საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საშინელი სამსჯავროს ხსენების კვირიაკეს საკითხავი სამოციქულოსა და სახარების განმარტება

9 თებერვალი
კატეგორია: პუბლიკაციები,
sashineli-samsjavros-xsenebis-kviriakes-sakitxavi

29 იანვარი (11 თებერვალი), 2018

ხორციელის კვირიაკე. საშინელი სამსჯავროს ხსენება.

წირვაზე – 1 კორ. 8:8-9:2; მთ. 25:31-46.

წმინდა პავლე მოციქულის

პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 8:8-9:2

 

 

8 მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა. 8 ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.
9 მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის. 9 ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.
10 რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად? 10 რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴით მჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკერპავისა მის ჭამად?
11 და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 11 და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.
12 ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ. 12 ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.
13 ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი. 13 ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.

 

1 არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? 1 არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?
2 სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 2 სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.

 

8:8. წინა მუხლში მოციქულმა საერთო აზრი გამოხატა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიბილწოს მათი სინდისი, როცა ჯეროვანი მოსაზრების გარეშე ჭამენ კერპისთვის შენაწირს. ახლა კი საკმარისი იყო იმ აზრის საფუძველზე ეთქვა: აი, თქვენ გონიერები ხართ, ჭამთ ამ შენაწირს და არ იბილწებით, რადგან დარწმუნებულნი ხართ, რომ საჭმლის მეშვეობით არანარი თანაზიარება არა გაქვთ კერპთაყვანისმცემლობასთან. მაგრამ თქვენმა მაგალითმა შეიძლება სულიერად უძლურნი აცდუნოს, რომელთაც ამ საკითხზე თქვენნაირი შეხედულება არ გააჩნიათ. ამიტომ კერპისთვის შეწირულის ჭამით საკუთარ ქრისტიანულ სინდისს შეურაცხყოფენ და ამით იბილწებიან; სინდისის შებილწვა კი სულის დაღუპვაა. ამდენად, თქვენი მაგალითით ძმას ღუპავთ, ხოლო მისი დაღუპვით ქრისტეში სცოდავთ. ასე რომ, თავი შეიკავეთ. მაგრამ მათ შეიძლება ეთქვათ: ეგ რა ჩვენი საქმეა? თავად გაერკვნენ საკუთარ შეხედულებებში! – ეს კი გაჯიუტებასა და გასასტიკებას გამოიწვევდა. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, მოციქული წინასწარ ამბობს: ჭამ თუ არ ჭამ, ღმრთის წინაშე ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საიდანაც თავისთვად გამომდინარეობს: ე. ი. საკამათოც არაფერია. ამ აზრს ძირშივე უნდა მოეკვეთა მათში ყოველგვარი შემოდავების მიზეზი და მოციქულის გამოსასწორებელ შეგონებას მიჰყოლოდნენ.

ასე ესმით მოციქულის სიტყვის მიმართულება ჩვენს განმმარტებლებს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „აქამდე მოციქულს არაფერი უთქვამს საქმის არსზე, მხოლოდ მჭამელის სინდისზე მიაქცევდა მათ ყურადღებას, რადგან ფრთხილობდა – სუსტის გამოსწორებით ძლიერისთვის არ ევნო და ამით ისიც არ დაესუსტებინა; ერთნაირად ინდობს ერთსაც და მეორესაც. ამიტომაც ამბობს: „საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან“, – აფრთხილებს, რომ მათ არ თქვან: რა ჩვენი ბრალია, რომ ყველას ასეთი ცოდნა არ გააჩნია? – რატომ არა აქვს ამა თუ ამ პირს ამისი ცოდნა? – რატომაა ის უძლური? პირდაპირ კი არ გადადის დასკვნაზე, რომ თავი უნდა შეიკავონ (ნაკერპავისგან), რათა მოყვასი არ დააზიანონ, არამედ თავიდან მხოლოდ მიუთითებს ამაზე, შემდეგ კი უფრო მნიშვნელოვანს შეაგონებს. კერძოდ, რას? – იმას, რომ თუნდაც თავშეუკავებლობას (ამ საჭმელებისგან) ზიანი არავისთვის მიეყენებინა და მოყვასი არ ეცდუნებინა, ასეთ შემთხვევაშიც უნდა მოკრძალებოდნენ ნაკერპავს, რადგან ეს უსარგებლო საქმეა. როცა ვინმემ იცის, რომ რაიმე საქმე თუმც აზიანებს სხვას, მაგრამ თავისთვის სარგებელი მოაქვს, ამ საქმეს ის სწრაფად არ მიატოვებს, მაგრამ როცა დარწმუნდება, რომ თავადაც ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს მისგან, მაშინ მიატოვებს. ამიტომ წინასწარ ეუბნება: „საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან“. ხედავ, როგორ უმნიშვნელოდ წარმოუდგენს მათ იმას, რაც თითქოსდა დიდი ცოდნის შედეგია? – ჭამითაც არაფერი გვემატებაო, – ანუ ამით ღმერთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ, რადგან არაფერ დიდსა და კეთილს ამით არ ვაკეთებთო; და უჭმელობითაც არ გვაკლდება რამეო, – ანუ უჭმელობითაც არაფერს ვკარგავთო. ამგვარად, მოციქულმა დაამტკიცა, რომ ნაკერპავის ჭამა ზედმეტი და არაფრის მომცემია, ვინაიდან როცა რაიმეს ქონას სარგებელი არ მოაქვს, ხოლო მისი უქონლობა არ გვაზიანებს, ე. ი. ის სრულიად ზედმეტია“.

     საჭმელში აქ სწორედ კერპისთვის შეწირული იგულისხმება. მოციქულის აზრი ასეთია: თქვენ, რომელნიც იქადით საქმის ცოდნითა და განათლებული გონებით, ნუ ფიქრობთ, რომ რამე ფასეულს აკეთებთ ღმრთის თვალწინ იმით, რომ ნაკერპევს ჭამთ; არაფერი ემატება ამით თქვენს სხვა ღვთისსათნო საქმეებს. ნურც იმას იფიქრებთ, რომ  ვინც ამ სახის საჭმელს არ ჭამს, ის თითქოსდა, ღმრთის თვალში კნინდებოდეს. არა, მათი ღვთისსათნოება, რასაც სხვა გზით მიაღწიეს, ამით არანაირ ზიანს ან მოკლებას არ განიცდის. აქედან ჩანს, თუ რამდენად უსაფუძვლოა მოციქულის ამ სიტყვის მარხვებთან დაკავშირება!

     8:9. ზოგიერთი კომენტატორი წინა სიტყვას, საჭმელთან დაკავშირებით, კორინთელთა სიტყვებად მიიჩნევს. მათი აზრით, მოციქულმა მათი წერილიდან აიღო შემდეგი სიტყვები: რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად (1 კორ. 8:4) და სხვ., ანუ კორინთელები მას წერენ: რაკი კერპი არაფერია, შესაბამისად, ნაკერპევის ხმევა არც სიწმინდის და არც ცოდვის გამომწვევია, რადგან ის ისეთივე საჭმელია, როგორიცაა ნებისმიერი სხვა. საკუთრივ საჭმელი ღმერთთან არ გვაახლოებს: ჭამით არც გვაკლდება რამე და არც გვემატება. და აი, ჩვენც ვჭამთ! ამაზე მოციქული შენიშნავს: ეს მართალია, ეს საქმე უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, რომ ამით ძმა არ დაბრკოლდეს.

     წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილს ასე განმარტავს: „მაინც სიფრთხილე გმართებთ. მოციქულს არ უთქვამს: თქვენი თავისუფლება ქმნის საცდურსო, – არ გამოუთქვამს ეს მტკიცებულების ფორმით, რათა კიდევ უფრო კადნიერები არ გაეხადა ისინი. მაშ როგორ გამოთქვა? – გაფრთხილდითო, ეუბნება, და ამით მათში სიფრთხილეს, სირცხვილსა და იმის გადაწყვეტილებას აღძრავს, რომ ეს არ გააკეთონ. არ უთქვამს: თქვენი გონიერება ან თქვენი სრულყოფილება ქმნის დაბრკოლებასო, რაც უფრო ქება იქნებოდა, ვიდრე საყვედური, არამედ: თქვენი თავისუფალი ნება, – რითაც მათ უსირცხვილობას, კადნიერებასა და ამპარტავნებას გაუსვა ხაზი. არ უთქვამს: ძმათათვის, არამედ: უძლურთათვის – ძმათა შორის, – ამით ამძაფრებს მათ დანაშაულს, რადგან უძლურებსაც კი არ ინდობენ, თანაც, ძმებს. შენ არ ზრუნავ ძმის გამოსწორებასა და ფეხზე წამოყენებაზე, – დაე, იყოს ასე; მაგრამ რატომ აბრკოლებ და რატომ მიგყავს დაცემამდე, მაშინ როდესაც, პირიქით, დახმარების ხელი უნდა გაგეწვდინა? არ გინდა, დაეხმარო? – ეს შენი საქმეა, მაგრამ რატომღა აბრკოლებ? თუ ის ბიწიერია, გამოსწორებას საჭიროებს; ხოლო თუ უძლურია, მაშინ კურნება სჭირდება“.

     8:10. უხსნის, თუ როგორ შეიძლება დაბრკოლება წარმოიშვას. ძმა დაგინახავსო, ეუბნება, საკერპოში ინახად მჯდომარეს, – შენ, რომელსაც გიცნობს როგორც მრავლის მცოდნეს, ყველასაგან პატივცემულს, რომლის სიტყვა და საქმე ძმებს შორის ყოველთვის წონიანია; დაგინახავს და შენი მაგალითით წარიტაცება, ისიც შემოუჯდება ნაკერპევ სუფრას, თუმცა სინდისი ეუბნება, რომ ეს ცოდვაა ქრისტიანისთვის. შენი მიმბაძველობით იგი საკუთარ სინდისს შეურაცხყოფს და ღმრთის წინაშე სცოდავს, რადგან არ შეიძლება სინდისისთვის, რომელიც ღმერთის ხმაა, წინააღმდეგობის გაწევა. აი, როგორ შეიძლება მოხდეს დაბრკოლება და უძლური ძმის დაცემა! – „და ამ ცდუნების მიზეზი არა მხოლოდ მისი უძლურება, არამედ შენი უგუნურებაცაა; კიდევ უფრო აუძლურებ მას“ (წმინდა იოანე ოქროპირი).

     8:11. წარწყმდება; რადგან სცოდავს, ვინც საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მოქმედებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეშმაკისეულ ტრაპეზთან ზიარებით საერთოდ მოსწყდეს რწენას და კვლავ კერპთაყვანისმცემლობაში აღმოჩნდეს. დაეცა – დაიღუპა, სანამ არ შეინანებს; ხოლო თუ მოსწყდა – სრულიად დაიღუპა. მიზეზი კი შენი გონების ნააზრევია. შენ გონივრულად უყურებ საგნებს, მაგრამ არაგონივრულად მოქმედებ გონივრული შეხედულებების მიუხედავად. და შედეგად, ძმა დაიღუპა, – ძმა, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა. შემაძრწუნებელი შეხსენებაა! მან უკვე მიიღო ქრისტეს სიკვდილის განმწმედელი და განმანათლებელი მოქმედება: უფლის სისხლის მაცხოვნებელი წვეთი მასზეცაა. შენ კი მას უწინდელ უწმინდურებაში აგდებ და მასთან ერთად ამ მაცხოვნებელ და ფასდაუდებელ სისხლსაც ქელავ. ნუთუ ეს არ გაძრწუნებს?

     „შენ მიერ მიყენებული ზიანი მიუტევებელია ორი მიზეზით: ერთი ისაა, რომ შენი მოყვასი უძლურია, მეორე, რომ იგი შენი ძმაა; მაგრამ არის კიდევ მესამე მიზეზიც, ყველაზე საშინელი. რა მიზეზია ეს? ის, რომ ქრისტეს არ უთქვამს უარი, მისთვის მომკვდარიყო, შენ კი სულგრძელებაც არ გინდა მის მიმართ გამოიჩინო. მოციქული არ ამბობს: ვისთვისაც შენ უნდა მომკვდარიყავი, არამედ უფრო მძაფრად: მისთვის ქრისტე მოკვდა! შენს მეუფეს არ უთქვამს უარი, მისთვის თავი დაედო, შენ კი მას ყურადღების ღირსადაც არ თვლი, მისთვის უწმინდურ ტრაპეზზეც კი ვერ ამბობ უარს და დასაღუპად იმეტებ მას შემდეგ, რაც ამგვარად აღსრულდა მისი ცხონების საქმე, და რაც ყველაზე უფრო მძიმეა, ამას საჭმელის გამო აკეთებ“ (წმინდა ოქროპირი).

     8:12. ასეთები სცოდავენ ძმათა მიმართ. მიიღეს გონიერება და ცოდნა, რათა საძმო აღეშენებინათ, მაგრამ უგუნური მოქმედებით, პირიქით, ღუპავენ. ურტყამენ მათ სინდისს – ეს ულმობელი ქმედებაა! როგორც ზოგჯერ იტყვიან: შენ მე პირდაპირ გულში მირტყამ. სინდისს მარტო იმით კი არ ურტყამენ, რომ ადამიანები განსაცდელებში შეჰყავთ, არამედ იმითაც, რომ გზიდან აცდენენ და სინდისის საწინააღმდეგო საქმისკენ უბიძგებენ. თქვენი მეშვეობით მათი სინდისი იგვემება, გვემისგან კი იტანჯება.

       ქრისტეს მიმართაც სცოდავთ, და უკვე იმითაც, რომ უფალმა ბრძანა: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი (მთ. 18:10) – რომელიც უმცირესია ჩემს მორწმუნეთა შორის; ისინი კი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ განსაკუთრებით იმით სცოდავენ, რომ ძმას ცოდვაში აგდებენ.

     „ხომ ხედავ, როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით დაამტკიცა მოციქულმა, რომ  მათი დანაშაული ძალიან მნიშვნელოვანია? – ისინი ქრისტეს მიმართ სცოდავენ: ჯერ ერთი იმით, რომ უფალი ყველაფერს ითავისებს, რაც მის მონებს ეხება; მეორეც, ნაცემები მისი და მისი სხეულის წევრები არიან; მესამეც, ვინც უძლურთა სინდისს ურტყამს, ის თავისი ამპარტავნებით იმ საქმეს ანგრევს, რომელიც უფალმა საკუთარი სიკვდილით აღაშენა“ (წმინდა იოანე ქროპირი).

8:13. მოციქული ამბობს: თუკი ეს საცდური ასეთი დამღუპველია, მაშინ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ხორცი აღარასოდეს შევჭამო, რათა ძმა არ ცდუნდეს.  მოციქული თავის თავისუფალ ნებას, წესსა და განწყობას წარმოაჩენს, მაგრამ მიზნად ისაა აქვს, რომ კორინთელებს გაკვეთილი მისცეს, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ; იმედი აქვს, რომ მისი მაგალითი მათთვის მისაბაძი გახდება.

     „მოქმედებს, როგორც შესანიშნავი მოძღვარი, – საკუთარ მაგალითზე უჩვენებს იმას, რასაც ასწავლის. არ ეუბნება, სამართლიანი იქნება ეს თუ უსამართლო, არამედ – როგორც არ უნდა იყოს, მაინც ასე უნდა იქცეოდეთო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს საკერპო შესაწირიაო, – შეაგონებს, – რაც სხვა მიზეზითაც დაუშვებელია; მაგრამ როცა ჩემს ძმას რამე აბრკოლებს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაშინ ის თუნდაც დასაშვები იყოს, მაინც თავს შევიკავებ მისგან, და არა ერთი ან ორი დღის, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე – „არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე“. არ ამბობს შემდეგ: რათა არ დავღუპო, არამედ, მხოლოდ: რათა არ დავაბრკოლო. მართლაც, უკიდურესი უგუნურებაა, იმდენად უგულებელყო ისინი, ვისთვისაც ქრისტე ზრუნავს, ვისთვისაც კეთილინება, რომ მომკვდარიყო, რომ მათთვის საჭმლისგან თავშეკავებაც კი დაგენანოს! ეს არა მხოლოდ კორინთელებს ეხება, არამედ ჩვენც, რომლებიც უგულებელვყოფთ მოყვასთა ცხონებას და ასეთ სატანურ სიტყვებს გამოვთქვამთ: რა ჩემი საქმეა, რომ ვიღაც ბრკოლდება და ვიღაც იღუპება? – ეს მართლაც სატანური სისასტიკე და არაადამიანობაა. მაშინ, ყოველ შემთხვევაში, საცდური ცდუნებულთა უძლურებით წარმოიშობოდა; ჩვენთან კი ასე არაა: ჩვენ ისეთ ცოდვებს ჩავდივართ, რომ ძლიერებიც კი ბრკოლდებიან“ (წმინდა იოანე ოქროპირი).

 

9:1.  არა ვარ მოციქული? შეკითხვას შეკითხვა მოსდევს, – თანაც შეუჩერებლივ, შეიძლება – განზრახ, რათა გულისხმისყოფა აღძრას. სწორედ ამისკენ მიჰყავს მკითხველი თვით შეკითხვების მოულოდნელობას, რადგან პირველი შეხედვით მიმართულება არ ჩანს. „აქ პავლე მოციქულის მიზანია, კორინთელებში აღადგინოს აზრი, რომ იგი ნამდვილი მოციქულია. არა ვარ მოციქული? – განა ზეცით არ მივიღე მოციქულობა? (თეოდორიტე). ჩემით არ დამიწყია სამოციქულო ღვაწლი, და არც ვინმე ადამიანთაგანს წარმოუგზავნივარ. თავად უფალმა დამადგინა ამ მსახურებაზე, ისე, როგორც ყველა სხვა მოციქული. ამიტომ, არა ვარ თავისუფალი? – არა მაქვს რწმუნება, რომ სხვა მოციქულებივით ვიმოქმედო მოციქულის ხარისხში? „სხვების დაქვემდებარებაში არა ვარ და არც მოწაფის რანგში ვიმყოფები, არამედ მთელი მსოფლიო მაქვს ჩაბარებული“ (თეოდორიტე). „ნუთუ არა მაქვს ხელმწიფება საკუთარ თავზე? – ნუთუ ვინმეს აქვს უფლება, გამაჩეროს ან ამიკრძალოს?“ (წმინდა ოქროპირი). არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? – „რადგანაც წმინდა პავლე მოციქულად ხმობილ იქნა მაცხოვრის ცად ამაღლების შემდეგ, სხვა მოციქულები კი ყველასგან დიდ პატივში იყვნენ იმის გამო, რომ თავად უფლის ხილვის ღირსიქმნენ, ამიტომ აუცილებლობიდან გამომდინარე დასძენს იგი ამას“ (თეოდორიტე), რათა არვის ეფიქრა, რომ მოციქულებრივად სხვებზე რამეთი ნაკლებია. რასაც სხვები ფლობენ, მეც ვფლობ. იხილეს მათ უფალი? მეც ვიხილე, თავად გამომეცხადა (1 კორ. 15:8), და თავადვე წარმომგზავნა ყველა წარმართი ხალხისთვის საქადაგებლად.

     მთელი ამ რიგი შეკითხვებით, კორინთელებში მან აღადგინა აზრი იმის შესახებ, რომ იგი ჭეშმარიტი მოციქულია. ახლა უკვე თავისი მიზნისთვის წმინდა პავლემ უნდა გაახსენოს, თუ როგორ მოციქულობდა მათთან. აქედან, მორიგი შეკითხვა: არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? – გულისხმობს სარწმუნოებაში მათ მოქცევას და მათგან ეკლესიის მოწყობას, მისი მთელი შემადგენლობით. კორინთელებისთვის მას უნდა შეეხსენებინა ყველაფერი – როგორ მივიდა მათთან, როგორ მოქმედებდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში და როგორ ეჭირა თავი მათ შორის.

9-2. სხვები, რომლებსაც არ ვუნახივარ, შეიძლება კიდევ შეეჭვდნენ – ვარ თუ არა მოციქული, მაგრამ თქვენთვის ეს ცხადი უნდა იყოს. თქვენ გინახავთ ჩემი სამოციქულო ძალა. „მოციქულმა ეს მოკლედ გამოთქვა, მაგრამ ამ მოკლე სიტყვითაც ბევრი რამ თქვა – როგორ ასწავლიდა, როგორ იღვწოდა და ამისთვის როგორ იტანჯებოდა, და როგორ სასწაულებრივდ მოქმედებდა მასში ღმრთის მადლი. ყოველივე ამის ჭეშმარიტი მოწმენი კი თავად კორინთელები იყვნენ, როგორც თვითმხილველები“ (თეოდორიტე).

     ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. „ბეჭედი, ანუ მტკიცებულება. ამბობს, ვისაც სურს ჩემს მოციქულობაში დარწმუნდეს, მე მას თქვენზე მივუთითებ.  რადგან ყველაფერი, რაც მოციქულს ახასიათებს, მე თქვენთან გავაკეთე და არაფერი დამიტევებია. თქვენთან აღვასრულე ნიშებ-სასწაულები, ვასწავლიდი სიტყვით,  ვითმენდი ჭირსა და ბოროტებას, ვცხოვრობდი შეუბღალავად. მეორე ეპისტოლეში ის უფრო დაწვრილებით წერს ამის სესახებ: მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ (2 კორ. 12:12-13) (წმინდა იოანე ოქროპირი).

 

წმინდა თეოფანე დაყუდებული

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებელისაგან – 25:31-46

31 და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. 31 ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;
32 შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. 32 და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,
33 და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ. 33 და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით.
34 მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. 34 მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ.
35 რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; 35 რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;
36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. 36 შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.
37 მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? 37 მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
38 როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? 38 ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? 39 ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
40 მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. 40 და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.
41 მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. 41 მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,
42 რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; 42 რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
43 უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; მიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. 43 უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.
44 მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 44 მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?
45 მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. 45 მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.
46 და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში. 46 და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.

 

ქადაგება საშინელი სამსჯავროს შესახებ

მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით (მთ. 25:31)

     საყვარელო ძმებო! სულ ახლახან ჩვენ ვჭვრეტდით გამოქვაბულში შობილ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, სახვევებში შეხვეულს და ბაგაში მწოლიარეს, რომელმაც ყველა ადამიანური უძლურება გაითავისა, გარდა ცოდვისა; სულ ახლახან ვჭვრეტდით მას ჰეროდესგან დევნილს, მკვლელის მახვილისგან ეგვიპტეში გაქცეულს და იუდეაში დაბრუნებულს, საცხოვრებლად ნაზარეთში – უპატიო გალილეის ამ ღარიბ და ნაკლებმნიშვნელოვან ქალაქში – დამკვიდრებულს; ვჭვრეტდით, როგორ იღებდა ის ნათლისღებას ამის მსაჭიროებლებთან ერთად, როგორ ქადაგებდა სინანულსა და ცათა სასუფევლის დადგომას. ყველაფერ ამას სულ ახლახან ვჭვრეტდით და აი, უკვე ვემზადებით ახალი, შემაძრწუნებელი სანახაობის საჭვრეტად.

     იმისათვის, რომ ადამიანური შეძლებისამებრ ამ სანახაობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენ ვაპირებთ, წინაწარ გავიწმინდოთ სულიერი თვალები – გულისა და გონებისა – მარხვის ღვაწლით. ჩვენ ვაპირებთ გავითხელოთ ჩვენი სხეული ამ ღვაწლის მეშვეობით, რათა ეს კრეტსაბმელი, ჩვენს სულიერ ბუნებას რომ ჩამოფარებია, არ იყოს ზედმეტად სქელი და გაუმჭვირვალე, რათა არ შეგვიშალოს ხელი, რომ ჯეროვანი სიწმინდით, რწმენითა და ლმობიერებით ვუმზიროთ ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს, რომელმაც ჩვენსა და ღმერთს შორის აღმართული კედელი დაარღვია (ეფ. 2:14). ჩვენ წინ გველოდება საშინელი სანახაობა, ყველაზე მრისხანე მოვლენა: მეორედ მოსვლა დედამიწაზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! მისი პირველი მოსვლა ჩვენ შეგვიძლია ღვთისმოთნე მოგონებებით ვჭვრიტოთ, მეორე კი ჩვენი წარმოდგენისთვის მოცემულია ღმრთის სიტყვით ყველაზე ფერწერული და ძლიერი მინიშნებებით. ამ ფერწერას შეუძლია, მაცხოვნებლად შეძრას ჩვენი სულები ღვთის შიშით, გამოგვიყვანოს ღრმა უზრუნველობიდან ჩვენს მარადიულ ხვედრთან დაკავშირებით, – ერთგვარი ღრმა ძილისგან, რომლითაც ჩვენმა ხორციელმა ცხოვრებამ დაგვაძინა.

     მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით. ჩვენი უფლის პირველი მოსვლა ამქვეყნად და მისი მიწიერი ცხოვრება ღრმა სიმდაბლთ იყო ავსილი. ვერაფერმა, რაც კი სასურველი და პატივსაცემია წუთისოფელში, მისი ყურადღება ვერ დაიმსახურა. არ ინება მან მიწიერი დიდებითა და ბრწყინვალებით გამოჩენილიყო, არ ინება ზეიმითა და მხიარულებით მოსვლა. დედამიწაზე მოვიდა იგი როგორც ღვთის მცნებების დამრღვევთა გამოძევების ადგილზე; ცხოვრობდა და მოქმედებდა აქ, როგორც წარწყმედილთა გამომსყიდველი, და თავადაც გახდა მონაწილე ყველა იმ უბედურებისა, რაც თავს მოეწია დამნაშავე კაცობრიობას. იგი გახდა, თითქოსდ,ა ადამიანთა მიერ გათელილი ერთ-ერთი გლახაკი. ის მწირი იყო და თავის მისადები ალაგიც არსად ჰქონდა; იყო დევნილი, უპატიობით დამცირებული, მაგრამ ბოროტებაზე სიკეთის მიმგებელი: რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად“ (ლკ. 9:56), და თავისი მიწიერი მწირობა მტანჯველი და სასირცხვილო სიკვდილით დაასრულა, – სისხლის სამართლის დამნაშავეთა სიკვდილით, მონების სიკვდილით, რომელთათვისაც  თვით სიკვდილის სახეც განსხვავდებოდა ამაქვეყნის მოქალაქეთათვის მიღებული საერთო წესისგან. ასეთი იყო ძე ღმრთისას პირველი მოსვლა დედამიწაზე. თავის დროზე შედგება მისი მეორედ მოსვლაც: მოვა ძე კაცისა, – რომელიც ამასთანავე ძე ღმრთისაა, თავისი დიდებით. მისი პირველი მოსვლა გამომსყიდველის მოსვლა იყო; იგი ყველა ადამიანურ უძლურებას დაექვემდებარა და იტვირთა ისინი, რათა გაენადგურებინა. მისი მეორედ მოსვლა კი მსაჯულის მოსვლა იქნება, რათა ანგარიში ჩაიბაროს კაცობრიობისაგან, თუ როგორ გამოიყენა ღმერთისგან ბოძებული ღვთაებრივი გამოსყიდვა.  მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი (მთ. 25:31-32), რათა წარუდგინონ მას სამსჯავროზე საკუთარი საქმენი და თავიანთი ნაღვაწის შესაბამისად მიიღონ ან ჯილდო ან სასჯელი.

