საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კრეტის კრების დოკუმენტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“

kretis-krebis-dokumenti-martlmadidebeli-eklesiis

 მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი

 

1. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო, ღრმა საეკლესიო თვითშეგნებით ურყევად სწამს, რომ მას უპყრია წამყვანი ადგილი ქრისტიანთა ერთიანობისკენ მიმართულ საქმიანობაში თანამედროვე მსოფლიოში.

2. მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იგი დაარსებულია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ და თანაზიარია წმიდა სამებისა და საიდუმლოების. ეს ერთობა გამოიხატება მოციქულებრივი მემკვიდრეობით და მამათა გადმოცემით და დღემდე ამით ცოცხლობს. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მისია და ვალდებულება, რომ გადასცეს და იქადაგოს წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის ჭეშმარიტება, რაც ანიჭებს კიდეც ეკლესიას საყოველთაო ხასიათს.

3. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ერთობასთან მიმართებით, ისევე, როგორც მისი მსოფლიო მისია, განცხადებულია მსოფლიო კრებებზე, რომლებმაც განსაკუთრებით გამოკვეთეს ის ურღვევი კავშირი, რაც არსებობს მართალ სარწმუნოებასა და საიდუმლოებში მონაწილეობას შორის.

4. მართლმადიდებელი ეკლესია, უწყვეტად მლოცველი „ყოველთა ერთობის გამო“, ყოველთვის ესწრაფვოდა დიალოგს მათთან, ვინც ცოტად თუ ბევრად გამიჯნულნი არიან მისგან. ამავე დროს, პირველობდა განსაკუთრებით იმაში, რომ მოძიებულიყო გზები და საშუალებები ერთობის აღსადგენად ქრისტეს მორწმუნეთა შორის, რის გამოც მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის ნიშანდობლივი მსოფლიო და კაცთმოყვარეობითი სულის წყალობით, რომელიც ღვთივბრძანებულად ითხოვს „ყოველთა კაცთა ცხონებას და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლას“ (1. ტიმ. 2.4), მარადჟამს იღვწოდა ქრისტიანული ერთობის აღდგენისთვის. ამიტომ, მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისკენ მიმართულ მოძრაობაში არათუ არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისთვის, არამედ წარმოადგენს სამოციქულო სარწმუნოებისა და გადმოცემის თანმიმდევრულ გამოხატულებას ახალ ისტორიულ პირობებში.

5. მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები, ისევე, როგორც მისი მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში, ეფუძნება ეკლესიის მართლმადიდებლურ თვითშეგნებასა და მის მსოფლიო სულს, იმ მიზნით, რომ ძველი ეკლესიისა და შვიდი მსოფლიო კრების სარწმუნოებასა და გადმოცემაზე დაფუძნებით, კვლავ მოპოვებულ იქნეს დაკარგული ერთობა ქრისტიანებისა.

6. ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების შესაბამისად, შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას, რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში, თუმცა, სწამს ისიც, რომ მათდამი მისმა დამოკიდებულებამ მტკიცე საფუძველი უნდა შეუქმნას მათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გააცნობიერონ მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკა და, განსაკუთრებით, მათი უმთავრესი სწავლება საიდუმლოთა, მადლის, მღვდლობისა და სამოციქულო მემკვიდრეობის შესახებ. ამრიგად, როგორც საღვთისმეტყველო, ასევე, სამოძღვრო მიზანდასახულობათა შესაბამისად, ეკლესია კეთილგანწყობით და დადებითად უყურებს დანარჩენ ქრისტიანებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დიალოგს და, საზოგადოდ, ბოლო დროის ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობას, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ დიალოგის გზით იგი აძლევს ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას მათ, ვინც მის გარეთაა, წინასწარ ახდენს რა, პირუთვნელი მიზანდასახულობის შესაბამისად, ერთიანობისკენ მიმავალი გზის მოსწორებას.

7. ზემოხსენებული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის აქტიურად მონაწილეობს ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგებში, მათი უმრავლესობა კი ჩართულია, აგრეთვე, სხვადასხვა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ქრისტიანთაშორის ორგანიზაციებში, მიუხედავად იმ ღრმა კრიზისისა, რაც გაჩენილია ეკუმენურ მოძრაობაში. მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მრავალწახნაგოვანი გულმოდგინება გამომდინარეობს პასუხისმგებლობის გრძნობიდან და იმ რწმენიდან, რომ ქრისტიანული ერთობის აღდგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგებას, თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას, რომ „არ შევუქმნათ რაიმე დაბრკოლება ქრისტეს სახარებას“ (1 კორ. 9.12).

