საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (01.04.2018)

1 აპრილი
s-ru-liad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qadageba-5-1891433

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ ბზობას.

კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში და სწერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი და აქებდა და ადიდებდა უფალს. მას ხვდებოდნენ, როგორც მეფეს და უგალობდნენ: ,,ოსანა მაღლათა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა; იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო.

არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი, _  ეს არის გზა სასუფეველში.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი.

ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ.

დღეს არქიმანდრიტი ლაზარე (მახარაშვილი) ჯილდოვდება მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

 

 

შაბათს მცხეთა იკურთხება

XIს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ,,ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე.

,,დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, _ ვკითხულობთ მატიანეში.

ხარების დღესასწაულზე, მე-4 ს-ში, წმ. ნინოსა და წმ. მირიან მეფის კურთხევით, მოიჭრა ,,ძუძუს წყაროზე“ აკაკის ხეც, რომლისგანაც შემდეგ სამი ჯვარი შეიქმნა და ამ ჯვრების აღმართვით მცხეთის ჯვრის ბორცვზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, ,,დაეცა ყოველი კერპი ქართლისაი“.

ასე რომ, ხარების დღესასწაული ჩვენთვის ასევე არის მცხეთის კურთხევის და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ერის მოქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

უკვე სამი წელია აღდგა ტრადიცია და ,,ხარებობას” ხდება მცხეთის კურთხევა მღვდელმთავრისა და სამღვდელოების მონაწილეობით.

წელსაც, შაბათს, წირვის შემდეგ, აღესრულება ეს საზეიმო მსვლელობა და მორმწუნეთ ექნებათ შესაძლებლობა, წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსის ანდერძისამებრ მიიღონ მონაწილეობა მცხეთის კურთხევაში.