საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეებისადმი (ბაქო, 01.12.2016.)

4 დეკემბერი
კატეგორია: აქტუალური,
katolikos-patriarqis-misasalmebeli-sityva-saertashoriso

რუსულადინგლისურად

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა საერთაშორისო კონფერენცია, – „რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელის,” – მონაწილეებისადმი
(ბაქო, 01.12.2016.)

თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო, ბატონო ილხამ ალიევ,
თქვენო აღმატებულებავ, შეიხ-ულ-ისლამ ალლახშუქურ ფაშა-ზადე,
დიპლომატიური კორპუსის წევრებო, რელიგიათა წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო!

გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და გამოვთქვამთ კმაყოფილებას ასეთ ავტორიტეტულ შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მიწვევის გამო. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულებისა, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გამოვლენილა მაღალი დონის შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რელიგიურ და სახელმწიფო ლიდერთა ურთიერთობაში.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ილხამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისათვის; მადლობას ვუხდით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც. ისინი დღესაც სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ეწევიან; მათ შორის ჩვენი ეკლესიები, რომელიც ჰერეთში, კახის რაიონში, ფუნქციონირებენ და სამასზე მეტი მეჩეთი და ჯამე და ათზე მეტი აზერბაიჯანელთა რელიგიური და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგრბლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ჩვენ გვაქვს საუკუნეობით ჩამოყალიბებული ჩვენი ყოფა, ტრადიციები, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობის კულტურასაც.

თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს და ვიყოთ წინაპართა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელნი;

შევნიშნავთ იმასც, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონში არსებული რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ბუნებრივია, ჩვენს დიდ მწუხარებასა და შეშფოთებას იწვევს და გვიბიძგებს, კიდვ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.
ამიტომაც მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კონფერნციის ჩატარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი დასახავს სწორ ორიენტირებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის.
კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას და გისურვებთ შედეგიან და წარმატებულ საქმიანობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი