საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

22 მარტი
კატეგორია:
evrokavshiris-sadamkvirveblo-misiis-xelmdzghvanelis-shexvedra

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 22 მარტს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძეს) შორის.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით მეუფე გერასიმემ   ბატონ ერიკს მადლობა გადაუხადა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესის ხელშეწყობისთვის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით.  საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტსაც.

მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. მიტროპოლიტმა გერასიმემ  სტუმარს გააცნო აფხაზეთში არსებული საეკლესიო პრობლემები და დასძინა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი. ითქვა ისიც, რომ მისი უწმინდესობა ხშირად ხვდება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანებს და მათთან პირად ურთიერთობას ამყარებს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა მიმართ, რომ უფასო მკურნალობისა და სწავლების შეთავაზება სასიკეთოდ მოქმედებს და ხელს უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და შეთანხმდნენ მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრების მომავალში გამართვაზე.