საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 18.06.2017

18 ივნისი
ka

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ძველ რომაელებს უთქვამთ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.“ უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს, თუ როგორ იცვლება? შეიძლება სიკეთისაკენ იცვლებოდეს, შეიძლება, _ ბოროტებისკენ; ამიტომაც ეს თითოეულმა უნდა გააანალიზოს. ანალიტიკური აზროვნება ძალიან გვჭირდება.

წარსულ კვირას და დღეს არის ხსენება ყოველთა წმიდათა მსოფლიოში, საქართველოში, ათონის მთაზე და რუსეთში გაბრწყინვებულთა და ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ყოველი ადამიანისა სიკეთითა და სიხარულით შეიცვალოს.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირელ არიან საქმენი შენნი.“ დღეს რთული დროა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა. ეკლესიის მოვალეობაა  განუმარტოს მსოფლიოს, რომ ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვამოძრავებს. გვინდა სიკეთე სუფევდეს მსოფლიოში, ჩვენს საქართველოში და ყველგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიკეთე და სიყვარული,  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიკეთე.

ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარმწუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას. მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს  მსოფლიოში.

საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა. მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყნაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება.

მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშიდობისაკენ და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს.

დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ. არ უნდა შეგვეშინდეს ამისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავთსაყუდელი, ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსნეოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი  იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაფუძნო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

ღმერთმა დაგლოცოთ! ყველაფერი კარგად იქნება! იმედით უნდა ვიყოთ, მომავლის იმედით!

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კომშიაშვილები, გორელიშვილები, ჯაბნიაშვილები, ხაჩოშვილები და ჭითავები. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ საქართველოსთვის.

დღეს ვაჯილდოვებთ მღვდელ გაბრიელ კულუნბეგაშვილს. იგი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ეძლევა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება. ხვალ სრულდება 70 წლის, იგი ყურადღებას აქცევდა მეუფე თადეოზს, ღმერთმა შეუწიროს ეს შრომა.

დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი.