საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ტყიბულისა და თერჯოლი ეპარქია

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული იმერეთის სამეფოს ოკრიბას მხარის ნაწილსა და იმერეთის დაბლობის ნაწილს მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ტყიბული (მიმდებარე ტერიტორიების ნაწილით) და თერჯოლა (სრულად თერჯოლის რაიონი). ტყიბულისა და თერჯოლის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჩხერისა და ჭიათურის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან _ მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან _ ქუთაის-გაენათის, ჩრდილოეთიდან _ ნიკორწმინდის, სამხრეთიდან _ ვანისა და ბაღდათის ეპარქიები.

სახელწოდებები „ტყიბული“ და „თერჯოლა“ წყაროებში მხოლოდ XVII ს-დან იხსენიება, რაც შეეხება „ოკრიბას“, იგი XI ს. წერილობით ძეგლში გვხვდება.

ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ცნობები, მოციქულთა _ ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათას _ მიერ ფაზისის იბერების გაქრისტიანების შესახებ, აღნიშნულ მხარესაც მოიცავს. მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ამ კუთხის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა. ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებას ეპარქიის ტერიტორიაზე შემორჩენილი ადრეული ხანის ეკლესია-მონასტრების სიუხვე ადასტურებს. ასევე, წყალწითელას ხეობაში, არაბთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამეობრივი აღსასრული და სხვა მრავალი ისტორიული ეპიზოდი.

ეს მხარე დამოუკიდებელ სამღვდელმთავროდ XVI ს-ის პირველ მეოთხედში, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) დროს ჩამოყალიბდა. ქუთათელის სამწყსოს, ორი ახალი ეპარქია გაენათი და ხონი გამოეყო. გაენათელი მღვდელმთავრის კათედრა _ გელათი, რომელიც პირველად მონასტერი იყო, ბაგრატმა საეპისკოპოსო კათედრად აქცია. პირველ გაენათელ მღვდელმთავრად მელქისედეკ საყუარელიძე იხსენიება, რომელსაც სამწყსოდ არგუეთის ნახევარი და ოკრიბა გადაეცა. ახლადშექმნილი ეპარქიის საკათედრო ტაძარი გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი იყო. იმავე ხანებში, გელათის მონასტრის წმიდა გიორგის ეკლესია, ბიჭვინთიდან დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის (ევდემონ ჩხეტიძის დროს, 1557-1578 წწ.) რეზიდენციის გადმონაცვლებით, მის კათედრად იქცა. ამით გელათში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსისა და გაენათელი მღვდელმთავრის კათედრები განთავსდა. იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე სამღვდელმთავროთა ამგვარმა განთავსებამ განსხვავებული, სრულიად ახლებური საეპარქიო-ტერიტორიული ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა. ოსმალების ქუთაისში ჩადგომის შემდეგ, გელათი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის, საკუთრივ გაენათელი და ასევე ქუთათელი მღვდელმთავრების რეზიდენცია, კათედრა და თავშესაფარი იყო. თითქმის ასე გრძელდებოდა ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე.

ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ადრიდანვე მრავალი საეკლესიო სიწმინდე იყო დავანებული.

მამულისა და ქრისტიანული სარწმუნოების სიწმინდის დაცვის მიზნით ეპარქიის ტერიტორიაზე აღსრულებულ მოვლენათაგან ახლო წარსულიდან აღსანიშნავია იმერეთის 1819-1821 წწ. აჯანყებაში ამ კუთხის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა და აქაური მღვდელმთავრის წმინდა ექვთიმე გაენათელის მრავალგანსაცდელიანი მოღვაწეობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე, განახლებული 13 ეპარქიიდან სამი _ ქუთაისის, გაენათის და მარგვეთის მოიცავდა მთლიანად იმერეთს. მალე ქუთაისისა და გაენათის სამღვდელმთავრო კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. XX ს. ბოლომდე იმერეთში მხოლოდ ორი ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიები არსებობდა. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით, 1995 წელს, განვრცობილი ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიათა საფუძველზე ჩამოყალიბდა ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის, საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიები.

2006 წლის 21 დეკემბერს კი ჩამოყალიბდა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია.

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მწყემსმთავრად წმიდა სინოდმა დაადგინა მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე.

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:

თერჯოლის წმიდა გიორგის ეკლესია
გოგნის წმიდა გიორგის ეკლესია
სიმონეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ოდილაურის წმიდა გიორგის ეკლესია
ტყიბულის წმიდა გიორგის ეკლესია
გურნის წმიდა გიორგის ეკლესია
ნაბოსლევის წმიდა გიორგის ეკლესია
წყირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია.
კისორეთის წმიდა გიორგის ეკლესია (ტყიბული)