საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება წმ. თამარ მეფის ხსენების დღეს (14.05.2017)

14 მაისი
patriarqis-qadageba-wm-tamar-mefis

 დღეს ვიხსენებთ სამარიტელ ქალს და წმინდა მეფესა ჩვენსა თამარს.

უფალი ბრძანებს: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. მართლაც, რჩეული და ამაღლებული იყო ერისაგან თამარი, გამორჩეული თავისი დიდი სულიერებითა და ქვეყნისადმი თავდადებით.

მან სიზმარში ნახა ორი ტახტი – ერთი ბრწყინვალე და გამორჩეული, მეორე მომცრო. თამარს უნდოდა დამჯდარიყო დიდ ტახტზე, მაგრამ უთხრეს, რომ ეგ შენი ტახტი არ არისო.

– ვისია იგი, – იკითხა მან.
– შენი მორჩილისო, – უპასუხეს.
და რა გააკეთა ამისთანა, – კვლავ იკითხა თამარმა.

12 მღვდელს მისი მოქსოვილი და შეკერილი შესამოსელი აცვია და 12 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ამ შესამოსლითო, – უპასუხეს.

თამარმა მოატანინა მატყლი, თვითონ დართა, მოქსოვა და თვითონვე შეკერა 12 სამღვდელო შესამოსელი. ასე აღასრულა ეს დავალება.

იგი სულ ახალგაზრდა გარაიცვალა, მაგრამ მისი ცხოვრების პერიოდი საქართველოს ოქროს ხანად იქცა.

დღეს შევთხოვთ მეფე თამარს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობის, დაწყნარების, თავისუფლებისა და მთლიანობისათვის.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.

კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
ჩვენთან არს ღმერთი!