საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სლოვაკეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საეკლესიო ღვინითაც დაილოცა

5 ივნისი
კატეგორია:
slovaketshi-saqartvelos-damoukideblobis-dghe-saeklesio

ა.წ. 28 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო ქართული ღვინის მრავალფეროვნებასაც. ექსპოზიციაზე დარიგდა ინგლისურენოვანი ბუკლეტები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.

ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის უნიკალური ღვინის ფართო ასორტიმენტი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, კერძოდ, შავკაპიტო, უსახელაური, ციცქა, მუჯურეთული, კაპისტონი, ჩხიკოურა, ბერულა.  დამსწრეთ თავისი ღვინის ასორტიმენტი შესთავაზა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც.

საქართველოს საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის ეროვნულმა ცენტრმა კი მოაწყო ქართული ტრადიციული წესით დამზადებული შავნაბადას მონასტრის ქვევრის ღვინის პრეზენტაცია. დაიდგა ქართული ქვევრი და აქედან ხდებოდა საეკლესიო ღვინის ჩამოსხმა „ორშიმოს“ საშუალებით.  ამგვარი ორიგინალური მეთოდით ღვინის დეგუსტაციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ასე რომ, სლოვაკეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საეკლესიო ღვინითაც დაილოცა.