საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება უძღები შვილის კვირას (28.02.2016)

4 მარტი
patriarqis-qadageba-udzghebi-shvilis-kviras

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც ვკითხულობთ, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოითხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა – წავალ და ვეტყვი მამას: „მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, რამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“(ლუკა 15:11-32). მამა ელოდებოდა თავის შვილს, დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია.

ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზეა, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა – განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. ინებოს უფალმა, რომ ეს მალე მოხდეს.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
28 თებერვალი 2016 წელი