საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (05.11.2017)

5 ნოემბერი
sruliad-s-aqartvelos-katolikos-patriarqis

ჩვენთან არს ღმერთი

ეს სიტყვები, _ ,,ჩვენთან არს ღმერთი“ არის ბიბლიიდან და დიდი ყურადღებით უნდა ვთქვათ იგი. ამას აქვს დიდი ძალა, რადგან თუ ჩვენთან არს ღმერთი, ვერავითარი მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. ამიტომ, თქვენ და ჩვენ ყველამ განსაკუთრებულად უნდა წარმოვთქვათ ეს სიტყვები.

ყოველი ადამიანი იმყოფება განსაცდელში. ,,მამაო ჩვენოს“ ლოცვა სწორედ ამაზე მიუთითებს: ,,და  ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“

მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, მოგეხსენებათ, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანდები არიან. ასე რომ, სიმდიდრე არის განსაცდელი, რადგან იგი ადამიანს თავდაჯერებულსა და ამპარტავანს ხდის და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს მან.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება მათ, რომელთა ცხოვრებაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან. სიმდიდრე თავისთვად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ცხონებისათვის.

ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს  გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს, ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება.

გაჭირვებული ადამიანის დახმარება ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებები და სიმდიდრე გამოვიყენოთ მოყვასის დასახმარებლად.

მე მინახავს ისეთი ოჯახები, რომელნიც ზრდიან თავის შვილებს ქველმოქმედების სულისკვეთებით. ანუ დახმარებას ასწავლიან შვილებს. ვიცოდი ისეთი ქალბატონები,  დილით უშვებდნენ ქუჩაში შვილს, რომ ეპოვათ გაჭირვებული და მოეყვანათ სახლში.  მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვერ პოულობდნენ და დამწუხრებულნი ბრუნდებოდნენ. ბედნიერია, ვინც ასე ცხოვრობს.

ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ მოყვასს, რომელიც დღეს ასე მრავლად გვყავს.

ჩვენთან არს ღმერთი.