საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (25.06.2017)

25 ივნისი
katolikos-patriarqis-qadageba-25-06

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

„და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა…“

მართლაც საოცარია განგება ღვთისა; იგი აღამაღლებს რჩეულს ერისაგან თვისისა. ე.ი ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს უფალმა რჩეული ერისა თვისისა. ერი უნდა იყოს ღვთისა, ერი უნდა იყოს კეთილისმყოფელი, ერი უნდა იყოს მორწმუნე, რომ აღამაღლოს უფალმა თვისი რჩეული. ასეთი რჩეული იყო მამა იოანე _ თორნიკე _ ყოფილი მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა. და აი ამ მხედართმთავარმა გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. ამ დროს ბარდა სკლიაროსმა, რომელიც იყო ბიძა კონსტანტინეპოლის მეფისა, მოინდომა კონსტანტინეპოლის სამეფო ტახტის უფლებების ხელში ჩაგდება. დედოფალმა  და მეფემ მიმართეს ქართველ ბერებს დახმარებისათვის; და ბერებმა გამოყვეს იოანე თორნიკყოფილი(ერისთავი); იგი ჩამოვიდა საქართველოში და წაიყვანა ჯარი და ფაქტიურად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მისი ხსენების დღეს; მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს და გაანთავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ხდება ჩვენს წინაშე, ღვთის მადლით ბევრი რამაც სასიკეთო კეთდება,  მათ შორის ონკოლოგიური ავადმყოფობით დამძიმებული ბავშვებისათვის. შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის შესახებაც თვქენ ეხლა მოისმენთ:

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების და 70 ორგანიზაციის მხარდაჭერით 10 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება და ონკოლოგიური დაავადების მქონე 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობის ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გვერდში დგომა. საზოგადოების ნაწილი უკვე ჩართულია ქველმოქმედებაში. ვისაც გექნებათ სურვილი, თქვენც შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი, რომ მძიმე სენით დაავადებულ მეტ ბავშვს  და ახალგაზრდას დავეხმაროთ.“

მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს ეს ფონდი, შრომობენ ჩვენი ბავშვებისათვის და ზრუნავენ მათი მომავლისათვის. ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგანიჭოთ.

დღეს ჩვენ ვლოცავთ შოკაკიძეების გვარს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ, ღმერთმა გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და მხსნელი.

და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შესძლოს დაპყრობა საქართველოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!