საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

„მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრების ორგანიზაციისა და მუშაობის რეგლამენტი“

13 ივნისი
martlmadidebeli-eklesiis-didi-da-wminda
 რუსულად ინგლისურად ბერძნულად

  

„მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრების
ორგანიზაციისა და მუშაობის რეგლამენტი“ მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა შეკრება
(შამბეზი, 2016 წლის 21-28 იანვარი)

**დოკუმენტი არ იყო ხელმოწერილი ანტიოქიელი პატრიარქის მიერ.

მუხლი 1

შესავალი

ყოვლადწმინდა სამების მადლით, წმინდა და დიდი კრება არის ავტორიტეტული გამოხატულება კანონიკური გადმოცემისა და მყარი საეკლესიო პრაქტიკისა ერთიან, წმინდა, საკრებო და სამოციქულო ეკლესიაში საკრებო ფუნქციონირებასთან მიმართებით და მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქის მიერ იქნება მოწვეული, საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა უნეტარესი წინამძღოლის თანხმობით. ის შედგება იმ წევრებისაგან, რომლებიც მისი დელეგაციის შემადგენლობაში არიან შეყვანილნი.

მუხლი 2

კრების მოწვევა

მსოფლიო პატრიარქი კრების მოწვევის თაობაზე ყველა ადგილობრივი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს ატყობინებს საპატრიარქო წერილებით, რომლებშიც: 1. განაცხადებს კრების დღის წესრიგის თემებთან დაკავშირებით კრებისწინა სამზადისის დასრულების შესახებ, რომელთა თაობაზეც გადაწყვეტილება პანორთოდოქსულად იქნა მიღებული;2. განაწესებს კრების ჩასატარებელ დროსა და ადგილს ყველა ადგილობრივი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარეს წინამძღოლთა თანხმობით და3. პანორთოდოქსული შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც უნეტარესი წინამძღოლების შეკრებებისას იყო მიღწეული, მოუწოდებს ადგილობრივ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომ კრებაზე დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები.

მუხლი 3

კრების შემადგენლობა

კრების წევრები არიან თითოეული ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ საკუთარ წარმომადგენლებად განწესებული მღვდელთმთავრები:

1. წევრთა რაოდენობა განისაზღვრა ყველა ადგილობრივი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის კრებისას ფანარზე 2014 წლის მარტში;2. დელეგაციას შეიძლება ახლდნენ სპეციალური კონსულტანტები: სამღვდელონი, მონაზონნი ან საერონი, მაგრამ მათი რიცხვი, წესისამებრ, არ შეიძლება, აღმემატებოდეს ექვს (6) ადამიანს. თითოეული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიიდან ასევე მიიწვევენ დამხმარე პერსონალს სამი ადამიანის რაოდენობით.

3. სპაეციალურ კონსულტანტებს შეუძლიათ დაესწრონ კრების პლენარულ სხდომებს სიტყვისა და ხმის უფლების გარეშე; ამასთან, მათ ევალებათ, მუშაობაში დაეხმარონ კრების სამდივნოს ან საკრებო კომისიებს, სადაც აქვთ სიტყვისა და მათთვის მიცემული განსაკუთრებული დავალებების აღსრულების უფლება.

4. კრების მუშაობის მიმდინარეობისას თითოეულ წინამძღოლს შეუძლია თავისთან ჰყავდეს ერთი ან, თუკი ეს შესაძლებელია, ორი იერარქი – საკუთარი ეკლესიის დელეგაციის წევრები. ვალდებულებათა სიმრავლიდან გამომდინარე, თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისთან იყოლიოს ორი ასეთივე წევრი და ერთი მდივანი. ყველა მრჩეველი უნდა იჯდეს საკუთარი წინამძღოლის უკან.

5. თუკი ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლი ვერ შეძლებს პირადად დაესწროს კრებას ან მის ერთ რომელიმე სხდომას, იგი, მათივე დადგენილებების შესაბამისად, უნდა ჩაანაცვლოს იმავე ეკლესიის სხვა მღვდელთმთავარმა.

მუხლი 4

კრებაზე თავმჯდომარეობა

1. კრების სხდომებზე თავმჯდომარე არის მსოფლიო პატრიარქი. სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები, მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიქის შესაბამისად, მის მარჯვნივ და მარცხნივ სხდებიან.

2. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წევრები, დიპტიქის თანამიმდევრობის შესაბამისად, მათთვის განკუთვნილ ადგილზე განთავსდებიან იმ შენობაში, რომელშიც კრების სხდომები იმართება; ამასთან, თითოეული დელეგაციის კონსულტანტები ერთობლივი მუშაობის გასაადვილებლად მათ გვერდით სხედან.

მუხლი 5

თავმჯდომარის მოვალეობანი

კრების თავმჯდომარე

1. აცხადებს კრების მუშაობის გახსნასა და დახურვას;

2. ავტოკეფელიური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებთან ერთად გეგმავს მუშაობას კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე; ასევე ურთიერთმოქმედებს მათთან, რათა ნებისმიერი პროცედურული ხასიათის ან კრების მუშაობასთან დაკავშირებული საკითხი მყისვე იქნეს გადაწყვეტილი;

3. ამტკიცებს ღვთისმსახურების პროგრამას კრების მუშაობის განმავლობაში;

4. კრების ამოცანათა დისკუსიების მაქსიმალური შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმართულებას აძლევს ყოველი სხდომის დისკუსიის წარმართვას, რისთვის საჭიროების შესაბამისად მცირე შენიშვნებით გამოდის.

5. სიტყვას აძლევს კრების წევრებს და არის გარანტი იმისა, რომ ზუსტად იქნება დაცული და მართებულად გამოყენებული მოქმედი რეგლამენტის პრინციპები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საეკლესიო წესრიგის შესაბამისი და ჯეროვანი საქმიანობა.

6. კოორდინაციას უწევს კრების პანორთოდოქსული სამდივნოს მუშაობას.

 

მუხლი 6

კრების სამდივნო

კრების სამდივნო არის პანორთოდოქსული, კერძოდ:1. მასში ყოველი დელეგაციიდან თითო იერარქია გაწევრიანებული, ასევე – დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი საქმიანობის წარმმართველი მდივანი, რომელიც თვალყურს ადევნებს პანორთოდოქსული სამდივნოს მუშაობას;

2. სამდივნოს წევრებს თავიანთი მუშაობის შესრულებისას დახმარებას უწევენ შესაბამისი კონსულტანტები: სამღვდელონი, მონაზონნი და საერონი, რომლებიც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებიდან გამოირჩევიან და რომლებიც ხელს უნდა უწყობდნენ პანორთოდოქსული სამდივნოს მრავალმხრივ საქმიანობას. ასეთ მრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული დელეგაციიდან ორ ადამიანს.

 

მუხლი 7

კრების სამდივნოს უფლებამოსილება

კრების სამდივნოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

1. საქაღალდეების ფორმირება კრებისწინა პროცესის შესაბამისი მასალებით ოფიციალურ სამუშაო ენებზე საკრებო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებული ტექსტების მომზადების მიზნით;

2. კრების სხდომათა პროტოკოლების წარმართვა;

3. დახმარება პლენარული სხდომებისა და საკრებო კომისიის საქმიანობაში;

4. სინქრონული თარგმანის ჯეროვანი უზრუნველყოფა საკრებო დისკუსიათა ოფიციალურ ენებზე;

5. სპეციალური კომისიის შექმნა, რომ, ერთი მხრივ, საზოგადოების უშუალო ინფორმირების მიზნით შედგენილ იქნეს შეტყობინებები კრების მუშაობის მიმდინარეობის თაობაზე, მეორე მხრივ კი, მომზადდეს მისი (კრების) მიმართვა.

6. სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა თუ კონფესიების დამსწრე მეთვალყურეთა ჯეროვანი ინფორმირება მათთვის კრების დღის წესრიგის საკითხთა შემცველი შესაბამისი საქაღალდეების გადაცემით;7. მყისიერი გადაწყვეტა პრაქტიკული თუ პროცედურული ხასიათის ყველა გაუთვალისწინებელი საკითხისა.

 მუხლი 8

კრების მუშაობა

კრების მუშაობა იწყება და მთავრდება პანორთოდოქსული საღმრთო ლიტურგიის აღსრულებით, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი მოთავეობს და რომელშიც ყველა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლები ან მათი წარმომადგენლები, მონაწილეობენ, მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიქის შესაბამისად.

1. კრება პლენარული სხდომების ან(და) საკრებო კომისიის ფორმით ტარდება, დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით გამომუშავებული პროგრამის შესაბამისად, რომელთა ტექსტებიც ერთსულოვნად იყო მოწონებული პანორთოდოქსულ კრებისწინა სხდომებსა და ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა შეკრებებზე.

2. საკრებო განხილვაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ტექსტები ან ახალი საკითხები, რომლებზეც ერთსულოვანი თანხმობა არ იყო მიღწეული პანორთოდოქსულ კრებისწინა სხდომებსა და წინამძღოლთა შეკრებებზე, კრების მიმართვის გამოკლებით. მიმართვის პროექტი კრების მოწვევამდე ერთი კვირით ადრე იქნება მომზადებული სპეციალური პანორთოდოქსული კომისიის მიერ და მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთაგან იქნება მოწონებული.

3. კრების მუშაობის დასაწყისისა და დასასრულის გარდა, ყველა სხვა სხდომა დახურულ კარს მიღმა ტარდება.

 

მუხლი 9

დისკუსიები

1. დისკუსიები იმართება ოფიციალურ ენებზე, კერძოდ: ბერძნულზე, რუსულზე, ფრანგულსა და ინგლისურზე, ასევე – არაბულზე, როგორც სამუშაო ენაზე. ჩამოთვლილ ენებზე თარგმნა სინქრონულად განხორციელდება.

2. საკითხები იმ რიგით განიხილება, როგორიც კრების დღის წესრიგმა განსაზღვარა.

3. იკრძალება თემასთან დაუკავშირებელი ნებისმიერი გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომსვლელს სიტყვა ჩამოერთმევა გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს გამოსვლა დასაბუთებულია და ეხება პროცედურულ ან პირადი ხასიათის საკითხს; ამიტომაც იმან, ვინც სიტყვას ითხოვს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიუთითოს, სახელდობრ, რეგლამენტის რომელი დებულება დაირღვა.

მუხლი 10

კრების წევრთა მონაწილეობა დისკუსიებში

კრებაზე გამოსვლა თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა არავის აქვს უფლება ილაპარაკოს კრების თავმჯდომარის წინასწარ დაუკითხავად და მისგან ნებართვის მიღების გარეშე.

1. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიაში მონაწილეობის მიღების საკუთარი სურვილის შესახებ კრების დელეგატებმა წერილობით უნდა შეატყობინონ სამდივნოს შესაბამის წევრს, რომელიც განსაზღვრავს გამოსვლის მსურველთა თანმიმდევრობას და კრების თავმჯდომარეს მიაწვდის მას.

2. თითოეული ორატორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოს ათ (10) წუთს; ხელმეორედ გამოსვლის შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება განმარტებების მიცემა ან კრების თავმჯდომარე აუცილებლად, ან სასარგებლოდ ჩათვლის ამას, – ხუთი (5) წუთი. ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ორჯერ მეტი დრო აქვთ თავიანთ განკარგულებაში;

3. კრების წევრთა შორის არ დაიშვება უადგილო სიტყვიერი პაექრობანი და კამათი, რადგან ამგვარი ქმედებები არა მხოლოდ უცხოა, არამედ ეწინააღმდეგება კრების ამოცანებს.

 

მუხლი 11

შესწორებები ტექსტებთან მიმართებით

ყოველი თემის განხილვის დროს ფორმულირებული წინადადებები ცვლილებების, შესწორებებისა და შევსების შეტანის შესახებ კრების დღის წესრიგის საკითხების ტექსტებში, რომლებიც ერთხმად არის დამტკიცებული პანორთოდოქსული კრებისწინა თათბირებითა და წინამძღოლთა კრებების მიერ, აგრეთვე კრების მიმართვის ტექსტი

1. მიეწოდება ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციათა მიერ კრების სამდივნოს იმისთვის, რომ თავმჯდომარემ წარადგინოს ისინი პლენარულ სხდომაზე და მათი გათვალისწინებით იქნეს გამოტანილი ოფიციალური საკრებო დადგენილება;

2. აღნიშნულ შესწორებებზე თანხმობა ხორციელდება მათი განხილვის დასრულების შემდეგ ყველა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციათა კონსესუსის გზით საერთო მართლმადიდებლური პროცედურის შესაბამისად. ეს ნიშნავს იმას, რომ შესწორებები, რომლებიც ერთხმად არ იქნა მიღებული, არ დამტკიცდება.

 

მუხლი 12

კენჭისყრა და ტექსტების დამტკიცება

კრების მიერ დღის წესრიგის საკითხების განხილვისა და გადახედვის შედეგებთან დაკავშირებული კენჭისყრა

1. განხორციელდება ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიებისა და არა კრებაზე წარმოდგენილი დელეგაციების ცალკეულ წევრთა მიერ. ეს მოხდება მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად;2. სიტუაცია, რომლის დროსაც კრებაზე კენჭისყრა ეკლესიია და არა დელეგაციის წევრის მიერ ხორციელდება, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ამა თუ იმ ავტოკეფალიური ეკლესიის დელეგაციათა ერთმა ან რამდენიმე იერარქმა უარყოფითი პოზიცია გამოხატოს შემოტანილ ცვლილებებთან ან, ზოგადად, რომელიმე ტექსტთან დაკავშირებით. შეუთანხმებლობის ფაქტი კრების პროტოკოლში უნდა იქნეს შეტანილი;
3. ამგვარი შეუთანხმებლობის შეფასება იმ ავტოკეფალიური ეკლესიის შიდა საქმეა, რომელთაც მღვდელთმთავრები მიეკუთვნებიან. ეკლესიას შეუძლია კენჭი უყაროს, შიდა უმრავლესობის პრინციპებიდან გამომდინარე, იმას, რასაც მისი წინამძღოლი გამოხატავს. ამიტომაც მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი დრო და ადგილი დელეგაციის შიგნით ამ საკითხზე დისკუსიებისთვის.

 

მუხლი 13

ტექსტების მიღება და ხელმოწერა

კრების დღის წესრიგთან დაკავშირებული ერთხმად მიღებული ტექსტები შედგენილი იქნება თანაბარი ძალის მქონე ოთხ ოფიციალურ ენაზე. ამ ტექსტებს:

1. ყველა გვერდზე კრების ყველა ოფიციალურ ენაზე ხელი უნდა მოეწეროს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული წინამძღოლის ინიციალებით, ხოლო დოკუმენტების ბოლოს ხელს მოაწერენ თავმჯდომარე და კრების ყველა წევრი;

2. კრების ხელმოწერილი გადაწყვეტილებები, აგრეთვე წმინდა და დიდი კრების მიმართვა, მსოფლიო პატრიარქის წერილებით ეგზავნებათ ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს, რომლებიც აცნობენ თავიანთ ეკლესიებს მათს შინაარსს. ამ დოკუმენტებს აქვთ პანორთოდოქსული ავტორიტეტი.

მუხლი 14

დამკვირვებელთა მონაწილეობა

დამკვირვებლები სხვა ქრისტიანული ეკლესიებიდან ან კონფესიებიდან, აგრეთვე ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციებიდან კრებას დაწყებისას და დასრულებისას ესწრებიან სიტყვისა და ხმის უფლების გარეშე.

მუხლი 15

ოქმების მომზადება

კრების მუშაობის პროტოკოლები ყველა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა გადაწყვეტილებით დანიშნული კრების სამდივნოს სპეციალური პანორთოდოქსული პროტოკოლური კომისიის მიერ დადგენილი წესით იქნება გაშიფრული და დამუშავებული ოფიციალურ ენებზე გამოსაცემად და ყველა ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიაში გასაგზავნად.

მუხლი 16

პრესის ინფორმირება

1. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა თანხმობით, იქმნება საკრებო კომისია თოთხმეტი წევრისგან (თითო წევრი ყოველი ეკლესიიდან), რომელსაც ეხმარებიან სპეციალური კონსულტანტები. კრების მსვლელობის შესახებ კომისია რეგულარულად მიაწვდის ინფორმირებას საინფორმაციო საშუალებებს.

2. მხოლოდ იმ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაესწრონ კრების მუშაობის დაწყებასა და დასრულებას, რომლებმაც აუცილებელი აკრედიტაცია წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელ სამდივნოში მიიღეს.

+ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, თავმჯდომარე,

+ ლეონტოპოლის მიტროპოლოტი გაბრიელი (ალექსანდრიის პატრიარქის – თეოდორე II-ის წარმომადგენელი),

+ კონსტანტინიის არქიეპისკოპოსი არისტარქე (იერუსალიმის პატრიარქის – თეოფილე III-ის წარმომადგენელი),

+ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე,

+ სერბეთის პატრიარქი ირინეოსი,

+ რუმინეთის პატრიარქი დანიელი,

+ ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე,

+ საქართველოს პატრიარქი ილია II,

+ ახალი იუსტინიანისა და მთელი კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II,

+ ილიის მიტროპოლიტი გერმანე (ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსის – იერონიმოს II-ის წარმომადგენელი),

+ სემიატიჩის ეპისკოპოსი გიორგი (ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლოტის – საბას წარმომადგენელი),

+ ტირანისა და სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსი ანასტასი,

+ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი,

კრების მიერ დღის წესრიგის საკითხების განხილვისა და გადახედვის შედეგებთან დაკავშირებული კენჭისყრა განხორციელდება ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიებისა და არა კრებაზე წარმოდგენილი დელეგაციების ცალკეულ წევრთა მიერ.

2016 წლის 27 იანვარი, შამბეზი