საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება(02.07.2017)

2 ივლისი
katolikos-patriarqis-qadageba02-07-2017

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი.“

კავშირი თაობათა შორის, _  როგორ საჭიროა, როგორ აუცილებელია.

დღეს ჩვენთან, წმინდა სამების ტაძარში, სამი თაობაა წარმოდგენილი _ უფროსი, საშუალო და ახალი თაობა და ყველანი ვთხოვთ უფალს შეწყალებასა და დახმარებას. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ უფროს თაობას. აქ ბრძანდებიან ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი მუშაკები. მე მინდა მადლობა მოვახსენო მათ იმ დიდი ღვაწლისათვის, იმ დიდი შრომისათვის, რომელიც  გასწიეს და ეწევიან ხელნაწერთა ინსტიტუტში.  ხელნაწერთა ინსტიტუტი არის ფუძე ქართული სულიერებისა. აქ მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები: აბულაძე, კორნელი კეკელიძე. რა იქნებოდა საქართველო ამ ხელნაწერების გარეშე? რა იქნებოდა ქართული ლიტერატურა კორნელი კეკელიძის და სხვათა შრომების გარეშე?

დიახ, დღეს აქ ბრძანდებიან დიდი მოღვაწეები და ჩვენ ვიხრით ქედს მათ წინაშე. თქვენ დიდი შრომა გასწიეთ. თქვენ იღვწოდით იმ დროს, როცა რთული იყო ამ საკითხების შესწავლა და დამუშავება. მაგრამ თქვენ მაინც ახერხებდით და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ძველი ქართული ლიტერატურა, ხელნაწერები, წმინდა მამების შრომები არ დაკარგულიყო. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დავაჯილდოვოთ საპატრიარქო სიგელებით. მე ვთხოვ მიტროპოლიტ დანიელს, რომ წაიკითხოს ტექსტი სიგელისა.

სახელითა მამისათა და ძისათა  და სულისა წმინდისათა

ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევისა და ხელნწარეთმცოდნეობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ქალბატონი მზექალა შანიძე, ბატონი ზაზა ალექსიძე, ქალბატონი ცისანა აბულაძე, ქალბატონი ლია ახობაძე, ქალბატონი ეთერ ბერუაშვილი, ქალბატონი ცისანა ბიბილეიშვილი, ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი, ქალბატონი ია გაჩეჩილაძე, ქალბატონი ნარგიზ გოგუაძე, ქალბატონი მანანა დოლაქიძე, ქალბატონი ნანა თარგამაძე, ქალბატონი თამარ იმნაძე, ქალბატონი ლია კიკნაძე, ქალბატონი ელენე მაჭავარიანი, ქალბატონი ნინო მელიქიშვილი, ქალბატონი მაია რაფავა, ქალბატონი ლია სამყურაშვილი, ქალბატონი მზია სურგულაძე, ქალბატონი ეთერ ქავთარაძე, ბატონი მიხეილ ქავთარია, ქალბატონი ელენე ცაგარეიშვილი, ქალბატონი ლილი ხევსურიანი, ქალბატონი ლალი ჯღამაია. ხელნაწერთა ცენტრის ღვაწლმოსილი თანამშრომლები ვასილ თარგამაძე, გიორგი კვაჭაძე, ლუდმილა მარიტაშვილი, მერაბ მეხაშიშვილი დაჯილდოვდნენ  საპატრიარქო სიგელებით. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. თბილისი 2017 წელი.

დაჯილდოვებულებს ვულოცავ ამ ჯილდოს და კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე, თქვენ დიდი შრომა გასწიეთ საქართველოს კეთილდღეობისათვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მცველი; ამასთან მინდა გირჩიოთ, რომ ძალა მოგეცეთ და უფრო მეტი გააკეთოთ, თქვენ უნდა ხშირად ეზიაროთ, წმინდა ზიარება უნდა მიიღოთ და დიდი ძალა მოგემატებათ თქვენ.

ეხლა ჩვენი აბიტურიენტები.

იწყება გამოცდები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ აირჩიეთ ის დარგი, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ სასწავლებელში და მშვიდობით დაამთავროთ.

დეკანოზი აკაკი ქიქავა დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. მრავალი განსაცდელი ეღობება საქართველოს და კეთილ ადამიანს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას და სიკეთე იმარჯვებს. ამიტომ იმედი გქონდეთ უფლისა.

ჩვენთან არს ღმერთი.