საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მეტეხის ხიდი _ 100 000 მოწამის დღე (13.11.2017)

13 ნოემბერი
კატეგორია:
metexis-xidi-_-100-000

ა.წ. 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით გამართულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, ხალხურმა ანსამბლებმა და ფოლკლორულმა გუნდებმა.  თეატრალური დადგმით, _ „ასი ათასი წამებულის დღე“  წარსდგა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ხრიდოლის აკადემია“. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე, რომელმაც შეკრებილთ  სიტყვით მიმართა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და დალოცა მეტეხის ხიდზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლი და სრულიად საქართველო. ,,ქართველნო, გახსოვდეთ საქართველო ტახტია ღვთისა და გოლგოთას მოსდევს აღდგომა და ამაღლება“. – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

100 000 მოწამისთვის პატივის მიგების გამოხატულება იყო ჯვრიანი ყვავილების გვირგვინის მტკვარში ჩაშვება და მრევლის მიერ მოტანილი ყვავილებით მტკვრის მოფენაც.