საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (07.11.2016)

7 ნოემბერი
patriarqis-qadageba-07-11-2016

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”

ჩვენ ვიმყოფებით განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როდესაც  ადამიანებს რთული ცხოვრების გზის და გამოცდების გავლა უწევთ, რაც ფსიქიკას უზიანებთ და შიში იპყრობთ.  მე მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ: ნურაფრისა  გეშინიათ, უფალი ჩვენთანაა, უფალი სწყალობს საქართველოს! მართალია, განსაცდელი მთელს მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი.

დღეს იყო წაკითხული სახარება, სადაც ნათქვამია, რომ აბრაამი ეუბნება ადამიანს, რომელიც ამ სოფლად განცხრომაში იყო, მაგრამ იმქვეყნად სატანჯველში მოხვდა, რომ თუ კაცი არ დაუჯერებს წინასწარმეტყველებს, პირველ მამებს, იგი არ დაუჯერებს  იმათაც, რომელნიც თუნდაც სამოთხიდან დაბრუნდნენ და თქვან, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ.

უპირველეს ყოვლისა ადამიანი უნდა ხედავდეს სხვის გაჭირვებას, უნდა ხედავდეს მოყვასსა თვისსა და  უნდა ეცადოს, რომ ცხოვრება გაუადვილოს მას. ეს ერთ-ერთი უმთავრესი გზაა ცხონებისა.

ჩვენს მღვდელმთავრებს ვულოცავთ საიუბილეო თარიღებს: მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი), რუის-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწეობის 20 წლის თავს, მიტროპოლიტი თეოდორეს (ჭუაძე), მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია), მიტროპოლიტ ანტონს (ბულუხია), მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლისთავს და მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) დაბადებიდან 70 წლის იუბილეს. ასევე, ვულოცავთ დიდ პიროვნებას, ქართული ანბანის მკვლევარს,  ბატონ რამაზ პატარიძეს დაბადებიდან 89 წლისთავს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