საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12.07.2018)

12 ივლისი
sruliad-saqa-rtvelos-katolikos-pat-riarqis-qadageba-5-8609490

ყველას გილოცავთ  პეტრე-პავლობის დიდებულ დღესასწაულს. ეს არის განსაკუთრებული დღე და უპირველეს ყოვლისა, ვიგალობოთ მათი ტროპარი:

,,მოციქულთა თავნო, და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა“.

ეს ორი მოციქული არის მსოფლიოს მოძღვარი, დიდნი მოციქულნი, დიდნი მოძღვარნი და ჩვენ შევთხოვთ, რომ მაცხოვარსა ყოველთასა ევედრონ, რათა მოსცეს უფალმა სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

პეტრე მოციქულს ასე მიმართავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ,,შენ ხარ კლდე და  კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას.“

აი დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან. ინებოს ღმერთმა, რომ პეტრესა და პავლეს ლოცვით  მოეცეს სოფელსა მშვიდობა.

პეტრე და პავლე არის ორი სვეტი. პეტრე, რომელმაც ჯვარცმისას უარყო სამჯერ ქრისტე, მერე ისე გაძლიერდა რომ აღსასრულის ჟამს ამბობს: მე რა ღირსი ვარ ისე ჯვარს მაცვათ, როგორც ქრისტე, თავდაღმა დამაკარითო და მართლაც ჯვარზე გააკრეს თავდაღმა პეტრე მოციქული.

პავლე მოციქულს, როგორც რომის მოქალაქეს, ჯვარცმა არ მიუსაჯეს, მაგრამ თავი მოჰკვეთეს.

მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა.

დიდი წყალობა მოაქვს ჩვენთვის პეტრესა და პავლეს და ჩვენ მადლოებელი ვართ ამ დიდი ნუგეშისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!