საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წალკის ეპარქია

აგარაკ-წალკის ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამღვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის წალკის (ძვ. ეძანი) რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან _ ბორჯომისა და ბაკურიანის, აგრეთვე ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან _ სამთავისი-კასპისა და გორი-ატენის, სამხრეთიდან _ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიები.

ადრიდანვე ეპარქიის მომცველი ტერიტორიის დიდ მნიშვნელობას მისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა. აქ გადიოდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზები. ეს ტერიტორია, V ს-ში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ ჩამოყალიბებულ თორმეტ საეპისკოპოსოდან ამ მხარეში არსებულ მანგლისის და აგარაკის შემადგენლობაშია საგულისხმო.

ვახუშტის ცნობით მდინარე „ქციის კიდეზე არს ეკლესია გუმბათოვანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა“. თუმცა წალკის გაქალაქება და მისი სახელობის საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბება მოგვიანებით მოხდა. საუკუნეთა მანძილზე ირან-ოსმალეთთან განუწყვეტელმა თავდაცვითმა ბრძოლებმა, ჩრდილოკავკასიელი ტომების ხშირმა დარბევებმა, _ „ლეკიანობამ“ მოსახლეობის რიცხვი შეამცირა, ტერიტორიები გააპარტახა და XVIII ს-ის შუახანებისათვის, ქართლისა და კახეთის ზოგიერთი ეპარქიის მსგავსად, აგარაკ_წალკის საეპისკოპოსო აოხრდა და დაიცალა.

ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს ქართულ საქრისტიანო კუთხეში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია. თავის დროზე, მაჰმადიანური აგრესიის გამო, ეს მხარე დიდად დაზარალდა. ახლა ამას ისიც დაემატა, რომ ქართული მოსახლეობა უცხოეთში, ძირითადად საბერძნეთში, წავიდა. ბერძნული მოსახლეობის დიდმა ნაწილმაც დატოვა საქართველო და სამშობლოში დაბრუნდა.

ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უმოღვაწია. ადრიდანვე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან, ამ მხარეში მრავალი გამორჩეული ეკლესია და მონასტერი არსებობდა, რასაც უძველეს ნაეკლესიართა სიუხვე ადასტურდებს. თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, სოფელთა სახელწოდებების მრავალრიცხოვანმა ცვლილებებმა მათი იდენტიფიცირება გაართულა.

1917 წ. სექტემბერში აღდგა უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილი სამღვდელმთავრო კათედრა. ეპარქიის ტერიტორია თავდაპირველად აგარაკის, აგარაკ – წალკის, მანგლისისა და წალკის სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროების იურისდიქციაში შედიოდა. ბოლო დროს იგი მანგლისისა და წალკის ძველ საეპისკოპოსო ტერიტორიათა გაერთიანებული სამწყსოს შემადგენლობაში აღირაცხებოდა.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სამღვდელმთავროები.

მანგლისისა და წალკის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
ა) მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.
ბ) წალკის ეპარქია.

წალკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

 წალკის ეპარქიაში მოქმედი, მშენებარე და არსებული ეკლესია-მონასტრების არასრული ჩამონათვალი:

წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

წალკის წმიდა დიმიტრის ტაძარი

სოფ. ბეშთაშენის, ძველი ბეშქენაშენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

სოფ. გუმბადის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

სოფ. რეხას ეკლესია