საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია „გენი ქართულის“ წევრები კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ

27 ოქტომბერი
კატეგორია:
mravalshviliani-dedebis-organizacia-geni-qartulis

ა.წ. 27 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო მრავალშვილიანი დედები, რომლებიც გაერთიანებულები არიან საქველმოქმედო ორგანიზაციაში – „გენი ქართული“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).

აღნიშნული ორგანიზაცია გასული წლის თებერვალში შეიქმნა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და წახალისებას. მათი თანადგომა ასეთი ოჯახებისთვის მით უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტ შვილს იყოლიებს ოჯახი.

საუბარი შეეხო მრავალშვილიან ოჯახებში არსებულ პრობლებებს და გზების ძიებას მათ გადასაწყვეტად; აღინიშნა ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა და დასახელდა გაეროს მონაცემები, რომელთა მიხედვით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა, 50 წლის შემდეგ ქართული ეთნოსი ფიზიკურად აღარ იარსებებს.

ამ საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია სასწრაფო გადამჭრელი ზომების მიღება ხელისუფლების მხრიდან. ითქვა, რომ დახმარება, რომელსაც მრავალშვილიან ოჯახებზე მთავრობა ანხორციელებს, სადღეისოდ მხოლოდ მთიან რეგიონებში მცხოვრებლებზე ვრცელდება, რაც არ არის საკმარისი. ბიზნესმენთა მხრიდან გაწეული თანადგომა კი, როგორც წესი, ერთჯერადია და, ბუნებრივია, რომ პრობლემა ამით ვერ გადაიჭრება. ამასთან, დღეისათვის არ არსებობს დადგენილება, თუ რამდენ შვილიან ოჯახს უნდა მიეკუთვნოს მრავალშვილიანის სტატუსი და არ არის შესწავლილი ასეთი ოჯახების რაოდენობა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაქმების საკითხი მძაფრად დგას დღის წესრიგში. სამწუხაროდ, მრავალი შემთხვევაა, როდესაც ოჯახის მარჩენალს ისე ათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ არ ითვალისწინებენ მის სოციალურ მდგომარეობას. ასეთი ვითარებაა არა მარტო კერძო სტრუქტურებში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებშიც. ძალიან მწვავეა საცხოვრებელი ფართის სივიწროვის პრობლემაც.

დედებმა აღნიშნეს, რომ „გენი ქართული“ ცდილობს ქართულ საზოგადოებაში შექმნას განწყობა მრავალშვილიანი ოჯახების გამრავლებისათვის. ხაზი გაუსვეს ტელევიზიების როლს ამ საქმეში. საზოგადოებისთვის დადებითი მესიჯის მიმცემი იქნება ტელეეთერში პატარა, უფასო სოციალური რეკლამების გაშვება იმ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებსაც მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ და რომელნიც ასეთ ოჯახებში აღიზარდნენ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დედებთან საუბარში აღნიშნა, რომ თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და რომ იგი თავის ოჯახში მეშვიდე შვილი იყო. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე ბრძანა, რომ საჭიროა არა მარტო პრობლემების გამოკვეთა, არამედ მათი გადაჭრის გზების მოძიება. პატრიარქის აზრით, მთავრობას შესაძლოა ეთხოვოს ორმაგი ხელფასი მრავალშვილიანი ოჯახების მამებისათვის და ასევე ძიძის დაფინანსება შვიდი და მომდევნო ბავშვის ყოლის შემთხევაში. მომავალში კი, როდესაც ცხოვრება უფრო სტაბილური გახდება, მრავალშვილიანი ოჯახები უნდა ითვლებოდეს 7 შვილიდან, ანუ შვიდშვილიანი ოჯახი ტრადიციული ოჯახის ნორმად უნდა იყოს მიჩნეული. მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საჭიროა განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა. ერთ-ერთ მიმართულებად შეიძლება იქცეს მრავალშვილიანი ოჯახების ხელშემწყობი ფონდის დაარსება.

მისმა უწმინდესობამ ყურადღება გაამახვილა ბავშვთა აღზრდის საკითხზეც და ხაზი გაუსვა მათში შრომის უნარის გაღვივების მნიშვნელობას. მან გაიხსენა დედის დარიგება: „დედაჩემი ხშირად გვეუბნებოდა შვილებს: გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და მას არასოდეს არ უნდა მიეჩვიოთო. ასეთივე შეჩვევა იცის უსაქმურობამ. თუ ადამიანი უმუშევრობას ეჩვევა, შემდეგ მას ძალიან უჭირს შრომითი საქმიანობა. ამიტომ ბავშვებში, უპირველეს ყოვლისა, შრომისმოყვარეობა უნდა აღვზარდოთ“. პატრიარქმა ბრძანა, რომ თავიდანვე წესრიგს უნდა მივაჩვიოთ. ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი და ყველამ უნდა იცოდეს, სად აწყვია მისი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, წიგნები და ნივთები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვმა დროის ფასი იცოდეს. ეს მათ ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ, ჩვენ კი დროს ხშირად უმიზნოდ ვკარგავთ.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დედები დალოცა და დაპირდა, რომ მომავალში მათ კვლავაც ექნებათ საქმიანი შეხვედრა.