საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 25 თებერვალი, 2001 წ. )

25 თებერვალი
sakvirao-qadageba-25-tebervali-2001

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 25 თებერვალი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ უფლის სიტყვები: „სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. ყოველი ადამიანი რაღაცას იუნჯებს, აგროვებს, ზოგი მიწიერს, ზოგი სულიერს, მაგრამ, ძალიან ხშირად, უფრო მეტ ყურადღებას მატერიალურისაკენ მიმართავს და ავიწყდება, რომ გაცილებით ფასეულია სულიერი საუნჯის დაუნჯება. ადამიანს სურს, რომ ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ ავიწყდება, რომ ეს ცხოვრება არის წუთის სოფელი. როგორც სოლომონ ბრძენმა ბრძანა: „ამაობეა ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“. წუთისოფლის ამაოების შესახებ გასაოცარი სინანულით საუბრობს წმიდა დავით მეფე აღმაშენებელი თავის „გალობანში“.

აი, უკვე იწყება დიდი მარხვა, მოსამზადებელი პერიოდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გავატარებთ ამ მარხვას, რადგან განსაკუთრებული ძალის მომნიჭებელია იგი. მოციქულთა დადგენილებაში ძალიან მკაცრად არის მითითებული, რომ ქრისტიანი, როემლიც არ ინახავს დიდ მარხვას და ოთხშაბათსა და პარასკევს ახსნილებს, ქრისტიანობიდან უნდა განიკვეთოს, ე.ი. ქრისტიანი აღარც კი უნდა ეწოდოს მას. აი, ასეთი მკაცრია ეს დადგენილება.

დიდ მარხვას ჩვენ ძალიან ხშირად ვუწოდებთ სინანულის, სულიერი განწმენდის პერიოდს, როცა ადამიანი უკეთ ხედავს თავის სულს, საკუთარ ნაკლს. ეს მარხვა მოგვიწოდებს იმისკენ, რომ განვიცადოთ საკუთარი ცოდვები, არ განვიკითხოთ ძმა ჩვენი. როგორც ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ადამიანმა შეიძლება განიცადოს თავისი ცოდვა, მაგრამ თუ იგი განკითხვაშია, ყველაფერი ამაოა. რომელ ცოდვასაც განიკითხავს ადამიანი სხვაში, ძალიან ხშირად თვითონვე ვარდება იმავე ცოდვაში. ეს ღვთის განგებით, ღვთის ნებით ხდება, რათა ადამიანი განმკითხველი აღარ იყოს. შეიძლება ჩვენს წინაშე მართლაც იდგეს ცოდვილი და ავაზაკი, მაგრამ ხომ არ ვიცით, თუ ვინ იქნება ის მომავალში. გავიხსენოთ თუნდაც მარიამ მაგდალინელი, ანდა მარიამ მეგვიპტელი.

მაგრამ მეგვიპტელი 12 წლისა იყო, როცა ოჯახიდან გავიდა და საშინელ ცოდვებში ჩავარდა, მაგრამ ვიცით, შემდეგ როგორ მოინანია და ისიც, თუ რა სულიერ სიმაღლეებს მიაღწია.

(ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ქადაგების ბოლომდე ჩაწერა). დასასრულს პატრიარმა დალოცა თბილისის 150-ე საშუალო სკოლის პედ-კოლექტივი და მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის წმიდა ამბროსის (ხელაია) შთამომავალი.

ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.

 T