საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (18 თებერვალი, 2001 წ.)

18 თებერვალი
sakvirao-qadageba-18-tebervali-2001

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 18 თებერვალი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი კვირა განსაკუთრებულია. მას საშინელი სამსჯავროს კვირიაკე ეწოდება. საშინელი სამსჯავრო – ეს არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, რის შესახებაც მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და რის გამოც საკმაოდ ბევრს ვლაპარაკობთ, თუმცა ნაკლებად ვემზადებით მის შესახვედრად. არავინ იცის ჟამი მეორედ მოსვლისა, მაგრამ ეს დღე აუცილებლად დადგება.

დღევანდელ სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „მოვა დიდებითა უფალი და ანგელოზნი ღვთისანი განყოფენ ხალხს, როგორც მწყემსი ჰყოფს ცხვართა და თხათა, თიკანთა და კეთილთა დააყენებს მარჯენა მხარეს, ხოლო ბოროტთა – მარცხენა მხარეს“. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განყოფა უკვე დაწყებულია. ადამიანი, რომელიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია და აღასრულებს იმ მცნებებს, რაზეც სახარებაშია საუბარი, ის უკვე უფლის მარჯვნივ დგას, ხოლო ვინც არ ასრულებს ღვთის სიტყვას, ის მარცხენა მხარესაა. სახარებაში წერია, რომ მარჯვენა მხარეს მდგომთ უფალი ეტყვის: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“. პირველად იმას კი არ ჰკითხავს ადამიანს, რამდენს ლოცულობდი ან მარხულობდიო, არამედ მიეცი თუ არა საჭმელი მშიერსო. შემდეგ ჩამოთვლის სხვა სათნოებებს: „მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავი და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა“. ესენი ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალე, ან საპყრობილესა შინა?“ უფალი მიუგებს: „რაც გაუკეთეთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა (ე.ი. ადამიანს, მოყვასს), იგი მე მიყავთ“. მარცხენა მხარეს მდგომთ კი ეტყვის, მშიერი ვიყავ და არ მეცით მე ჭამადი, მწყურვალი ვიყავ და არ მასვით და ა.შ. ისინიც ჰკითხავენ, როდის უფალო? პასუხი მათთვის ამგვარი იქნება: „წარვედით ჩემგან… რავდენი არა უყავთ ერთს ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“. ეს სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა დღეს, როცა ყევლას უჭირს – ხალხს, სახელმწიფოს, ჩვენთან საპატრიარქოში, სიონში, სხვა ეკლესიებში მოდიან ადამიანები, რომელთაც ლუკმა-პური არ გააჩნიათ, ჩემთვისაც მრავალს უთქვამს, რომ ხშირად შვილების გამოკვების საშუალებაც კი არა აქვთ. აი, ასეთი არასასრუველი მდგომარეობაა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო მეტი გასაჭირიც ყოფილა, მაგრამ ქართველი ადამიანი ყოველთვის სძლევდა მას თავისი შრომით, გარჯით, ძიებით, ყოველთვის პოულობდა რაღაც გამოსავალს, ან პირუტყვს მოაშენებდა, ან მიწას დაამუშავებდა. ჩვენი მშობლებისაგან გამიგონია, რომ ისინი ოცნებობდნენ, მთავრობისაგან ერთი დღის სახნავი მიწა მაინც მიეღოთ. ახლა ამის საშუალება არსებობს. ერთი დღის სახნავი კი არა, გაცილებით მეტიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მუშაობა უჭირთ – ტექნიკა არ გვაქვსო – იმიზეზებენ. ამით ის მინდა ვთქვა, შრომას გადავეჩვიეთ და ველოდებით, როდის მოგვცემს მთავრობა ხელფასს, პენსიას და სხვა. შევეჩვიეთ ჰუმანიტარულ დახმარებებსაც. ჩვენი ერის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოს შეწევნა დაგვჭირვებოდა. ქართველი კაცი თავად პოულობად გამოსავალს მძიმე მდგომარეობიდან, ისევ თავისი შრომითა და გარჯით. მე გამიგონია ერთი თქმულება, ჩვენთან ყაზბეგში, სოფელ სნოში, ცხოვრობდა ერთი ქვრვივი ქალი, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა და მატერიალურად ძალიან უჭირდა. ოჯახს მხოლოდ პურით არჩენდა, ყველი სანატრელი ჰქონდათ. პური და ყველი თუ ჰქონდა ადამიანს, ის უკვე ბედნიერი იყო. მამაჩემისგან მსმენია, რმო თურმე ეს ქვრივი დედაკაცი, როცა მინდორში შვილებთან ერთად სამუშაოდ გავიდოდა და სადილობის დროს სუფრას გაშლიდა, პურს გვერდით თეთრ ბროლებს დაუდებდა, რათა ხალხს ჰგონებოდა, თითქოს მათ ყველიც ჰქონდათ. აი, ასეთი მშრომელი, ასეთი თავმოყვარე ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები.

დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. მრავალი ახერხებს კიდეც იპოვოს გამოსავალი. ბევრი სოფელში მიდის. აი, თბილისთან ახლოს არის ერთი პატარა სოფელი ბროწეულა. სულ ახლახან დააარსა კინოს სახლმა. პირუტყვი მოაშენეს და ფაქტობრივად ამ გზით გადაარჩინეს ოჯახები. როცა დახმარებას ველოდებით უცხოეთიდან, ან რომელიმე კერძო პირისაგან, ეს ცუდია, მოლოდინი ყრვნის ხალხს. ადამიანმა თვითონ უნდა გამოძებნოს საშუალება იმისა, რომ თავი ირჩინოს. გუშინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა მიამბო, რომ ბევრი რამის გაკეთება სცადა, ჯერ ძროხები მოაშენა, მერე ქათმები, მაგრამ არ გაუმართლა, ახლა კი მწყერებს აშენებს და ძალიან კარგი შემოსავალი აქვს, ოჯახს ამით ინახავს. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი შრომით ჭამს ლუკმა-პურს.

