საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სურამისა და ხაშურის ეპარქია

   სურამისა და ხაშურის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაშია ქალაქი ხაშური და დაბა სურამი მათი მიმდებარე ტერიტორიით. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ურბნისისა და რუისის ეპარქია, დასავლეთიდან _ მარგვეთ-უბისისა და ჭიათურა-საჩხერის, ჩრდილოეთიდან _ ნიქოზისა და ცხინვალის, სამხრეთიდან _ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები.

ეპარქიის იურიდიქციაში არსებული ტერიტორია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავრო კათედრის _ რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიის იურისდიქციაში შედიოდა, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის დროიდან იწყება. ქვეყნისათვის ისტორიულად ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გარკვეულწილად ცენტრალური ქართლის აღნიშნულ რეგიონს უკავშირ-დებოდა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ქრისტეს სარწმუნოებაზე საქართველოს მოსაქცევად მცხეთისკენ მიმავალი წმიდა ნინოს ამ მხარეში გზად გავლა და საქართველოს ისტორიის ძნელბედობის ჟამს, დავით ულუს მეფობისას აქაური მკვიდრის, სურამის მთავრისა და მმართველის, გრიგოლის დიდი ღვთისმოსაობით ქართველთა ჯარის სასწაულებრივი გადარჩენა თათარ-მონღოლთა მძლავრობისაგან ალამუთის ციხესთან. შესაბამისად, ამ მხარეში ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს _ წმიდა ნინოს სახელს უკავშირდება. V საუკუნის ბოლოს დაფუძნებულ უძველეს რუისის ეპარქიას ეკუთვნოდა ამ კუთხის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე.

ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ჯერ კიდევ VI საუკუნეში ასურელმა წმინდა მამამ მიქაელმა (ულუმბოელი, „დაუძინებელი მუშაკი და დიდებული მოღუაწე ყანისა ქრისტესისა“) ულუმბოს მახლობლად, ალის წყალთან დიდი მონასტერი დააფუძნა. წმიდა ასურელ მამათა და სხვა მოღვაწეთა მიერ დაფუძნებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ღვთისმსახურები და დიდი მწიგნობრები, რომელთა მოღვაწეობა გრძელდებოდა როგორც ამ რეგიონში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

დიდი ისტორიის მქონე მხარე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლიდან, ურბნისის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა.

2013 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის მიზნით ურბნისისა და რუისის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია:

ა) რუისისა და ურბნისის ეპარქია.
ბ) სურამისა და ხაშურის ეპარქია.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმინდა სინოდმა გამოირჩია და დაადგინა იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი).

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი  ეკლესია-მონასტრების  ჩამონათვალი:

ხაშურის წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი

წრომის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარი

ხაშურის წმიდა მარინეს ეკლესია

ხაშურის გორათის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

ხაშურის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

ხაშურის წმიდა ბარბარეს ეკლესია

სურამის წმიდა გიორგის ეკლესია

სურამის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია

სურამის კვირაცხოვლის ეკლესია

სურამის წმიდა მარინეს ეკლესია

სურამის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ალის კვირაცხოვლის ეკლესია

ცოცხნარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ბეკამის სავანეთის წმიდა გიორგის ეკლესია

ცხრამუხის წმიდა ნინოს ეკლესია

ცხრამუხის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია

ოსიაურის ზღუდერის წმიდა გიორგის ეკლესია

ტეზერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

სავანისუბნის წმიდა ელიას ეკლესია

ტაშისკარის ტაუსას წმიდა გიორგის ეკლესია

ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია

ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია

ვაყის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ვაყის წმიდა ასი ათასი მოწამის ეკლესია

წაღვლის წმიდა სვიმეონ მესვეტის ეკლესია

ნაბახტევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ტკოცის წმიდა გიორგის ეკლესია

დიდი ფლევის წმიდა გიორგის ეკლესია

სატივის წმიდა გიორგის ეკლესია.

 

მონასტრები:

ულუმბოს მამათა მონასტერი

ურთხვის წმიდა გიორგის მამათა მონასტერი

ქართას წმიდა ბასილი დიდის მამათა მონასტერი (ათანასე ალექსანდრიელის)

ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახ. მამათა მონასტერი

ქვიშხეთის მთაწმინდის(დავით გარეჯელის) მამათა მონასტერი

ტკოცის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი

წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი

შინდარის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი

იტრიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

სურამის დედათა მონასტერი:
ამაღლების ეკლესია
წმიდა იობ მრავალვნებულის ეკლესია

გვერდისუბნის ამაღლების დედათა მონასტერი