8. დანარჩენ ქრისტიანებთან დიალოგის დროს, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია არ უგულებელყოფს ამგვარი მცდელობის სირთულეებს, თუმცა იაზრებს მათ ძველი ეკლესიის გადმოცემის საერთო გაგების პერსპექტივაში და იმედოვნებს, რომ სულიწმინდა, რომელიც არის „ყოვლადი დამამყარებელი ეკლესიის სჯულისა“ (მარტვილიის მწუხრის სტიქარონი), „აღავსებს დაკლებულთ“ (ხელდასხმის ლოცვა). ამ კონტექსტში მართლმადიდებელი ეკლესია თავის დამოკიდებულებას დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოს მიმართ არ აფუძნებს მხოლოდ დიალოგების ორგანიზატორთა კაცობრივ ძალისხმევაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასოებს სულიწმინდის შეწევნას, მადლითა უფლისა, მლოცველისა, „რათა ყველა ერთი იყოს“ (იოან. 17.21).

9. ამჟამინდელი ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები, რომელთა შესახებაც გამოცხადდა საყოველთაო მართლმადიდებლურ სხდომებზე, გამოხატავს ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ დიალოგთა პროცესში, რათა არ დაბრკოლდეს მართლმადიდებლობის ერთსულოვანი მოწმობა სამებაღმერთის სადიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ისურვებს და გადაწყვეტს, რომ არ გამოყოს თავისი წარმომადგენლები რომელიმე დიალოგზე, ან დიალოგის რომელიმე სხდომაზე, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება არ იქნება საყოველთაო მართლმადიდებლური, დიალოგი გრძელდება. ანალოგიურად, საჭიროა, რომ დიალოგის წარმმართველმა მართლმადიდებელმა კომისიამ დიალოგის ან სხდომის დაწყებამდე, მართლმადიდებელი ეკლესიის სოლიდარობისა და ერთიანობის გამოსახატად, აუცილებლად განიხილოს რომელიმე ეკლესიის დაუსწრებლობის საკითხი.

10. პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება შერეული საღვთისმეტყველო კომისიების საღვთისმეტყველო განხილვების დროს, ყოველთვის არ უნდა გახდეს საკმარისი მიზეზი კომისიის წარმომადგენლების ცალმხრივი გაწვევისა, ან რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის საბოლოო შეწყვეტისა. საჭიროა, რომ დიალოგიდან რომელიმე ეკლესიის გამიჯვნა, როგორც წესი, თავიდან იყოს აცილებული და გამოჩენილ იქნეს სათანადო მართლმადიდებელთშორისი ძალისხმევა ამ დიალოგში მონაწილე მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო კომისიის წარმომადგენლობითი სისრულის აღსადგენად. თუკი რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ანდა რამდენიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ამა თუ იმ დიალოგის შერეული საღვთისმეტყველო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, ასახელებს რა მნიშვნელოვანი ეკლესიოლოგიური, კანონიკური, სამოძღვრო ან ეთიკური ხასიათის მიზეზებს, ამ ეკლესიამ ან ეკლესიებმა, საყოველთაო-მართლმადიდებლური წესის შესაბამისად, წერილობით უნდა აცნობონ თავისი უარის შესახებ მსოფლიო პატრიარქს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას. საყოველთაო-მართლმადიდებლური განხილვის პროცესში მსოფლიო პატრიარქი ეძიებს დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთსულოვან თანხმობას შემდგომ მოქმედებებზე, რაშიც კონკრეტული საღვთისმეტყველო დიალოგის პროცესის გადაფასებაც მოიაზრება.

11. საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებების, ან შესაძლო ახალი წინააღმდეგობების გადაჭრას და ქრისტიანული სარწმუნოების საერთო ნიშნების ძიებას, წინაპირობად განაწესებს რა ეკლესიის სისავსის (სწავლების) შესაბამის ინფორმირებას დიალოგთა სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება რომელიმე კონკრეტული საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევა, საღვთისმეტყველო დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო საღვთისმეტყველო უთანხმოება კონკრეტულ საკითხზე წერილობით დაფიქსირდება და აღნიშნული უთანხმოების შესახებ ეუწყება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ განისაზღვროს შემდგომი აუცილებელი ქმედებები.

12. ცხადია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვისას ყველას საერთო მიზანია მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში ერთიანობის საბოლოო აღდგენა, თუმცა, არსებული საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური განსხვავებანი უთუოდ გვთავაზობს იმ სირთულეთა გარკვეულ რიგითობას, რაც ვლინდება საყოველთაო-მართლმადიდებლური მიზანდასახულობის განხორციელების პროცესში. ყოველი ორმხრივი დიალოგის პრობლემათა განსხვავებულობა გულისხმობს სხვაობას ხსენებულ დიალოგთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდებში და არა სხვაობას მიზანდასახულობაში, ვინაიდან ყველა დიალოგის მიზანი ერთი და იგივეა.

13. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია გულმოდგინების გამოჩენა იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა მართლმადიდებელთშორისი კომისიის საქმიანობის კოორდინირება; უფრო მეტად, იმის გათავალისწინებით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის არსებული ერთობა უნდა გაცხადდეს და გამოვლინდეს ამ დიალოგების ჩარჩოში.

14. ნებისმიერი ოფიციალურად გამოცხადებული საღვთისმეტყველო დიალოგის დასრულება ხდება შესაბამისი შერეული საღვთისმეტყველო კომისიის საქმიანობის დამთავრებისთანავე, როდესაც მართლმადიდებელთშორისი კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა თანხმობითაც, აცხადებს დიალოგის დასრულებას. არც ერთი დიალოგი არ მიიჩნევა დასრულებულად, ვიდრე არ გამოცხადდება მისი დამთავრება ამგვარი საყოველთაო-მართლმადიდებლური გადაწყვეტილების შესაბამისად.

15. საჭიროა, რომ რომელიმე საღვთისმეტყველო დიალოგის შესაძლო წარმატებით დასრულების შემდეგ საყოველთაო-მართლმადიდებლური გადაწყვეტილება ეკლესიური თანაზიარების აღდგენის შესახებ ეფუძნებოდეს ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობას.

16. ერთ-ერთი მთავარი ორგანო ეკუმენური მოძრაობის ისტორიაში არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს). ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია იყო ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრი, შემდეგ კი ყველა მათგანი მისი წევრი გახდა. ემს-ი დაფუძნებულია, როგორც ერთ-ერთი ქრისტიანთშორისი ორგანო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არ მოიცავს ყველა სხვა ქრისტიანულ ეკლესიას და აღმსარებლობას. მის პარალელურად არსებობს სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციები და რეგიონალური ორგანოები, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული ეკლესიების კონფერენცია (ეეკ), ახლო აღმოსავლეთისა (აეს) და საყოველთაო აფრიკულ ეკლესიათა საბჭო. ეს ორგანიზაციები ემს-თან ერთად ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანობისკენ წინსვლაში. საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან – პირველი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს – აქვთ რა თავიანთი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში.

17. ემს-ის წევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები სრულად და თანასწორად მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანიზაციაში და ისინი ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით შეეწევიან წინსვლას, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოწვევების წინაშე. მართლმადიდებელმა ეკლესიამ სიხარულით გაიზიარა ემს-ის გადაწყვეტილება, გამოხმაურებოდა თხოვნას საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ ემს-ში მართლმადიდებელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმ დირექტივის შესაბამისად, რომელიც შეიმუშავა მართლმადიდებელთშორისმა შეხვედრამ თესალონიკში (1998). საგანგებო კომისიის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რაც შეთავაზებულ იქნა მართლმადიდებელთა მხრიდან და რაც მიიღო ემს-მა, დასრულდა თანამშრომლობისა და კონსენსუსის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით. ეს კრიტერიუმები დაამტკიცა ემს-მა და შეიტანა თავის კონსტიტუციასა და სამოქმედო განაწესში.

18. მართლმადიდებელი ეკლესია, რწმუნებული თავის ეკლესიოლოგიას, თავისი შინაგანი სტრუქტურის იდენტობას და ძველი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების მოძღვრებას, მონაწილეობს რა ემს-ის ორგანიზაციაში, არანაირად არ იზიარებს აზრს „აღმსარებლობათა თანასწორობის შესახებ“ და არანაირად არ შეუძლია მიიღოს ეკლესიათა ერთიანობა, როგორც რამ აღმსარებლობათშორისი კომპრომისი. ამ სულისკვეთებით, ერთიანობა, რასაც ესწრაფვის ემს-ი, არ შეიძლება იყოს შედეგი არა მარტო საღვთისმეტყველო შეთანხმებებისა, არამედ, აგრეთვე, სარწმუნოებრივი ერთიანობისაც, რაც დაცულია საიდუმლოებებში და აღესრულება  მართლმადიდებელ ეკლესიაში.

19. ემს-ის წევრი მართლმადიდებელი ეკლესიები ემს-ში მონაწილეობის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ მისი კონსტიტუციის იმ საფუძველდამდებ დებულებას, რომლის მიხედვითაც მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ღმერთად და მაცხოვრად ცნობენ უფალ იესო ქრისტეს, თანახმად წერილისა, და აღიარებენ სამებაღმერთს: მამას, ძეს და სულიწმინდას, თანახმად ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსისა. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ეკლესიოლოგიური წინასაფუძვლები ტორონტოს დეკლარაციისა (1950), რასაც სახელწოდებად აქვს: „ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა აღნიშნულ საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ემს-ი არ არის და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ზე-ეკლესია: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიზანია არა მოლაპარაკება ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე, რაც შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ეკლესიათა მიერ, რომლებიც მოქმედებენ პირადი ინიციატივიდან გამომდინარე, არამედ ის, რომ მიმართოს ეკლესიები ცოცხალი ურთიერთკავშირისკენ და განავითაროს ქრისტიანულ ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გამოკვლევა. არც ერთ ეკლესიას არ მოეთხოვება შეცვალოს თავისი ეკლესიოლოგია საბჭოში შესასვლელად. ამასთან, საბჭოს წევრობა არ გულისხმობს, რომ თითოეული ეკლესია მოვალეა აღიაროს სხვა ეკლესიები, ტერმინ ,,ეკლესიის” სრული და ჭეშმარიტი მნიშვნელობით” (ტორონტოს დეკლარაცია, §2,3. 3,4.4).

20. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან საღვთისმეტყველო დიალოგების გამართვის პერსპექტივები ყოველთვის განსაზღვრულია უკვე ჩამოყალიბებული მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და საეკლესიო გადმოცემის კანონიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით.

21. მართლმადიდებელი ეკლესია ესწრაფვის გაძლიერდეს საქმიანობა კომისიისა „სარწმუნოება და წესი“, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რა მის მიერ ღვთისმეტყველებაში დღემდე შეტანილ წვლილს და დადებითად აფასებს რა იმ საღვთისმეტყველო დოკუმენტებს, რომლებიც ხსენებულმა კომისიამ გამოაქვეყნა და რომელთა შექმნისათვის გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, აგრეთვე, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები. ეს დოკუმენტები წარმოადგენს ფასეულ ეტაპს ეკუმენურ მოძრაობაში ქრისტიანთა დაახლოების კუთხით. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია სიფრთხილეს იჩენს სარწმუნოებასა და წესთან დაკავშირებულ უმთავრეს საკითხებში. რადგან არამართლმადიდებელმა ეკლესიებმა და აღმსარებლობებმა გადაუხვიეს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან.

22. მართლმადიდებელი ეკლესია დასაგმობად მიიჩნევს ეკლესიის ერთიანობის ყოველგვარ გახლეჩას ცალკეული პირების ან ჯგუფების მხრიდან ვითომცდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებისა თუ დაცვის საბაბით. როგორც ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ცხოვრება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნება ხორციელდება მხოლოდ საკრებო სტრუქტურის მიერ, რაც ძველთაგანვე წარმოადგენდა ავტორიტეტულ და უმაღლეს მსაჯულს სარწმუნოებივ და კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით (2 მს. კრების მე-6 კანონი).

23. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს, რომ აუცილებელია ქრისტიანთშორისი საღვთისმეტყველო დიალოგი, რის გამოც იგი საჭიროდ მიიჩნევს, ამ დიალოგს ყოველთვის თან ახლდეს ამ სოფლის წინაშე საქმით დამოწმება ურთიერთგაგებისა და სიყვარულისა, რაც გამოხატავს სახარების „გამოუთქმელ სიხარულს“ (1 პეტრ. 1.8) და რაც გზას უხშობს პროზელიტიზმს, უნიას, ან კონფესიური ანტაგონიზმის გამომწვევი სხვა მოქმედების ყოველგვარ გამოვლინებას. ამ სულისკვეთებით მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩვენ ყველანი, ქრისტიანები, შთაგონებულნი ჩვენი სარწმუნოების ზიარი ფუძემდებლური საწყისებით, უნდა ვიღვწოდეთ იმისთვის, რომ იმ მწვავე პრობლემებს, რასაც თანამედროვე მსოფლიო გვიყენებს, გავცეთ ერთი ერთსულოვანი და სოლიდარული პასუხი, დაფუძნებული ქრისტეში მკვიდრი ახალი ადამიანის იდეალურ ნიმუშზე.

24. მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს იმ მოვლენას, რომ ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენისკენ მიმართული მოძრაობა იძენს ახალ ფორმებს, რათა პასუხი გასცეს ახალ რეალობას და დაუპირისპირდეს თანამედროვე მსოფლიოს ახალ გამოწვევებს. აუცილებელია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ განყოფილი ქრისტიანული მსოფლიოს წინაშე განაგრძოს დამოწმება სამოციქულო გადმოცემასა და სარწმუნოებაზე დაფუძნებით.

ვლოცულობთ იმისთვის, რომ ერთობლივად იმოღვაწეონ ქრისტიანებმა, რათა მოახლოვდეს ის დღე, როდესაც უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების სასოებას და „იქნება ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი“ (იოან. 10.16).