წმინდა წერილში „ქვეყანა“ ხალხის სიმრავლესაც ეწოდება და თვით შექმნილ სამყაროსაც. აქ ერთიც შეიძლება ვიგულისხმოთ და მეორეც. ამიტომ, – ამბობს მოციქული, – ყველაფერი შექმნილი და, მათ შორის, ადამიანებიც, რომ შეადარო ისინი ღირსებით მათ მსგავსს, მაინც ვერაფერს და ვერავის იპოვი. აქ მოციქული მსმენელთა გულებს აღძრავს იმად, რომ ამქვეყნიურზე არაფერზე იზრუნონ,  რაკი ქვეყანა მათი ღირსი არ არის. სირცხვილია შენთვის, თუკი ჯილდოს აქ მიიღებ, რადგან ამით აჩვენებ, რომ არაფრად ღირხარ. თუკი მთელი ქვეყანა ერთი წმინდანის ღირსიც არ არის, მაშინ რატომ ცდილობ, რომ შენი წილი ამქვეყნად იქონიო?

უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.

მაგალითად, ელია, ასევე, აბდიას მიერ მღვიმეში ფარულად გამოკვებილი წინასწარმეტყველები (3 მეფ. 18:4). ამბობენ, უდაბნოშიც კი ვერ სახლდებოდნენ ისინი უშიშრად, იქიდანაც შიშით იდევნებოდნენ და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. მაგრამ მათ სწამდათ, რომ ღმერთისგან მარადიულ ნუგეშს მიიღებდენ და ამიტომაც ყოველივეს ითმენდნენ.

ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,

რაო, – ეუბნება იგი მათ, – სულმოკლეობთ იმის გამო, რომ მოღვაწეობთ და ჯილდოს ვერ იღებთ? არც ერთ ზემოთ მოხსენიებულ წმინდანს, მიუხედავად იმისა, რომ რწმენით სათნო ეყვნენ ღმერთს, ჯერაც არ მიუღია ზეციური აღთქმები. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მიწიერი აღთქმა მიიღო, როგორც დავითმა, მაგრამ ისინი ამას არ ეძებდნენ. რაც ზეცაშია – აი, სწორედ ის არის ნამდვილი აღთქმა!

რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

უკეთესს  იმას უწოდებს, რაც ჩვენს პატივს ეხება. იმისათვის, რომ არ გვეგონოს, თითქოს  მათ უპირატესობა აქვთ ჩვენ წინაშე იმით, რომ პირველები იდგამენ გვირგვინებს, ღმერთმა ყველას დასაგვირგვინებლად ერთი დრო დაადგინა. მოციქულს არ უთქვამს: „რათა ისინი უჩვენოდ არ დაგვირგვინებულიყვნენ“, არამედ: „რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი“. ამიტომ ისინიც მომავალ საუკუნეში ჩვენთან ერთად აღმოჩნდებიან სრულყოფილნი; ახლა კი პატივის მხოლოდ წინდი აქვთ მიღებული. აბა სხვაგვარად საიდან აქვთ მათ ძალა მლოცველთა შესაწევნელად? საიდან აქვთ კადნიერება ღვთის წინაშე საოხად? სრულყოფილებას ისინი მერე მიიღებენ. ამდენად, სამართლიანია თუ არა ღმერთი მათთან მიმართებით, თუკი ღვაწლი დაგვასწრეს, გვირგვინების მისაღებად კი ჩვენ უნდა გველოდონ? პირიქით, ეს მათი საწადელიცაა: ძმებთან ერთად მიაღწიონ სრულყოფილებას! ჩვენ, ყველანი, ერთ სხეულს შევადგენთ; დიდი სიხარულია სხეულისთვის, როცა ის მთლიანად გვირგვინდება. ღმერთი შვილებისმოყვარე მამაა და მას ბევრი შვილი ჰყავს. ზოგმა მათგანმა დაასრულა საკუთარი საქმე და მინდვრიდან შინ დაბრუნდა, სხვები კი ჯერაც ყანაში ირჯებიან. ვინც შრომა დაასრულა, ღმერთმა მათ გარკვეული სიკეთე აგემა, თუმცა დაავალდებულა, რომ საბოლოო ტრაპეზისთვის ძმებს დალოდებოდნენ. და აი, ისინიც, კაცთმოყვარენი, სიხარულით ელოდებიან იმ ჟამს, როცა ერთობლივად დავტკბებით საერთო ზეიმით.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 1:1-25

წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.

ესაია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: „ვის შეუძლია ილაპარაკოს მის მოდგმაზე?“ („ნათესავი მისი ვინ მიუთხრას?“) (ეს. 53:8). არ უნდა ვიფიქროთ, რომ მახარებელი ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველს იმით, რომ იწყებს იმის გადმოცემას, რისი გადმოცემაც შეუძლებელია, იმიტომ, რომ წინასწარმეტყველი საუბრობს ღმრთაებრივ შობაზე, მახარებელი კი – განხორციელებაზე; ხორციელი მხრიდან კი იმიტომ იწყებს, რომ ღმერთის შესახებ საუბარი ადამიანის მეშვეობით შევძლოთ.

ღირსი იერონიმე სტრიდონელი

აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.

აბრაამმა შვა ისააკი. აბრაამიდან იმიტომ იწყებს მახარებელი შობის წიგნს, რომ იგი ებრაელების მამა იყო და მან პირველმა მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით“ (დაბ. 18:18). ამდენად, ჯეროვანია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რამეთუ ქრისტე არის აბრაამის თესლი, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა – რომლებიც წარმართები ვიყავით და მანამდე ფიცის ქვეშ ვიმყოფებოდით – მიიღო კურთხევა. აბრაამი თარგმანით ნიშნავს: „ერების მამა“, ისააკი – „სიხარული“, „მხიარულება“. მახარებელი არ ახსენებს აბრაამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაილსა და სხვებს, რადგან იუდეველები მათგან კი არა, ისააკისგან წარმოიშვნენ.

ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხომ ხედავ, იუდა და მისი ძმები მათე მოციქულმა იმიტომ მოიხსენია, რომ სწორედ მათგან წარმოიშვა ებრაელთა თორმეტი ტომი.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.

არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.

სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.

მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.

სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.

ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.

ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.

ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია.

იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.

იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან. იუდა იყო იაკობის მეოთხე ძე. მან თავის პირმშოს – ჰერს მოჰგვარა ცოლად თამარი (დაბ. 38:6). როდესაც ჰერი უშვილოდ გარდაიცვალა, მაშინ იუდამ თამარი თავის მეორე ვაჟს – ონანს შერთო, მაგრამ თავისი უმსგავსო საქციელისთვის უფალმა ისიც მოაკვდინა (დაბ. 38:10). იუდა დაჰპირდა თამარს, რომ როგორც კი მესამე ვაჟი – შელა მოიწიფებოდა, მას გააყოლებდა ცოლად, მანამდე კი თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ქვრივად ეცხოვრა. მაგრამ შემდგომში იუდამ გადაიფიქრა, რადგან შეშინდა, შელაც უფროსი ძმებივით არ მოკვდესო, და ქორწინება გაურკვეველი ვადით გადადო. რძალს კი ძალიან სურდა, აბრაამის დიდებული ტომის წარმომადგენლისგან დაორსულებულიყო. ამიტომ, როცა მიხვდა, რომ იუდა დანაპირებს არ შეასრულებდა, მეძავივით გამოეწყო, სახე დაიფარა და ქალაქის კარიბჭესთან დაჯდა. იუდამ იგი ვერ იცნო, შევიდა მასთან, როგორც მეძავთან და ქალი დაორსულდა, ტყუპები ჩაესახა. როდესაც მშობიარობის ტკივილები დაეწყო და ფარეზი და ზარა უნდა დაბადებულიყვნენ, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ბებიაქალმა მას მეწამული ძაფი შეაბა, რათა პირმშო ადვილად გამოერჩიათ. მაგრამ ზარამ ხელი უკანვე შეაბრუნა და პირველი მისი ძმა, ფარეზი, გამოვიდა. ასეთია ამ ვითარების მოკლე ისტორია. ბუნებრივი იქნებოდა, მახარებელს შობის წიგნში მხოლოდ ფარეზი ჩაეწერა, ვინაიდან მისგან გრძელდება ნათესაობა ვიდრე აბრაამამდე, მაგრამ მან ზარაც ჩაწერა, როგორც ქრისტიანი ერის წინასახე; ფარეზი კი ებრაელ ერს განასახიერებს. როგორც ზარამ გამოყო ხელი, მერე უკან შეაბრუნა და მხოლოდ ფარეზის შემდეგ გამოვიდა, ასევე, სახარებისეული ცხოვრების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ აბრაამის დროს გამოვლინდა. მერე კი რჯულისმიერი ცხოვრება დაიწყო და მხოლოდ მის შემდეგ სრულად გამოჩნდა სახარებისეული. ასე რომ, როგორც ხედავ, ზარა აქ ტყუილად არ არის ნახსენები.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ვაჩვენოთ, რომ შობის წიგნში მახარებელმა შეგნებულად შეიყვანა როგორც თამარი, ისე ქვემოთ მოხსენიებული სხვა სამი ქალი. მართალია, როგორც მათი ცხოვრების ისტორიები აჩვენებს, თამარმა არაკანონიერი ხორციელი კავშირი დაამყარა თავის მამამთილთან; რააბი მეძავი იყო; რუთი უცხოტომელი; ბერსაბე, ურიას ცოლი – მრუში დედაკაცი, მაგრამ მახარებელმა მაინც შეიყვანა ისინი იესოს წინაპართა ჩამონათვალში, რითაც აჩვენა, რომ ქრისტეს არ ესირცხვილებოდა, ისეთ წინაპართაგან შობილიყო, რომელთა შორის ერთი უკანონო ქორწინებაში იშვა, მეორე – სიძვაში, მესამე – უცხოტომელისგან, მეოთხე – მრუშობის შედეგად. წინაპრების ურჯულოება კეთილმოქმედ ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებს. თითოეული ითვლება კეთილად ან ბოროტად საკუთარი და არა სხვების საქმეების საფუძველზე. ქრისტე იმიტომ არ განკაცებულა, რომ ჩვენს სირცხვილს გაჰქცეოდა, არამედ ეტვირთა ის და გაენადგურებინა თავისი სრულყოფილი სათნოებებით. იგი მკურნალივით მოვიდა და არა – მსაჯულივით. ასეთია იესო ქრისტეს შობის წიგნში ამ ქალების შეყვანის პირველი მიზეზი. მეორე: იუდეველები ნაკლებად ზრუნავდნენ საკუთარ და არსებით სათნოებებზე, უფრო წინაპრებით მოჰქონდათ თავი და წინ და უკან ავრცელებდნენ მათი კეთილშობილების ამბავს. ამიტომ მახარებელი ამდაბლებს მათ სიამაყეს და აჩვენებს, რომ ისინიც უკანონო ქორწინებებში იშვნენ. ასე, მაგალითად, მათმა მოსახელე მამამთავარმა იუდამ ურჯულოებაში შვა მათი წინაპრები – ფარეზი და ზარა. დავითმაც, მათმა სახელოვანმა წინაპარმა, მრუში ქალისგან შვა სოლომონი. ასე რომ, ამაოდ ქედმაღლობენ საკუთარი წინაპრებით. ვგონებ, უმთავრესად სწორედ ამ მიზეზით მოიხსენია მახარებელმა იუდას ძმები. ოთხი მათგანი იაკობის მხევლებისგან იშვა, მაგრამ არც ერთი მათგანი ამით არ დაზარალენულა – ისინი მაინც იყვნენ თავიანთი ტომების მამამთავრები. მესამე მიზეზი ისაა, რომ ეს ქალები წარმართებისგან შემდგარ ეკლესიას განასახირებენ. როგორც მათზე, სხვადასხვა ბიწით შებილწულებზე, დაქორწინდნენ ზემოთ ხსენებული მამაკაცები, ისე ქრისტემაც შეიერთა სხვადასხვა ცოდვებით დათრგუნული ადამიანური ბუნება; და როგორც ამ ქალების შთამომავლები, ისე ეკლესიასთან თავისი ქორწინება უღირსობად არ ჩაუთვლია. აქედან ვსწავლობთ, რომ უნდა შეგვრცხვეს საკუთარი და არა წინაპრების ცოდვებისა; საკუთარ სათნოებებზე ვიზრუნოთ და არა – წინაპრებით ვიკვეხნოთ; არ გავკიცხოთ ის დიდებული ადამიანები, რომლებიც გასაკიცხი ქორწინებისგან იშვნენ; ზურგი არ ვაქციოთ იმათ, ვინც სხვადასხვა უწმინდურებას ზურგი აქციეს და რწმენაზე მოექცნენ.

