საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (03.11.2018)

3 ნოემბერი
saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-03-11

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი ასეთი სათაურით: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ,,ქართული ოცნებისადმი,-“ სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ თურმე არსებობს ვინმე ,,დაფარული მეუფე“ – მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.

განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი ,,დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.

საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.

ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.