საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (23.09.2018)

23 სექტემბერი
sruliad-saq-artvelos-k-atolikos-patriarqis-qadageba-6-4089080

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა  სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ფსალმუნებში ვკითხულობთ: ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერი უნდა იყოს ღვთისა, რადგან ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა“, ნებისმიერ ერსა კი არა, ,,ერსა თვისსა მოსცეს“, ,,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“ ორჯერ გვიმეორებს დავით წინასწარმეტყველი სიტყვა ,,თვისსას“ და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი ერი იყოს ღვთის ერი, ღვთისმოსავი  და ღვთის ნების აღმსრულებელი.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ.

აი ამ ბოლოდროს თქვენ იცით, მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონისა გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისათვის; უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საშიშია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით კანონი შეჩერებულია  და იმედია, რომ მომავალში არ იქნება იგი მიღებული; იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენს ოჯახებში.

შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და უფალმა შთააგონოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს საჭიროა, საჭიროა მისი გაწვევა.

კურთხვა უფლისა თქვენ ზედა მისი მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ვლოცავთ სამ გვარს:

პაპიძეებს, მიგრიაულებს და დოლიაშვილებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ მშვიდობა.

დღეს ვაჯილდოებთ ორ მოძღვარს: მღვდელი ლევან გოლეთიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელმონოზონი საბა (ფილიევი) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

დალოცვილი და კურთხეული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი