საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მარიამობის მარხვის შესახებ

15 აგვისტო
კატეგორია:
mariamobis-marxvis-shesaxeb

ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს ყოვლადწმინდა მარიამისადმი. საუკუნეთა განმავლობაში ქალწულ მარიამს მრავალი სადიდებელი მიეძღვნა. ცნობილ საგალობელ „ღირს არსში“ იგი იწოდება „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“. ეს სიტყვები გამოხატავს დედა ღვთისმშობლის მიუწვდომელ სიწმინდესა და სიდიადეს. ამიტომაც არის, რომ ეკლესიაში არსებული  თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან ოთხი ქალწულ მარიამის სახელს უკავშირდება. ღვთისმშობლის პატივსაცემად დაწესებულია ქალწულ მარიამის შობის, ტაძრად მიყვანების, ხარებისა და მიძინების დღესასწაულები. ამასთან, მიძინებას წინ უძღვის ორკვირიანი  მარხვა, რომლის დროსაც მორწმუნენი თვას ვიკავებთ  ხორცის, რძის ნაწარმისა და თევზეულის მიღებისგან. მარხვის არსებობა  ხაზს უსვამს ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების მნიშვნელობას.

საეკლესიო წყაროების თანახმად, ღვთისმშობლის მიძინების მარხვა და დღესასწაული ადრეულ საუკუნეებშივე აღინიშნებოდა. თუმცა, მისი დადგინების თარიღად VI საუკუნე სახელდება და უკავშირდება იმპერატორ მავრიკიოსის (539-602წ)  სახელს.

ღვთისმშობლის მიძინების მარხვის მნიშვნელობის შესახებ  ასე საუბრობს წმინდა სვიმეონ თესალონიკელი: „მიძინების მარხვა დაწესებულია ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ. ის, ვინც წინასწარ იცოდა საკუთარი განსვენების შესახებ, ასკეტურად მოღვაწეობდა და ყოველთვის მარხულობდა ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ  იყო წმინდა და უბიწო და არ საჭიროებდა მარხვას. ამქვეყნიდან გასვლამდე ყოვლადწმინდა მარიამი განსაკუთრებულად ლოცულობდა ჩვენთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენც უნდა ვიმარხულოთ,  ვადიდოთ დედა ღვთისმშობელი და მივბაძოთ მის ცხოვრებას.“

საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. სულთმოფენობის შემდეგ, როდესაც მოციქულებმა  წილი ჰყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად,  ქალწულ მარიამს იბერია ხვდა, თუმცა, რადგან მისი ამქვეყნიდან გასვლა მოახლოებული იყო, მაცხოვრის კურთხევით და დედა ღვთისმშობლის ხელდასხმით, საქართველოში ჩამოვიდა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და I საუკუნეში მოაქცია ჩვენი წინაპრები და დააარსა ეკლესია, IV საუკუნის დასაწყისში კი ასევე მაცხოვრის კურთხევით და ღვთისმშობლის გამოცხადებით წარმოიგზავნა ქალწული ნინო, რომლის მოციქულებრივი ღვაწლით განახლდა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტეს მაცხოვნებელი მოძღვრება.

საქართველოში მაცხოვრის კვართთან და სხვა სიწმინდეებთან ერთად დაცულია კვართი და სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ცნობილია აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მადლმოსილება და განსაკუთრებული ისტორია.  საქართველოში მრავალი ეკლესია სწორედ ღვთისმშობლის სახელზეა  ნაკურთხი. ქალწულ მარიამის მიძინების სახელზეა აგებული თბილისის პირველი ტაძარიც _ სიონი.

ღვთისმშობლის წილხვდომილობა უფლის წყალობაა და დიდ სიხარულთან და ღირსებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს; რაც გულისხმობს იმას რომ ქრისტიანული მოძღვრება საკუთარ ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ და სიტყვით და საქმით, ძალისაებრ ჩვენისა, ვადიდოთ ღმერთი, ვადიდოთ ღვთისმშობელი.

ქალწულ მარიამისადმი მრავალი  სადიდებელი და სავედრებელი არსებობს. მათშორის არის ეს პატარა ლოცვაც, რომელიც სხვა ლოცვების მსგავსად, უდიდესი ძალის მქონე და სასწაულთმოქმედია. კარგი იქნება, თუ ეს ლოცვა ზეპირად გვეცოდინება  და ყოველდღე და გაჭირვების ჟამს ამგვარად შევთხოვდეთ დედა ღვთისას:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

მარხვა დაიწყო კვირას, 14(1) აგვისტოს და დამთავრდება მიძინების დღესასწაულზე, 28(15) აგვისტოს.

თითოეულ ჩვენგანსა და სრულიად საქართველოს ეწეოდეს ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მადლი და მეოხება.