საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პანაშვიდი 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად აღსრულებულთათვის

13 ივნისი
კატეგორია:
panashvidi-2015-wlis-13-ivniss

ა.წ. 13 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე)  ვერეს ხეობაში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადა და საზოგადოებას ასეთი სიტყვებით მიმართა:

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მეტად მძიმედ გასახსენებელი დღეა, რადგანაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა მაშინ თბილისში. ეს იყო დღე, რომელმაც ნათლად დაგვანახა, თუ რა რთული და მოულოდნელობებით სავსეა ჩვენი ცხოვრება, რამდენად წუთიერი შეიძლება იყოს ადამიანის ყოფნა-არყოფნა,  რამდენად პატარები ვართ ბუნებისა და ღვთის წინაშე  და  რაოდენ ამოუცნობია ჩვენი ბედი.

მართალია, გადავიტანეთ უმძიმესი დღეები, მაგრამ დავინახეთ ისიც, თუ რამდენად შეიძლება გასაჭირმა გაგვაერთიანოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა მთელი საქართველო იმ პერიოდში, თუმცა ადამიანთა მსხვერპლის გარეშე ვერ დამთავრდა სტიქიასთან ჩვენი ბრძოლა. სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეეწირნენ ამ განსაცდელს.

მათ ცხოვრებას რომ გავეცანით, აღმოჩნდა რომ უმრავლესობა განსაკუთრებული შესაძლებლობისა იყო და განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეკავებინა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ დაიკავეს  განსაკუთრებული ადგილი ღვთის წინაშე. ისინი ხომ შეიქმნენ გამაერთიანებელნი ჩვენი ხალხისთვის გასაჭირის ჟამს და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს მათი სახელები, ვლოცულობდეთ მათზე და ვუხმობდეთ, რომ კვლავაც გაგვაერთიანონ, ოღონდ არა გასაჭირში, არამედ ქვეყნის ასაშენებლად.

ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ.“