    როდესაც რომელიმე მიწიერი მთავრისა და განმკითხველის მოსვლას ველოდებით, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი საქმეები მოვაწესრიგოთ და მისი მოწონება დავიმსახუროთ. მით უფრო უნდა გვაღელვებდეს ქრისტეს სამსჯავროს მოლოდინი, სადაც ჩვენი მარადიული ხვედრი უნდა გადაწყდეს. მსაჯული საშინელია, გამოუთქმელად საშინელი. საშინელია ის თავისი სიდიადით, ყოვლადძლიერებით; საშინელია იმით, რომ ჭვრეტს ადამიანის სულის სიღრმეებს და ყველა ჩვენი აზრი, ნებისმიერი ჩვენი განზრახვა მისთვის ცნობილია, როგორც გულთამხილველისა. მის სამსჯავროზე ვერავინ გამართლდება – ვერ გამართლდება არათუ ცოდვით მომკვდარი, არამედ ვერც ერთი არსება, თუნდაც მართალ ცხოვრებას შედგომილი (ფს. 142:2). მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში (ფს. 50:6), – შეჰღაღადებს მომავალ მსაჯულს ზეცით შთაგონებული წინასწარმეტყველი! ძრწოლა მოიცავს ყველა ადამიანს, როცა მსაჯულის წინაშე წარსდგება. ცოდვილები შეძრწუნდებიან მოსალოდნელი სატანჯველებისგან, იმ უჩვეულო შიშისაგან, რომელიც მათში მთელი სამყაროს შემცვლელ გადატრიალებას გამოიწვევს. მაშინ ისინი მთებსა და კლდეებს შებღავლებენ: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ, ვინაიდან მოვიდა დიდი დღე მისი რისხვისა, და ვინ შეძლებს დადგომას? (გამოც. 6:16-17). ისინი შეძრწუნდებან და დიდებას აღუვლენენ უფალს, მაგრამ გვიანი იქნება. როდესაც შემოქმედმა თავისი მიუდგომელი და ენით უთქმელი დიდება სიმდაბლის საფარველით შემოსა, მხოლოდ მაშინ შეეძლო ქმნილებას თავისუფლად ემართა თავისი აზრები და გრძნობები, ხოლო როდესაც შემოქმედი დიდებით გამოჩნდება, მაშინ ქმნილების თავისუფლება დაიშრიტება მისი დიდების სიდიადის წინაშე, მსგავსად იმისა, როგორც ეს თავისუფლება რაიმე განსაკუთრებული გარემოებისას, თუმც კი რჩება ჩვენი კუთვნილება, მაგრამ თითქოსდა ისპობა გარემოების ძალდატანებით. უფლის ყველაზე სასტიკი მტრები, სინედრიონის წევრები, რომლებმაც იგი ჯვარს აცვეს და მისდამი სიძულვილის ფიცი დადეს, მსაჯულთან შეხვედრისას შესძახებენ: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! – როგორც ეს მათ უფალმა უწინასწარმეტყველა: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით (მთ. 26:64); გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (მთ. 23:39). შეძრწუნდებიან მართლებიც, როცა მსაჯულის უსაზღვრო დიდებას იხილავენ, რადგან მაშინ საკუთარი სიმართლე უმაღლესი სიმართლის ნათელში ღატაკთა ძონძებად წარმოუჩნდებად: თავიანთ სიმართლეში ვერ დაინახავენ  შეწყალების საწინდარს, ამიტომ ღმერთის უსაზღვრო მოწყალების იმედიღა დარჩებათ. ღმრთის ანგელოზები შეშფოთდებიან და შეშინდებიან, როცა მათ მთელი თავისი სიდიადით გაეცხადებათ ღმრთის დიდება (იხ. ლკ. 21:27), რომელმაც მთელი მსჯავრი ძეს მისცა, რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას (ინ. 5:23-24). უგრძნობი ნივთიერი ბუნებაც ვერ გაუძლებს ძე ღმრთისას მზერას, რამეთუ ნათქვამია: და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავთავიანთი ადგილებიდან იძრნენ (გამოცხ. 6:14).

     ქრისტეს სამსჯავროზე გასამართლებლად მოწყალება იქნება საჭირო, როგორც სიყვარულის ნათელი გამოვლინება; შეწყალებას მხოლოდ წყალობა დაიმსახურებს, როგორც სიყვარულის ქმედითი მტკიცებულება. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9:13), – ბრძანა საშინელმა და პირუთვნელმა მომავალმა მსაჯულმა. წყალობა გამართლებას მოუტანს იმას, ვინც ის შეიყვარა, ხოლო მის უარმყოფელს – სასჯელს გადასცემს. წყალობა კადნიერად წარსდგება უფლის წინაშე და ყველა თავის გაზრდილს მიიყვანს მასთან. მიიყვანს იმათ, ვინც ის საქმით აღასრულა: მშიერი ძმები დააპურა, მწირებს თავშესაფარი მისცა, შიშვლებს ჩააცვა, ავადმყოფები და პატიმრები მოინახულა და ნუგეში სცა; წყალობა ქრისტესთან მიყვანს იმათ, ვინც სიკეთეს დაფარულად აკეთებდა, მოწყალებას გასცემდა, დაცემულს არ განიკითხავდა, წყევლას კურთხევით პასუხობდა, ბოროტებას – სიკეთით; მიიყვანს წყალობა ქრისტესთან ეკლესიის იმ მწყემსებს, რომლებიც ძმებს გულმოდგინედ გადასცემდნენ უხრწნელ საზრდელს – ღმრთის სიტყვას, ცოდვებით გაშიშვლებულთ სათნოების სამოსელს აცმევდნენ, სულიერად კურნავდნენ და სულგრძელად შეაგონებდნენ ურწმუნოების ან ცდომილების საპყრობილეში გამომწყვდეულთ; წყალობა ქრისტესთან მიიყვანს თამდაბალ ბერ-მონოზვნებსაც, რომლებმაც მოიპოვეს საიდუმლო და არსებითი ცოდნა მათში დამკვიდრებული ქრისტეს შესახებ, რომელთაც შიოდათ სახარებისეული სიმართლე, ცდილობდნენ, ღირსებითა და სიწმინდით შემოსილიყვნენ, განიწმიდნენ კაცობრიობის ყველაზე მავნე და შეფარული სენისგან – ყოფითი ვნებებისგან და ამით სახარებისეულ თავისუფლებას მიაღწიეს; წყალობა ქრისტესთან მიიყვანს იმათაც, ვინც მხოლოდ საკუთარი თავი შეიწყალა – გამოიკვლია თავი თვისი და სინანულით გათავისუფლდა სულიერი სნეულებისგან, ცოდვების საპატიმროდან. გასასტიკებული სულისთვის სინანული და მოწყალება შეუძლებელია, – ამას გულის გალღობა და გათბობა სჭირდება, და თანალმობა და თანაგრძნობა საკუთარი თავისადმი ცოდვილი და უბადრუკი მდგომარეობის გამო. როდესაც გული წყალობით აღივსება, მხოლოდ მაშინ ძალუძს მას მონანიება, მხოლოდ მაშინ შეძლებს, რომ მონანულ ცხოვრებას შეუდგეს. ხოლო როცა მაცხოვნებლად განიკითხავს საკუთარ თავს, მაშინ უკვე განიკურნავს წყლულებს სინანულის სალბუნით. ქრისტემ ყველა ადამიანი გამოისყიდა, და გამოისყიდა საკუთარი თავით. ადამიანს, რომელიც მხოლოდ თავის თავს გაუწვდის მოწყალების ხელს და ღვთის სიტყვით დაიპურებს მშიერ სულს, დაარწყულებს მას სულიწმიდისგან გამომავალი გრძნობებით, მიატოვებს ცოდვების გზას და კეთილმსახურებისა და სათნოებების სახლში შევა, გაამშვენიერებს მას კეთილი საქმეებით, განიკურნება ძველი ცოდვებისაგან აღსარებითა და მათი საწინააღმდეგო სათნოებებით, გამოვა ხორციელი სიბრძნისა და მდგომარეობის საპყრობილედან და გონიერ და სულიერ მდგომარეობაში შევა – ეს მოწყალება ჩაეთვლება თავად უფალ იესო ქრისტესთვის აღსრულებულ ღვაწლად. ყველა თავის მოღვაწეს მიიყვანს წყალობა ქრისტესთან და იშუამდგომლებს მის წინაშე, რომ მიიღონ შეწყალება და მარადიული ნეტარება. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ (მთ. 25:34-36, 40).

     უცნობია დრო და ჟამი, როცა ძე ღმრთისა შეწყვეტს სამყაროს ამ სახით არსებობას თავისი მოსვლით; უცნობია დღე და ჟამი, როცა მისი ბრძანებით შეწყდება თითოეული ჩვენგანის მიწიერი ცხოვრება და განვეშორებით ჩვენს სხეულებს, რათა კერძო სამსჯავროზე, ჯერ კიდევ საყოველთაო სამსჯავროს დადგომამდე, პასუხი ვაგოთ საკუთარ მიწიერ ცხოვრებაზე.

      საყვარელო ძმებო! ვიფხიზლოთ და ვემზადოთ საშინელი სამსჯავროსათვის, მარადიულობის ზღვარზე რომ გველოდება და სადაც ჩვენი მარადიული და შეუქცევადი ხვედრი გადაწყდება.

     მაშ, მოვემზადოთ და მოვიმარაგოთ ყველა სათნოება, განსაკუთრებით – ყველა სხვა სათნოების შემცველი და დამაგვირგვინებელი წყალობა, რომლის აღმძვრელი მიზეზი სიყვარულია – სიმტკიცე სრულქმნილებისა (კოლ. 3:14). წყალობა ადამიანებს ღვთისმსგავსებად აქცევს (მთ. 5:44, 48; ლკ. 6:32)! ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან (მთ. 5:7).; ხოლო მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება (იაკ. 2:13). ამინ.

 

წმინდა მღვდელთმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)