ფარეზმა შვა… ბაბილონის ტყვეობის ჟამს.

მეფეთა მეოთხე (თავ. 23) და ნეშტთა მეორე (თავ. 36) წიგნებში საუბარია იოსიას სამი ძის შესახებ, ესენია: იოაქაზი, იოაკიმი, რომელსაც ეს სახელი ფარაონმა შეარქვა და მანამდე იელაკიმი ერქვა, და სედეკია, იგივე მათანია. ერთ-ერთი მათგანისგან, იოაკიმესგან, ამბობენ, იშვა იექონია. თუმცა ეზრას წიგნში ნათქვამია, რო იექონია იოსიას ძე იყო, როგორც ამას მახარებელიც ამოწმებს. რა უნდა ვთქვათ ამაზე? მხოლოდ ის, რომ ეზრას წიგნი იექონიას უწოდებს იმ პირს, ვისაც სხვები იოაკიმად მოიხსენიებენ, რადგან მას თავისი ძმებივით ორი სახელი ჰქონდა. რაც სხვა წიგნებში იოაკიმის შესახებაა ნათქვამი, ეზრას წიგნი იმას იექონიას მიაწერს, კერძოდ, რომ მას ჰყავდა დედა ამიტალი – იერემიას ასული, რომელიც ოცდასამის წლის ასაკში გამეფდა და მხოლოდ სამი თვე იმეფა, ის ტახტიდან ჩამოაგდო ეგვიპტის ფარაონმა და და ეგვიტეში ტყვედ წაიყვანა.

შესაბამისად, არსებობდა სხვა იექონია, რომლის ძმებსაც არც ერთი წიგნი არ ახსენებს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ეგვიპტელები ნაბუქოდონოსორმა – ბაბილონის მეფემ შემუსრა, იექონიაც ბაბილონში გადაასახლეს.

იოსიამ შვა იექონია , – ამბობს მახარებლი, – და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. სინამდვილეში იოსიამ ისინი იუდეველთა ბაბილონში გადასახლებამდე შვა. შესაბამისად, „ტყვეობის ჟამს“ ნათქვამია ნაცვლად „ტყვეობის ჟამის წინაპერიოდში“. მახარებელმა მისი ძმებიც ჩაწერა წიგნში, იმიტომ, რომ ისინიც მეფობდენ, ტყვედ ჩავარდნენ და ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში იქნენ გადასახლებულნი.

აქვე ისმის კითხვა, რატომ გამოტოვა მახარებელმა იესოს წინაპართა სიის შუა ნაწილში სამი მეფის სახელი, კერძოდ, ოქოზია – იორამის ძე, იოასი – ოქოზიას ძე და ამასია – იოასის ძე? მეფეთა მეოთხე წიგნის თანახმად, ამასიამ შვა აზარია, რომელიც ნეშტთა მეორე წიგნში ოზიად არის წოდებული, რადგან ორი სახელი ჰქონდა. მაშ, რატომ ამბობს მახარებლი, რომ იორამმა შვა ოზია? ცხადია, იორამმა შვა ოზია, როგორც თავისი შთამომავალი და არა – ძე. აქამდე არავის განუმარტავს, თუ რატომ გამოტოვა მახარებელმა ამ სამი მეფის სახელი; ჩვენი თანამედროვეების ახსნა საკმაოდ ბუნდოვანია, წინამორბედთაგან კი ეს საკითხი არავის გადაუჭრია[1].

ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.

ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი.

აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი.

ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი.

ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

მივიდა რა იოსებამდე, მახარებელი ამ სიტყვაზე არ გაჩერებულა, არამედ დაურთო: ქმარი მარიამისა, რითაც წარმოაჩინა, რომ სწორედ მის გამო შეადგინა მან იოსების გენეალოგია.  ვინაიდან ტრადიციულად არ იყო მიღებული ქალების გენეალოგიის შედგენა, ამიტომ მახარებელი შეეცადა, ერთი მხრივ, ტრადიციაც დაეცვა და, მეორე მხრივ, ეჩვენებინა, რომ ქრისტე აბრაამისა და დავითის ტომიდან იშვა. მან შეადგინა ღვთისმშობლის დამწინდველის შობის წიგნი და ამგვარდ დაამტკიცა ის, რაც საჭირო იყო. რაკი დამტკიცებულია, რომ იოსები დავითისა და აბრაამის შთამომავალი იყო, მაშინ, ცხადია, ღვთისმშობელიც იმავე წარმომავლობის იქნებოდა, რამეთუ არსებული წესების თანახმად, მამაკაცს ცოლი თავისი გვარ-ტომეულიდან უნდა მოეყვანა. მის ქმრად მახარებელი იოსებს ასახელებს, როგორც სასიძოს, შემდგომში კი მარიამს უწოდებს მის ცოლს, როგორც სასძლოს; ქორწინებამდე ასეთი სახელწოდებები სავსებით მიღებული იყო იმდროინდელი ტრადიციებით.

ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.

ქრისტეს მთელი გენეალოგია მახარებელმა სამ ნაწილად დაყო და, ბუნებრივია, იმიტომ, რომ მმართველობის სამი ფორმა არსებობდა. აბრაამიდან დავითამდე, მოსესა და ისო ნავესის შემდეგ, ებრაელებს მსაჯულები მართავდნენ; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – მეფეები; ბაბილონს გადასახლებიდან ქრისტემდე – მღვდელთმთავრები. მას შემდეგ, რაც ქრისტე მოვიდა – ჭეშმარიტი მსაჯული, მეფე და მღვდელთმთავარი, აღნიშნული მმართველობები შეწყდა. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მახარებელმა მესამე ნაწილში ცამეტი თაობა ჩაწერა, მაგრამ უწოდებს თოთხმეტს. ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ვგონებ, რომ ტყვეობისდროინდელ თაობებს მახარებელმა თავად იესო ქრისტეც მიაკუთვნა, რადგან მას ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს“[2].

ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.

იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. ანუ ისე, როგორც აპირებს თქმას, როგორც ქვემოთაა გადმოცემული.

დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.

ქორწინებით მათ შეერთებამდე. მახარებელს არ უთქვამს: „მარიამის იოსების სახლში მისვლამდე“, რადგან ის უკვე იქ ცხოვრობდა. იმ დროში ბევრს ჰქონდა ჩვეულებად, მეტი უსაფრთხოებისათვის სასძლო სახლში ჰყოლოდა. აღმოჩნდა – ნაცვლად: „გამოაშკარავდა, რომ მუცლად ეღო…“. მაგრამ მახარებელმა თქვა: „აღმოჩნდა“, ე. ი. მოულოდნელად გახდა ცნობილი; ხოლო ვინმე რომ არ დაბრკოლებულიყო სიტყვებით: აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო, ამიტომ დაურთო: სული წმიდისაგან.

ისმის კითხვა: რატომ არ იღო მარიამმა მუცლად იოსებზე დაწინდვამდე? იმიტომ, რომ ეჭვი არავის შეეტანა და არ მოეკვდინა იგი გარყვნილების ბრალდებით. ვის დააჯერებდა, რომ  მას მამაკაცთან უკანონო ურთიერთობა არ ჰქონია? ახლა კი ყველა იფიქრებდა, რომ მას თავისი კანონიერი ქმრისგან, იოსებისგან, ჩაესახა; იგი გაურბოდა საფრთხეებს და საჭიროების შემთხვევაში დამხმარეც ჰყავდა და მფარველიც, განსაკუთრებით, ეგვიპტეში გაქცევისას.

ოღონდ ნუ იკითხავ, რაგვარად ჩასახა ქალწულმა და ნუ დაიწყებ იმის კვლევას, თუ როგორ შეიქმნა ჩანასახი. ეს არ აუხსნია არც მახარებელს, არც მანამდე ანგელოზს, რომელმაც ქალწულს მუცლადღება აუწყა. ეს არც მათ იცოდნენ, ვინაიდან ეს საიდუმლო ყველასათვის მიუწვდომელია და მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი სამებისათვის არის ცნობილი.  
ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი.

მართალი ეწოდება ბოროტების მოძულე ადამიანს; აგრეთვე, კეთილმოქმედ ადამიანს. აქ დამოწმებულია, რომ იოსები იყო მართალი, – როგორც სხვა სათნოებების მიზეზით, ისე თავისი სიმშვიდითა და სიკეთით. „აღმოჩნდა“-ს ამბობდნენ, როცა ქმარს საეჭვო ცოლი სინედრიონში მიჰყავდა, ბრალს სდებდა ღალატში და სახლიდან ღიად უშვებდა. იოსებს არ სურდა ამის გაკეთება და მარიამის ჩუმად გაშვება განიზრახა, რათა, ერთი მხრივ, თავადაც არ დაერღვია რჯული, რომელიც სხვისგან დაორსულებულის განტევებას ბრძანებდა და, მეორე მხრივ, ისიც დაეცვა იმ უბედურებისგან, რაც მას ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში შეიძლებოდა თავს დასტყდომოდა.

 

ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან მასში შობილი, სული წმიდისაგან არის.

ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად.  ყურადღება მიაქციე მის უდიდეს სიმშვიდეს: იოსებმა არათუ არავის გააგებინა ამის შესახებ, არამედ იმასაც კი არაფერი უთხრა, ვისზეც ეჭვიანობდა, – მხოლოდ თავისთვის ჩაიფიქრა მისი ფარულად გაშვება.

რატომ არ უთხრა ანგელოზმა იოსებს უთესლოდ ჩასახვის შესახებ მანამდე, ვიდრე აღმოჩნდებოდა, რომ მარიამს მუცლად ეღო? საქმე ისაა, რომ ეს მოვლენა ძალიან უჩვეულო იყო და შეიძლება, იოსებს არ დაეჯერებინა, ახლა კი, როცა გამოაშკარავდა, უცხადებს და ადვილად არწმუნებს. ასევე ისმის კითხვა: რატომ არ გაუმხილა  მარიამმა იოსებს, როცა გაბრიელ მთავარანგელოზისგან ეს სასწაული შეიტყო? იმიტომ, რომ იცოდა, ვერ დაარწმუნებდა, უფრო მეტად გაანაწყენებდა – იოსები იფიქრებდა, რომ მარიამი მისგან თავისი ბრალის დამალვას ცდილობდა. გარდა ამისა, თვით ქალწულ მარიამს ანგელოზმა რატომ მას შემდეგ არ შეატყობინა, როცა უკვე აშკარა გახდებოდა? მას რომ ამის შესახებ წინასწარ არ სცოდნოდა, შეიძლება შეშფოთებულიყო და შეშინებულიყო და ვინ იცის, იქნებ თვითმკვლელობაზეც კი ეფიქრა, რადგან კარგად იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში ვერავის დაარწმუნებდა საკუთარ პატიოსნებაში. ამიტომაც აუწყა ანგელოზმა ქალწულ მარიამს ჩასახვამდე, ხოლო იოსებს – შობამდე ცოტა ხნით ადრე.

მათე მოციქული წერს ანგელოზის შესახებ, რომელიც იოსებს გამოეცხადა, ლუკა კი იმ ანგელოზის შესახებ, რომელმაც ქალწულს ღვთაებრივი ჩასახვა ახარა[3], იმიტომ, რომ ერთიც მოხდა და მეორეც. აქაც შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ გამოეცხადა ანგელოზი იოსებს ძილში და არა ცხადში, როგორც ქალწულ მარიამს? იმიტომ რომ მარიამი ცხად ხილვას საჭიროებდა მოვლენის ესოდენი უჩვეულობის გამო, იოსები კი, რაკი მარიამის უბიწო და პატიოსანი ცხოვრების ცოცხალი მოწმე იყო, ამიტომ მის შესახებ სიზმარში ნაუწყებსაც ადვილად დაიჯერებდა. მეორე მხრივ, სიზმარში იმიტომ ხედავს ანგელოზს, რომ კარგად იცის სიზმრების ახსნა.

