საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (09.09.2018)

9 სექტემბერი
s-ruliad-saqa-rtvelos-katolikos-patriarqis-qadageba-5-9235644

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა,

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენ გავიხსენეთ ბიბლია, დანიელის წიგნი, სადაც არის აღწერილი ცხოვრება ანანია, აზარია და მისაილისა. საოცარია მათი ცხოვრება და მათი მოღვაწეობა. როცა მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა, ისინი დაეწვა, მათ აღიარეს თავისი ცოდვები, საოცარი აღსარება თქვეს და შემდეგ ცეცხლში წარმოთქვეს საოცარი გალობა – ანანია აზარია და მისაელისა: აქებდით უფალსა მზე და მთვარე, აქებდით წვიმა და ყოველი სული აქებდით უფალსა, – იმის მსგავსი, როგორც არის ,,ფსალმუნში” თქვენ იცით, რომ ,,დავითნი” მთავრდება ამ სიტყვებით: ,,ყოველი სული აქებდით უფალსა.“

იმდენად შთამბეჭდავი იყო ანანია, აზარია და მისაელის უვნებლად ყოფნა გავარვარებულ ღუმელში, რომ ნაბუქოდონოსორი განცვიფრებული იყო.

ამასთან, ნაბუქოდონოსორიც და ხალხიც სამის ნაცვლად ხედავდა ოთხ პიროვნებას. ეს იმიტომ, რომ მაცხოვარი იყო მათთან და იცავდა დამწვრობისაგან. ეს რომ დაინახა მეფემ მოითხოვა: ავიდეთ მთაზე და თაყვანი ვცეთ ანანია, აზარია და მისაელის ღმერთსაო და იწამა ჭეშმარიტი ღმერთი.

შეგვეწიოს ანანია, აზარია და მისაელის ლოცვა-კურთხევა.

თქვენ ხშირად უნდა წაიკითოთ ბიბლია. ბიბლიაში იმდენი საიდუმლოა, იმდენი სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგადგებათ და დაგეხმარებათ ეს ცოდნა.

დალოცვილი იყავით და გახარებული.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: დგებუაძეების და გელაშვილების.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი ყოვლადწმინდისა სულისა. შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გვარმა გააკეთოს, ეს არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება და მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს: დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ.