საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ინტერრელიგიური საბჭოს განცხადება ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციური დაზუსტების შესახებ

6 აპრილი
კატეგორია: აქტუალური,
interreligiuri-sabtchos-gancxadeba-qalisa-da

  ინტერრელიგიური საბჭოს განცხადებით, ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაზუსტება საქართველოში მოღვაწე ყველა ძირითადი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს წარმოადგენს.

როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან, მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

31 მარტს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული იქნა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის ასახვა კონსტიტუციაში წარმოადგენს შიდა სახელმწიფოებრივ პრეროგატივას; ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად მოიაზრებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მაგალითად: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“(მუხლი მე-16) საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“(მუხლი 23-ე) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ (მუხლი მე-12); ევროპის კავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს მსგავსი ჩანაწერი. მაგალითად: უნგრეთის (მუხლი „L“), პოლონეთის(18-ე მუხლი), ბულგარეთის(46-ე მუხლი), ლიტვის(38-ე მუხლი), ლატვიის (110-ე მუხლი) და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებებს მიგვაჩნია, რომ – კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის დაზუსტება წარმოადგენს საქართველოში მოღვაწე ყველა ძირიდათი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს და იგი თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა; ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვანწილად მოხსნის მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებულ ეჭვებსა და სტერეოტიპს საქართველოს ევროპულ არჩევანთან მიმართებაში. შესაბამისად, შემცირდება ამ მიმართულებით არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ ბოლო დროს არის სახეზე; ამგვარი ინიციატივის განხორციელება მოხსნის დაძაბულობას მოსახლეობაში და შემცირდება ექსცესების და ძალადობის გამოვლინების რისკები სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია;
  • ებრაელთა რელიგიური საზოგადოება;
  • სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო.