საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (16.09.2018)

16 სექტემბერი
sr-uliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qadage-ba-3498116

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და ვიმედოვნებთ, რომ იგი უფრო ადვილად განქარდება.

განსაცდელი, ალბათ, საჭიროა ადამიანისთვის; უფლის განგებით უფრო მტკიცდება და მყარდება იგი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით; განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება.

აი ამ ბოლოდ დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა და იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მიგვატოვა.

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისაც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა.

მე მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკები ძალიან საშიშია.

როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა (ჩემს პატრიარქობამდე), იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და მას ჰყავდა ორი შვილი და ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი (მე სახელიც კი მახსოვ, ნური ერქვა), ნური, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ჰყიდის ამ ნივთებს იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები.

ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა იმათ ნარკოტიკს ან ფულს, რომ მიეცა შვილისთვის. და მე მეუბნებოდა, რომ უფროსი შვილიო მიჯავრდებაო მე, რატომ აძლევო ნარკოტიკს. მე კი ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე, შეიძლება უბედურება ჩაიდინოსო.

შემდეგ მოვიდა ეს ქალბატონი და მითხრა: არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი  წამება იყო იქ. საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს, რადგან თავისი ნებით არ თმობდნენ.

ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკებს. მაგრამ ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ, ანუ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება.

ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ განკურნოს ისინი.

ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას.

ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!

იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი.

ღმერთმა მოგცეთ მადლი, ღმერთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც სეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე.

მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვართ, არანაკლებად სტკივათ გული.

იმედია რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჩვენთან არს ღმერთი.

შესრულდება პარაკლისი, რათა უფალმა მოგვცეს მადლი და ძალა ამ სენის დაძლევაში.

 

 

წირვის შემდეგ გაიმართა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ, აქ გადახდილი იქნა პარაკლისი.