და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი.

ანგელოზი იოსებს უწოდებს დავითის ძეს და ამით მისი გონება დავითამდე აჰყავს, რადგან ქრისტეს მოსვლას იუდეველები სწორედ მისგან ელოდებოდნენ. სიტყვებით: ნუ შიშობ, ანგელოზი იოსების ფიქრს ამჟღავნებს – მას ეშინოდა, რომ თუ მარიამს თავისთან სახლში დაიტოვებდა, ამით ღმერთს განარისხებდა, რადგან მრუშ ცოლთან ცხოვრებას რჯულის კანონი კრძალავდა. მაგრამ რას ნიშნავს: მოიყვანო? – თავიდან მოიყვანო და სახლში დაიტოვო, რადგან ფიქრებში ის უკვე გაშვებული ჰყავდა. მაგრამ მოიყვანო არა დასაქორწინებლად, არამედ დასაცავად. ცოლი შენი – ამით დაარწმუნა, რომ მარიამმა მამაკაცი არ იცოდა.

რადგან მასში შობილი, სული წმიდისაგან არის.

მახარებელი ამბობს: მასში შობილი, რათა ვიცოდეთ, რომ იგი თანდათან კი არ შეიქმნა, როგორც ჩვეულებრივ ვითარდება თესლისგან ადამიანის ნაყოფი, არამედ ერთბაშად, სრულად ჩაისახა[4]. დააკვირდი, თავიდან როგორ შეახსენებს ანგელოზი იოსებს დავითისგან მესიის მოლოდინს, მერე უმხელს, რომ იცის მისი გულის ფარული შიში და განზრახვა, ამის შემდეგ კი უმტკიცებს, რომ მის მიერ დაწინდული წმინდა ქალწულია, დაბოლოს, ეუბნება უმთავრესს, რომ ეს სულის წმიდისაგან არის. მხოლოდ ასეთი რიგითობით შეეძლო იოსებს მთელი ამ მოვლენის იოლად აღქმა.

ვინც ვინმესგან წარმოიშობა, წარმოიშობა ან შობის გზით, ამ გამონათქვამს თანახმად: ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი“ (ინ. 8:42); ან ჩასახვის გზით, შემდეგი ნათქვამისამებრ:  „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი“  (1 კორ. 8:6); ან კიდევ ბუნებრივი გზით, როგორც მოქმედება მოქმედისგან. ქალწულისგან შობილი კი წარმოშობილია სულიწმიდისგან არა დაბადების გზით, რადგან სული უსხეულოა. ამდენად, იგი წარმოიშობა მისგან, როგორც ჩანასახი და ქმნილება.

და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.

შენ მას დაარქმევ იესოს, როგორც კანონიერი მამა, თუმცა არა ბუნებითი; და მის მიმართ შეასრულებ ყველაფერს, რაც მამას ევალება, თუმცა შობილი შენი არ არის. ამიტომ მე ჩამოვიტანე მისი სახელი ზეციდან და შენ მას ამ სახელს მისცემ. რადგანაც სახელი „იესო“ მაცხოვარს ნიშნავს, ამიტომ ამ სახელით იგი ჭეშმარიტად იქნება წოდებული. რადგან ის, – ამბობს მახარებელი, – იხსნის თავის ხალხს არა გრძნობადი მტრებისგან, არამედ – რაც მნიშვნელოვნად მეტია – მათი ცოდვებისგან, – რაც ადამიანთაგან არავის გაუკეთებია. აქედანაც ცხადია, რომ იგი ღმერთია. თავის ხალხს, ახლო გაგებით, ის იუდეველებს უწოდებს, რომელთა შორისაც იშვა, შორეულთ კი – ყველა მის მორწმუნესა და თავის მეფედ ამღიარებელს.

ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:

ამასაც ანგელოზი ამბობს. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, ანუ ქალწულში სულიწმიდისგან ჩასახვა. ამის შემდეგ მას მოჰყავს ესაია წინასწარმეტყველის მოწმობა, რომელიც მას კი არა, ღმერთს ეკუთვნის: აღსრულდეს სიტყვა, – ამბობს იგი, – უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული.

აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.

აჰა, ქალწული მუცლად იღებს. ამ ადგილს იუდეველები ამახინჯებენ, – ეყრდნობიან რა  ზოგიერთ მთარგმნელს, რომლებმაც დაწერეს: „აჰა, ყმაწვილი ქალი“. მათ საწინააღმდეგოდ ვიტყვით, რომ გაცილებით უფრო სანდოა სამოცდაათი განმმარტებელი, როგორც რიცხობრივად, ისე ურთიერთთანხმობითა და დროის მიხედვით. თარგმანი მათ შეასრულეს ქრისტეს მოსვლამდე ასი თუ მეტი წლით ადრე, ამიტომ თავსუფალნი არიან ყველგვარი ეჭვისგან. ხოლო ისინი, რომლებმაც დაწერეს: „აჰა, ყმაწვილი ქალი“, ქრისტეს განკაცების შემდგომდროინდელი მთარგმნელები არიან. მათ ჭეშმარიტება დაბურეს, უფრო სიძულვილით, როგორც ებრაელებმა. თუმცა წმინდა წერილში „ყმაწვილი ქალიც“ ქალწულის ნაცვლად გვხვდება. მაგალითად, როცა საუბარია ქალწულზე, რომელზეც ძალადობა განახორციელეს, ნათქვამია: „…თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს…“ (2 რჯ. 22:27), ანუ ქალწულს. თუკი, მათი აზრით, ყმაწვილი ქალი გათხოვილი ქალია, რაც საკმაოდ უცნაურია, მაშინ რა არის გასაკვირი, თუ გათხოვილმა ქალმა ჩასახა და შვა? წინასწარმეტყველმა ხომ თავიდან თქვა: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს“ და განმარტავს, თუ რა ნიშანია ეს: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს“ (ეს. 7:14). ნიშანი კი ისაა, რაც ზებუნებრივია და არა ის, რაც ბუნების თანახმიერია.

უწოდებენ მას სახელად ემმანუელს. ვინ უწოდებს? რა თქმა უნდა, ყველა ის, ვინც მას იწამებს. თუმცა არავის უწოდებია მისთვის ემანუელი; დიახ, სახელით არავის უწოდებია, საქმით კი ყველამ უწოდა: იწამა, რომ მასთან მოსაუბრე ღმერთი იყო, ყველა მათგანმა აღიარა, რომ ჩვენთან არს ღმერთი, თუმცა ჩვენ შორის ადამიანივით მიმოიქცევა. სწორედ ამას ნიშნავს ემანუელი. წინასწარმეტყველებს, ასევე, ჩვეულებად ჰქონდათ, სახელებად მომავალი მოვლენები გამოეყენებინათ. მაგალითად, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ სხვა სახელთა შორის თავისი ძისთვის [იესო ქრისტესთვის] ეწოდებინა, აგრეთვე: „იჩქარე დასატყვევებლად, ისწრაფე საძარცვავად“ (ეს. 8:3), – არა იმიტომ, რომ მას ამ სახელს დაარქმევდნენ, არამედ იმ მიზეზით, რომ მან მოსვლისთანავე განდევნა ეშმაკი და საკუთრ ტყვედ აქცია ყველა მის ტყვე და გაძარცვა იგი, ანუ წაართვა ჭურჭლები, რომლებსაც მანამდე ეშმაკი თავისი მზაკვრობის სათავსოდ იყენებდა, კერძოდ, მევახშენი და მეძავენი, ავაზაკები და რწმენაზე მოქცეული ყველა წარმართი. მსგავსი მაგალითები მრავლადაა წმინდა წერილში.

გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი.

რატომ დაიჯერა სიზმრის იოსებმა ასე ადვილად, მით უმეტეს, რომ ის უაღესად მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სიზმარში გამოჩენილმა ანგელოზმა დაარწმუნა, რომ მისი გულისნადები იცოდა. იოსები მიხვდა, რომ იგი ნამდვილად ღმერთისგან იყო მოვლენილი, რადგან მხოლოდ ღმერთია ადამიანთა გულთამხილველი. ხოლო როდესაც ესაიას წინასწარმეტყველებაც შეახსენა, ამით უკვე სავსებით დაარწმუნა, რომ უფლის ანგელოზი იყო და მისი სიტყვისამებრ უნდა მოქცეულიყო.

და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.

სიტყვა „ვიდრე“ აქ იმიტომ კი არ დაუწერია მახარებელს, რომ შენ ეჭვი გაგიჩნდეს, თითქოს ამის შემდეგ იცნო მან იგი, არამედ იმიტომ, რომ იუედეველები ბოროტ ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს ქრისტე უკანონოდ იყო შობილი. მაგრამ მახარებელი, მათი ღვთისმგმობელი აზრის საწინააღმდეგოდ, სავსებით გვარწმუნებს ღვთისმშობლის ქალწულებაში ქრისტეს შობამდე; ხოლო ამის შემდგომ მისი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა შენ თავად მოგანდო. რანაირად შეიძლებოდა, რომ იოსები შეხებოდა ან თუნდაც, გაეფიქრა, სულიწმიდისგან ჩამსახველის და უფლის სათავსო ჭურჭლად ქცეული ქალწულის ცნობა! მახარებელმა აქ ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უწოდა „ცნობა“ ცოლქმრულ ურთიერთობას. საგულისხმოა ისიც, რომ მის მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა „ვიდრე“ ან „ვიდრემდის“ ნიშნავს არა დროის საზღვარს, არამედ ეს არის წმინდა წერილის იდიომატიზმი, როგორც, მაგალითად, ნათქვამია, რომ ნოეს კიდობანში  ყორანი „არ დაბრუნდა, ვიდრე არ დაშრა წყალი მიწაზე“ (დაბ. 8:7), მაგრამ ის არც წყლის დაშრობის შემდეგ დაბრუნებულა. ასევე, ვკითხულობთ: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (ფს. 109:1), – მაგრამ მტრების დანარცხების შემდეგაც  იგი მამის მარჯვენით ზის; ბევრია ასეთი ადგილი წმინდა წერილში. მახარებელი „პირმშოს“ უწოდებს აქ უფალს არა როგორც პირველს ძმებს შორის, არამედ როგორც პირველს და ერთადერთს, რადგან ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობათა შორის ასეთიც არის. ეს სიტყვა მაშინაც გამოიყენება, როდესაც წმინდა წერილი მხოლოდ ერთ პირზე საუბრობს, როგორც აქ: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“ (ეს. 44:6); სულ ოთხნაირი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა „პირმშო“. ის აღნიშნავს ძმებს შორის პირველშობილს, როგორც რუბენს ეწოდება პირმშო იაკობის ძეთა შორის (დაბ. 35:23). ასევე – პირველსა და ერთადერთს, როგორც განსახილველ შემთხვევში. გარდა ამისა, აღნიშნავს უპირატესსა და პატივცემულს, როგორც აქ: ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას“ (ებრ. 12:23). უფრო მეტიც, ის აღნიშნავს უბრალოდ ადრე არსებულსაც: „ყველა ქმნილებაზე უწინარესი“ („პირმშო ყოველთა დაბადებულთა“) (კოლ. 1:15), ანუ ვინც მყოფობა ყველა სხვა ქმნილებაზე უწინარეს მიიღო.

და (იოსებმა) უწოდა სახელი მისი იესო, – როგორც ანგელოზმა ასწავლა.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

 

[1] ერთ-ერთი თანამდროვე ღვთისმეტყველი, დეკანოზი ოლეგ სტენიაევი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს: „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იორამის შემდგომი სამი მეფის სახელი გამოტოვებულია. ეს მეფეები ქრისტეს შობამდე 884-810 წლებში მეფობდნენ. მათი სახელებია: ოქოზია, იოასი და ამასია. წიგნში მოხსენიებული ქალებისაგან განსხვავებით, ეს მეფენი მოუნანიებელ ცოდვილებად დარჩნენ და ვერ გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მათი სახელები ქრისტეს შობის წიგნში ჩაწერილიყო“.

სხვათა შორის, წმ. იოანე ოქროპირი, როცა ქრისტეს შობის წიგნს განმარტავს, ამბობს: „რატომ გამოტოვა მახარებელმა გენეალოგიის შუა ნაწილში სამი მეფის სახელი? ამ საკითხს თქვენ გიტოვებთ გამოსაკვლევად, რადგან არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს თქვენ მაგივრად გავაკეთო, რათა არ გაზარმაცდეთ“ (მთარგ.).

[2] მსგავსადვე განმარტავს ნეტარი იერონიმეც: „დათვალე იექონიადან იოსებამდე და ნახავ ცამეტ შობას. ამგვარად, მეთოთხმეტე შობად თავად იესო ქრისტეს შობა წარმოგვიდგება“ (მთარგ.).

[3] მოყვანილი განმარტების ავტორის აზრს, – რომ იოსებს უფლის სხვა ანგელოზი ეჩვენა სიზმრად და არა მთავარანგელოზი გაბრიელი, – იზიარებს, მაგალითად, წმ. ინოკენტი ხერსონელი; ზოგიერთი კომენტატორის მოსაზრებით კი (მაგ., ალექსანდრე ლოპუხინი) იოსებსაც მთავარანგელოზი გაბრიელი ეჩვენა, თუმცა ბევრი ცნობილი კომენტატორი საერთოდ არ აკონკრეტებს – იყო ეს სხვა ანგელოზი თუ იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი, ქალწულ მარიამის მახარებელი (მთარგ.).

[4] ამასთან დაკავშირებით საინტერესოა წმ. ინოკენტი ხერსონელის მოსაზრება: „რატომ ამბობს მახარებელი: „შობილი“ (γεννηθεν)? ამის შესახებ წმინდა ბასილი დიდი და ეკლესიის სხვა მამები ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტეს სხეული დედის მუცელში შეიქმნა უცებ, ერთბაშად, მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვის გამო ასეთი ვარაუდის სარწმუნოობა გაზვიადებულია. საქმე ისაა, რომ აორისტი [ზმნის დასრულებული ფორმა] გამოიყენება ნებისმიერი დროისთვის. ამიტომ სიტყვა γεννηθεν – „შობილი“ – ამ შემთხვევაში შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იშვება“. თუმცა ამის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება: ანგელოზს აქ მხედველობაში ჰყავს იოსები, რომლისთვისაც ყრმა უკვე შობილი იყო – თავისი სასძლოს დანაშაულისა თუ უდანაშაულობის მიუხედავად“ (მთარგ.).