საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვა კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორისადმი (მცხეთა, სვეტიცხოველი 01.08.2016)

2 ოქტომბერი
კატეგორია: აქტუალური,
romis-pap-franciskes-sityva-katolikos

  რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვა კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორისადმი
მცხეთა, სვეტიცხოველი
01.08.2016

English (en) Italian (it)

 თქვენო უწმიდესობავ,
ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო ხელისუფალნო და დიპლომატიური კორპუსის აღმატებულო წევრებო,
უძვირფასესო ეპისკოპოსნო და მღვდლებო,

ძვირფასო ძმანო და დანო,

ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობის დასასრულს, მადლობას ვწირავ უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმიდა ტაძარში. აქვე მსურს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისათვის, რწმენის თქვენეული ამაღევებელი დამოწმებისთვის, ქართველი ხალხის კეთილი გულისათვის. თქვენო უწმიდესობავ, მაგონდება ფსალმუნის სიტყვები: „რა კარგი და საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი მირონი, თავზე ჩამოღვრილი“ (ფსალ. 133, 1-2). უძვირფასესო ძმაო, დაე უფალმა, რომელმაც მოგვმადლა სიხარული შეხვედრისა და ერთურთისთვის წმიდა ამბორის მიგებისა, გვაცხოს სურნელოვანი მირონი თანხმობისა, უხვად მოუვლინოს თავისი ლოცვა-კურთხევა ჩვენს საყვარელი ქართველი ხალხის გზას. ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით. მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა „შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა (შდრ. გალ. 6, 2) – დაე, ამგვარი ძმური, ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა.

ეს დიდებული საკათედრო ტაძარი, რწმენისეული და ისტორიული საგანძურის შემომნახველი, წარსულის გახსენებისკენ გვიხმობს. ეს აუცილებელია, რადგან „ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“ (ი. ჭავჭავაძე, „ერი და ისტორია”, გაზეთი „ივერია”, 1988). საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმიდა მოწამეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებმაც განმსჭვალეს ერის სული და ჩამოაყალიბეს მისი კულტურა. ამასთან, ეს ძვირფასი წიგნი გვიამბობს გახსნილობის, მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითებზე. ეს ფასეულობანი ძვირფასი და მარად ღირებულია ამ მიწისთვის და მთელი რეგიონისთვის, საუნჯეა, გამომხატველი ქრისტიანული თვითშეგნებისა, რომელიც ასეთად მაშინ რჩება, როცა მყარად ეფუძნება რწმენას და, იმავდროულად, ყოველთვის ღიაა ურთიერთობისთვის, არასოდესაა ხისტი და ჩაკეტილი. ეს წმიდა ადგილი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული სახარება საუკუნეების მანძილზე დედაბოძად ედგა ქართულ მეობას, არეულობის დროს მდგრადობას უნარჩუნებდა მას, მაშინაც კი, როცა, სამწუხაროდ და არცთუ იშვიათად, ქვეყანა ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბრად იყო დარჩენილი. მაგრამ, უფალს არასოდეს მიუტოვებია ძვირფასი ქართული მიწა, რამეთუ „უფალი ერთგულია ყველა თავისი სიტყვითა და საქმით, შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა” (ფსალმ. 145, 13-14).

უფლის მოსიყვარულე და გულმოწყალე სიახლოვეზე აქ, პირველ რიგში, წმიდა კვართი მიგვანიშნებს. კვართის საიდუმლომ, კვართისა, რომელიც „უკერველი და თავით ბოლომდე ნაქსოვი იყო” (იოან. 19, 23) დასაბამიდანვე მიიპყრო ქრისტიანთა ყურადღება. პირველი საუკუნეების ეკლესიის მამის, წმიდა კვიპრიანე კართაგენელის თქმით, იესოს განუყოფელი კვართი განასახიერებს „იმ თანხმობას, რომელიც განუყოფლად გვაერთიანებს”, „ერთობას, რომელიც მაღლიდან, ანუ, ზეციერი მამისგანაა მოვლენილი და ვერანაირად ვერ დანაწევრდება” (De catholicae Ecclesiae unitate, 7: SCh 1 [2006], 193). წმიდა კვართი, ერთობის საიდუმლო, მოგვიწოდებს დიდი გულისტკივილით აღვიქვათ ის განხეთქილება, ისტორიის მანძილზე რომ მოხდა ქრისტიანთა შორის – ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს სხეულის დანაწევრება. თუმცა, ამავე დროს, „მაღლით გადმოსული ერთობა” და ქრისტესმიერი სიყვარული, ქრისტესი, რომელმაც ერთად შეგვკრიბა და მხოლოდ თავისი სამოსი კი არა, თავისი სხეულიც მოგვიძღვნა, მოგვიწოდებენ გული არ გავიტეხოთ და, უფლის მაგალითისამებრ, ჩვენც ვუძღვნათ ჩვენი თავი ღმერთს (შდრ. რომ. 12 ,1), გვიბიძგებენ, რათა, ძმური ქრისტიანული სულისკვეთებით აღვსილებმა, ვიღვაწოთ გულწრფელი სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და დანაწევრებული სხეულის გამთლიანებისათვის.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოითხოვს მოთმინებით სავალ გზას, რომელიც მეორე ადამიასიდმი ნდობითა და თავმდაბლობით, მაგრამ უშიშრად და თამამად, ქრისტიანულ იმედში წინასწარ ნაგემი სიხარულითა და თავდაჯერებით უნდა განვლოთ. ეს იმედი გვინერგავს იმის რწმენის, რომ დაპირისპირებებს მოევლება, წინაღობანი დაიძლევა. არასოდეს არ უნდა ვიუაროთ შეხვედრა და საუბარი, უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული. მეიმედება, მაგალითად, ერთობლივი საერთაშორისო კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგისა და ურთიერთგაცვლის სხვა ნაყოფიერი შესაძლებლობებისა. წმიდა კვიპრიანე იმასაც ამბობდა, რომ ქრისტეს კვართი „ერთიანი, განუყოფელი, უკერველი, განასახიერებს განუყოფელ ერთობას ჩვენი ხალხისა, ჩვენი, ვინც ქრისტეთი ვართ შემოსილნი” (იგივე, 195). პავლე მოციქულიც ხომ გვიდასტურებს – ქრისტეში მონათლულნი ქრისტეთი შეიმოსნენ (შდრ. გალ. 3, 27). ამიტომაც, მიუხედავად ჩვენ-ჩვენი თავისებურებებისა და, აქედან გამომდინარე, ისტორიულ-კულტურული განსხვავებებისა, მოწოდებულნი ვართ ვიყოთ „ერთნი ქრისტე იესოში” (გალ. 3, 28) და წინა პლანზე არ წამოვწიოთ მონათლულთა შორის არსებული უთანხმოებანი თუ დაყოფანი, რადგან მართლაც ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს.

ამ საპატრიარქო ტაძარში ჩვენი უამრავი ძმა და და იღებს ნათლობას, რომელიც ქართულ ენაში შესანიშნავად გამოხატავს ქრისტეში მიღებულ ახალ სიცოცხლეს, მიგვანიშნებს რა იმ ნათელზე, რომელიც აზრს ანიჭებს ყველაფერს, რადგან წყვდიადიდან გამოვყავართ. ქართულად ხომ სიტყვა „განათლებაც” იგივე ფუძიდან მომდინარეობს და, ამდენად მჭიდროდ უკავშირდება ნათლობას. ასე რომ, ენის კეთილშობილებას ქრისტიანული ცხოვრების სილამაზესთან მივყავართ, ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც, იმთავითვე ნათელმოსილი, ასეთივე დაჩება თუ სიკეთის ნათელს შეინარჩუნებს და განაგდებს ბოროტების წყვდიადს; თუ, საკუთარი ფესვების ერთგული, არ აჰყვება კარჩაკეტილობის ცდუნებას, ცხოვრებას რომ აბნელებს, არამედ დარჩება მიღებისა და სწავლისადმი განწყობილი, რათა გაბრწყინდეს ყოველივე იმით, რაც მშვენიერი და ჭეშმარიტია. დაე, ქართველი ერის ნათელმოსილმა საუნჯემ აღიარება და დაფასება ჰპოვოს; დაე, სულ უფრო უკეთ შევძლოთ ღმერთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ნაბოძები საგანძურის ურთიერთგაზიარება, რათა ორმხრივ გავმდიდრდეთ და ერთურთის თანადგომით გავიზარდოთ სიკეთეში!

მთელი სულით და გულით გპირდებით, რომ ვილოცებ, რათა უფალმა, ყოველივეს განმაახლებელმა (შდრ. გამ. 21, 5), წმიდა მოციქული ძმების – პეტრესა და ანდრიას, მოწამეთა და ყველა წმინდანის შუამდგომლობით, განამრავლოს სიყვარული ქრისტეს მორწმუნეთა შორის და განმგვამტკიცოს ყოველივე იმის ძიებაში, რაც დაგვაახლოვებს, შეგვარიგებს და გაგვაერთიანებს. დაე, ყველა დონეზე გაძლიერდეს ძმობა და თანამშრომლობა. დაე, ლოცვამ და სიყვარულმა სულ უფრო ძლიერ შეგვაგრძნობინოს უფლის სევდიანი ნატვრა მათ მიმართ, ვისაც სწამს უფალი მოციქულთა სიტყვის მეშვეობით: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ” (შდრ. იო., 20-21).