მინდა ყველას გთხოვოთ, ყველას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ერთად ვეძებოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და აუცილებლად მოვიფიქრებთ რაიმეს. მინდა, ყველა ეკლესიასთან იყოს რაღაცა მეურნეობა, ვისაც სამშაო არა აქვ, დასაქმდეს და მცირე შემოსავალი მაინც მიიღოს. შეიძლება გაშენდეს მეფრინველეობის პატარა ფერმა ან გაკეთდეს სხვა რამ. ჩვენ უნდა ვცადოთ და არსებობის საშუალება გამოინახება.

მინდა შეგახსენოთ ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც ადრეც მითქვას თქვენთვის: ერთი მორწმუნე ქალი ყოველდღე ლოცულობდა და უფალს სთხოვდა: უფალო მოდი და მასწავლე მე რა გავაკეთო, როგორ ვცხონდე. ამ დროს მას ჩაესმა ხმა, მოემზადე და მე მოვალ შენთან. ქალი შეუდგა მზადებას, მაგრამ როგორ? დაიწყო სახლის დასუფთავება და არა გაწმენდა სულისა. მთელი თავისი ავეჯი ეზოში გამოიტანა, დარეცხა, დაწმინდა. ამ დროს მოვიდა ერთი მშიერი, გაჭირვებული ადამიანი, დაუკაკუნა ჭიშკარზე და ცოტაოდენი ლუკმა-პური ითხოვა. ქალმა გასძახა, რა დროს ეგ არის, მაცხოვარს ველოდები და შენთვის არ მცალიაო. შემდეგ პატარა ბავშვი შეხვდა ქუჩაში, მან შეწევნა ითხოვა და არც მას მისცა რაიმე. არ მცალია, უფალს ველოდებიო. მერე კიდევ სხვა გაჭირვებული შეხვდა და ისიც არ განიკითხა. როცა ყველაფერი დაასუფთავა და თავის ოთახში შეიტანა, ამის შემდეგ დაჯდა და ლოცვა დაიწყო: მოდი უფალო, მე უკვე მზადა ვარო. უფალი აღარ მოდიოდა. გავიდა რამდენიმე ხანი და ჩაესმა ხმა: მე სამჯერ მოვედი შენთან, მაგრამ სამივეჯერ უარმყავიო.

ხშირად უფალი ადამიანის სახით მოდის ჩვენთან, მაგრამ ვერ გულისხმავყოფთ. ყველა ჩვენთაგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა. ზის გაჭირვებული ადამიანი ქუჩაში, დაინახავ მას და შენს გონებაში, შენს გულში იწყება ბრძოლა: ერთი ხმა გკარნახობს, რომ მისცე ფული, გაუწიო დახმარება, მეორე ხმა კი ჩაგძახის: შენ თვითონ გაჭირვებული ხარ და სხვას რა უნდა მისცე. ანდა გეუბნება: რომ მისცე, წავა და დალევსო და სხვა. არის შემთხვევებიც, ჩაუვლია ადამიანს ამ გაჭირვებულის წინ, შემდეგ უკან დაბრუნებულა და გაუღია დახმარება, თუნდაც მცირედი. ამ დროს ამ ადამიანში კეთილმა ხმამ გაიმარჯვა. ბედნიერი ხართ თქვენ, ვინც ამას აკეთებთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მეორედ მოსვლის დროს მთელი საქართველო უფლის მარჯვნივ იდგეს, ღმერთმა ინებოს, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ეს სიკეთე წინ დაგვხვდება.

დღეს ჩვენ ვლოცავთ თბილისის 151-ე საშუალო სკოლას, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი ბატონი ამირან ბურჭულაძე. ბატონო ამირან, ღმერთმა დაგლოცოთ. მასწავლებლებო, მოსწავლეებო, ჩვენო შვილებო, შეგეწიოთ უფალი. სწავლის პერიოდი მარტო იმისთვის კი არ უნდა გამოიყენოთ, რომ მხოლოდ ცოდნა მიიღოთ. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ მთავარია ისწავლოთ სიკეთის კეთება, ერთმანეთის სიყვარული. ღმერთმა მოგცეთ სულიერი ხედვა, სულიერი თვალი, რომ შეამჩნიოთ გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა დალოცოს 151-ე სკოლის მოსწავლეები, მომსახურე პერსონალი. გადმოგცემთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ახლავს ლოცვა-კურთხევა, სადაც ჩაწერილია ჩემი სურვილები და ვფიქრობ, აქედან ზოგიერთს მაინც შეასრულებთ.

ეს კვირა არის ყველიერის კვირა და ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა არ არის, მაგრამ ხორცი აღარ იჭმევა. დღეს არის ხორცის აღება. მთაში ამბობენ პირის დაჭერა არისო, ე.ი. ხვალიდან დიდი მარხვის დაწყებამდე მხოლოდ რძე და რძის ნაწარმი მიიღება.

ხუთშაბათს დღესასწაულია წმიდისა შიო მღვიმელისა. მღვიმევის მონასტერში განსაკუთრებული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს.

ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.

 T