საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ცხოვრება

19 დეკემბერი
gilocavt-wminda-nikolozis-xsenebis-dghes

 19 დეკემბერს (ძვ.სტილით 6 დეკემბერს) მარლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ხსენებას აღნიშნავს. დაახლოებით XVI საუკუნე გავიდა წმინდა ნიკოლოზის ამქვეყნიური მოღვაწეობიდან, თუმცა მისი წმინდა სახელი დღემდე განსაკუთრებულად იდიდება და მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღასრულებს წმინდა მღვდელმთავრის ხსენებას. წმინდა ნიკოლოზი სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით, თავმდაბლობით, უფლისა და ადამიანების განსაკუთრებული სიყვარულით იყო დაჯილდოებული და გამორჩეული. მის სახელთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული. მას მთელი ქრისტიანული სამყარო უდიდეს პატივს სცემს და  აღსრულებული კეთილი საქმეებისა და სასწაულების გამო  საკვირველმოქმედსა და ყოვლადდიდებულს უწოდებს. იგი განსაკუთრებული მეოხია გაჭირვებაში მყოფთათვის და მისი შეწევნა ხშირად უგრძვნიათ მისდამი სარწმუნოებით მვედრებელთ.

წმინდა ნიკოლოზ, მირონლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან III საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. მისი მშობლები თეოფანე და ნონა დიდგვაროვნები და შეძლებულნი იყვნენ. ისინი მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდნენ და ღრმა სარწმუნოებით გამოირჩეოდნენ. მათ დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ჰყოლიათ და უფალს აღთქმა დაუდეს: თუ კი  შეეძინებოდათ შვილი, მას ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეიწირა მათი კეთილი საქმეები, შეისმინა მათი ლოცვა და ხანშიშესულ მშობლებს შეეძინათ ბავშვი. ჩვილმა  ნიკოლოზმა პირველივე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა სხვათა დაუხმარებლად, დამოუკიდებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ამით, გამოხატა რწმენა ყოვლადწმიდა სამების მიმართ. წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს მხოლოდ ერთხელ, საღამოობით ღებულობდა – მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ. ნიკოლოზს სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. გულმოდგინედ ისმენდა და სწავლობდა სახარებას. იგი ყრმობიდანვე გამოირჩეოდა გაჭირვებულეთადმი მზრუნველობით:  არც ერთ უპოვარსა და გაჭირვებულს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ შეწეოდა და სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა მათთვის. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ როდესაც იხილა ძმისწულის საღმრთო მოშურნეობა, ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და უთხრა:  ,,ძმანო, მე ვხედავ ამომავალ მზეს,  ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება”.  საოცარი სარწმუნოებითა და განათლებით გამორჩეული ახალგაზრდა მღვდლის ქადაგება მსმენელთა შორის კრძალვასა და პატივისცემას იწვევდა.

ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ბიძის დაბრუნების შემდეგ კი თავად გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა თაყვანისცა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ადგილს და სამოღვაწეოდ უდაბნოში გასვლა გადაწყვიტა. თუმცა, სხაგვარი აღმოჩნდა ღვთის ნება: უფალმა მოუწოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ წმინდა სიონის სავანის  ძმობაში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ უფალმა კვლავ მოუწოდა ერში გასულიყო და ხალხი განემტკიცებინა ქრისტიანობაში.  წმინდა ნიკოლოზს საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი სამღვდელმთავრო ომოფორი გადასცა.

იმ პერიოდში ქალაქ მირონის მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილიყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა.  შეკრებილ ეპისკოპოსთაგან ერთერთს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ღამით ტაძრის კარიბჭესთან დამდგარიყო: ,,პირველი ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია”. ღვთის განგებით ამდროს წმინდა ნიკოლოზი ქალაქ მირონში იმყოფებოდა და ჩვეულებისამებრ ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვაზე დასასწრებად. როდესაც კართან მდგომმა ეპისკოპოსმა წმინდა ნიკოლოზის სახელი შეიტყო, მღვდელმთავრებს წარუდგინა და საღვთო ხილვა აუწყა. ,,მიიღეთ ძმებო, თქვენი მწყემსთავარი, რომელიც თავად სულიწმინდამ გამოირჩია თქვენს ეპისკოპოსად”.

მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც წმინდა ნიკოლოზი განაგრძობდა მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის მაგალითს აძლევდა.

ამდროს იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაიწყო ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა. წმინდა ნიკოლოზი უშიშრად და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დიდხანს იყო და მოთმინებითა და მადლიერებით იტანდა შეურაცხყოფას, შიმშილსა და წყურვილს. ქრისტიანთა დევნა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს დასრულდა და ყველა ქრისტიანი, მათშორის წმინდა ნიკოლოზიც, გაათავისუფლეს საპყრობილიდან.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა. იგი მტკიცედ იცავდა ქრისტიანობას არიოზის ერესისაგან და გადმოცემის თანახმად, ვერ გაუძლო არიოზის ღვთისმგმობელ სიტყვებს და მას კვერთხი ჩაარტყა. ამის გამო წმინდანს სამღვდელმთავრო პატივი აჰყარეს. მაგრამ მოხდა სასწაული: რამდენიმე ეპისკოპოსმა საღვთო ჩვენებით იხილა, რომ წმინდა ნიკოლოზს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით, მეორე მხარეს კი  დედა ღვთისმშობელი ომოფორით. ამ სასწაულებრივი ჩვენების შემდეგ უფლის რჩეულს დაუბრუნეს სამღვდელმთავრო პატივი.

წმინდა ნიკოლოზის სახელთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული. იგი იყო და არის უსამართლოდ დევნულთა და გაჭირვებულთა განსაკუთრებული მფარველი. ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და გაჭირვებიდან თავისდასაღწევად გადაწყვიტა სამი ულამაზესი ქალიშვილის საროსკიპოში გაშვება. წმინდანმა ეს რომ შეიტყო, ფარულად სამი ქისა ოქრო შეაგდო მათ სახლში და ასე იხსნა ოჯახი გაჭირვებისგან და სულიერი დაღუპვისაგან. წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა კეთილი საქმეების დაფარულად აღსრულებას, რათა ისინი მხოლოდ ღვთისათვის ყოფილიყო გაცხადებული;  ყოველთვის იცავდა სახარებისეულ სწავლებას:  ,,როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა(მთ. 6;3)”. თუმცა, ღვთის განგებით, მრავალრიცხოვანი სასწაულებიდან ყველა დაფარული არ არის და ზოგიერთი გაცხადებულია, რათა მათი გაცნობისას ჩვენც მივიღოთ ნუგეში და ვიგრძნოთ რაოდენ დიდია ძალა რწმენისა და რაოდენ დიდია სიყვარული და მზრუნველობა წმინდა ნიკოლოზისა.

წმინდა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და IV საუკუნის შუა წლებში მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს უდიდესი სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. დღესდღეობით ქალაქ ბარში რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტი  ცხოვრობს. წმინდა ნიკოლოზის   განსასვენებლზე არსებულ ტაძარში მოღვაწეობს ქართველი სასულიერო პირი – არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე).

როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზიც არის გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

წმინდა ნიკოლოზი ბრძანდება ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი. იგი არის მსწრაფლშემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ლოცვით მიემართოს წმინდა ნიკოლოზისათვის და მას არ შეესრულებინოს მისი ვედრება. იგი ისეთი მოწყალეა, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებსმაჰმადიანებსაც კი უსრულებს თხოვნას. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!”- აღნიშნავს ერთ-ერთ ქადაგებაში ილია II.

წმინდა ნიკოლოზი არის საქართველოს ეკლესიის მფარველი და მას განსაკუთრებულად ვევედრებით საქართველოს გადარჩენისათვის.