საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.08.2018)

12 აგვისტო
s-ruliad-saq-artvelos-katolikos-patriarqis-qadageba-5-6370818

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ადამიანის ცხოვრება, ისევე როგორც ერის ცხოვრება, არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის.

დღეს დიდგორობაა. უდიდესი ომი, რომელიც გამარჯვებით გამოიარა ქართველმა ხალხმა,  უპირველეს ყოვლისა,  დავით აღმაშენებლის დამსახურებაა. მან ისე დაგეგმა, ისე მოაწყო ყველაფერი, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი რაოდენობა იყო მტრისა.

დავით აღმაშენებელმა თავდაპირველად გაგზავნა 200 გამორჩეული მხედარი. მტერს ეგონა, რომ ესენი მოღალატეები იყვნენ, არადა შეიჭრა ეს 200 კაცი, მოწინააღმდეგის შუაგულში,  გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა და გამარჯვება იყო გარდაუვალი.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანმა წინდახედულება და სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. უპირველეს ყოვლისა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შენ თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბოროტებას, იმ ნაკლსა, რომელიც ჩვენშია და გამარჯვების გარეშე უკან არ დავბრუნდეთ, ისევე როგორც დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები, რომ უკან დახევა  შეუძლებელი ყოფილიყო.  დავითი თვითონაც თავის თავს აყენებდა საშიშ მდგომარეობაში, მაგრამ მას ჰქონდა იმედი ღვთისა და ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს.

დღეს ჩვენ ვახსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება და არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის მსგავსი ბრძოლებისა.

ჩვენ მოვამზადეთ პატარა ტრაპეზი, რომ მოვიხსენოთ დიდგორის გმირები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული, მათი გმირობა დაუვიწყარია და წარუშლელი. ახლა ჩენ გადავიხდით პანაშვიდს მათთვის, რათა სასუფეველი ცათა დაუმკვიდროს მათ სულებს უფალმან.

დავით აღმაშენებლის ლოცვა-კურთხევა და ძლევამოსილება შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი