საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულის ცხოვრება

30 მაისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
ieso-qristes-tormeti-mociqulis-cxovreba

   იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულის ცხოვრება

ეტაპობრივად შემოგთავაზებთ თორმეტივე მოციქულის ცხოვრებას

 

მოციქული პეტრე

განკაცებული უფლის მოწაფეთა შორის წმ. პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებული პატივი ხვდათ წილად. ეკლესია მათ პირველმოციქულებს, ანუ მოციქულთა თავებს უწოდებს. ამათგან პირველს წმინდა წერილი ორი სახელით მოიხსენიებს. მას თავდაპირველად სიმონი ერქვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტეს დაემოწაფა, პეტრე ეწოდა. ეს სახელი მოწაფეს თავად მოძღვარმა დაარქვა. წმ. წერილის თანახმად, იესო ქრისტემ მას პეტრე მტკიცე რწმენისა და გულმოდგინებისთვის უწოდა, რადგან ეს სახელი ებრაულ ენაზე კეფას, ანუ კლდეს ნიშნავდა.

პეტრე მოციქული,  ანდრია  პირველწოდებულის ძმა და  იონას ძე, ებრაელთა ერთ-ერთი გამორჩეული ტომის, კერძოდ,  სიმონის ტომის შთამომავალი იყო. ის   გალილეის ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. ღვთის მოშიში და  გულმართალი სიმონი, როგორც   მეთევზეს შეჰფერის, უბრალო  და პატიოსანი  შრომით არჩენდა ცოლ-შვილს, მოხუც მამას  და სიდედრს.

ძმისგან განსხვავებით ანდრიამ  უქორწინებელი ცხოვრება არჩია.  ასეთი არჩევანით იგი  პირველ მეუდაბნოე მამათა წინამორბედი გახდა. როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელი სამოღვაწეოდ უდაბნოში  გავიდა და თავისი ქადაგებით ხალხს სინანულისა და ნათლისღებისკენ მოუწოდა, ანდრიამ მაშინვე მას მიაშურა და დაემოწაფა. სწორედ  იორდანის უდაბნოში მოისმინა მან თავისი მოძღვრისგან  პირველი მოწმობა ქრისტეს შესახებ. აქვე იხილა მან ნათლისღებისთვის იოანესთან მოსული განკაცებული უფალიც, აქვე მოისმინა თავისი მოძღვრის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, სიტყვები: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოან.1,29). წმინდა ანდრიამ ირწმუნა  ამ სიტყვების ჭეშმარიტება და მაშინვე შეუდგა ქრისტეს. მან ასე მიმართა განკაცებულ უფალს: „რაბი, სად ცხოვრობ?“ მაცხოვარმა კი მიუგო: „წამოდით და ნახავთ“.

იოანე მახარებლის თანახმად, ანდრია პირველწოდებული სხვებთან ერთად წავიდა და ნახა, სადაც უფალი ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა დაახლოებით ათი საათი.“ (იოან.1,38-39). მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან, სიმონთან, მივიდა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ მესია – ქრისტე“ . ამის შემდეგ მან ისიც იესოსთან მიიყვანა. მაცხოვარმა სიმონს შეხედა და მისი სულიერი ძალმოსილება განჭვრიტა. ამიტომაც ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენ ხარ სიმონი, იონას ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა, რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს (იოან.1,41-42.) იმ წამიდან წმინდა პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო და ირწმუნა მისი, როგორც ჭეშმარიტი მესიისა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ მიეტოვებინა თავისი სახლი და საქმიანობა, რადგან საკუთარი შრომით არჩენდა სახლეულს. პეტრეს  ზოგჯერ ანდრიაც ეხმარებოდა და ასე ცხოვრობდნენ ისინი იმ დრომდე, ვიდრე უფალმა ძმებს სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთხელ, როცა მაცხოვარი გალილეის ზღვის პირას მიდიოდა, დაინახა პეტრე და ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს აგებდნენ და უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად  გაქცევთ“ (მათ.4,18-20). თუ როგორი მებადურები გახდებოდნენ ისინი, ამაზე თავად ქრისტემ მიანიშნა მათ, როცა უამრავი თევზი სასწაულებრივად დაიჭერა. ის სიმონ-პეტრეს ნავზე ავიდა და უთხრა, წყალში ბადე გადაეგდო. გაოცებულმა პეტრემ უფალს მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს“ (ლუკ.5,5). მოხდა სასწაული და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მათი სიმძიმეს ბადე ვერ უძლებდა. ეს სასწაული  მოციქულთა მომავალი საქმიანობის წინასახე იყო – ისინი უამრავ ადამიანს  დაიჭერდნენ  ღვთის სიტყვის  ბადით და ცხონების გზაზე დააყენებდნენ. იმ დღიდან მოყოლებული წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან – ანდრიასთან – ერთად აღარასოდეს განშორებია მას.

უფალს  პეტრე მოციქული იმ გულწრფელობისა და უბრალოების გამო უყვარდა, რომლითაც ასე უხვად იყო დაჯილდოებული. ერთხელ ქრისტე მის ღარიბულ სახლსაც ეწვია, სადაც  პეტრეს ციებ-ცხელებით დასნეულები სიდედრი განკურნა. აი, ასე მოგვითხრობს ამ სასწაულის შესახებ მათე მახარებელი: „იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ“ (მათ.8,14-15).

პეტრე უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულისა. ეს სასწაულები აშკარად მოწმობენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად არის ძე ღმრთისა.

ერთხელ, ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ (მათ.16,13). მათ მიუგეს: „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო“, მაშინ უფალმა ჰკითხა მათ: „თქვენ კი რას იტყვით:ვინ ვარ მე?“ სიმონ პეტრემ მიუგო:“ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათ.16,14-16). ამ  ჭეშმარიტი აღიარებისა და გულწრფელი სიტყვების გამო  უფალმა ღირსი გახადა პეტრე მოციქული ნეტარყოფისა და  აღუთქვა, რომ ეკლესია მასზე დაემყარებოდა. მათე მახარებლის მოწმობით, მან ასე მიმართა წმინდა პეტრეს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ : შენა ხარ პეტრე და  ამ კლდეზედ ავაშენებ ჩემს ეკლესიას  და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ სასუფევლის გასაღებებს და რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათ.16,17-16).

უფლისადმი მგზნებარე სიყვარულით სავსე პეტრე მოციქული  მოძღვრის კეთილდღეობას ნატრობდა. როცა მაცხოვარმა   მოწაფეებს თავისი მომავალი ვნების შესახებ წინასწარ აუწყა, პეტრე მას შეეწინააღმდეგა და უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო.“ (მათ.16,22), რაზეც პასუხად მიიღო: “მომცილდი, სატანავ, ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია“(მათ. 16,23). პეტრემ მორჩილად და სიყვარულით მოისმინა მაცხოვრის სიტყვები და კიდევ უფრო მეტი ერთგულებით შეუდგა მას.

ერთხელ ქრისტეს ზოგიერთმა მოწაფემ ადამიანური უძლურების გამო ვერ შეძლო მოესმინა და დაეტია უფლის სიტყვები მის ხორცსა და სისხლთან ზიარებაზე და განეშორნენ მას, მოძღვარმა თავის თორმეტივე მიწაფეს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ (იოან.6,67). სიმონ-პეტრემ ქრისტეს მტკიცედ მიუგო: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“ (იოან. 6,68).

სხვა დროს, როცა ტალღებზე ფეხით  მოსიარულე  უფალი ბობოქარ ზღვაში ნავით მოცურავე მოწაფეებთან მივიდა, პეტრემ კადნიერად სთხოვა ქრისტეს,ნება მომეცი, მეც ფეხით გადმოვიდე ტალღებზე შენთან შესახვედრადო. უფალმა ნება დართო მას, პეტრეც ნავიდან ზღვაში გადავიდა, გაემართა უფლისაკენ, მაგრამ ძლიერი ქარის გამო შეშინდა, დაეჭვდა და უმალვე ჩაძირვა იწყო, მან საშველად ქრისტეს მოუხმო: „უფალო, მიხსენი მე“. მაცხოვარმა ხელი გაუწოდა შეშინებულ მოწაფეს, წყალში დანთქმას გადაარჩინა  და უთხრა:  „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ“ (მათ.14,28-33).

უფლის ორ მოწაფესთან – იაკობთან და იოანესთან – ერთად წმინდა პეტრე ღირს-იქმნა, თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალება ეხილა.  მათ ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული უფალი წარმოუდგათ და მამა ღმერთის ხმაც მოისმინეს. ამ ამბავს ასე გადმოგვცემს მათე მახარებელი: „ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით განსპეტაკდა. და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას“. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,რომელიც მოვიწონე მე.მას უსმინეთ“.ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემვხნენ და ძალიან შეეშინდათ .იესო მიუახლოვდა და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ თვალი რომ გაახილეს ,ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი“ (მათ.17,1-8).

როცა უფლის ვნების დრო მოახლოვდა, პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოავლინა ქრისტეს მგზნებარე სიყვარული, მან ასე მიმართა მოძღვარს: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც“ (ლუკ.22,33),თუმცა მაცხოვარმა მიუგო,რომ საკუთარ თავს მინდობილი პეტრე  სამგზის  უარყოფდა მას: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“ (ლუკ.22,34). მართლაც, ასეც მოხდა. როცა იესო შეიპყრეს, „წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა. ერთმა მოახლემ იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“, მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო,არ ვიცნობ იმას.“ ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ დაახლოებით ერთი საათი გავიდა და სხვა ვიღაცა ამტკიცებდა და ამბობდა: „ჭეშმარიტად,ესეც იმასთან იყო,ვინაიდან გალილეველია.“ ხოლო პეტრემ უთხრა იმ კაცს: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა“ (ლუკ.22,55-60).

პეტრე მოციქულმა წრფელი სინანულითა და ცრემლით გამოისყიდა თავისი დანაშაული. უფლის სამგზისი უარყოფა  მან უფლისადმი მგზნებარე სიყვარულის სამგზის აღიარებით  წარხოცა, როცა მოძღვრის სამ ერთგვარ შეკითხვაზე სამგზისვე ერთგვარი პასუხი გასცა: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა: „კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები.“ კვლავ უთხრა მეორედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?“ უთხრა: „კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“,უთხრა მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ მესამედ უთხრა: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?“ პეტრე შეწუხდა,  მესამედ რომ ჰკითხა: გიყვარვარო? და უთხრა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი: იცი, რომ მიყვარხარ.“ უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები“ (იოან.21,15-17). ქრისტემ პეტრე სამოციქულო ღირსებაში აღადგინა, იგი მეტყველ  ცხოვართა მწყემსად დაადგინა.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმინდა პეტრე მოციქული ღვთის სიტყვის ქადაგებას შეუდგა. სულთმოფენობის დღეს მისმა ქადაგებამ სამი ათასი მორწმუნე დედა ეკლესიას შესძინა: „ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა და მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული“ (საქმე მოც.2,14-41). იგი დიდ სასწაულმოქმედ ძალასაც ავლენდა. ერთხელ ტაძარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად შესვლისას ერთი შობიდანვე ხეიბარი კაცი დაინახა, რომელიც ტაძრის მშვენიერად წოდებულ კარიბჭესთან იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მაშინ პეტრემ უთხრა მას: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესოქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე.“ მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა და მას უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს“ (საქმე მოც.3,1-8). ამ სასწაულითა და ღვთის სიტყვის ქადაგებით პეტრე მოციქულმა კიდევ ხუთიათასი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე (საქმე მოც.3,1-26;4,4). სხვა დროს წმინდა პეტრემ იერუსალიმის მცხოვრებნი – ანანია და საფირა – სულიწმიდის გმობისათვის მამხილებელი სიტყვით მოაკვდინადა. „საქმე მოციქულთას“ თანახმად, „ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად გაყიდა ყანა და გადამალა საფასურიდან, ეს მისმა ცოლმაც იცოდა, ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით. პეტრემ უთხრა: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ყანის საფასური? განა რაც გქონდა, შენი არ იყო და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ეცრუე არა ადამიანებს, არამედ ღმერთს“.ამის გამგონე ანაია დაეცა და სული განუტევა. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ შევიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ ყანა?“ მან მიუგო: „დიახ, ამდენად“. პეტრემ უთხრა მას: „რტომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი და შენც გაგიტანენ“. დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა“. (საქმე მოც.5,1-11).

ქალაქ ლუდიაში პეტრე მოციქულმა ასეთი სასწაული აღასრულა: მან რვა წლის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ენეასი შემდეგი სიტყვების წარმოთქმით განკურნა:“ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და დაიგე ლოგინი“ (საქმე მოც.9,36-42). ცნობილია, რომ თვით ჩრდილიც კი პეტრე მოციქულისა კურნავდა მასთან  მიახლოებულ სნეულთ: „ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებსა და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს“ (საქმე მოც.5,15). ასეთი ღვაწლის გამო დაპატიმრებულ პეტრეს, რომელსაც ორმაგი ბორკილით შეკრულს ეძინა, ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და საპყრობილედან უვნებლად გამოიყვანა: „და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში, გვერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა.“და ბორკილები დასცვივდა ხელებიდან. უთხრა მას ანგელოზმა :„სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები“. ასეც მოიქცა. უთხრა მას: „მოიცვი შენი მოსასხამი და გამომყევი.“გავიდა და გაჰყვა მას.“ (საქმე მოც.12,7-9).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმინდა პეტრემ, მოციქულთაგან პირველმა, გაუღო ჭეშმარიტი სარწმუნოების კარი წარმართებს, როცა პალესტინის კესარიაში რომაელი ასისთავი კორნელიოსი და მისი სახლეული მონათლა. ეს მოქცევა მას შემდეგ მოხდა, რაც პეტრე მოციქულს სამგზის ჰქონდა ერთი და იგივე ხილვა: „იხილა გახსნილი ცა და გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა დედამიწაზე. მასში იყო დედამიწის ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალ და ჭამე.“ პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია ბიწიერი და უწმინდური“. მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა გაწმინდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად.“ ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცისკენ ამაღლდა“ (საქმე მოც.10). პეტრე მოციქულმა სამარიტელი სიმონ მოგვიც ამხილა, რომელმაც თვალთმაქცურად მიიღო წმინდა ნათელი და ფულით უნდოდა სულიწმინდის მადლის ყიდვა. მან დიდძალი ოქრო-ვერცხლი შეაძლია წმ. პეტრეს და სთხოვა, მომყიდე ის ძალა, რომლითაც სასწაულებს აღასრულებო. პეტრე მოციქულმა ასეთი სიტყვებით ამხილა მოგვი: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული წრფელი არაა ღვთის წინაშე. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტევოს შენი გულიზრახვა“  (საქმე მოც.8,20-22).

პეტრე მოციქულის მიერ აღსრულებული მრავალი საქმე დაწვრილებათაა გადმოცემული წმინდა სახარებასა და მოციქულთა საქმეებში. მის შესახებ არსებული ყველა სხვა ცნობა შემორჩენილია მხოლოდ საეკლესიო გადმოცემებში. ცნობილია, რომ მან იმოგზაურა და სახარება   იქადაგა ხმელთაშუა ზღვის – პალესტინის,ფინიკიისა და ასურეთის სანაპიროზე. ის იყო ანტიოქიაში, სადაც პირველ ეპისკოპოსად აკურთხა ებოდი. შემდეგ მცირე აზიის სხვადასხვა ოლქში უქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება იუდეველებსა და პროზელიტებს. ამის შემდეგ ეგვიპტეში ხელი დაასხა მარკოზს, ალექსანდრიის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად. იქიდან გადავიდა საბერძნეთში (აქაიაში) და ქადაგებდა კორინთოში, ეს ამბავი ასახულია კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (1კორ.1,12).

გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან წმინდა პეტრე  იტალიაში გაემგზავრა და რომში გაჩერდა, ამის შემდეგ  ესპანეთში, კართაგენსა და ბრიტანეთში იქადაგა. თავისი სიცოცხლის ბოლოს კი კვლავ  რომში ჩავიდა, სადაც მოწამეობრივად აღესრულა. წმ. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა სთხოვა, ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რათა თავისი სიკვდილითაც   ჯეროვანი პატივი მიეგო  უფლისთვის, რომელმაც თავისი ნებით ჯვარზე სიკვდილი დაითმინა, ამასთან, წმ. პეტრეს ღირსად არ მიაჩნდა თავი, რომ  უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. ჯვარზე თავდაყირა გაკრულმა მოციქულმა ღვთის სიტყვა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს და ღმერთი განადიდა. ბოლოს, მან მადლობა შესწირა უფალს იმისათვის, რომ მოწამეობრივი ხვედრის ღირსი გახადა და სული განუტევა. პეტრე მოციქული ქრისტეს შობიდან 67 წლის 29 ივნისს აღესრულა. მან, როგორც მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ასევე,თავისი ჯვარცმითაც კიდევ ერთხელ განადიდა ღმერთი. პეტრე მოციქულის წმინდა სხეული ეპისკოპოსმა კლიმენტიმ რომაელ მეომრებს გამოსთხოვა, ჯვარცმიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

პეტრე მოციქულს ეკუთვნის ორი კათოლიკე ეპისტოლე. პირველის დაწერის თარიღი განისაზღვრება  62-64 წლებით, ხოლო მეორე მიეკუთვნება 65-66 წლებს. 

მოციქული ანდრია პირველწოდებული

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მოციქულთაგან პირველია, რომელსაც  უფალმა იესო ქრისტემ   სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა, ამიტომ იგი პირველწოდებულად იხსენიება. ის იყო ტიბერიადის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ ბეთსაიდას მკვიდრი და თავის მამასთან -იონასთან და  ძმასთან – პეტრესთან ერთად თავს თევზჭერით ირჩენდა. წმინდა ანდრიამ ზურგი აქცია  ამქვეყნიურ სიამეს და საზრუნავს და არ დაქორწინდა. როცა მას უფლის წინამორბედი – წმინდა იოანეს უდაბნოში გასვლის ამბავი ესმა, უმალ მიატოვა ყოველი  და მას დაემოწაფა. იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულთ ეუბნებოდა: „ჩემს შემდეგ  ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა.მე წყლით გნათლავთ,ის კი სულიწმინდით მოგნათლავთ“(მარკ.1,7-8).ხოლო როცა უფალი იესო ქრისტე  მასთან ნათლის მისაღებად მივიდა,ხელით ანიშნა მასზე ყველა იქ მყოფთ და თქვა:“აჰა,ღვთის კრავი“(იონ.1,36).წმინდა მოციქული ანდრია წმინდა იოანე მახარებელთან ერთად მაშინვე გაჰყვა ქრისტეს და დაემოწაფა. იგი თავის ძმასთან -პეტრესთან მივიდა და აუწყა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“(იოან.1,42), შემდეგ კი უფალთან მიიყვანა, თუმცა ძმებს ჯერ კიდევ არ მიეტოვებინათ ოჯახი და  კვლავაც მეთევზეობას მისდევდნენ.

ერთხელ, როცა ძმები თავის მამასთან – იონასთან – ერთად გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდნენ, მათთან მაცხოვარი მივიდა და თავისთან მოუწოდა: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“(მათ.4,19). ანდრიამ თავის ძმასთან ერთად უმალ მიატოვა ყოველივე და ქრისტეს შეუდგა. იგი ღირსი გახდა,  უფლის თორმეტ მოწაფეთა შორის  ყოფილიყო და  ქვეყნიერების ზურგზე  ჭეშმარიტი  სარწმუნოება  გაევრცელებინა.

უფლის სხვა მოციქულებთან ერთად  ანდრიამ სულიწმინდის მადლი მიიღო, რომელიც ცეცხლოვან ენათა სახით გარდამოვიდა ზეციდან. როცა უფლის მოწაფეებმა წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა, ანდრიას წილად ერგო თრაკიის, მაკედონიის, ელადის, ბითვინიის, პონტოს, ტრაპიზონის, მცირე აზიის მხარეები და მიმდებარე ქვეყნები. წმინდა ანდრიამ ქადაგებით მოიარა ყველა ეს ქვეყანა და ამ გზაზე სვლისას არაერთი განსაცდელი დაითმინა. სულიწმინდის მადლით, იგი არა ერთ სასწაულს აღასრულებდა: კეთროვნებს განწმედდა, განრღვეულებს აღადგენდა, ბრმებს თვალებს უხელდა, ეშმაკეულთაგან ბოროტ სულებს განდევნიდა. ყველაზე მეტად იგი შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში ევნო, სადაც გამძვინვარებულმა წარმართებმა გვემეს და მიწაზე ათრიეს. წმინდანს ქვებს ესროდნენ და აწამებდნენ. სინოპიდან წმინდა ანდრიამ ღვთის სიტყვის საქადაგებლად  მრავალი ქვეყანა მოიარა, შემდეგ თრაკიას მიაშურა, სადაც ქრისტე იქადაგა. როგორც წმინდა ანდრია მოციქულის „მიმოსვლაშია“გადმოცემული, შავი ზღვისპირა ქალაქებსა და ქვეყნებში ქადაგებისას „მიიწია უკუე ქალაქად ტრაპეზუნად, რომელი იგი შენებულ არს სოფელსა მეგრელთასა, სადა დაჰყო ჟამი მცირე და განვიდა მიერ და შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, ვინაიცა იგი დაჰყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყვითა მოძღვრებისა მისისათა და შეწირნა უფლისა წმიდისა ნათლისღებითა“(„საქართველოს სამოთხე“), მან აქ ქრისტეს ეკლესიაც დააფუძნა. საქართველოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას  შემდგომში  სამოციქულო სწორედ იმიტომ ეწოდა, რომ ის უფლის წმინდა მოციქულის – ანდრიას მიერ არის დაარსებული, რომელმაც არამარტო გააქრისტიანა ქართველები, არამედ ქალაქ აწყურში პირველი ქართული საეპისკოპოსოც დააარსა,  ეპისკოპოსები დაუნიშნა და რამდენიმე მღვდელი და დიაკონი დატოვა. გარდა ანდრია მოციქულისა, საქართველოში იქადაგეს სხვა მოციქულებმაც. მათგან ორის საფლავი  საქართველოშია. კერძოდ, სვიმონ კანანელისა-  ახალ ათონში და მატათასი – გონიოს ციხე-სიმაგრეში.

წმინდა ანდრიას მიმოსვლა საქართველოში

ანდრია მოციქული პირველად ქალაქ ტრაპიზონში მოვიდა, „ქართლის ცხოვრება“ ამ მხარეს მეგრელთა ქვეყანას უწოდებს. ამის შემდეგ იგი დიდ აჭარაში  გადავიდა და  სახარების ქადაგება დაიწყო, ამ გზაზე სვლისას მან მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა. იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი დაასვენა (ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა, საქართველო წილად ხვდა ღვთისმშობელს, მაგრამ მისი ძის, ჩვენი უფლის ნებით, ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად საქართველოში ანდრია მოავლინა, რომელსაც თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა), წყარომ გადმოჩქეფა. იქაურებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააშენეს, რომელშიც ღვთისმშობლის ხატის პირი  დააბრძანეს. ამის შემდეგ წმ. ანდრიამ გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება, ოძრხის ხევი ჩაიარა და სოფელ ზადენ-გორაში მივიდა,სადაც მან ლოცვის ძალით კერპები დაამხო. გამოხდა ხანი და მოციქული   სოფელ აწყვერში ჩავიდა,სადაც ქვრივ დედაკაცს ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა. ამ სასწაულის შემდეგ მთელი სოფელი მოექცა და მოინათლა. წმინდა ანდრიამ მათ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები დაუდგინა, თან ღვთისმშობლის ხატიც დაუტოვა. ამის შემდეგ მოციქული საქადაგებლად  ტაოში ჩავიდა, მდინარე ჭოროხამდე მივიდა და იქიდან შიდა ქართლში გაემგზავრა. მან იმოგზაურა სვანეთში, შემდეგ ოსეთში და უამრავი ადამიანი მოაქცია. ამის შემდეგ წმინდა ანდრია აფხაზეთში ჩავიდა, აქ ნეტარმა ანდრიამ  სვიმონ კანანელი დატოვა და თავად ჯიქეთში გადავიდა, სადაც მისი არ ისმინეს და ეს მხარე მიატოვა. მრავალ ქვეყანასა და ქალაქში ღვთის სიტყვის ქადაგების შემდეგ წმინდა ანდრია მოციქული პელეპონესის მხარეს მიადგა და ქალაქ პატრაში შევიდა, სადაც ერთი კაცის – სოსიას სახლში გაჩერდა. მოციქულმა მასპინძელი მომაკვდინებელი სნეულებისგან განკურნა, შემდეგ კი დამოძღვრა. ამ სასწაულის შემდეგ უამრავმა ადამიანმა იწამა ჭეშმარიტება და მოინათლა. მოქცეულთა შორის იყო აქაური მმართველი ლესბიოსიც, რომელიც იმპერატორმა ნერონმა უმალ გადააყენა და მის ნაცვლად ეგეატე დანიაშნა. ამავე ხანებში ეგეატეს მეუღლეც ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, მას სახელად მაქსიმილია ერქვა,რომელიც წმინდა ანდრიამ მძიმე სნეულებისაგან განკურნა. ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე მოიქცნენ მმართველის ძმა – სტრატოკლიოსი და ბევრი სხვა პატრელი მოქალაქეც. ამ ამბავმა წარმართი ეგეატე საშინლად განარისხა, მან ბრძანა, შეეპყროთ წმინდა ანდრია და ჯვარზე მიემსჭვალათ. მოციქული სიხარულით გაემართა ჯვარცმის ადგილისაკენ და როცა ჯვარს მიუახლოვდა, ხმამაღლა იწყო ღაღადი: „გიხაროდეს, ჯვარო განათლებულო, კურთხეულო ქრისტეს სხეულით და მისი წმინდა ნაწილებით მარგალიტებივით დამშვენებულო. სანამ მაცხოვარი შენზე მიემსჭვალებოდა, კაცთათვის საშინელება იყავი, ახლა კი მორწმუნეებმა შეგიყვარეს და ყველანი სურვილით გიღებენ, რადგან  უწყიან, რაოდენ დიდ  სიხარულსა და ნეტარებას შეიცავ. კადნიერებით და სიხარულით მოვემართები მეც შენკენ. და შენც სიხარულითვე მიმიღე. „მოციქული ჯვარზე გააკრეს და მაღლა ჩამოკიდეს. მის შორიახლოს უამრავი ადამიანი შეიკრიბა,რომელიც ღაღადებდა: „ასე არ უნდა იტანჯებოდეს წმინდა და პატიოსანი კაცი .ნუ მოკლავთ ამ უწყინარ და ბრძენ ადამიანს.“ეგეატს შეეშინდა ხალხის მრისხანებისა და უმალვე გაჰყვა მათ, რათა ჯვრიდან გარდამოეხსნათ წმინდა ანდრია. როცა მოციქულმა მისკენ მომავალი მმართველი დაინახა, უთხრა: „რისთვის მოსულხარ, ეგეატე? თუ გსურს, ქრისტე იწამო, მაშინ საღმრთო მადლის კარი განგეხვნება, ხოლო თუ მხოლოდ იმისთვის დაბრუნდი, რომ ჯვრიდან გარდმომხსნა, განვედ ჩემგან.“ წმინდა ანდრია ვერაფრით გარდამოხსნეს  ჯვრიდან. როცა ეხებოდნენ, ხელები თითქოს უხმებოდათ, ისე უღონოდ ეშვებოდათ ძირს. მაშინ წმინდა ანდრიამ ზე-აღაპყრო თვალები და თქვა: „უფალო ჩემო იესო ქრისტე, ნუ დაუშვებ, რომ გარდამომხსნან ჯვრიდან რომელზეც შენი სახელისათვის გამაკრეს. მშვიდობით მიიღე ჩემი სული, რამეთუ უკვე დროა, შენთან მოვიდე. შემიწყალე, სახიერო მოძღვარო, ნუ უბრძანებ, რომ  მანამდე გარდამომხსნან ჯვრიდან, სანამ ჩემს სულს არ მიიბარებ.“ სანამ წმინდა ანდრია ამას ამბობდა, ბრწყინვალე ნათელმა მოიცვა და გააცისკროვნა. მოციქულმა სული განუტევა.

როცა ქრისტეს მორწმუნე მაქსიმილამ, წარჩინებული წარმოშობის ქალმა, შეიტყო, რომ წმინდა ანდრიამ სული უფალს მიაბარა, მისი სხეული უდიდესი პატივით გარდამოხსნა, ძვირფასი ნელსაცხებლებით გააპატიოსნა და წინასწარ გამზადებულ აკლდამაში დაასვენა, სადაც მომავალში თვითონ უნდა დამარხულიყო. მმართველი ეგეატე კი ხალხზეგაბოროტებული იყო, რომელთაც წმინდა ანდრიასადმი დიდი სიყვარული გამოავლინეს. მან გადაწყვიტა, შური ეძია მათზე, საჯაროდ სიკვდილით დაესაჯა, მაქსიმილათვის კი ცილი  დაეწამა ხელმწიფის წინაშე,მაგრამ როგორც კი ეს განიზრახა, ბოროტი სული ეკვეთა და საშინელი ქენჯნა დაუწყო. ასე,ეშმაკისაგან ტანჯული მოკვდა ეგეატე ქალაქის შუა მოედანზე. როცა ეს ამბავი მის ძმას-ქრისტეს მორწმუნე სტრატოკლიოსს – აუწყეს, მან უბრძანა მსახურთ, მისი  სხეული მიწისთვის მიბარებინათ, ეგეატეს ქონებიდან კი ხელი არაფეს ახლა. მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ნუ დაუშვებს უფალი, რომ მე თუნდაც შევეხო რაიმეს ჩემი ძმის უკეთური ქონებიდან. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მეც მისი ცოდვით წავიბილწო, რადგან მან, ამაო სიმდიდრის მოყვარულმა, გაბედა და მოაკვდინა უფლის წმინდა მოციქული.“ ეს მოხდა იმპერატორ ნერონოს ზეობისას, 62წელს, ქალაქ პატრაში.

მრავალი წლის შემდეგ ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები წმინდა მოწამე არტემიმ იმპერეტორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით (285-337) კონსტანტინეპოლს გადაასვენა  და ლუკა მახარებლისა და ტიმოთეს (პავლე მოციქულის მოწაფე) წმინდა ნაწილებთან ერთად წმინდა მოციქულთა დიდებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენა. 

მოციქული იაკობი

წმინდა  მოციქული იაკობი (ზებედესი) იყო ზებედეს ძე და იოანე მახარებლის და ღვთისმეტყველის ძმა. მას  ეკლესია თორმეტ მოციქულთა რიცხვში მოიხსენებს. მას შემდეგ, რაც განკაცებულმა უფალმა მოუწოდა, წმინდა იაკობმა თავის ძმასთან – იოანესთან ერთად მიატოვა მამა, ნავი, სათევზაო ბადეები და მაშინვე მას შეუდგა, ის აღარასოდეს მოშორებია მაცხოვარს,მის სწავლებას ისმენდა  და  უფლის მიერ აღსრულებულ უამრავ სასწაულს ხედავდა. ქრისტემ ისე შეიყვარა ზებედეს ორივე  ძე, რომ ერთს, იოანეს, საიდუმლო სერობისას ნება მისცა, მიჰყრდნობოდა „წიაღთა თანა“ მისთა და გამცემლის შესახებ კადნიერად ეკითხა, ხოლო მეორეს, იაკობს, მაცხოვარმა აღუთქვა: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ  დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ“(მათ.20,23).ზებედეს ძეებმა ისე შეიყვარეს უფალი და ისეთი ერთგულება გამოუმჟღავნეს, რომ ერთხელ, როცა სამარიტელთა დაბაში ქრისტე და მისი მუწაფეები არ შეიწყნარეს, მათ სურდათ, ელოცათ, რათა ზეციდან ცეცხლი გარდმომხდარიყო დასამარიტელნი აღეხოცა. ლუკა მახარებლის თანახმად, მათ ასე მიმართეს მოძღვარს: „უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა“ (ლუკ.9,54).წმინდა იაკობი, იოანე და პეტრე მოციქულებთან ერთად, მაცხოვარს თაბორის მთაზეც ახლდა, სადაც ქრისტემ ფერი იცვალა. ამ მთაზე  უფალი მოწაფეებს თავისი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული  მოსე და ელია წინასწარმეტყველთან ერთად ეჩვენა. მათ ზეციდან ხმა მოესმათ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ“ (მათ.17,5).

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ უფალმა მოციქულებს სულიწმიდა მოუვლინა. სულიწმიდის მადლით აღვსებულნი მთელ ქვეყნიერებას მოეფინენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად, წმინდა იაკობი ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში ახარებდა ხალხს ქრისტეს რწმენას, ის შემდეგ კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ამხელდა ფარისეველთა და მწიგნობართა გულქვაობასა და ურწმუნოებას, ის ყველგან უშიშრად ქადაგებდა ღვთის სიტყვას.მან თავისი თავდადებით გაამართლა ის სახელი, უფალმა რომ უწოდა: „ბარენგეს“,ანუ „ძენი ქუხილისანი.“ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ვერ შეძლეს, წინ აღდგომოდნენ წმინდა იაკობს, მათ ბრძოლის სხვა ხერხს მიმართეს, ფულის საფასურად დაიქირავეს ვინმე მოგვი, სახელად ჰერმოგენი და მას დაავალეს, შებმოდა იაკობს სიტყვიერ პაექრობაში და საჯაროდ ,ხალხის წინაშე შეერცხვინა. ამპარტავნებით აღსავსე მოგვმა არ იკადრა, თვითონ გასაუბრებოდა წმინდა მოციქულს და მასთა საპაექროდ თავისი მოწაფე ფილიტე გაგზავნა, თან ასე იქადოდა ფარისეველთა და მწიგნობართა წინაშე: „არა თუ მე, ჩემს მოწაფე ფილიტესაც ვერ სძლევს იაკობი სიტყვიერ პაექრობაში“.

ფილიტე მართლაც მივიდა წმინდა იაკობთან სასაუბროდ, მაგრამ ძალა არ შესწევდა, წინ აღდგომოდა უფლის ძალას, რომლითაც აღსავსე იყო მოციქული, დუმდა და სიტყვას ვერ ამბობდა მისი სწავლების საწინააღმდეგოდ. ფილიტე მორჩილად უსმენდა წმინდა იაკობს,შ ემდეგ კი თავის მოძღვართან დაბრუნდა დ აუთხრა: „იაკობის ძლევა პაექრობაში შეუძლებელია, რადგან თავის სწავლებას სასწაულმოქმედებებითაც განამტკიცებს.“ ფილიტემ ჰერმოგენს ურჩია: „უარყავი შენი სიბრძნისმეტყველება და ჩემთან ერთად დაემოწაფე იაკობს“. განრისხებულმა ჰერმოგენმა თავისი გრძნეულებით ბოროტი სულები გამოიხმო და უბრძანა მათ, ერთ ადგილზე ფილიტე შეებორკათ ისე, რომ მას არ შესძლებოდა არათუ სადმე წასვლა, არამედ განძრევაც კი, თან დაიქადნა: „აბა, ერთი ვნახოთ, როგორ გაგათავისუფლებს შენ იაკობი.“ფილიტემ წმინდა მოციქულ იაკობს ფარულად აცნობა ყოველივე, რომელმაც მას თავისი პირსახოცი გამოუგზავნა და შემოუთვალა, აეღო ეს პირსახოცი და ფსალმუნის შემდეგი ასეთი სიტყვები წარმოეთქვა: „ჰყვის სამართალი ვნებულთაÁ და სცის საზრდეკი მშიერთა. უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყვარან მართალნი“ (ფსალ.145,7-8).

როგორც კი ფილიტემ ეს სიტყვები წარმოთქვა, ბოროტი ძალის უხილავ საკრველთაგან უმალ გათავისუფდა და ჰერმოგენის ქადილზე გაეღიმა. იგი წმინდა იაკობთან გაემართა, რომელმაც დამოძღვრა იგი და მონათლა. მოგვი ჰერმოგენი ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად განრისხდა და მეტი გაბოროტებით მოუწოდა დემონებს, შეეკრათ იაკობიც და ფილიტეც. როცა ბოროტი სულები იმ სახლს მიუახლოვდნენ, სადაც წმინდა იაკობი და ფილიტე იმყოფებოდნენ, უფლის ანგელოზმა უმალვე უხილავი საკრველებით შეკრა დემონები და ტანჯვა დაუწყო მათ. ისინი ხმამაღლა ღაღადებდნენ: „იაკობ, ქრისტეს მოციქულო, მოწყალე იყავ ჩვენდამი, რამეთუ ჩვენ ჰერმოგენის ბრძანებით მოვედით აქ შენი და ფილიტეს შესაკვრელად, მაგრამ, აი, ჩვენ თვით შევიქენით შეკრულნი და სასტიკად ვიტანჯებით.“ წმინდა მოციქულმა ასე მიუგო დემონებს: „დაე, ღვთის ანგელოზმა გაგათავისუფლოთ იმ საკრველთაგან, რომლითაც შეგკარით. წადით და აქ მოიყვანეთ ჰერმოგენი, ოღონდ ისე, რომ არფერი ევნოს მას.“

 მართლაც, გათავისუფლებული დემონები ფილიტესთან მივიდნენ და წმინდა მოციქულს შეკრული მიჰგვარეს.იაკობმა ჰკითხა ბოროტ სულებს, რატომ არ შეგვიპყარით მე და ფილეტე, როგორც ეს ჰერმოგენმა გიბრძანათო. მათ კი მიუგეს: „იმ სახლში, სადაც შენ იმყოფები, ჩვენ მწერსაც კი ვერაფერს ვავნებთო.“ მაშინ მოციქულმა ფილიტეს უთხრა: „შერც გმართებს გაათავისუფლო ჰერმოგენი დემონისაგან.“ ფილიტეს ლიცვით მოგვი მართლაც გათავისუფლდა დემონისაგან, რომელსაც წმინდა იაკობმა უთხრა: „სადაც გსურდეს,იქ წადი.“ შეშინებულმა ჰერმოგენემ მიუგო: „როგორც კი შენი სახლიდან გავალ, დემონები მეკვეთებიან და მომკლავენ, თუ შენ არ დამიცავ.“ მაშინ მოციქულმა თავისი კვერთხი მისცა ჰერმოგენს და იგი უვნებელად გაემართა. ჰერმოგენმა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი შეკრიბა და დასაწველად წმინდა იაკობთან მიიტანა. მოციქულმა დამოძღვრა იგი და ჰერმოგენმა ნათელი მიიღო. ამის შემდეგ მან  ყველა საგრძნეულო წიგნი დაწვა და ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურად იქცა. შემდგომში ჰერმოგენი სასწაულებსაც აღასრულებდა.

ყოველივე ამის შემხედვარე იუდეველები წმინდა იაკობზე  ძალიან განრისხდნენ და  მეფე ჰეროდე აგრიპასთან მივიდნენ, რომელიც 40-44 წლებში ზეობდა. მათ ის დაიყოლიეს, რომ იაკობი, როგორც რჯულისა და იუდეველთა მტერი, მოეკლათ. ამასთან, ისიც ჩააგონეს მეფეს, რომ აუცილებელი იყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. მართლაც, „იმ დროს მეფე ჰეროდემ ხელი აღმართა ეკლესიის ზოგიერთ წევრზე, საბოროტოდ და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. რაკი დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრე“(საქმე მოც.12,1-2).

როცა ჰეროდე მეფემ წმინდა იაკობს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ვიღაც კაცმა, სახელად იოსიამ, რომელიც ერთ-ერთი  იმათგანი იყო, ვინც მოციქული მეფის წინაშე დაასმინა, ირწმუნა ქრისტე და ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი გახდა. ამის გამო მასაც დაუყოვნებლივ სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. როცა ისინი დასასჯელად მიჰყავდათ, გზად განრღვეული კაცი შეხვდათ, რომელიც წმინდა იაკობმა განკურნა. დადგა მათი აღსრულების ჟამი. როცა სიკვდილმისჯილებმა ქედი მოუდრიკეს ჯალათის მახვილს, იოსია შეევედრა წმინდა მოციქულს, შეცოდება შეენდო. მოციქული მოეხვია იოსიას, ეამბორა და უთხრა: „მშვიდობა იყავნ შენ თანა.“ ორივეს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 42 წელს, ქრისტეს შობიდან. წმინდა იაკობ მოციქულის მოწაფეებმა მისი პატიოსანი სხეული ესპანეთში გადაასვენეს, ქალაქ კომპოსტელაში დღემდე განისვენებს მისი წმინდა ნაწილები, რომლებიც დღემდე მრავალ საკვირველ კურნებასა და სასწაულს აღასრულებენ.

 

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი

განკაცებული უფლის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც სიყვარულის მოციქულს უწოდებენ, ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. მისი მშობლები – ზებედე და სალომეა – კეთილმსახური იუდეველები ივნენ. ისინი სასოებით მოელოდნენ აღთქმული მესიის – ქრისტეს ამქვეყნად მოსვლას და შვილებიც მოსეს რჯულის შესაბამისად აღზარდეს. როცა უფლის წინამორბედი  იოანე ნათლისნცემელი საქადაგებლად უდაბნოში გავიდა, ზებედეს ძეები მას დაემოწაფნენ, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ მიეტოვებინათ მშობლიური კერა.

წმინდა იოანე თავს მეთევზეობით ირჩენდა, როდესაც გალილეის ზღვის სანაპიროზე მიმავალმა მაცხოვარმა სახარების საქადაგებლად  მოუწოდა. მას  უკვე დაემოწაფებინა პეტრე და ანდრია, რომლებიც, ასევე, მეთევზეები იყვნენ.   ზებედეს ძეები კი მაშინ გამოარჩია უფალმა, როცა ისინი სათევზაო ბადეებს ამზადებდნენ. ძმებმა უმალ მიატოვეს მამაც და ნავიც, რათა განკაცებულ უფალს,  იესო ქრისტეს, შესდგომოდნენ. ამ ამბავს ასე გვაუწყებს წმინდა წერილი:  „როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.“ მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წამოვიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი,ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომლებიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას“(მათ.4,18-19).

უფლის საყვარელი მოწაფე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მრავალი სათნოებით იყო შემკული.  უსაზღვროდ  გულკეთილი, მართალი, მშვიდი და მიმნდობი მოციქული, ამავე დროს, უდიდესი გულმოდგინებითა და საღმრთო მოშურნეობითაც გამოირჩეოდა. სწორედ ამ თვისებათა გამო იგი ღირსი გახდა თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უფალმა იმითაც გამოარჩია, რომ წმ. პეტრე და იაკობ მოციქულებთან თან ერთად ღირსი გახადა  მრავალგზის საღმრთო საიდუმლოთა გამოცხადების ხილვისა. ასე, მაგალითად, როცა მაცხოვარმა იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინება ინება, მხოლოდ ეს სამი რჩეული მოციქული იახლა თან. წმ. სახარებაში ვკითხულობთ: „სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება, შესულიყო პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა“(ლუკ.8,51). ასევე, როცა განკაცებულმა უფალმა თაბორის მთაზე  თავისი საღმრთო ნათლით გაბრწყინება ინება, თან კვლავაც პეტრე, იაკობი და იოანე იახლა: „პეტრე,იოანე და იაკობი წაიყვანა თან და მთაზე ავიდა სალოცავად“(ლუკ.9,28). ხოლო, როდესაც უფალმა ჯვარცმის წინ გეთსიმანიის ბაღში ლოცვა ისურვა, იქაც იოანესთან და ამ ორ მოწაფესთან ერთად განმარტოვდა: „მერე იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია და უთხრა მოწაფეებს: „აქ დასხედით,ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე“. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე,იწყო წუხილი და ურვა“(მათ.26,36-37).

როგორც წმინდა წერილად მოხმობილი ეპიზოდებიდან დავინახეთ, წმინდა იოანე მოციქული ყოველთვის თან ახლდა ქრისტეს. საიდუმლო სერობის დროს სწორედ იგი მიეყრდნო უფალს მკერდზე და გამცემის შესახებ ჰკითხა: „ამის შემდეგ იესო სულით აშფოთდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:ერთი თქვენგანი გამცემს მე“. მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს გაოგნებულებმა:ვისზე თქვაო.იესოს მკერდზე მიეყრდნო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზე თქვაო. იგი მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: „უფალო,ვინაა იგი?“ (იოან.13,21-25).

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უსაზღვროდ ერთგული იყო უფლისა. ასეთი ერთგულება და თავდადება  განსაკუთრებით მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც მისი მოძღვარი, იესო ქრისტე, შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავართან წაიყვანეს. ამ დროს უფლის ყველა მოწაფე დაბრკოლდა და მიმოიფანტა, მხოლოდ იოანემ არ მიატოვა ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად დარჩა მის გვერდით ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის ჟამს. ასეთი ერთგულებისათვის წმინდა იოანე ღირსი შეიქმნა იმისა, რომ მაცხოვარს ის ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის შვილად ეღიარებინა. მოციქულმაც ღირსეულად ატარა ეს პატივი. ყოვლადწმიდა  ღვთისმშობლის მიძინებამდე იგი ყოველთვს მის გვერდით იყო და მშობელ დედასავით პატრონობდა და უვლიდა. წმ. წერილის თანახმად, „იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალინელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა. უთხრა დედას: „დედაკაცო, აჰა,  შენი ძე.“ შემდეგ მოწაფეს უთხრა:„აჰა,დედაშენი“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი“(იოან.19,25-27). მიძინების დროს კი, როცა ღვთის დედის პატიოსან სხეულს დასაკრძალად მიაბრძანებდნენ, წმინდა იოანე წინ მიუძღოდა მოციქულებს ნათლით გაბრწყინებული კვერთხით, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელს მიეძღვნა მარადის ქალწულისათვის იმის წინასწარ საუწყებლად, რომ მალე იგი მიიძინებდა.

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ წმინდა იოანე თავის მოწაფესთან – პროხორესთან ერთად მცირე აზიაში გადავიდა, რადგან წილისყრის შემდეგ სწორედ ამ მხარის განათლება ერგო. როცა ისინი იოპიის ნავსადგურში ხომალდზე დასხდნენ და ზღვაში შეცურეს, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. მეორე დღეს, შუადღისას, პროხორე და ყველა მგზავრი ზღვამ სირიის ქალაქ სელევკიის მახლობლად გამორიყა. მხოლოდ წმინდა იოანე დარჩა ზღვაში. დიდხანს დასტიროდა პროხორე  მოძღვრის დაკარგვას, იგი მარტო გაემართა აზიისაკენ და როცა ხანგძლივი სიარულის შემდეგ ერთ ზღვისპირა დაბას მიადგა და დასასვენებლად ნაპირზე დაჯდა, ანაზდად აზვირთებული ტალღა მოაწყდა ნაპირს და ცოცხალი იოანე გამორიყა. მოწაფემ დიდად გაიხარა მოძღვრის ხილვით და ორივე ერთად ეფესოსაკენ გაემართა,სადაც არტემიდას დღესასწაულზე წმინდა იოანემ  წარმართთა სულიერი სიბრმავე ამხილა. მან ასე მიმართა იქ შეკრებილ ადამიანებს: „ხალხო, თქვენ ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანებით არტემიდას სახით.“ ხალხმა მოციქულს ქვები დაუშინა, მაგრამ თითქოს უხილავი კედელი აღიმართაო, ქვები მსროლელთ მოუბრუნდა და ისინივე დააზიანა. იმავე ხანებში წმინდა იოანემ ერთი დავრდომილიც აღადგინა, რომელიც თორმეტი წელიწადი  მძინედ იყო დასნეუებული, განკურნებულმა უმალ განადიდა ღმერთი. მოციქულმა ეფესოში  ბევრი სხვა სასწაულიც აღასრულა.

იმ ხანებში რომის წარმართმა იმპერატორმა ქრისტიანთა არნახული დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად წმინდა იოანეც დაასმინეს და რომში გაგზავნეს, სადაც მას ქრისტეს აღიარებისათვის გამათრახება და სიკვდილი ელოდა. მოციქულს საწამლავით სავსე თასი უნდა დაელია. რომში ჩასული წმინდა იოანე, მართლაც,  სასტიკად აწამეს და შხამიც დაალევინეს, მაგრამ იგი უვნებელი გადარჩა. მაშინ აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები: მორწმუნეებმა „თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ“(მარკ.16,18). ამის შემდეგ მტარვალებმა მოციქული ზეთიან ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ, უფლის შეწევნით, მას კვლავ ვერაფერი ავნეს. ამ სასწაულის მხილველი ხალხი ხმამაღლა ღაღადებდა: „დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი.“ იმპერატორმა ვეღარ გაბედა მოციქულის დასჯა და იგი კუნძულ პატმოსზე გადაასახლა. წმინდა იოანეს უფლისაგან წინდაწინ ეუწყა: „მრავალი სატანჯვველი მოგელის წინ, ერთ კუნძულზე იქნები გაძევებული, რომელსაც ძალიან სჭირდები.“

კუნძულ პატმოსზე წმინდა იოანემ არაერთი სასწაული აღასრულა. იგი ბოროტ სულებს განდევნიდა, სნეულებს კურნავდა და როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა.

ერთხელ მოციქული გზაზე დაწოლილ სნეულ კაცს გადააწყდა, რომელიც ციებ-ცხელებით იტანჯებოდა, წმინდა იოანემ მას ჯვარი გადასახა და სნეულიც უმალ განიკურნა.ამ სასწაულის მოწმე იყო ერთი იუდეველი, სახელად ფილონი, რომელიც ხშირად ეკამათებოდა მოციქულს საღმრთო წერილის სხვადასხვა ადგილთა გამო. მან სთხოვა წმინდა იოანეს, მის სახლში შესულიყო, სადაც კეთრით შეპყრობილი  ცოლი ჰყავდა.როგორც კი კეთროვანი დედაკაცი იოანეს შეეხო, მაშინვე განიკურნა და ქრისტე ირწმუნა,  ფილონიც მოიქცა ჭეშმარიტებაზე და მთელი სახლეულით მოინათლა.

ერთხელ ერთმა ქურუმმა წმინდა იოანეს გამოსაცდელად უთხრა: „მოძღვარო, ჩემი ვაჟი ორივე ფეხით კოჭლია, გევედრები, განკურნე და თუ განკურნავ, მაშინ მეც ვირწმუნებ შენს ნაქადაგებ ღმერთს.“

მოციქულმა მიუგო: „რისთვის გამოსცდი შემოქმედ ღმერთს, რომელიც ცხადად წარმოაჩენს შენს მზაკვრობას?“ ამის შემდეგ მან  კაცი გაგზავნა ქურუმის მკელობელ ძესთან და შეუთვალა: „ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ადექი და მოდი.“ გამოჯანმრთელებული ყმაწვილი  მოციქულს ეახლა, ხოლო მამამისი  ამგვარი გამოცდის გამო  ორივე ფეხით დაკოჭლდა. დაკოჭლებული ქურუმი წმინდა იოანეს შეევედრა: „შემიწყალე მე, ღვთის მანათობელო კანდელო, გევედრები, მეც განმკურნე.’“

მოციქულმა ქურუმიც განკურნა და  ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლა. ამ სასწაულის შემდეგ, მეორე დღეს, წმინდა იოანემ წყალმანკით ვნებული კაცი განკურნა, რომელიც ჩვიდმეტი წელიწადი სარეცელზე იყო მიჯაჭვული.

იმ ხანებში რომის იმპერატორი დომიციანე გარდაიცვალა, ტახტი ნერონმა(?) დაიკავა, რომელიც მეტად ფრთხილი კაცი იყო. ახალმა იმპერატორმა უამრავი ადამიანი გაათავისუფლა, მათ შორის, წმინდა იოანეც, რომელმაც პატმოსიდან ეფესოში დაბრუნება განიზრახა. სანამ მოციქული კუნძულ პატმოსს დატოვებდა, მან თითქმის ყველა ქალაქი და სოფელი მოიარა და მორწმუნეები ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცა. აღსანიშნავია, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველმა „გამოცხადება“ („აპოკალიფსი“) სწორედ პატმოსზე დაწერა. ეფესოში დაბრუნებული მოციქული უდიდესი პატივით მიიღეს.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველზე საინტერესოდ მოგვითხრობს კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი უწყებით, როცა მოციქული მცირე აზიის ქალაქებში ქადაგებდა, ერთგან ერთი ჭაბუკი ნახა და მოაქცია, შემდეგ კი მონათლა. ქალაქიდა წასვლის წინ ახალმოქცეული ქალაქის ეპისკოპოსს მიანდო  და სთხოვა, მასზე ეზრუნა. მართლაც, მღვდელმთავარმა ჭაბუკი შეიწყნარა, მაგრამ გამოხდა ხანი და ისე ვეღარ ზრუნავდა მასზე, როგორც  ჭაბუკებს შეჰფერით. მალე ჭაბუკმა უწესო  ცხოვრებას მიჰყო ხელი, ქურდობდა, ავაზაკებს დაუახლოვდა და მრავალი ბოროტი საქმეც აღასრულა. რამდენიმენიმე ხნის შემდეგ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი კვლავ იმ ქალაქს  ესტუმრა. როცა მან ჭაბუკის ავაზაკობის შესახებ შეიტყო, ეპისკოპოსთან მივიდა  და უთხრა: „დამიბრუნე ის საუნჯე, რომელიც შესანახად გადმოგეცი, როგორც ერთგულსა და პატიოსანს. დამიბრუნე  ის ჭაბუკი, რომელიც ყველას თანდასწრებით ჩაგაბარე, რათა ღვთისმოშიშება გესწავლებინა მისთვის.’“

ეპისკოპოსმა ტირილით მიუგო: „წარწყმდა ის ჭაბუკი, სულით მოკვდა, სხეულით კი გზებზე ავაზაკობს.“ მაშინ იოანემ მიუგო: „ასე უნდა გეზრუნა შენი ძმის სულზე? მომეცი  ცხენი და მეგზური, რათა წავიდე და მოვძებნო ის ცხოვარი,რომელიც შენ დაკარგე.“

მართლაც, წმინდა იოანემ მალე მიაგნო ჭაბუკს, რომელიც ამასობაში ავაზაკთა წინამძღოლი გამხდარიყო. როცა ჭაბუკმა მოციქული დაინახა, შერცხვა და გაიქცა. წმინდა იოანემ თავისი სიბერე და უძლურება დაივიწყა, ჭაბუკს სირბილით გამოეკიდა და თან გასძახოდა: „ჩემო შვილო, დაბრუნდი შენს მამასთან. შენს ცოდვებზე მე ვიტირებ. ღმერთი ყოველივეს მოგიტევებს, თუ მოინანიებ. შეჩერდი, დამელოდე, უფალმა გამომგზავნა შენთან.“

ჭაბუკი, მართლაც, გაჩერდა და შერცხვენილი წმინდა მოციქულს ფეხებში ჩაუვარდა,  საკუთარი უღირსების განმცდელი თავის აწევას ვერ ბედავდა და მოციქულს თვალებში ვერ უყურებდა. წმინდა იოანე მონანულ ჭაბუკს გულში მამობრივი სიყვარულით იკრავდა  და ცრემლმორეული ეამბორებოდა, შემდეგ კი  ქალაქში ჩაიყვანა და დაკარგული ცხოვარი კვლავ ქრისტეს ეკლესიას დაუბრუნა.

ეფესოში  დაბრუნებული წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთი ქრისტიანი კაცის -დომნეს სახლში დამკვიდრდა, ის კვლავ უამრავ სასწაულს აღასრულებდა და ეკლესიას განამტკიცებდა.

ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი წლები წმინდა იოანემ ასკეტურ ღვაწლში გაატარა. ის იკვებებოდა მხოლოდ პურითა და წყლით, თმას და წვერს აღარ იკვეცდა. ფიზიკურად დაუძლურებული ქალაქსა თუ მის მიდამოებში ღვთის სიტყვის საქადაგებლად ვეღარ გადიოდა  და მხოლოდ ეპისკოპოსებს მოძღვრავდა. როცა იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე ხანგძლივი ქადაგებაც აღარ შეეძლო, სიყვარულის მოციქული მორწმუნეებს სულ ამ სიტყვებს უმეორებდა: „ჩემო შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი.“ ხოლო როცა ჰკითხეს, რატომ გვიმეორებ სულ ერთსა და იმავესო, უპასუხა:„ეს უფლის მცნებაა და თუკი მას აღასრულებთ, ესეც საკმარისია.“

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მოხუცებული გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, როდესაც მან სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, შიგ ჩაწვა და მშვიდად განუტევა სული. წმინდა მოციქული დასაფლავებულია ეფესოში.

გარდა სახარებისა და „გამოცხადებისა“, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ავტორია სამი კათოლიკე ეპისტოლისაც. 

მოციქული ფილიპე

გალილეის ტბის პირას, ქორაზინისა და კაპერნაუმის მახლობლად, მდებარეობდა ქალაქი ბეთსაიდა, სადაც უფლის თორმეტიდან სამი წმინდა მოციქული  – პეტრე, ანდრია და ფილიპე – იშვა. აქ გაატარეს ყრმობა იაკობმა და იოანემ. პეტრე და ანდრია მეთევზეები იყვნენ და ამ ხელობით ირჩენდნენ თავს, სანამ მათ ქრისტემ სამოციქულო მსახურებისათვის არ მოუწოდა.

ათორმეტთაგან ერთ-ერთი, ფილიპე მოციქული,  მისმა მშობლებმა  სასწავლებელში მიაბარეს. ყრმა ფილიპე გულმოდგინედ კითხულობდა და სწავლობდა საღმრთო წერილს, ეცნობოდა წინასწარმეტყველებებს მესიის შესახებ. იგი სიჭაბუკიდანვე ისეთი მგზნებარე სიყვარულით აღენთო მისდამი, რომ ძლიერი სურვილი გაუჩნდა, პირისპირ ეხილა განკაცებული უფალი.

და აი, დადგა ნანატრი დღე: განკაცებული იესო ქრისტე გალილეის საზღვრებს მიადგა და ჰპოვა აქ ფილიპე, რომლის გულიც  ესოდენი სიყვარულით იყო აღნთებული მესიისადმი. წმ. იოანეს სახარების თანახმად, უფალმა მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: „გამომყევი“. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან“ (იოან.1,43-44). უფლის მოწოდების გაგონებისთანავე ფილიპემ მთელი გულით ირწმუნა, რომ სწორედ ის იყო  ჭეშმარიტი მესია და მაშინვე შეუდგა მას. იმ დღიდან მოციქული განუყრელად თან ახლდა მაცხოვარს და მის მიერ აღსრულებული მრავალრიცხოვანი სასწაულების მომსწრე და  თვითმხილველი იყო. ფილიპეს არ სურდა, რომ  მხოლოდ თვითონ ავსილიყო ჭეშმარიტი სიტყვის მოსმენით, ამიტომ მას შემდეგ, რაც უფალმა მოუწოდა, თავის მეგობართან – ნათანაელთან – მივიდა და ქრისტეს შესახებ სიხარულით აუწყა.

 იმავე წმ. იოანე მახარებლის თანახმად, „ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერდა რჯულში მოსე და აგრეთვე წინასწარმეტყველნი: იესო, იოსების ძე გალილეიდან.“ ამის გაგონებაზე ნათანაელმა არ დაიჯერა, რომ ასეთი მცირე ქალაქიდან და უბრალო გვარიდან აღთქმული მესია წარმოშობილიყო, ამიტომ ფილიპეს უთხრა: „განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?“(იოან.1,46), მაშინ ფილიპემ აღარაფერი უთხრა ნათანაელს, მხოლოდ ეს ურჩია:“წამო და ნახე“(იოან.1,46), რადგან გრძნობდა, რომ როგორც კი ნათანაელი ქრისტეს იხილავდა, მის მაცხოვნებელ სიტყვებს მოისმენდა, უმალვე ირწმუნებდა, რომ იგია აღთქმული მესია. მართლაც ასე მოხდა. როცა ფილიპე ნათანაელთან ერთად იესოსთან მივიდა, ყოვლის მცნობელმა უფალმა მის შესახებ თქვა: „აჰა,ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“(იოან.1,47). ამის გამგონე ნათანაელმა გაოცებულმა თქვა: „საიდან მიცნობ?“იესომ მიუგო: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი დაგინახე“(იოან.1,48). ნათანაელი, როცა ლეღვის ქვეშ იჯდა, სწორედ მესიაზე ფიქრობდა და გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს, ამქვეყნად მოევლინებინა კაცობრიობის მხსნელი. ღმერთის ყოვლისმხილველი თვალი ჭვრეტდა ნათანაელს იმ დროს, როცა სულიერი აღმაფრენის და გულშემუსვრილების მდგომარეობაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, ამიტომაც უთხრა მას ქრისტემ: როცა შენ ლეღვის ქვეშ იჯექი, მაშინ გიხილეო. ნათანაელს გაახსენდა ყოველივე ის, რაზეც ლეღვის ხის ქვეშ მჯდომი ფიქრობდა და გრძნობდა, როგორ ევედრებოდა ღმერთს მესიის მოვლინებას, ისიც კარგად ახსოვდა, რომ იმ დროს მის გვერდით არავინ ყოფილა და არც მას არავისთვის არ გაუზიარებია შემდგომში თავისი ფიქრების შესახებ, ღმერთის გარდა არავის შეეძლო ეს სცოდნოდა, ამიტომ ნათანაელმა მაშინვე ირწმუნა, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, რომელიც ღმერთმა ისრაელიანთა წინაპრებს აღუთქვა. მან ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა და უფალს შეჰღაღადა: „რაბი,შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ ისრაელის მეფე“(იოან.1,49).

ფილიპე თავის მოძღვარში – ქრისტეში  – მხოლოდ სრულყოფილ კაცს ხედავდა და ჯერ კიდევ ვერ შეეცნო მასში ღმერთი.  და აი, ერთხელ, როცა უფალი ტიბერიადის ზღვის მეორე სანაპიროზე მიმოდიოდა და სურდა, სასწაულებრივად გამოეკვება ადამიანები, მან გამოსაცდელად უთხრა მოწაფეს: „სად ვიყიდოთ პურები, ამათ რომ ვაჭამოთ?“(იოან.6,5). ასე იმიტომ ჰკითხა მაცხოვარმა ფილიპეს, რომ მას უფრო მეტად შეეცნო საკუთარი თავი და რწმენაში განმტკიცებულიყო. მოციქულს არ უთქვამს მაშინ ქრისტესთვის, რომ  ის ჭეშმარიტი ღმერთი იყო, არამედ მხოლოდ  ასე მიუგო: „ორასი დინარის პური არ ეყოფათ, რომ თითოელ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს“(იოან.6,7), ის ფიქრობდა თავის უფალზე, როგორც ადამიანზე, ამიტომაც შემდეგ სხვა მოწაფეებთან ერთად ესეც უთხრა იესოს: „უდაბურია ეს ადგილი, უკვე გვიანია, გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო“(მარკ.6,35-36). მაგრამ შემდეგ, მოგვიანებით, როცა უფალმა ხუთი პური განტეხა და ორასი თევზითურთ გაუნაწილა ხუთიათას კაცს, ფილიპემ განადიდა ქრისტე ღმერთი.

ერთხელ იერუსალიმში დღესასწაულზე რამდენიმე ბერძენი ჩამოვიდა, რომელთაც ქრისტეს ნახვა ეწადათ. მათ ფილიპეს სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“(იოან.12,21). ფილიპემ ამის შესახებ  ჯერ ანდრია მოციქულს უთხრა და მხოლოდ ამის შემდეგ აუწყეს მათ ქრისტეს წარმართი ბერძნების სურვილი: „ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა, შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს“(იოან.12,22). სწორედ მაშინ მოისმინა ფილიპემ უფლისაგან წინასწარმეტყველური სწავლება წარმართების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ჭეშმარიტ ღმერთს ირწმუნებდნენ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოისხამს“(იოან.12,24).

ამ სიტყვებით ქრისტემ აუწყა მოციქულებს, რომ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მრავალი წარმართიც იწამებდა ჭეშმარიტებას. სხვა დროს ფილიპემ კადნიერად სთხოვა უფალს, შენი ზეციური მამა გვიჩვენეო, რაზეც უფალმა უპასუხა: „რახანია,თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვაჩვენე მამაო? განა არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ.ჩ ემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში. თუ არა და თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ“(იოან.14,9-11). უფლის ასეთმა პასუხმა დაგვანახა და გვასწავლა, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია.

ფილიპე მოციქული, სხვა მოციქულებთან ერთად, სულიწმიდის მიღების ღირსი გახდა. როცა ქრისტეს მოწაფეებმა წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა სარწმუნოება, წმინდა ფილიპეს მცირე აზია და სირია შეხვდა. თავდაპირველად იგი გალილეაში ქადაგებდა. ამ მხარეში ყოფნისას  მას ერთხელ ერთი დედაკაცი შეხვდა, ,რომელიც საკუთარ შვილს მიასვენებდა და მოთქვამდა. ფილიპეს შვილმკვდარი დედა შეეცოდა და ბავშვს უბრძანა: „აღდეგ, ასე გიბრძანებს შენ ქრისტე, ჩემ მიერ ნაქადაგები.“ყრმა უმალ გაცოცხლდა. დედამ იწამა ჭეშმარიტება და შვილთან ერთად მოინათლა.

ფილიპე მოციქული წარმართთა ქვეყნებში ქადაგებდა. საბერძნეთში მან მრავალი სასწაული აღასრულა: ის სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ერთხელ ერთი გარდაცვლილი ადამიანი მკვდრეთითაც აღადგინა.იქ მცხოვრებმა იუდეველებმა ეს ამბავი იერუსალიმის მღვდელთმოძღვრებს აუწყეს, მათ  ერთ-ერთი მღვდელმთავარი მწიგნობრებთან ერთად საბერძნეთში გაგზავნეს და ფილიპე მოციქული მოაყვანინეს. ის  ხალხის წინაშე გაასამართლეს. იქ შეკრებილთა შორის იყვნენ როგორც იუდეველები, ასევე,  წარმართები.

მღვდელმთავარმა ფილიპეს მრისხანედ უთხრა: „განა იუდეა, გალილეა და სამარია არ იკმარე, რომ ახლა აქაც მოსულხარ, ელინთა შორის? განა იქ არ კმაროდა შენთვის უბრალო და გაუნათლებელ ადამიანთა მოტყუება, რომ ახლა აქ არ დაგეწყო ბრძენი და განათლებული ელინების ცთუნება? რატომ ავრცელებ აქ იმ საცდურს, იესოსგან რომ გისწავლია, მოსეს რჯულის მოწინააღმდეგისგან, რისთვისაც იგი დაისაჯა, თქვენ კი, მისმა მოწაფეებმა, ფარულად მოიპარეთ საფლავიდან მისი სხეული და გაიძახით, იესო მკვდრეთით აღდგაო.“ მოციქულმა მიუგო: „რატომ რჩება შენი გული გაქვავებული და რად არ გსურს ჭეშმარიტება აღიარო? განა თქვენ არ დაბეჭდეთ იესოს საფლავი და მიუჩინეთ მას დარაჯნი? ხოლო როცა ქრისტე მკვდრეთით აღდგა, განა მაშინაც თქვენ არ მიეცით მცველებს ოქრო, იცრუეთ, ვითომ მოწაფეებმა მოიპარეს იესოს სხეულიო? როგორ არ გრცხვენიათ ახლა, თვით საფლავის ბჭენი გამხელენ განკითხვის საშინელ დღეს.“

მღვდელმთავარი გაბოროტებით ეკვეთა ფილიპეს, რათა მოეკლა, მაგრამ იგი ანაზდად დაბრმავდა. იგივე ბედი ეწია ყველა სხვას, ვინც მოციქულის მოკვლა განიზრახა. ფილიპეს შეეცოდა ისინი და ღმერთს შეევედრა – დაუბრუნე მათ თვალისჩინიო. მართლაც, ყველას აეხილა თვალი. ბევრმა იწამა ქრისტე, გარდა მღვდელთავრისა. ამის გამო მას უწინდელზე მძიმე სასჯელი ეწია: მიწა გაიპო და თავის წიაღში შთანთქა იგი, როგორც ოდესღაც მოსეს და აარონის მოწინააღმდეგე უკეთურნი – დათანი და აბირონი.

გამოხდა ხანი და წმინდა ფილიპე პართიისაკენ გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, იგი გზად უამრავს სასწაულს აღასრულებდა. მან იქადაგა, ასევე, არაბეთსა და ეთიოპიის ქალაქებში, შემდეგ კი ხომალდით სირიის ქალაქ აზოტისაკენ გაეშურა. ღამით ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ყველას სასო წარეკვეთა, მაშონ ფილიპე მოციქულმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შეწევნა შესთხოვა. მართლაც, ცაზე მანათობელი ჯვრის ნიში გამოჩნდა დაზღვაც ანაზდად დაცხრა.

ქალაქ აზოტში ფილიპე მოციქულს ერთმა კეთილმა კაცმა, სახელად ნიკოკლიდემ, უმასპინძლა, რომლის ასულიც მოციქულმა თვალის სნეულებისგან განკურნა. ამ სასწაულის გამო ნიკოკლიდდეს მთელმა ოჯახმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

აზოტიდან წმინდა ფილიპე სირიის ქალაქ იეროპოლში ჩავიდა, სადაც ღვთის სიტყვის ქადაგების გამო წარმართთა დიდი რისხვა დაიმსახურა, განრისხებულ ბრბოს მისი ჩაქოლვაც კი სურდა.მოციქული ერთი სახელოვანი და გავლენიანი მოქალაქის – იროსის გამოსარჩლებამ გადაარჩინა, რომელმაც წმინდა ფილიპე სახლშიც კი მიიწვია. ფილიპე მოციქულმა მთელი იროსის სახლეული და მეზობლები მოაქცია და მონათლა. იეროპოლში მან სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა. ამის შემდეგ  სხვა ქვეყნებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად.

მან მოიარა სირია, შემდეგ კი ლუდიისა და მიზიის მხარეში ჩავიდა. აქ მას წმინდა ბართლომე მოციქული შეუერთდა. მოციქულებმა ლუდიასა და მიზიაში ხარებისას მრავალი განსაცდელი დაითმინეს – მათ სცემეს, შეურაცხყვეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ, ღვთის მადლით, ისინი ცოცხლები რჩებოდნენ. ლუდიის ერთ-ერთ სოფელში მოციქულები წმინდა იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში. ისინი ქალაქ იეროპოლში შევიდნენ და მხნედ ქადაგებდნენ ჭეშმარიტების შესახებ. იეროპოლელებს ცოცხალი გველი ჰყავდათ გაღმერთებული. მისთვის ტაძარიც კი აეგოთ, სადაც მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. წმინდა ფილიპეს ლოცვის ძალით იქედნე მოკვდა. აქვე წმინდა მოციქულმა განკურნა ერთი კაცი, სახელად სტაქე, რომელიც ორმოცი წელი დაბრმავებული იყო. ფილიპემ მას თვალები აუხილა. წმინდა მოციქულმა ქალაქის თავის-ნიკანორის – მეუღლეც განკურნა, რომელიც გველს დაეგესლა. ქალმა იწამა ჭეშმარიტება და უარყო კერპთაყვანისცემლობა. როცა ნიკანორმა ეს ამბავი შეიტყო, საშინლად განრისხდა და ფილიპე და ბართლომე მოციქულები შეიპყრო. ამის შემდეგ ქალაქის თავი სამსჯავრო ადგილას დაჯდა და მოციქულთა გასამართლება დაიწყო. მასთან მრავალი ქურუმი შეიკრიბა, მათ შორის წმინდა მოციქულის ლოცვით მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ. ქალაქის მთავარმა წმინდა მოციწულებს – ფილიპესა და ბართლომეს – ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯა. პირველი ფილიპე ევნო. მას ხელ-ფეხში თოკი გაუყარეს და ასე გააკრეს ჯვარზე, ამასთან, ქვებსაც ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ანაზდად მიწა იძრა და ერთბაშად შთანთქა ქალაქის თავიც და ყველა წარმართი ქურუმიც უამრავ ურწმუნოსთან ერთად. ვინც ცოცხალი დარჩა, შეშინებული ევედრებოდა მოციქულს ხსნას. ისინი სასწრაფოდ მისცვივდნენ ჯვრებს და მოციქულთა გარდამოხსნა დაიწყეს. წმინდა ბართლომე არც თუ მაღლა იყო ჩამოკიდებული და მალე ჩამოხსნეს, ფილიპეს ჩამოხსნა კი ვერ მოახერხეს, რადგან ძალიან მაღლა იყო. წმინდა ფილიპე მხურვალედ ევედრებოდა უფალს თავისი მტრებისათვის, რათა ღმერთს შეენდო მათთვის ცოდვები. მოციქულის გარდაცვალების შემდგომ ახლადმოქცეულმა იეროპოლელებმა უდიდესი პატივით მიაბარეს მაწას ფილიპეს პატიოსანი სხეული. წმინდა მოციქული აღესრულა 90 წელს, ქრისტეს შობიდან, იმპერატორ დომიციანეს ზეობისას. 550 წელს მისი წმინდა ნაწილები რომში გადაასვენეს, სადაც დღემდე განისვენებენ თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში. მისი მარჯვენა კი ჯერ კონსტანტინეპოლში ესვენა, შემდეგ – იერუსალიმში,1204წელს კი  სიწმინდე ფლორენციაში გადაასვენეს.

 მოციქული ბართლომე

წმინდა მოციქული ბართლომე, რომელიც უფლის თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთია,    წარმოშობით გალილეის ქალაქ კანადან იყო. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს უწოდებს („უთხრა ნას ნათანაელმა: „განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?“(იოან.1,45). ისინი ერთად იყვნენ: სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ძენი ზებედესნი და ორი სხვა მის მოწაფეთაგანი“(იოან,21,2). ნათანაელზე, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, თავად უფალმა დაამოწმა, როდესაც თქვა: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“(იოან,1,47).

სულთმოფენობის შემდეგ ბართლომეს წილად ხვდა, ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში.ისინი ხან ერთად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. მცირე აზიაში ქადაგებისას ფილიპე მოციქული გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს. იგი ლიდიის ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წასულიყო და  ღვთის სიტყვის ქადაგებაში დახმარებოდა. წმინდა ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და ყოველივე კეთილ საქმეში შეეწეოდა. ფილიპეს ყოველთვის თან დაჰყვებოდა   თავისი ხორციელი და, ქალწული მარიამნა. სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას.  მათ არაერთი განსაცდელი დაითმინეს ჭეშმარიტების ქადაგებისათვის, ისინი არაერთგზის შეურაცხყვეს, აწამეს, ქვით ჩაქოლეს, მაგრამ უფლის მადლი ყოველთვის შეეწეოდა და გადაარჩენდა მათ.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს – წმინდა იოანე ღვთისმეტყველს – შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში. ქალაქ ჰიეროპოლში შესულნი უშიშრად ქადაგებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ამ ქალაქში უამრავი კერპი იყო, რომელსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა. სხვა ცრუ ღმერთებთან ერთად, აქ ერთი უზარმაზარი ქვეწარმავალიც გაეღმერთებინათ და საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის.

წმინდა ფილიპე თავის დასთან, მარიამნასთან ერთად, ქვეწარმავალს, უპირველესად, ლოცვით დაუპირისპირდა, რაშიც მათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა. წმინდა ლოცვის ძალით იქედნე მოკვდა. ამის შემდეგ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მათ განეშორა  და თავის გზას დაადგა. ბართლომე და ფილიპე მოციქულები ჰიეროპოლში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ, კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ. ამ ქალაქში მათ ერთ ბრმა კაცს, სახელად სტაქეს, რომელსაც უკვე ორმოცი წელი იყო, თვალისჩინი დაეკარგა, მხედველობა დაუბრუნეს, ასევე, განკუნეს ქალაქის თავის – ნიკანორის – მეუღლე, რომელიც გველს დაეგესლა. როცა ეს ამბავი ქალაქის თავმა – ნიკანორმა – გაიგო, მაშინვე ბრძანა, მოციქულები შეეპყროთ. წმინდა ფილიპე და ბართლომე მარიამნასთან ერთად შეიპყრეს, ისინი მოედანზე ათრიეს და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. ამის შემდეგ ქალაქის თავმა წმინდანები მოაყვანინა და მათ გასამართლებას შეუდგა. იქვე  იქედნეს ტაძრის მსახურნიც შეიკრიბნენ. ქალაქის თავმა ბრძანა, წმინდანები  ჯვარზე გაეკრათ.

პირველად წმინდა ფილიპე ევნო. მას ტერფები გაუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე თავდაყირა აცვეს ჯვარს, მას თან ქვებს ესროდნენ.შემდეგ უკვე წმინდა ბართლომე აცვეს ჯვარს. ანაზდად ძლიერი მიწისძვრა დაიწყო, მიწა გაიხსნა და ყველა იქ მყოფი ურწმუნო  ქურუმებთან ერთად შთანთქა. ცოცხლად დარჩენილები შეშინდნენ და საჩქაროდ იწყეს ჯვრებიდან მოციქულთა გარდამოხსნა. წმინდა ბართლომე არც თუ ისე მაღლა ეკიდა ჯვარზე და იგი მალე ჩამოხსნეს, მაგრამ ფილიპე ძალზე მაღლა იყო დაკიდებული და მისი ჩამოხსნა ვერ შეძლეს. ამ დროს ფილიპე ღმერთს თავის მტრებს ავედრებდა.როცა იგი აღესრულა, ჩამოხსნეს და მიწას დიდი პატივით  მიაბარეს.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმინდა ბართლომემ, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, კიდევ რამდენიმე დღე დაჰყო ჰიეროპოლში, შემდეგ კი  გამოეთხოვა. მარიამნა ლიკაონიის მხარეში წავიდა, ბართლომე კი ინდოეთისკენ გაემართა, საიდანაც შემდეგ კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და არაერთი სასწაული აღასრულა. მან ამ გზაზე სვლისას ქრისტეს სახელისათვის უამრავი  განსაცდელი დაითმინა.

წმინდა მოციქული ბართლომე ქრისტეს შობიდან 71წელს,  ქალაქ ალბანში, მოწამეობრივად აღესრულა. იგი ჯერ ჯვარს აცვეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. მორწმუნეებმა მისი სხეული ჯვრიდან ჩამოხსნეს და იმავე ქალაქ ალბანში  დიდი პატივით მიაბარეს მიწას. მოციქულის წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა, რის გამოც ბევრი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. დიდი ხნის შემდეგ ეს ქვეყანა წარმართებმა დაიპყრეს.  ისინი თავად ხედავდნენ მოციქულის წმინდა ნაწილთაგან აღსრულებულ სასწაულებს, ამიტომაც გადაწყვიტეს, ამოეღოთ ლუსკუმა და სადღაც შორს გადაეკარგათ. მათ, მართლაც, ამოიღეს სიწმინდე   და ზღვაში გადააგდეს, მაგრამ ლუსკუმა არ ჩაიძირა, ის ხომალდივით ცურავდა, ბოლოს იტალიასა და სიცილიას შორის მდებარე კუნძულ ლიპარას მიადგა. იქაურ ეპისკოპოსს -აგათონს – სიზმრისეულ ჩვენებაში ეუწყა, რომ კუნძულს წმინდა ნაწილები მოადგა ლუსკუმით.  მან ლუსკუმა ლოცვითა და ფსალმუნთა გალობით ტაძარში გადაასვენა.

სხვა წყაროს მიხედვით, იმპერატორ ანასტასის დროს, დაახლოებით 508 წელს, ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილები მორწმუნეებმა ქალაქ ალბანიდან დარში (მესოპოტამია) გადაასვენეს, ხოლო როცა 574 წელს ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, რამდენიმე დარიელმა ქრისტიანმა ლუსკუმა ფარულად აიღო  და შავი ზღვის სანაპიროზე გადაასვენა, ისინი მოულოდნელად აქაც  მტერს წააწყდნენ, სიწმინდე ზღვაში შეაცურეს. მრავალდღიანი  ცურვის შემდეგ ლუსკუმა კუნძულ ლიპარასთან აღმოჩნდა. შემდგომში ეს კუნძული მაჰმადიანმა არაბებმა დაიპყრეს, მათ მოციქულის წმინდა ნაწილები ამოიღეს, დაანაწევრეს და სხვადასხვა ადგილას გადაყარეს, მაგრამ ისინი სასწაულებრივად კვლავ ერთად აღმოჩნდნენ. ერთ-ერთ იქაურ მონაზონს წმინდა ბართლომე გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც წმინდა ნაწილები ესვენა. ამის შემდეგ, მეცხრე საუკუნეში, მოციქულის  წმინდა ნაწილები ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, იქიდან კი, ერთი საუკუნის შემდეგ – რომში. ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილების კუნძულ ლიპარაზე სასწაულებრივ გადასვენებას ეკლესია მოიხსენიებს 25 აგვისტოს.