საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კვირაცხოვლობის შესახებ

24 აპრილი
კატეგორია: პუბლიკაციები,
kviracxovlobis-shesaxeb

 

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს. ეს დღე თომას კვირადაცაა ცნობილი და უფლის თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთთან,- თომასთანაა დაკავშირებული.

გულწრფელი სიყვარულით უყვარდა თომას მაცხოვარი, თუმცა დიდი ერთგულების მიუხედავად, მას ნათლად მაინც არ ესმოდა ქრისტეს სწავლება და მისი მსახურება. თომა სხვა მოციქულებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მხოლოდ ხილული სასწაულების სჯეროდა,მოძღვრის ღვთაებრივი ქადაგებების არსს კი ვერ სწვდებოდა.

საიდუმლო სერობაზე, მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებდა, რომ მალე მათ დატოვებდა და არ შეშინებულიყვნენ, რომ იგი მიდიოდა თავის მამასთან, სადაც მათთვისაც მოამზადებდა დიდებულ ადგილს და შემდგომში მათაც თავისთან წაიყვანდა:

-„ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა,“ – დასძინა უფალმა.

მოწაფეებისათვის მოძღვრის საუბარი ნათელი არ იყო. რა თქმა უნდა, თომასთვისაც. ამიტომაც, ვერ მოითმინა და თითქოს ყველას სახელით ჰკითხა:

-,,უფალო, არ ვიცით სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?”

-„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი(იოან. XIV, 1-7)“, – იყო მაცხოვრის პასუხი.

უფლის ამ სიტყვებში ისმის საყვედური თომას მიმართ, რადგან მას ნაკლებად ესმის ღვთაებრივი მოძღვრისა.

თომას, ასე ვთქვათ „მცირედმორწმუნეობის“ ცნობილი შემთხვევა უფლის აღდგომის შემდეგ მოხდა. საღამოს, სწორედ აღდგომის დღეს, ერთად შეკრებილ მოწაფეებს იესო ქრისტე მოულოდნელად გამოეცხადა დახშული კარით. მისმა დანახვამ მოციქულები შეაშინა და შეცბუნებულნი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო სული, მაგრამ უფალმა დაარწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი თვითონ გამოეცხადათ, რითაც ყველამ უსაზღვროდ გაიხარა.თომა ამ დროს იქ არ იმყოფებოდა და როდესაც ამ სასწაულის შესახებ უამბეს, არდაიჯერა.

-„თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ;“- თქვა მან.

შვიდი დღის შემდეგ, როდესაც თომა ყველასთან ერთად იყო, მათ ქრისტე კიდევ გამოეცხადა.

-,,მომეცი შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მომეცი შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.”- მიმართა მას მაცხოვარმა.

თომა გაოცებული ღვთისმოშიშებით უყურებდა უფალს.მას დაავიწყდა სურვილი, ხელით შეხებოდა ღვთაებრივ ჭრილობებს და სიხარულით შეჰღაღადა:
-„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“

დიახ, მან ამ დღეს ღვთაებრივ მოძღვარში შეიცნო ის, ვინც არ განეკუთვნება ამასოფლისწესრიგს და ვინც საუკუნო მყოფობის ღმრთივსახიერ დიდებულებაში გამოჩნდა, – ვისაც მიეცა„მთელი ხელმწიფება ცაზე და ქვეყანაზე“ (მათე 28,18).

თომა მოციქული იმდენად აღივსო რწმენის სიმტკიცით, იმდენად შეურყეველი გახდა მისი სულიერი სამყარო, რომ გახდა ღირსი თავისი სამოციქულო მოღვაწეობა მოწამეობრივად დაესრულებინა.

აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, ჩვენ ვზეიმობთ მცირედმორწმუნეობაზე გამარჯვებას, რისი სახე-სიმბოლო და მაგალითიცაა თავად თომა მოციქულის ცხოვრება.

ეს დღე, თავისი არსით, აღდგომის სწორადაცაა მიჩნეული, – კვირა ცხოველი, ანუ კვირა სიცოცხლისა, იმ სიცოცხლისა, რომელიც თავად მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვანიჭა.