საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სხალთის ეპარქია

სხალთის ეპარქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთიან მხარეს _ ზემო აჭარას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები ქედა, შუახევი და ხულო თავიანთი მიმდებარე ტერიტორიებით.

სხალთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, დასავლეთიდან _ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან _ შემოქმედის ეპარქიები, სამხრეთის მხრიდან ეპარქიის საზღვარი ემთხვევა საქართველო _ თურქეთის სახელმწიფო საზღვარს და გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს.

სხალთის ეპარქიის მომცევლი ტერიტორია აჭარისწყლის ხეობას მოიცავს ჭოროხის შესართავამდე და ისტორიულ წყაროებში „აჭარის ქვეყნის“, ხანაც „აჭარის ხევის“ სახელით არის მოხსენიებული.

ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და წმიდა საეკლესიო ტრადიცია საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებას აჭარის გავლით შემოსულ წმიდა ანდრია პირველწოდებულს და მის თანმხლებ მოციქულებს უკავშირებს, რომელთაც პირველი ეკლესიაც, ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, აქვე აუშენებიათ, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი იყო დასვენებული.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, IV ს., თანამედროვე სხალთის ეპარქიის ტერიტორია ერთიანდება მეზობელი შავშეთის მხარეში არსებულ თუხარელის სამწყსოში, რომლის ეკლესია მირდატ III ბაქარის ძემ (364-379 წწ.) ააშენა თუხარისის ციხეში (ვახუშტი). V ს. 60-იანი წლებიდან, ამ მხარეზე წმიდა ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთში დაარსებული და გაძლიერებული ახიზის ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდებოდა.

დროთა განმავლობაში აჭარის ხეობაზე მეზობელ სამღვდელმთავროთა უფლებრივი მონაცვლეობა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან იყო ნაკარნახევი.

XVI ს. 70-იან წლებში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს და იგი ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთს მიუერთეს. თურქთაგან შევიწროებული აქაური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა მხარეს შეეხიზნა, მამა-პაპეულ ადგილებზე დარჩენის მსურველთ ქრისტიანობა უნდა უარეყოთ და მაჰმადიანობა მიეღოთ. საუკუნეთა განმავლობაში მრავალი განსაცდელის მიუხედავად, აჭარლებმა მშობლიური ენისა და წინაპართა ტრადიციების შენარჩუნება შეძლეს.

1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ბათუმის ეპარქიაც, რომელსაც ბათომ-შემოქმედის, მოგვიანებით ბათუმ-შემოქმედის სამღვდელმთავრო ეწოდა. აღნიშნული ეპარქია სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ნომინალურად საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მიღმა არსებულ ქართულ პროვინციებს აერთიანებდა. 1995 წ. 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის განვრცობილი ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა შემოქმედის და ბათუმი _ სხალთის ეპარქიები, 2006 წლის 21 დეკემბერს კი ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ტერიტორიული გადანაწილების შემდეგ შეიქმნა ბათუმ _ ქობულეთისა და სხალთის ეპარქიები.

სხალთის ეპარქიის მწყემსმთავრად წმიდა სინოდმა დაადგინა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი სპირიდონი აბულაძე.

სხალთის ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრების  ჩამონათვალი:

სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი

მღვდელმთავრის რეზიდენციაში წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამლოცველო

ხულოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძარი:
ა) წმიდა ანდრია პირველწოდებულის და
ბ) წმიდა ილია თეზბიტელის ეკვდერებით

ქედის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

სოფ. ზვარეს წმიდა გიორგის ეკლესია (ქედის რ-ნი)

სოფ. ოლადაურის წმიდა გიორგის ეკლესია

შუახევის წმიდა გიორგის სამლოცველო.

სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი.