საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (26.06.2016)

26 ივნისი
patriarqis-qadageba-26-06-2016

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს განსაკუთრებული დღეა, ყოველი ჩვენგანი ანგელოზის დღეა, რადგან დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. დღეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს. ზეიმობენ სასუფეველში და ზეიმობენ დედამიწაზე. ამიტომ ყოველი ჩვენთაგანი უნდა შეევედროს უფალს, რათა მშვიდობა მოგვმადლოს უფალმა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

saqartvelos-imedis-xati

თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. იგი ჩემი მშობლების ხატია. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ მის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენჯერ მუხლს იყრიდა ხოლმე მამაჩემი და ევედრებოდა მშვიდობასა და სიკეთეს.

ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის უკვე მძიმედ ავადმყოფი იწვა ლოგინში, დამიძახა და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. თეიმურაზი გამომეცხადა სიზმარში და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო (რატომღაც ასე თქვა), ყველა ლოცულობსო. ამიტომ მათი ლოცვით ვართ ჩვენ ვინცა ვართ და რაცა ვართ.

დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვწყალობს ჩვენ.
დიდება უფალს და დიდება ყოველთა წმინდანთა.
ყოველი წმინდანის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

სამების საკათედრო ტაძარი
26 ივნისი, 2016 წელი