საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (მართლმადიდებლობის ზეიმი 20.03.2016)

21 მარტი
patriarqis-qadageba-martlmadideblobis-zeimi-20

ყველას გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, ეს არის სამოციქულო ეკლესიის, მთელი მსოფლიო ეკლესიის ზეიმი. გილოცავთ ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დღეს შედგა დიდი მოვლენა კონსტანტინეპოლში, საქართველოს ეკლესიას გადმოეცა ორი სიგელი – პატრიარქობის და ავტოკეფალიის. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ. დღეს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეს აქ ბრძანდებიან ჩვენი სახელოვანი ექიმები, რომლებიც მკურნალობენ ამ სენით დაავადებულ ადამიანებს.  ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რით შეგვიძლია, რომ ვებრძოლოთ ამ ავადმყოფობას. პირველი და მთავარი, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ ავადმყოფობას, ეს არის პირადი ჰიგიენა, სისუფთავე და ხელების ხშირი დაბანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს პირის ღრუს სისუფთავეზე. პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, საიდანაც ინფექცია ვრცელდება. ამიტომ სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ოთახიდან გამოვდივართ ფანჯარა ღია უნდა დავტოვოთ, რომ გასუფთავდეს ჰაერი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას…

ძალიან მნიშვნელოვანია ციხეებში არსებული მდგომარეობა. ახლა უფრო მეტადაა სისუფთავე იქ, თუმცა ადრე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გავრცელების ადგილი ტუბერკულოზისა სწორედ ციხე იყო. ახლა ჩვენი ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს და შესაბამისად, გავრცელებაც ნაკლებია.

მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ მოვლენას. ჩვენთან არიან უვადო პატიმრები, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყოველგვარი იმედი აქვთ დაკარგული, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. უვადო პატიმრობა მეტად მძიმეა. მე ვფიქრობ რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე.
უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, „უვადო“ არის მარტო ღმერთი. პატიმარი თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და მაგალითია სიკეთესა, მას შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა, რათა მას განთავისუფლების იმედი მიეცეს… მე მქონდა მათთან შეხვედრა, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ, ხეზე კვეთენ. ალბათ ჩვენი პარლამენტი და ხელისფულება მიაქცევს ამ საკითხს ყურადღებას.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ექმიები, რომელნიც შრომობენ ტუბერკულიზის აღმოფხვრისთვის.
ღმერთმა დალოცოს, ის ადამიანები რომელნიც ავადმყოფობენ ამ საშინელი სენით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ღმერთმა ინებოს, რომ საქართველო გახდეს ის ქვეყანა სადაც აღმოიფხვრება ეს სენი.
დალოცვილი იყავით და გაიხარეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
20 მარტი 2016 წელი