საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე (27.09.2017)

27 სექტემბერი
katolikos-patriarqis-qadageba-jvartamaghlebis-dghesaswaulze

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _  ჯვართამაღლებას. ჯვრის ძალა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს და მთელს მსოფლიოს.

დიდი ფილოსოფოსი ამბობს: ,,შეიცანი თავი შენი“. აი ყოველი ადამიანი მოწოდებულია ამისათვის, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი. გავიგოთ რა გვიჭირს, რა გვილხინს, რაშია დადებითი მხარეები, თვისებები ჩვენი და რა არის უარყოფითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ უარყოფით მხარეებს.

დღეს სიხარულიცაა და მწუხარებაც. დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულთ და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს.

მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება ჩვენ შეხვედრა და აი, ხვალ, ათ საათზე, ჩვენ შევიკრიბებით აქ სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ; მთლიანობა დავიმსახუროთ.  ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამების ტაძარში, მაგრამ მომავალში რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ვხედავთ ცუდსა და კარგს ნაკლებად ვხედავთ. აი, უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული და  სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ერთი ფილოსოფოსი ჩინეთისა კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი, რომ სხვამ გითხრას რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ გულწრფელად უთხრა სხვას: საყვარელო, მიყვარხარ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ფსალმუნში ვკითხულობთ: ,,მაუწყე მე უფალო გზაჲ  რომელსაცა ვიდოდე“. აი ხვალინდელი დღე მთლიანობის დღეა, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანებისა. შევთხოვთ უფალს, რომ გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაცა ვიდოდეთ.

ჩვენთან არს ღმერთი.

არიან დასაჯილდოებელი სამღვდელოება: მღვდელი ლუკა მკალავიშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარებით. აქსიოს!

მღვდელი ლევან ალადაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ბასილ მურმანიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მაშასადამე, ხვალ, ათ საათზე, ვიკრიბებით აქ, სამების ტაძარში, იმისათვის, რომ მოვიაზროთ როგორ მოხდეს გამთლიანება ქართველი ხალხისა, როგორ დავასუფთავოთ ჩვენი კარ-მიდამო, ჩვენი სულები, ჩვენი გონება და შემდეგ ეს უნდა გავრცელდეს მთელს საქართველოში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

ჩვენთან არს ღმერთი.